ვაგრძელებთ საუბრების ციკლს პოსტკოლონიალიზმზე
როგორც უკვე აღნიშნეთ, ტერმინები: რუსიფიკაცია, დაქვემდებარება, დაპყრობა, ანექსია, მოპოვება, მითვისება სრულიად კონკრეტული დეროგაციული პარადიგმებია პოსტსაბჭოური ხანის ძალაუფლების დისკურსის რეპრეზენტირებისას.
პოსტკოლონიური თეორიის მორგება ქართულ–რუსული (და არა მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე; დაქვემდებარება მხოლოდ იმპერიებისთვის დამახასიათებელი თვისება არაა, პერმანენტულად იგი მოიცავს საზოგადოებების განვითარების სხვადასხვა ეტაპებსაც, მათ შორის ამ მიმართულებების კვლევების რაკურსში ექცევა ფსიქოლოგიური და მორალური დაქვემდებარებების საკითხიც) ურთიერთობების კვლევაზე, ააშკარავებს რუსული იმპერიალისტური მანქანის მიერ დომინანტური პოზიციის მოპოვების სხვადასხვა სტრატეგიას ერთხელ უკვე ანექსირებულ საქართველოში და მეტროპოლიის თეორიული საფუძვლის ნაკლოვანებებს სასურველი „სხვის“ / პერიფერიის სრულყოფილად დაუფლების გზაზე. პოსტკოლონიალიზმი განაგდებს საბოლოო ასიმილაციის კომპლექსს კულტურული პერიფერიის ინტელექტუალის ცნობიერებიდან, კოლექტიურ ქვეცნობიერში ისტორიული ტრავმატული მეხსიერების არსებობაზე მინიშნებით. როგორც ედვარდ საიდი აღნიშნავს წიგნში „კულტურა და იმპერიალიზმი“.
ჩვენს დროში პირდაპირი კოლონიალიზმი ძირითადად დასრულდა, თუმცა იმპერიალიზმი ისევ იქ არის, სადაც ყოველთვის იყო - ზოგად კულტურულ სფეროში, ისევე როგორც პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრაქტიკებში. არც იმპერიალიზმი და არც კოლონიალიზმი არ არის უბრალოდ აკუმლირების ან მითვისების აქტი. ორივეს ზურგს უმაგრებს შთამბეჭდავი იდეოლოგიური ფორმაცია, რომელიც მოიცავს კონცეფციას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ტერიტორია და ხალხი საჭიროებს და ითხოვს კიდეც დომინაციას, და აყალიბებს დომინაციასთან დაკავშირებულ ცოდნას. კლასიკური მეცხრამეტე საუკუნის იმპერიული კულტურის ლექსიკონი სავსეა ისეთი სიტყვებითა და ცნებებით, როგორიცაა: სუბორდინაცია, დაქვემდებარებული ხალხი, დამოკიდებულება, ექსპანსია, ძალაუფლება (საიდი: 1994, 46).
ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა იმპერია, რომელმაც მმართველობის შინაარსის მხრივ სწორედ მეცხრამეტე საუკუნის კლასიკური რუსული იმპერიული სქემა აღადგინა, გაემიჯნა მსგავს იმპერიულ ენას და ჩაანაცვლა ის პოზიტიური, ფალსიფიცირებული მეგობრული ენით. თუმცა 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში ქართული ლიტერატურა/პუბლიცისტიკა რუსეთთან ურთიერთობის შეფასებას და გადაფასებას, რუსულ-საბჭოური ძალმომრეობითი პოლიტიკის მხილებას სწორედ საიდის მიერ აღწერილი დომინაციის ამსახველი ენით ცდილობს.
უაღრესად საგულისხმოა, რომ კოლონიალიზმის ტერმინებით საქართველოს რეალობის შეფასება სრულიად ბუნებრივად ჟღერს ამ პერიოდის ქართულ ნაციონალურ დისკურსში.
1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისას იმართება მწვავე პოლემიკა, გამოეცხადებინათ თუ არა საქართველო კოლონიად, რაზეც გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოითქვა საკმაოდ მძაფრი პოზიცია, რომ „საქართველოს კოლონიად გამოცხადება, ფაქტობრივად, ნიშნავს ცენტრთან დაუყოვნებლივ უკიდურესი დაპირისპირების, დესტრუქციის, მწვავე საპროტესტო გამოსვლებით სიტუაციის სრული დესტაბილიზაციისა და იქნებ, სისხლისღვრის ფასადაც. მეტროპოლიის კლანჭებიდან საქართველოს გამოგლეჯას.“ ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ამგვარი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო დაასუსტებდა და სათუოს გახდიდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებასაც, „რაც შეეხება ოკუპირებულ, აგრესიის ქვეშ მყოფ, ანექსირებულ ქვეყანას, ჩვენ მიერ მიღებულ დოკუმენტებში საქართველოს სწორედ ეს სტატუსი აქვს განსაზღვრული“ - წერს თ. პაატაშვილი სტატიაში: „უდიდესი მოვლენების წელი,” ლიტერატურული საქართველო, 1 (1991): 7.
პოსტკოლონიალიზმის ამერიკელი მკვლევარი ედვარდ საიდი დაგვანახვებს კოლონიზატორის, როგორც ასიმილატორის კვაზიჰუმანურ სახეს, რომელიც არ ითვალისწინებს „თავისუფალი“ მოქალაქის ეთნიკურ და კულტურულ პრობლემებს. პოსტკოლონიალიზმი ადეკვატურად ავლენს არაცნობიერ დონეზე მიმდინარე კულტურულ დისკურსსაც. ასევე, მისი სფეროა ენაზე, ამდენად აზროვნებაზე (რადგან პოსტკოლონიალიზმისთვის ენა აზროვნების სინონიმია) მიმდინარე ძალადობრივი პრაქტიკისთვის თვალის მიდევნება, საერთოდ კი, ძალადობის ფსიქოლოგიური ზეწოლის კვლევაც, რადგან ძალადობა არა მხოლოდ იმპერიებისათვის, არამედ, ზოგადად, კულტურებისთვისაც დამახასიათებელი მოვლენაა.