ირინე წეროძე : კანონპროექტი პროფესიული განათლების შესახებ ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიცავს
_,,საქართველოს კანონის პროექტი პროფესიული განათლების შესახებ“ დასრულებულია. საჯარო განხილვების შედეგად მასში გათვალისწინებულია გარკვეული ცვლილებები. პროექტის საბოლოო ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე. ცვლილებები რომელიც შევიდა პროექტში არის ფუნდამენტური, პრინციპული, ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს პროფესიული განათლების რეფორმა. _აღნიშნავს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე.
რა არსებითი ცვლილებებია გათვალისწინებული კანონპროექტში ?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფართო საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, არის მოქმედი საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრა. ვგულისხმობ შეზღუდვას, რომლის გამოც პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრილ ცხრაკლასდამთავრებულს აღარ შეუძლია გააგრძელოს გზა უმაღლესი განათლების მიმართულებით. ეს ჩიხი მოიხსნება. შესაბამისად, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული საბაზო განათლების მქონე სტუდენტი, პროფესიის მიღების პარალელურად, შეძლებს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სასწავლო შედეგების მიღწევას და დამადასტურებელი დოკუმენტის (რომლის თაობაზე საბოლოო პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული) მიღებას. ეს შესაბამისობაში იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპთან, რომელიც ფუნდამენტურია, როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვისაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ცვლილება, თუ გავითვალისწინებთ იმ დაბალ მიმზიდველობას, რომლითაც პროფესიული განათლება სარგებლობს ჩვენთან. მეორე ცვლილებაც უწყვეტი განათლების პრინციპს უკავშირდება და ეხება პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების კავშირს იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს პროფესიული განათლების კრედიტების აღიარება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი მიზნებისათვის. ამით მოქნილი გახდება გადასვლა განათლების ერთი საფეხურიდან მეორეში, ერთი და იგივე სასწავლო შედეგის დასადასტურებლად განმეორებით არ იქნება საჭირო დამატებითი რესურსები, დამატებითი დრო. ამ ცვლილებებით უზრუნველყოფილია კავშირები პროფესიულ განათლებასა და განათლების სხვა საფეხურებს შორის. ფაქტიურად, ეს კანონი შექმნის საფუძველს ზრდასრულთა განათლების ფორმალიზებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი და მუდმივად განვითარებადი, დაფინანსების შესაბამისი მექანიზმებით. ეს კანონი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, თუმცა მისი იმპლიმენტაციისათვის საჭირო იქნება ძალიან დიდი რესურსი. ახალი კანონით ჩნდება პროფესიული განათლების სხვადასხვა სახეები; ასევე, დამსაქმებლებისათვის იქმნება დამატებითი გარანტიები და მეტი მიმზიდველობა პროფესიული განათლების პროცესში ჩართვისათვის; ჩნდება მომზადება-გადამზადების ფორმალური სისტემა, რომელშიც შესაძლებელია პროვაიდერების დივერსიფიცირება. ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელთა ტრენინგცენტრები, რომლებსაც სურვილი აქვთ გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. საკანონმდებლო ცვლილება მათ უხსნის შესაძლებლობას ტრანსფორმირდნენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროვაიდერებად. შესაბამისად, ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადი პროვაიდერების დივერსიფიცირება; ეს შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებები, სასწავლებლები, კოლეჯები, ასევე დამსაქმებლები ან მათი ტრენინგცენტრები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება_ პროფესიული განათლების დაწესებულებებს ეძლევათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ისინი შეძლებენ მომსახურებისა და პროდუქციის რეალიზებით მიღებული შემოსავალი თავისივე დაწესებულების განვითარება-გაძლიერებისთვის გამოიყენონ. ეს გახლავთ ძირითადი ასპექტები, რაც კანონპროექტში სიახლეს წარმოადგენს, თუმცა არის სხვა ნიუანსებიც, როგორიცაა სოციალურ პარტნიორებსა და დამსაქმებლებზე უფლებებამოსილებათა დელეგირება; მრავალფეროვანი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა; არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა და სხვა. ამ ცვლილებების დაკანონება შექმნის საფუძველს მთელი მასშტაბით და ეფექტურად ამოქმედდეს პროფესიული განათლების არსებული სტრატეგია.
- როგორია პროფესიული განათლებისა და დამსაქმებელთა თანამშრომლობის რეალობა და პერსპექტივა?
