კახა ჟღენტი: შეფასების ჯგუფის წევრები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დაწყებიდან მეორე სასწავლო წელი უკან დარჩა. პირველი წელი საპილოტე იყო, ამიტომ წლევანდელ შედეგებს განსაკუთრებული მოლოდინები ახლდა. აპელაციის პერიოდი 20 ოქტომბრამდე გრძელდება, მაგრამ ძირითად ტენდენციებზე საუბარი უკვე დაწყებულია. გვესაუბრება კახა ჟღენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის“ მენეჯერი.
_შედეგებზე საუბარი დავიწყოთ იმით, რომ 2000-მა მასწავლებელმა სტატუსი წინსვლის მიმართულებით შეიცვალა. ჩვენს რეალობაში პირველად, გვყავს მენტორი მასწავლებლები. 20 ოქტომბრამდე კიდევ გრძელდება აპელაციების ვადა. ჯერჯერობით, 51 სააპელაციო განაცხადია შემოსული. ეს ნამდვილად არ არის ბევრი, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ შეფასების ჯგუფების წევრები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ და ძირითადად დადგენილ პროცედურებს მისდევენ. დასაწყისში არსებობდა ერთგვარი ეჭვი, რომ სკოლის შეფასების ჯგუფებს ფორმალური სახე არ მიეცათ შეფასებისთვის, არ დაწყებულიყო, ეგრეთწოდებული, კრედიტქულების დარიგების პროცესი. წელიწადში 5 კრედიტიანი ბარიერიც (პრაქტიკოსისთვის) ერთგვარი პრევენციისთვის დაწესდა. რაც უფრო დავრწმუნდებით, რომ პროცესი ობიექტურია, შეფასების და პროცედურების წარმართვის თვალსაზრისით, ამ ტიპის ბარიერები მოიხსნება. არსებული შედეგები ადასტურებს, რომ სკოლები საკმაოდ სერიოზულად მიუდგნენ ამ საქმიანობას. რა თქმა უნდა, შეფასებებში არის განსხვავებები. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ერთი სკოლის შეფასების ჯგუფი უფრო მკაცრი იყოს და მეორე _ უფრო ლოიალური, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან არც ერთი სკოლა ერთმანეთს არ ჰგავს. ამ პროცესში თითოეული სკოლის კულტურა უფრო კარგად წარმოჩნდა. მთავარია, ეს ყველაფერი მოსწავლის შედეგებზე აისახოს. თუ არ აისახება, საბოლოოდ ისევ სკოლები დაზარალდებიან, რადგან ვაუჩერული დაფინანსების პირობებში მოსწავლის სუსტი შედეგები სკოლას საბოლოოდ უარყოფითად შემოუბრუნდება.
შედეგები შეესაბამება სქემასთან დაკავშირებულ მოლოდინებს?
ამ მიმართებით სხვადასხვაგვარი მოლოდინები არსებობდა. ჩემს აზრს მოგახსენებთ: რადგან მაღალი მოლოდინები არ მაქვს, კითხვაზე, როგორ მიდის საქმე, ჩემი პასუხი იქნება: კარგად! საქმე მიდის ისე, როგორი რესურსიც აქვს სახელმწიფოს, რა რესურსიც იდება განათლებაში. მთავარი პრობლემა მაინც არის თანმიმდევრულობა. პროცესის გაუმჯობესება სულ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არა _ სტრატეგიული კურსის შეცვლა. მაღალი მოლოდინის ადამიანებს უფრო აწუხებთ განცდა, რომ ცოტა კეთდება. ობიექტურად, კვლევები ადასტურებს მოლოდინებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ მაღალი მოლოდინების დამადასტურებელ კვლევებს. პირიქით, ვხედავ, რომ რა კვლევებიც ჩვენთან ტარდება, იმისი ადექვატურია ჩვენი წინსვლაც. თანმიმდევრულ სვლაში და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაში, აუცილებლად გაიზრდება სტატისტიკური მაჩვენებლებიც. წელს 2000 პედაგოგი შეიცვლის სტატუსს, მომავალ წელს ეს რიცხვი გაორმაგდება და ასე შემდეგ.
თუ იყო შემთხვევები, როცა სკოლამ მოგმართათ პედაგოგის სტატუსის შეცვლის დასადასტურებლად და თქვენ არ დაადასტურეთ ეს ცვლილება?
