გიორგი მაჩაბელი: მენტორებმა ღირსეულად დაიმსახურეს ეს სტატუსი
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულ ოთხ სტატუსს შორის უმაღლესი მენტორის სტატუსია. ამ სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალში შედის: 4 სამოდელო გაკვეთილი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა და მისი შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის, სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა; ხოლო სრულ 25 კრედიტქულამდე დარჩენილი 16 კრედიტქულის მოსაპოვებლად მასწავლებელი საჭიროებებზე დაფუძნებულ დამატებით აქტივობებს ახორციელებს. წელს პირველად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მენტორის სტატუსი მიანიჭა 9 მასწავლებელს. გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.
_ეს სტატუსი მასწავლებელს უვადოდ ენიჭება. და აი, უკვე გვყავს ცხრა მენტორი მასწავლებელი. მათი ყოველი ნაბიჯი სკრუპულოზურად შევამოწმეთ. საკმაოდ კრიტიკული მიდგომა გვქონდა მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. ყველა კანდიდატმა ღირსეულად გაიარა შემოწმების ფაზა და სრული დაბეჯითებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მათ დამსახურებულად მოიპოვეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი. პროფესიული განვითარების გზა, რომელიც ზოგიერთს ჯერ კიდევ ,,ძველი“ სქემაში აქვს დაწყებული, ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ შემდგომი კარიერული წინსვლა მომხდარიყო. წარმოგიდგენთ მენტორ მასწავლებლებსაც: ლიანა მამულაშვილი (სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა), ნინო გაბულდანი (სსიპ - თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლა), ნათია დარჩია (სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლა), გულნაზი ხორბალაძე (სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლა), ირინა ნაცვლიშვილი (სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა), მარინა ისკაკოვა (სსიპ - ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა), ხათუნა ხალვაში (სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა), პეტრე ბაბილუა (ევროპული სკოლა), ნატა ბიჭიკაშვილი (შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი);
ბატონო გიორგი, რა განწყობა გხვდებათ სკოლებში, როგორია მასწავლებლების დამოკიდებულება კოლეგის კარიერული წინსვლის მიმართ?
_პედაგოგებმა ირწმუნეს, რომ სქემა მუშაობს და მუშაობს სწორი მიმართულებით; ეს იყო მთავარი, რაც ამ ვიზიტებზე ვიგრძენი. მათ ირწმუნეს, რომ არჩეულია პროფესიული განვითარების ადექვატური სტრატეგია. მასწავლებლებმა მამოტივირებელად აღიქვეს ეს წინსვლა. აღინიშნა, რომ სხვებიც იზრუნებენ სტატუსების გაუმჯობესებაზე. მეორეც, სკეპტიკოსებმაც დაინახეს, რომ ყველაფერი მიღწევადია. მთავარია, მიზნის სწორად დასახვა, მის მისაღწევად სწორი სტრატეგიის შერჩევა და დაუძლეველი არაფერია. თუმცა ეს გახლავთ მეტად მაღალი და საპატიო წოდება და მისი იოლად ,,დარიგება“ არ მოხდება, მაგრამ აუცილებლად დაფასდება ის ადექვატური შედეგები, რომელსაც პედაგოგი თავისი აქტიურობით მიაღწევს.
როგორ იქნება ცენტრის შემდგომი თანამშრომლობა მენტორ მასწავლებლებთან, ხომ არ იგეგმება მათი ჩართვა კოლეგების პროფესიული განვითარების პროცესში?
