ეს ჩვენი შვილებია!
უფალმა იცის, ვინ როგორ დაასაჩუქროს, მაგრამ ბედნიერებაა, როცა ღვთის ნებასა და პიროვნულ მისწრაფებებს შორის ზღვარი ბუნებრივად იშლება. სამებელაშვილები სწორედ ამ შინაგანი ერთიანობით დალოცვილი ხალხია. ის მიეცათ, რასაც ყველაზე მეტად ინდომებდნენ -- გამრავლება, ერთმანეთის გვერდით დაძინება და გაღვიძება.
მრავალშვილიანობა საქართველოში, უმეტესწილად, სასურველი სქესის შვილებზე გათვლაა. ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭების მშობლებს გოგო ქრონიკულად ენატრებათ. მაგრამ არსებობს „მრავალშვილიანობის განწყობაც“, ფენომენი, რომელიც, ალბათ, გენეტიკურიცაა და ხასიათისა და სულის უფრო ღრმა შრეებიდან მოდის.
გოგიტა სამშვილიან ოჯახში გაიზარდა, ასევე -- მისი მშობლებიც. პაპა დედის მხრიდან, ზაქარია, საერთოდაც, ცხრა შვილში მეშვიდე იყო. შვილებს ახსოვთ, ოჯახის დედა, ნუნუ, სიბერეშიც კი დარდობდა, მეოთხე და მეხუთეც რომ არ იყოლია: ბიჭებს ერთმანეთი კი გავუჩინე, მაგრამ ნინო დამრჩა დის გარეშეო.
გოგიტას მეუღლე, ხათუნა, უფროსია თავის ოთხ და-ძმაში, თუმცა, ხუთნი უნდა ყოფილიყვნენ: თავისი მომდევნო დათოს გარდაცვალება ბუნდოვნად ახსოვს, ეს ტკივილი მისმა ლაღმა ბავშვობამაც ვერ გამოინელა, სიმღერად ექცა და ახლა, თუ უღირს შენთვის ამ ტკივილის ჩვენება, შეიძლება, გიტარასაც გადასწვდეს და თავის პატარა ძამიკოზე დაწერილი სიმღერაც მოგასმენინოს.
ცოლქმრობას არ ჰყავს შვილზე უკეთესი შუამავალი. შვილი წყვილის ურთიერთობის გამართლება და ყველაზე საიმედო ხიდია. თუმცა, გოგიტასა და და ხათუნას სიყვარულს შვილების შუამავლობაც არ დასჭირვებია. ის, რაც ზედაპირზე დევს, არაჩვეულებრივად ირეკლება სარკეშიც. მათი ისტორია სტუდენტურ მერხზე დაიწყო. მეგობრობითა და თანადგომით გამოიწრთო, პირველი ურთიერთობების მიხვედრებსა და გულდაწყვეტებზე აშენდა და, ძალდაუტანებლად, გადაიზარდა იმაში, რასაც დღეს ერთმანეთის დაუთმობლობა ჰქვია.
უკვე 21 წელია, ერთად არიან. ცოტა არ იყოს, უცნაურად დაქორწინდნენ. არა შაბათს ან კვირას, როგორც ჩვენში იციან, არამედ ოთხშაბათ დღეს, იმიტომ, რომ იმ წელს ოთხშაბათი ვალენტინობას დაემთხვა!
აი, სულ ეს არის მათი ოჯახური ისტორია, თუმცა, ოჯახში სულ რაღაც ხდებოდა, მისალოცი, სასიხარულო, რა თქმა უნდა, საწყენიცა და გულდასაწყვეტიც. ქრონიკული ბიჭიანობა დაებედათ: ქორწინების პირველსავე წელს დაბადებულ საბას ორი წლის მერე დათა მოჰყვა, კიდევ 5-წლიანი პაუზის მერე -- ნიკალა გაჩნდა, ამ ხუთი წლის წინათ კი ოჯახში ყველაზე პატივსაცემი კაცი, ანდრია, დაიბადა -- უფლის ნაჩუქარი ნაბოლარა და პატრიარქის ნათლული, ის, ვისი წყლობითაც დიდი ნათლიის მადლი მათ ოჯახზეც გადმოვიდა.