რამდენიმე წელიწადია, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ პარტნიორული შესაძლებლობების პოულარიზაციას; ეს შესაძლებლობები სრულიად რეალისტურია. მაგალითად, სახელმწიფო შეთავაზებას უკეთებს ბიზნესს, რომ მას შეუძლია სრულად დააფინანსოს სტუდენტი ერთობლივად დაფუძნებულ სასწავლებლებში; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს არ მოუწევს თავისი ხარჯის დაფარვა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტთა უმრავლესობა დაბალი ეკონომიური შესაძლებლობებისაა. რაც შეეხება დამსაქმებელთა მხრიდან ხშირად გამოთქმულ საყვედურებს, რომ მათი მოთხოვნის შესაბამისი კადრები არ მზადდება: დავფიქრდეთ, საიდან მომდინარეობს ეს პრობლემა? იქიდან, რომ კერძო სექტორი გათიშულია საგანმანათლებლო კომპონენტიდან და ელოდება გამზადებულ კადრს_ თანამედროვე უნარ-ჩვევებით აღჭურვილ სპეციალისტს. ასე არსად ხდება. თუ პროფესიული განათლების და დასაქმების სფერო ერთმანეთს არ ეთანამშრომლა, მაშინ უსამართლო იქნება დამსაქმებელის საყვედურები კადრებზე. ამ პრობლემის ყველაზე უკეთესი გადაწყვეტა სწორედ დუალური პროგრამების განხორციელებაში მდგომარეობს. ეს არის სწავლა და მუშაობა პარალელურად. შედეგად, გამოირიცხება ის მტკივნეული ფაზა, როცა კურსდამთავრებული გადის შრომის ბაზარზე და უჭირს იპოვოს სამუშაო, რადგან ბაზრის მოთხოვნები და მისი შესაძლებლობები აცდენილია ერთმანეთისგან. ამ ფაზას გამოვრიცხავთ იმით, რომ დუალური პროგრამებში სწავლა და მუშაობა პარალელურად ხდება და რაც მთავარია, თავად დამსაქმებელი აფასებს სტუდენტს, ანუ ხარისხზე თავად იღებს პასუხისმგებლობას. ეს მიდგომა მიმზიდველია სტუდენტისთვისაც, რადგან თან სწავლობს და თან მუშაობს, რაშიც იღებს ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, მცირეს, მაგრამ საკმარისს ელემენტარული ხარჯებისათვის. სტუდენტები ჩართულნი არიან პროდუქციის წარმოებასა თუ მომსახურების გაწევაში, რაც მათ უნარებს და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ერთიორად ზრდის. 2014 წლიდან დავიწყეთ სგანმანათლებლო პროგრამების რეფორმაც, რაც ჩვენი დიდი რეფორმის ნაწილია. განსხვავებით ძველი მიდგომისაგან, როცა ამ პროგრამებს მხოლოდ განათლების თეორეტიკოსები ადგენდნენ, ახლა მათზე, განათლების ექსპერტებთან ერთად, სრული ჩართულობით მუშაობენ დამსაქმებლები. ანუ რა შედეგზე უნდა გავიდეს პროგრამა, ეს ერთობლივად ისაზღვრება. დამსაქმებელი ჩართულია პროგრამის დიზაინის შექმნაშიც, განხორციელებაშიც (დუალური პროგრამები) და საბოლოო შეფასებასა და კვალიფიკაციის მინიჭებაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ციკლი ინსტიტუციურად აეწყოს. შედეგები ჯერ არ ჩანს, რადგან ახალი მოდულები კი დავიწყეთ, მაგრამ მისი კურსდამთავრებულები ჯერ შრომის ბაზარზე არ გასულან.
- ახლად შეთავაზებული პროფესიების შერჩევა-შედგენა ხდება თუ არა სწრაფადცვალებადი შრომის ბაზრის პროგნოზების გათვალისწინებით და რომელი კვლევის შედეგებს ემყარება ეს შერჩევა?