დიახ, იყო ასეთი შემთხვევები. ერთი ტენდენცია იყო ის , რომ საერთოდ არაადექვატური დოკუმენტები იყო ატვირთული, ზოგიერთ სკოლაში კარგად ვერ გაიგეს და შეფასების დოკუმენტები ატვირთეს დადასტურების საბოლოო დოკუმენტაციის ნაცვლად. ხშირად არა, მაგრამ წავაწყდით სიტუაციას, როცა ელექტრონულ სისტემაში საერთოდ ვერ ვნახეთ დადასტურების დოკუმენტაცია, სკოლის ადმინისტრაცია კი მის არსებობას ირწმუნებოდა... ჩემის აზრით, კარგად იმუშავა თავად ელექტრონულმა სისტემამ. სისტემა არის გამჭვირვალე და თუ შიგნით რამე არ არის, იმას, ადამიანი ვერ დაეყრდნობა; ან მოგვიანებით, როცა აიტვირთება, მერე დაეყრდნობა. შესაბამისად, ეს დადასტურებები, არასწორი შეფასების შედეგი კი არ იყო, ჩვენ უბრალოდ, ვერ ვნახეთ სრულყოფილი დოკუმენტაცია. შევატყობინეთ ამის შესახებ და როცა ხარვეზს გაასწორებენ, მომავალი წლისათვის დადასტურებასაც მიიღებენ. დადასტურების პროცესში, ჩვენ სკოლის მიერ დაწერილი შეფასებები ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია. ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ ხარვეზებს, ან შეუსაბამობას თვითონ შეფასების პროცესის გამჭვირვალობის და ობიექტურობის თვალსაზრისით. თუ დოკუმენტაცია სწორად არ მაქვს ან საერთოდ არ მაქვს ატვირთული, შეფასება გამჭვირვალედ ვერ ჩაითვლება. ჩვენ არ შევხებივართ შეფასების შინაარსობრივ მხარეს. რადგან შეფასების ვალდებულება სკოლაზე გადავიდა, ჩვენ მათ ვენდობით და ამაზე მონიტორინგს არ ვახორციელებთ, თუ სააპელაციო განაცხადით არ მოგვმართეს. ანდა, მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა აქტივობა იყო შეუსაბამო, წარმოდგენლი იყო რესურსად, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყო სასწავლო რესურსი. თუნდაც იგივე სამოდელო გაკვეთილი. მკაფიოდ არის განსაზღვრული მისი მახასიათებლები. თუ არ შეესაბამება მახასიათებლებს, მაშინ ვერ დავუდასტურებთ. ანუ ჩვენ შეფასების შინაარსში კი არ შეგვიტანია ეჭვი, არამედ დავინახეთ შეუსაბამობა აქტივობის მახასიათებლებთან, აი, მაშინ ჩავერიეთ და დადასტურება არ მივეცით.
იგეგმება თუ არა ცვლილებები არსებული გამოცდილების გათვალისწინებით?
ჩვენმა ცენტრმა მოამზადა გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ჯერ განხილვის პროცესშია. ამ ეტაპზე შემიძლია ვისაუბრო ორ-სამ არსებით მიმართულებაზე. პირველი, ეს შეეხება ვადებს. რადგან ელექტრონული სისტემა კარგად მუშაობს, ცენტრის მოსაზრებაა, მკაცრი ვადები აღარ დავაწესოთ. როგორც განთავსების, ასევე, შეფასების ვადები იყოს უფრო მოქნილი და სკოლები მიეჩვიონ თვითმართვას ამ თვალსაზრისით. სტატუსის შეცვლის ეტაპთან დაკავშირებითაც არსებობს მოსაზრება, რომ ან არ იყოს დადგენილი ვადა და ან სემესტრულად შეიძლებოდეს სტატუსის შეცვლა. ჩემის აზრით, ამ მხრივ, გარკვეული ჩარჩოს შენარჩუნება, უფრო ოპტიმალურია, რადგან ამოუწურავი რესურსები ქართულ განათლების სისტემას არ აქვს. თუ ეს რესურსი გაიზრდება, შეიძლება საერთოდაც მოიხსნას ვადები და ყოველთვიურადაც იყოს შესაძლებელი სტატუსის ცვლილება. ასევე, განსჯის საგანია შეფასების დოკუმენტაციის მეტი სტანდარტიზება. თავიდან უფრო თავისუფალი მიდგომა ვარჩიეთ, მაგრამ ამ მიდგომამ წარმოშვა მეტი გაურკვევლობა და არასრულყოფილი დოკუმენტაცია. დამხმარე შეკითხვები, დამხმარე ფორმები უფრო მოწესრიგებულს გახდის ამ პროცესს. მასწავლებლებისგანაც უკუკავშირით ვიცით, რომ ურჩევნიათ მკაფიოდ იცოდნენ რას გაეცეს პასუხი, რა ფორმით იყოს წარმოდგენილი, ეს მათ გაუიოლებს დოკუმენტების მომზადება. მესამე სტრატეგიული მიმართულება, რომლისკენაც გვინდა წავიდეთ, არის მთელი პროცესის მოქცევა ელექტრონულ ფორმატში. ამას მეტი დრო დასჭირდება. გვესმის, რომ ერთერთი სერიოზული გამოწვევა, რაც სქემამ მოიტანა, ეს არის ოქმების შექმნა, დოკუმენტაციის დასკანერება, ატვირთვა, _ ეს საქმე უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ თანდათან უნდა მოხდეს ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადასვლა. ეს გადასვლა სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენი სკოლებისთვის, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილისათვის ეს უნარები სუსტი მხარეა. მაგრამ ამ მიმართულებით განვითარება აუცილებელია, ეს დაზოგავს დროს და ფინანსებს. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სქემის აქტივობებით თითქოს დაიჩრდილა ერთიანი სწავლა-სწავლების პროცესი. მასწავლებელთა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს აღქმა, რომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ სასწავლო პროცესი რჩება განზე. ჩვენს ცენტრს მოუწევს დიდი მუშაობა, რომ მასწავლებლებს ამ სქემის უკან მიმდინარე რეალური პროცესი დაანახოს. ანუ ეს ავტვირთე, ჩამოვტვირთე, შევასრულე და კრედიტი მივიღე, მართლა არ გადაიქცეს, რაღაც საბანკო საქმიანობის მსგავს პროცესად. სინამდვილეში, ფორმალური შეფასების პროცესის უკან, უფრო უნდა გაცოცხლდეს და ეფექტური გახდეს რეალური სასწავლო პროცესი. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, გასაძლიერებელია იგივე ფასილიტატორებისა და შეფასების ჯგუფების საქმიანობის ხარისხი. რაც უფრო ეფექტიანად იმუშავებენ ისინი, მით უფრო, თანმიმდევრული და შედეგიანი იქნება სქემა.