ფუფუნებაში არასდროს უცხოვრიათ, მრავალშვილიან ოჯახში იშვიათად, ყველაფერი ყველასთვის სამყოფი იყოს, მაგრამ ამ ბავშვებს ერთმანეთი ჰყავდათ. ჟივილ-ყივილი, მშობლების, ბებო-პაპას მოფერება არ მოჰკლებიათ. პიანინო იყო და სულ გრიალი გაუდიოდა. ხათუნა ხალისიანი გოგოა. არც თვითონ მოიწყენს და არც შენ მოგაწყენს, არც სამშვენისებსაა გადაყოლილი. ზოგიერთი ქალივით, მისი სამშვენისები შვილებია. სახლში სულ დადებითი ენერგია და რაღაც ინტერესი შეაქვს. ბიჭებიც მას დაემგვანენ, განსაკუთრებით მეორე, დათა, პატარაობიდანვე, დედასავით, სულ სასიმღეროდაა მომართული.
სიმღერა ოჯახის ერთი ძლიერი გამაერთიანებელია, ხათუნა სიმღერით შევიდა სამებელაშვილების ოჯახში და მუზიცირება ოჯახის სავიზიტო ბარათად აქცია. ამ შინაგანმა ერთობამ სულიერადაც დაანათესავა უფროსი ბიჭები. საბაცა და დათაც თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ , სხვაგვარად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
ამ ბიჭებს არც ერთი დღე არ უცხოვრიათ უმუსიკოდ! როგორც კი მოიჩიტნენ, გატაცებით უკრავდნენ ჯერ „თავისუფლების მოედნის“ მიწისქვეშა გადასასვლელში, მერე” მაგთი-ქლაბსა” და შარდენის ერთ-ერთ ბარში. საბა ბევრი თანატოლისთვის ცნობილი დრამერია, ბავშვობიდან გიჟდება დასარტყამ ინსტრუმენტებზე, დათა გიტარაზე უკრავს, თბილისში თავის ბენდთან ერთადაც გამოდიოდა და ქუჩის მუსიკოსთა ფესტივალშიც მონაწილეობდა. მომღერლობაზე ოცნებობს, სულ რაღაც 14-15 წლისამ „იქსფაქტორშიც“ მოსინჯა თავისი ვოკალური მონაცემები, ახლაც, ისრაელშიც, ჯერ ისევ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, სულ რაღაც მუსიკალური გეგმების დაწყობაშია. ოცნებობს, რომ თავისი უფროსი ძმასაცით, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სამუსიკო სასწავლებელში ჩააბაროს.
საბას შრომა დაუფასდა -- ამ ზაფხულს ჩაირიცხა მუსიკალურ აკადემიაში. ეგ არის, რომ ჯარისკაცობის ასაკმაც უწია და საოცნებო სასწავლებელში სწავლა მხოლოდ სამწლიანი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ უნდა განაგრძოს. ისრაელის არმიაში ერთ თვეში მიჰყავთ. იქამდე კი, მუშაობს, ჯერ კიდევ თბილისში შეეჩვია, რომ თავის მსხვილმან-წვრილმან ხარჯებს საკუთარი ჯიბის ფული ამყოფინოს.
სულ ახალი გადმობარგებულები იყვნენ ისრაელში, 11 წლის ნიკალამ რომ ჰკითხა დედას, საქართველოში რატომ მყავდა ასეთი ნერვიული და უხეში მასწავლებლები, როცა აქ ყველა მოსწავლეს ერთნაირად თბილად და ყურადღებით ექცევიანო. ხათუნამ აუხსნა, ჩვენს საწყალ ქვეყანას ძალიან უჭირს და ეს ადამიანების განწყობაზეც აისახებაო. ნიკალა გარდატეხის ასაკშია და ყველაზე მტკივნეულად დაშორდა თბილისურ გარემოს. საშინლად გააპროტესტა ახალი ქვეყანა, ახალი ენა და ახალ სკოლაში სიარული. თავს იკლავდა, ისევ საქართველოში, პაპასთან დამაბრუნეთო. თავისებური „საპროტექსტო აქცია“ სამი წლის ანდრიკომაც მოაწყო: გაეხვეოდა ხოლმე საქართველოს დროშაში და ისე იძინებდა. ახლა, ისრაელში ცხოვრების მესამე წელს, გაცილებით უკეთ არიან: ნიკალა მერვე კლასშია, ენის ბარიერიც გადალახა და სწავლაშიც მეტ გულმოდგინებას იჩენს. შეიყვარა სკოლა და თანაკლასელები, ამ ბოლო დროს სპორტითაც დაინტერესდა, ახალ გარემოს ფსიქოლოგიურად მოერგო და ახლა უფრო წარმატებაზე ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, თბილისი ძალიან ენატრება და ამ ზაფხულს დედასთან ერთად, კიდეც მოინახულა, მაგრამ ახლა პატარა ქალაქი პეტახტიკვაც მისი სახლია და ძალიან მოსწონს მისი ქუჩები თუ სკვერები. ხუთის წლის ანდრია უკვე გამართულად მეტყველებს ივრითზე, ოღონდ მხოლოდ ბაღის ამხანაგებთან. მასწავლებლები აქებენ, გონიერი და მეგობრული ბავშვიაო. თვითონაც, იქაურობაზე შეყვარებულია, დასვენების დღეებშიც კი ბაღში წაყვანას ითხოვს.