რაც შეეხება პროფესიების შერჩევის საფუძველს, 2014 წელს ხარისხის ცენტრთან ერთად ჩავატარეთ მცირე კვლევა მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. ამ შედეგებზე დაყრდნობით დავიწყეთ დაგეგმვა, შემდეგ წამოგვეწია ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა, საიდანაც მივიღეთ გარკვეული ორიენტირები. ამავდროულად, გავითვალისწინეთ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გვაძლევდა ინფორმაციას, ქვეყანაში რა სექტორების განვითარება იგეგმებოდა, საით მიიმართებოდა ინვესტიციები. განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტული სფერო: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, წარმოება და ენერგეტიკა. დაგეგმვაში ამ მიმართულებებს მეტ პრიორიტეტს ვანიჭებთ, თუმცა ვითვალისწინებთ სხვა სექტორებსაც, რომელიც ამ სფეროების განვითარებისთვის აუცილებელია. თვითდასაქმება, სახელოვნებო მიმართულებები შეიძლება არ იყოს პრიორიტეტულ ჩამონათვალში, მაგრამ აუცილებელია და ამასაც ვითვალისწინებთ. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენს ჩამონათვალში გამოჩნდა მომავლის პროფესიები. ათასწლეულის გამოწვევის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 10 საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთაც ჰქონდათ ვალდებულება განევითარებინათ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები (ჯამში 45 პროგრამა), მათი განხორციელება მოხდება დუალური პრინციპით და ზოგიერთ მათგანზე გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. ეს პროგრამები, უმეტესწილად, ახალ პროფესიებზეა ორიენტირებული. ეს ძალიან დააინტერესებთ ახალგაზრდებსაც და მოზრდილებსაც. სწავლა მიმდინარეობს აბსოლიტურურად განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სახელოსნოებში. ამ მიმართებით უკვე გამოცხადებული იყო რეგისტრაცია 26 პროგრამაზე. ახლა მოუთმენლად ველოდებით შრომის ბაზრის კვლევის შედეგებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განახორციელოს. ამ კვლევის შედეგები ახალ ორიენტირებს მოგვცემს.
- რა მხარდამჭერი აქტივობები იგეგმება პროფესიული განათლების და მისი სიახლეების პოპულარიზაციისათვის?
კარგად გვაქვს გააზრებული ის პრობლემა, რომ რეფორმის ყველა მიმართულების წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავისთავად არ შემობრუნდება პროფესიული განათლებისკენ. თუმცა მოსახლეობის მართლაც უდიდესი ნაწილისათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, ახალი უნარების განვითარება აუცილებელია ყველა სფეროში და ყველასთვის. თუნდაც ასაკში იყოს ადამიანი, მას სჭირდება თავისი სფეროს შესაბამისი ცოდნის გაახლება, მოთხოვნადი პროფესიის ათვისება. მოსახლეობამ ნაკლებად იცის პროფესიულ განათლებაში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ინტერვენციების შესახებ, თუმცა სტატისტიკა ადასტურებს, რომ პოპულარობის ზრდის თვალსაზრისით, გარკვეული პროგრესი გვაქვს. პროფესიული განათლების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით, 15 %-ით იზრდება. წელს, სავარაუდოდ, ჩვენ გავალთ 15 ათას სტუდენტზე, ვგულისხმობ წლიურ ბრუნვას. ეს არ არის შედეგი, რომელიც გვაკმაყოფილებს. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ვითხოვეთ მხარდაჭერა და მათი ფინანსური დახმარებით, მომზადდა პროფესიული განათლების ახალი ბრენდი; ახალი ბრენდის პლატფორმა, ჯერჯერობით შიდა შეთანხმების საგანია. ამ ბრენდის გამოყენებით, მალე დასრულდება მუშაობა საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, რომელიც ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე და პროფესიული განათლების არასასურველი იმიჯის დამსხვრევაზე იქნება მიმართული. საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებას დიდი რესურსი სჭირდება, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენს პარტნიორებთან. იმედი გვაქვს,შევძლებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე და იმაზე, რომ ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ.
და ბოლოს, დავასრულებ მიმდინარე სიტუაციით: წელს რეგისტრაცია დასრულებულია, ახლა გასავლელია ტესტირების ეტაპი. მინდა გავამხნევო რეგისტრირებულები, რომ არაფერი საშიში არ არის, ტესტები ეხება ყველაზე მარტივ უნარებს. მთავარია, არჩეული ჰქონდეთ რამდენიმე პროგრამა, რომ თუ ერთგან იქნება მაღალი კონკურსი, მეორეგან მიეცეთ ჩარიცხვის საშუალება. იმედი მაქვს, რომ ყველა რეგისტრანტი გაივლის ტესტირებას. სწავლის დაწყება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.