_ იმედი გვაქვს, რომ მენტორი მასწავლებლები არათუ თავად გააგრძელებენ აქტიურ საქმიანობას, არამედ კოლეგებსაც დაეხმარებიან იგივე გზის გავლაში და, რაც ყველაზე მთავარია, ახალბედა პედაგოგებს დაეხმარებიან პირველი ნაბიჯების გადადგმაში; სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების შუაგულში სწორედ მენტორი მასწავლებელი მოიაზრება და არამარტო სკოლის ბაზაზე. შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება არა მხოლოდ იმაზე, რომ მენტორები პროფესიული განვითარებისთვის დასაყრდენი ძალას წარმოადგენდნენ თავიანთ სკოლაში და არამედ, ჩვენი ცენტრის პროგრამების, პროექტების განხორციელებაშიც მათი შესაძლებლობები გავააქტიუროთ. ამიტომ გვინდა შევუქმნათ ისეთი თანამშრომლობით ველი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის მათ თვითრეალიზებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის. აქვე ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მენტორების თემაზე გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაიჟღერა, რომ შვიდი წელია, უკვე სქემა არის და შვიდი წლის შემდეგ მოხდა ამ სტატუსის მინიჭებაო. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ამჟამად მოქმედი შინაარსითა და ფორმატით, სქემა მხოლოდ 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. შესაბამისად, არასრული სამი წელიწადია, რაც ის მუშაობს. ეს დრო ბევრია თუ ცოტა, იმისთვის, რომ პედაგოგებს ეს სტატუსი მოეპოვებინათ? მიმაჩნია, რომ არც ბევრია დაარც ცოტა, არამედ, ზუსტად ის დროა, რომელშიც მათ შეძლეს სწორად დაეგეგმათ და თანმიმდევრულად გაევლოთ თავიანთი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზა. იმედი გვაქვს, მათი რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება, რადგან ამ სტატუსის მოპოვების პოტენციალი ბევრ მასწავლებელს აქვს.
მიმდინარე სემესტრში შემოდის ახალი აქტივობა _ გარე დაკვირვება, რომელიც სავალდებულო აქტივობაა მენტორობის წინა სტატუსის _ წამყვანი ს მოსაპოვებლად...
_დიახ, გარე დაკვირვებაზე უკვე გამოცხადებულია რეგისტრაცია ორი რეგიონის_ იმერეთისა და შიდა ქართლის უფროსი მასწავლებლებისთვის; ორი რეგიონით იმიტომ შემოვიფარგლეთ, რომ ეს წელი აპრობაციისთვის არის საჭირო. წესები და პროცედურა შემუშავებულია, მაგრამ დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ეს წესები პრაქტიკაში, ხოლო 2018 წლიდან ეს აქტივობა ყველასთვის ამოქმედდება და ყველა მსურველს, რომელიც წინაპირობას აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, გაიაროს რეგისტრაცია. ამასობაში, ჩვენ დავაკვირდებით როგორ წარიმართება პროცესი, გავაანალიზებთ, შევიტანთ საჭირო ცვლილებებს და საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ იმ სტრუქტურას და სისტემას, რომელიც გარე დაკვირვებას თავიდან ბოლომდე გაუძღვება. თავდაპირველად, ეს პროცესი გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს უნდა განეხორციელებინა, შუალედში შევთანხმდით, რომ ჩაერთვებოდა ჩვენი ცენტრიც, ახლა მთლიანად ჩვენს ცენტრზეა გადმოსული ეს კომპონენტი. გვჭირდება გარკვეული აპრობაცია იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რა მიმართულებით და რა ტექნიკური ( მათ შორის, ფინანსური) საშუალებებით წავიყვანთ ამ პროცესს. ეს საქმიანობა არ არის ადვილად განსახორციელებელი, ამიტომ ვემზადებით, რომ მომავალი წლიდან გარე საგაკვეთილო დაკვირვება სრულად და ხარისხიანად წარიმართოს.
კიდევ იგეგმება თუ არა ცვლილებები სქემაში?
_ჩვენ სქემას ვუყურებთ როგორც პროცესს, მუდმივად განვითარებად პროცესს. ამიტომ ცვლილებების საჭიროება ბუნებრივად ჩნდება. ასეთი ცვლილებების შესახებ, ყოველი წლის ბოლოს, სამინისტროს წარვუდგენთ ხოლმე წინადადებების პაკეტს. წელსაც დაგეგმილია ამ ცვლილებების წარდგენა და ისინი სქემის გამარტივებაზეა ორიენტირებული, ასევე მიმართულია იქით, რომ თავად სკოლები იქცნენ იმ ორგანიზაციებად, რომელსაც დაეფუძნება მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემა. ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით სკოლების გაძლიერებას ითვალისწინებს. ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დრო, დასჭირდება არაერთი ცვლილება სქემაში, მაგრამ მთავარი მიზანი გამოკვეთილია და მისკენ მივდივართ დაგეგმილად და არა სპონტანურად;