სამებელაშვილები ისრაელში ბებიის, მამის დედის, გენეტიკურ კვალს გაჰყვნენ. სამუშაო, სკოლა, საბავშვო ბაღი, უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და, მკურნალობის შესაძლებლობა -- ეს ყველაფერი გოგიტას დახვდა, აწყობილი სახელმწიფო სისტემისა და ისრაელში 16 წლის წინათ გადაბარგებული ძმის -- ნუკრის წყალობით. უკვე იგრძნეს, რას ნიშნავს მოწესრიგებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ სივრცეში ცხოვრება. „ახალამოსულ“ ოჯახებს ისრაელის სახელმწიფო ხელს ბევრგვარად უწყობს და სამომავლოდაც ბევრგვარ სიკეთეს ჰპირდება.
რას გაექცნენ საქართველოდან? ალბათ, ყველაზე მეტად უპერსპექტივობის შეგრძნებას, მუდმივი ანგარიშვალდებულების განცდას სახელმწიფოსთან, რომელსაც მათსა და სხვა მათნაირებზე ზრუნვა თავის მთავარ საქმედ ვერა და ვერ გაუხდია; იმის ფიქრს, რომ ბიჭები იზრდებოდნენ, მათ კი თვალსა და ხელს შუა ეწურებოდათ მათი ნიჭისა და უნარების განვითარებისთვის აუცილებელი რესურსი. დიდხანს უწევდნენ წინააღმდეგობას ამ ცდუნებას. თავიდანაც, მიუხედავად ძმის გვერდში დგომისა, ძალიან გაუჭირდათ უცხო მიწაზე. ნუკრიმ, რამდენადაც შეძლო, გაუადვილათ დამკვიდრება. ბინაც თვითონ უშოვა და სამსახურიც. გოგიტა სპეციალობით ენერგეტიკოსია, თუმცა, დღეს მიკროსქემებზე მუშაობს და ეს არცთუ ისე ცუდი სამუშაოა ახალ ქვეყანასთან ჯერ კიდევ შეუგუებელი, ენის უცოდინარი კაცისთვის. ისრაელი არ არის იაფი ქვეყანა, მრავალშვილიან ოჯახში მარტო მამის ხელფასი რა სათქმელია და დღიდან ჩამოსვლისა, საბაცა და დათაც მუშაობენ, თავიანთ ხარჯებს თვითონვე უმკლავდებიან, ხათუნა სუპერმარკეტში მუშაობს მოლარედ. ცოლ-ქმარი, ალბათ, უკეთაც დასაქმდებოდა, ენა რომ სცოდნოდათ, მაგრამ, ესეც ახლო მომავლის საქმეა.
გოგიტა აფხაზეთის ომის მონაწილეა, 24 წლისა იბრძოდა თბილისის მოხალისეთა ბატალიონში. პატრიოტობა ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი და სამშობლოდან წასვლა მისთვის რიგითი გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. ჯერაც ისევ საქართველოშია, სიზმრითა თუ შინაგანი განწყობით, აქ დარჩენილი მამა, და და დედის საფლავი ქრონიკულად ენატრება. ცხოვრება რთულია. თავიდან არავის უმხელს, რომ ასეთი მტკივნეული მისახვევ-მოსახვევები აქვს. რომ ის მწირი საჩუქრები, რასაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის გამოიმეტებს, მისგან სრულიად უანგაროდ კი არა, ჩვენივე გულის, ჯანმრთელობის, ზოგჯერ კი, სიცოცხლის ფასადაც, გვეძლევა. მაგრამ აკი სიძნელეებიც იმიტომ არსებობს, რომ დაძლიო. ადამიანებს კი სხვა არჩევანი არ გვაქვს, ისევ ადამიანებად უნდა დავრჩეთ!
