ხშირად დასმული კითხვები
უფროსი მასწავლებელი: ჯერ შენარჩუნება და მერე წინსვლა?!
პრაქტიკოსი მასწავლებელი: თუ წელიწადში 5 კრედიტქულაზე მეტი მაქვს…
სქემის ფარგლებში მიმდინარე პროცესი მრავალი აქტივობისა და მათ განხორციელება-შეფასებაში არსებული კიდევ უფრო მრავალი ნიუანსისგან შედგება. ამ წესებთან და ნიუანსებთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვები, რომელზე პასუხებიც აინტერესებთ მასწავლებლებსა და შეფასების ჯგუფებს. ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის მისაღებად მივმართეთ კახა ჟღენტს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის“ მენეჯერს.
ერთ-ერთი კითხვა ასეთია: სავალდებულოა თუ არა, უფროსმა მასწავლებელმა ჯერ სტატუსის შენარჩუნების ფაზა გაიაროს და შემდეგ იზრუნოს წინსვლაზე, თუ შეუძლია, პირდაპირ წინსვლის აქტივობებზე იზრუნოს?
_შესაბამის დოკუმენტში, ამ საკითხთან მიმართებაში, სავალდებულობაზე არაფერი წერია, მაგრამ მოგახსენებთ ჩემს სუბიექტურ მიდგომას ამასთან დაკავშირებით. თუ სქემა ემსახურება სკოლის სისტემურ განვითარებას და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მაშინ ლოგიკურია და კარგია, რომ უფროსმა მასწავლებელმა ჯერ შენარჩუნების აქტივობები განახორციელოს და შემდეგ გადავიდეს წინსვლის აქტივობებზე. ამ შემთხვევაში, როგორც პროფესიული განვითარების პროცესი, ასევე შეფასების პროცესიც სრულიად თანმიმდევრულად განვითარდება; მოდით, ვიმსჯელოთ: შიდა შეფასების გაკვეთილი არის ტიპიური გაკვეთილი, რომელსაც ატარებს უფროსი მასწავლებელი. ამ აქტივობაში მასწავლებელს აინტერესებს წარმოაჩინოს, როგორ ატარებს თავის სტანდარტულ (პირობითად დავარქვათ ასე, თორემ ნებისმიერი გაკვეთილი, რომელსაც ვინმე აფასებს, უკვე ვეღარ იქნება სტანდარტული) გაკვეთილს. რა იქნება უფრო მეტი, რის წარდგენასაც უფროსი მასწავლებელი მოისურვებს თავისი პროფესიონალიზმის დასადასტურებლად? ეს იქნება ინოვაციური აქტივობა, რომელიც კოლეგებსაც დააინტერესებს, ანუ _ სამოდელო გაკვეთილი. არის თუ არა ლოგიკა იმაში, რომ სკოლაში, სადაც მიდის პროფესიული განვითარება და შეფასების პროცესიც, მე, როგორც მასწავლებელმა ჯერ გაჩვენოთ, როგორია ჩემი სტანდარტული გაკვეთილი და მერე, გითხრათ, აი, კიდევ რას ვაკეთებ ახალს. უბრალოდ, სქემაში იურიდიული ენით ამ ლოგიკის გადმოცემა არ ხდება. ანუ შენარჩუნება უნდა იყოს ის საფუძველი, რომელზედაც დაშენდება წინ წასვლა. თანაც არალოგიკური შიშისთვის ადგილი აღარ დარჩება.
რას გულისხმობთ?
