პოსტკოლონიური თეორია და ქართული ლიტერატურული კონტექსტი
თანამედროვე ამერიკულ და ევროპულ ჰუმანიტარულ, სოციალურ თუ ფილოსოფიურ მეცნიერებაში აქტიურად მიმდინარეობს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ლიტერატურის კვლევა პოსტკოლონიურ თეორიულ ჭრილში. დასავლურ და რუსისტულ აკადემიურ სექტორში ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე მწვავე პოლემიკის მიუხედავად, აღნიშნულ მეთოდს უშიშრად იშველიებენ უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კულტურული და პოლიტიკური რეალობის შესწავლისას. სამეცნიერო კრებულ „ბალტიური პოსტკოლონიალიზმი“-ს შესავალში რედაქტორი, ვიოლეტა კალერტასი ნათლად აცხადებს, რომ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ ჰეგემონიურ/დომინანტურ როლს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ.
კოლონიური პერიოდის და პოსტკოლონიური ხანის რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა პრეტენზიით, რომ იგი ათავისუფლებდა ერებს „ნამდვილი“ კოლონიური იმპერიებისაგან, რაშიც ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და ა.შ. მოიაზრება. თანაც, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკა-რუსეთს ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბების ეტაპი დაუდგა და მსოფლიოში უამრავი „ერთობლივი“ პრობლემა წარმოიქმნა, როგორიცაა თუნდაც, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომაცაა, რომ ტერმინები „კოლონიური“ და „პოსტკოლონიური“, ბალტიისპირეთისა და სხვა პოსტაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, გარკვეულ შიშს აღძრავს, როგორც სამეცნიერო წრეებში, ასევე, საზოგადოების ფართო ფენებში, უფრო კონკრეტულად, რუსული ეთნოსის წარმომადგენლებში.
პროფესორი ვიქტორია კალერტასი არგუმენტების გასამყარებლად, შედარებითი ლიტერატურისა და პოსტკოლონიური ლიტერატურების ინგლისელი მკვლევრის დევიდ ჩიონი მურის სიტყვებს იმოწმებს.ამ უკანასკნელმა დაუშვა, რომ პოსტკოლონიალიზმი არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნების, არამედ, საერთოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კულტურათა კვლევის ერთ-ერთი ავთენტური ინსტრუმენტი უნდა გახდეს (Kalertas: 2006, 10).
პოსტკოლონიალიზმის თეორია საშუალებას იძლევა, გაანალიზდეს კოლონიზატორი/დომინანტი მხარის ბატონობის და კოლონიზებული მხარის დაქვემდებარების/რეზისტენტობის მექანიზმები. ასეთ შემთხვევაში, დომინანტისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობები მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიტიკურ ან სამხედრო სივრცეში, არამედ კულტურის, იდეოლოგიის, დისკურსების დონეზე.
მსოფლიოში კოლონიზაციის ეპოქის დასასრულს, პალესტინური წარმოშობის ამერიკელმა მკვლევარმა ედვარდ საიდმა დასავლურ სამეცნიერო სივრცეში სათავე დაუდო დომინანტური და დაქვემდებარებული დისკურსების კვლევას. მის შესახებ საუბარს მომდევნო სტატიაში გავაგრძელებთ.