ისრაელში ოჯახის გადასვლის ერთი მიზეზი ხათუნას ავადმყოფობა იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ იქ, ადგილზე, ხათუნას მეუღლემ „აჯობა“! გოგიტას გული ისეთ დღეში აღმოაჩნდა, კვალიფიციური საექიმო დახმარება რომ არა, არავინ იცის, რითი დამთავრდებოდა მისი ამბავი. ბევრმა უთხრა, იღბლიანი კაცი ყოფილხარ, რომ ამ მდგომარეობით სწორედ ისრაელში მოხვდიო. გადარჩა! ღმერთმა გადაარჩინა! დღეს უფრო, ვიდრე ოდესმე ღვთის მზრუნველობის ქვეშაა. აქ, თავის სამშობლოში, უფალი პატრონობს მისი მკურნალობის საქმეს!
მორწმუნე მართლმადიდებლისთვის ქრისტეს საფლავის სიახლოვეს ცხოვრება დიდი მადლია. მათ გაუმართლათ, რომ არც ოჯახის ერთიანობა დარღვევიათ. ისევ ერთად არიან, ერთმანეთს აყურადებენ და მზრუნველობენ, ერთად მოილოცავენ იმ სიწმინდეებსაც, რომლებიც აქ ყოველი ფეხის გადადგმაზეა.
რატომ დაიწერა ეს წერილი? ალბათ იმიტომ, რომ ქრონიკული ხელშეუწყობლობის გამო, საქართველოს აღარ ეკარგებოდეს შვილები, თუნდაც, ისეთ მოწესრიგებულ ქვეყანაში, როგორც ისრაელია! რომ ჩვენს ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოუყალიბდეს პასუხისმგებლობა მრავალშვილიან ოჯახებზე, მიუხედავად იმისა, ოფიციალურად აქვთ თუ არა მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი! რომ ადამიანები სამშობლოს აღარ ტოვებდნენ გაჭირვების, დაღლილობის, დაუცველობის, უპერსპექტივობის გამო! იმიტომ, რომ ეს ოთხი ბიჭი ჩვენი შვილებია! საქართველო არ უნდა დაიცალოს ქართველებისგან! ჩვენ არ უნდა ვიყოთ სახელმწიფო, საიდანაც დედაბუდიანად იყრებიან მრავალშვილიანი ქართული ოჯახები!
დემოგრაფიული პროგნოზით, რომელიც გაეროს კვლევებს ეფუძნება, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000-მდე უნდა შემცირდეს! და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ალბათ, ძირითადად, მაინც ჩვენი პატრიარქის ნათლობების წყალობით, საქართველოში შობადობა სტაბილურად მატულობს; თუმცა, ამასთან ერთად, დემოგრაფები უახლოეს ხანებში მის თვალსაჩინო კლებასაც ვარაუდობენ. უკვე 2017-18 წლებიდან ქორწინებისა და პოტენციური რეპროდუქციულობის ასაკში შედის 90-იან წლებში დაბადებული თაობა. მოგეხსენებათ, 90-იანები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დათრგუნული და შესაბამისად, მოსახლეობის დაბალი შობადობით გამორჩეული წლებია... ასე რომ, ხელისუფლებას სხვა გზა არ რჩება: სასწრაფოდ უნდა იზრუნოს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობის გამოსწორებაზე და ამ თვალსაზრისით, ალბათ, ღირებულია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) რეკომენდაციები, რომელიც საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პოლიტიკის შემუშავებას ეხება. ეს უმნიშვნელოვანესია, თუნდაც დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, რადგან, სამწუხაროდ, რეალობა გვიჩვენებს, რომ შვილიანობის მატებასთან ერთად, ოჯახი, ყველა შემთხვევაში, ღარიბდება! ასე რომ, მთავრობას ამ მიმართულებით ნამდვილად საგულისხმო ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. გლობალიზაცია გლობალიზაციად, მაგრამ ქართველ კაცს თავის მიწაზე თუ მეტ-ნაკლებად, გასაძლებად აცხოვრებ, ის სხვა ქვეყანაში ნამდვილად არ გაიქცევა!