იმ შიშს, რომლიც უფროს მასწავლებელს აფიქრებინებს და ათქმევინებს: წინწასვლის აქტივობები რომ დავგეგმო, მერე არ გამომივიდეს და შენარჩუნებაც ვეღარ მოვასწროო? მადლობელი ვიქნები, თუ ამას დატოვებთ: დავუფიქრდეთ ამ აზრის არალოგიკურობას, რაც კიდევ უფრო სიღრმისეულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. მე მინდა, მივაღწიო უფრო მეტს, ვიდრე, უფროსი მასწავლებლის სტატუსია და ამ პროცესში მეშინია, ჩემი, უკვე არსებული სტატუსის შენარჩუნება არ მექცეს პრობლემად. ჩემის აზრით, ეს არის საფუძველს მოკლებული მსჯელობა და შესაბამისად, თუ განვიხილავთ შენარჩუნებას, როგორც საფუძველს, რომლის ზედნაშენი არის წინსვლა, მაშინ ეს ალოგიკურობა გაქრება. ანუ ჩემი პასუხია: ჯერ _ შენარჩუნება, მერე _ წინსვლა. ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, რომელსაც ყველა საქმეში მივყავართ სტაბილურ შედეგამდე. სწორედ ასეთი თანმიმდევრულობის დეფიციტი იგრძნობა ჩვენთან. იგივე დამოკიდებულება იჩენს თავს სავალდებულო და არჩევით აქტივობებთან დაკავშირებით. სავალდებულო, ეს ნიშნავს, რომ ის არის უპირატესი. ანუ, ჯერ ვგეგმავ სავალდებულოს და მერე _ დამატებით აქტივობებს. დაგეგმვისას, ვწერ სავალდებულო აქტივობებს და მასთან ერთად იმ დამატებით აქტივობებს (ტრენინგებს, კოლეგებთან შეხვედრებს), რომელიც დამეხმარება სავალდებულო აქტივობების განხორციელებაში. თუ ამ ჯაჭვს სწორად შევადგენ, უკვე დავინახავ აქტივობების იმ სავარაუდო ჩამონათვალს, რომლებიც შესაფასებლად უნდა წარვადგინო. შესაბამისად, კრედიტების ზედმეტი რაოდენობაც მინიმუმამდე შემცირდება. განსხვავებულ მიდგომას ხელს უწყობს სქემის არასწორი აღქმა, იმის გაუაზრებლობა, რომ მასწავლებლისთვის კრედიტქულების მოგროვება ცალკე პროცესი კი არ არის, არამედ სასწავლო პროცესიდან მისი საუკეთესო პრაქტიკის, საუკეთესო აქტივობების შესაფასებლად წარდგენაა. ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა და ეს ცოტა დრო აღმოჩნდა სქემის არსის გასააზრებლად. რაც უფრო მალე გავითავისებთ, რომ სქემა არის სასწავლო პრაქტიკის შეფასების პროცესი, მით მალე გაქრება ისეთი საუბრები, როგორიცაა:,, მოსწავლეებისთვის არ გვცალია, ქაღალდების შევსებაში გვაკარგვინებენ დროს“, ,,იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს გაკვეთილი ჩავუტაროთ, მოსწავლეებს მოვწყდით“...სქემაში ჩემი საუკეთესო პრაქტიკა უნდა წარვადგინო შესაფასებლად და მასწავლებლის პრაქტიკის გული მოსწავლეა. მაშ, როგორ მოვწყდი? ეს ჩემი პრობლემაა, თუ კონფერენციაზე მოხსენება მაქვს და მასში არ ავსახე როგორ უმჯობესდება ბავშვის შედეგები წარმოდგენილი საკითხებით. ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკა მაძლევს უფლებას გულახდილად ვკითხო კოლეგებს: რატომ ასოცირდება გაკვეთილის ჩატარება განსაკუთრებულ ძალისხმევასთან? ნებისმიერ მასწავლებელს რომ გაესაუბროთ თავის საქმიანობაზე, გეტყვით, რომ ყოველ გაკვეთილზე გადაყოლილია ბავშვებზე (ეგ თქვენი შიდა შეფასება) და კიდევ უამრავ სიახლეს გეგმავს (ეგეც თქვენი სამოდელო გაკვეთილი).
მეორე კითხვა: პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს 10 კრედიტქულა. ეს აქტივობები მან განახორციელა 2015-16 და 2016-17 სასწავლო წლებში, მაგრამ შეუფასდა და კრედიტები აისახა წინა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. აინტერესებს, წელიწადში 5 კრედიტიანი ბარიერის გამო, ჩაეთვლება თუ არა ეს კრედიტქულები (5+5)?
ეგრეთწოდებული 5 კრედიტის წესის შესრულუბა ხშირად იწვევს კითხვებსა და გაუგებრობას. ზოგადად, სამინისტროს და ჩვენი ცენტრის პოლიტიკა მასწავლებლის მხარდაჭერაა. მასწავლებელმა უნდა იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე და წინ წავიდეს კარიერულად. რეალურად, ასეთ შემთხვევაში, არანაირი ზედმეტი კრედიტების გაუქმება არ ხდება. ჩვენთან პროცესი შემდეგნაირად წარიმართება: როცა სტატუსის ცვლილება ხდება, ვამოწმებთ სკოლაში პროცესის განვითარების მთელ ხაზს. თუ აღმოვაჩენთ, რომ ამ 5კრედიტის დაგროვების წესი დარღვეულია, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, წელს არ ეკუთვნის სტატუსის შეცვლა, მაგრამ უკვე უფიქსირდება 10 კრედიტი, ჩვენ ვეტყვით, რომ წელს არ არის დრო თქვენი სტატუსის შეცვლის, არამედ შეგეცვლებათ შემდეგ წელს. ანუ რეალურად ასეთი ხარვეზების გამოსწორებას განულებით კი არ გადავწყვეტთ, არამედ შემაჯამებელ ეტაპზე (როცა სტატუსის ცვლილების დრო მოვა) არსებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანით. ჯერჯერობით ეს ბარიერი არსებობს, და უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა მისი მოხსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს.