ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ფრანგული პავილიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღეს. ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამუშაო ჯგუფის წევრები წარმოადგენდნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 10-15 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებაა დაგეგმილი.
წელს, პირველად გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, დაგეგმილია ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების“ თარგმანების პრეზენტაციები. ქართული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია.
აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგენს საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარ ქვეყანას.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს, კი საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცემა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსით დასრულდება.