პროფესიული განათლების სტუდენტები საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ
პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, მსოფლიოში ცნობილ პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ, რომელიც 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში იმართება. მსოფლიოს 77 ქვეყნის წარმომადგენლებს, ქართველი სტუდენტები, 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან - სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.
ქართველი მონაწილეები WorldSkills Georgia-ას ფარგლებში ორგანიზებული კონკურსით შეირჩნენ და საერთაშორისო შეჯიბრზე გასამგზავრებლად სპეციალური მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა და წელს მესამედ მონაწილეობს.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია, საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია.
პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills შესანიშნავი პლატფორმაა. WorldSkills International-ს წევრი საქართველო 2012 წლიდან გახდა და ის ამჟამად 77 ქვეყანას აერთიანებს. WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები პროფესიულ უნარებში წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება და 22 წლის ასაკის მონაწილეთა შეჯიბრი, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.