აგრესიის შვილები
1932 წელს ერთა ლიგამ სთხოვა აინშტაინს, იქნებ, რომელიმე გამოჩენილ პიროვნებას გაესაუბროთ თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზეო. აინშტაინი ფროიდს შეუთანხმდა -- ადამიანის ასოციალურ ბუნებაზე იმჯელეს. ფროიდმა გაიზიარა მოსაუბრის მოსაზრება, რომ ადამიანს, სხვასთან ერთად, ნგრევის სურვილიც ახასიათებს და იქვე დააზუსტა; ზიზღისა და ნგრევის ეს აქტიური ინსტიქტი ყველაზე მწვავედ, თავს მოზარდებში იჩენსო.
დიახ, მოზარდთა აგრესია – პასიური და აქტიური, სიტყვიერი და ფიზიკური, გამართლებული და გაუმართლებელი... მაგრამ ყველა შემთხვევაში -- პიროვნული პროტესტით გაჯერებული, ცალკეული შემთხვევებისგან წახალისებული და გარემოს ასოციალურობით კიდევ უფრო გამძაფრებული.
მოზარდთა აგრესია უშუალოდ ებმის არასრულწლოვანთა დანაშაულს. პრობლემა ზოგადსაკაცობრიოა. საზოგადოება რა ხანია, აპროტესტებს ამ უმწიფრულ ურთიერთდაპირისპირებებს. საკითხზე მუდმივად მუშაობენ სახელმწიფო ორგანოები, მასმედია, სხვა სოციალური სტრუქტურები. მსოფლიო ბევრს ფიქრობს სახელმწიფო დანაშაულის შემცირებაზე, თუმცა, მოზარდთა შორის ძალადობა ისევ ჩვენი რეალობის ნაწილია.
აშშ–ში 15 წლის მოზარდი ცეცხლს უხსნის თანაკლასელებს; რუსეთში ნასვამი მოზარდები მხეცურად კლავენ ცხრა წლის გოგონას და მის ახლობლებს სასტიკად უსწორდებიან; ინგლისში 17 წლის ბიჭი დანას უყრის 14 წლის მოზარდს. საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციაა... არასრულწლოვანთა ქუჩურ „გარჩევებში“ სულ უფრო მეტი გოგონა მონაწილეობს!..
აშშ-ის განათლების სფეროს სტატისტიკური კვლევის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა ძალადობას ქვეყანაში უკვე მასწავლებლებიც ეწირებიან. მარტო 4 წლის სტატისტიკით, დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9 პროცენტი -- მოსწავლეთა ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის, ხოლო 4 -- ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლია.
იყო დრო, როცა აგრესიაზე, როგორც მოვლენაზე, კონკრეტულად, ჩვენ, საკმაოდ განყენებულად ვმსჯელობდით. „რკინის ფარდის“ უკან მდგომთათვის ტელეეკრანზე თვალმოკრული ძალადობა რეალობას აცდენილ კინოკადრებად აღიქმებოდა. ვცხოვრობდით და თითქმის არაფერი ვიცოდით იმაზე, ვისზეც საბჭოთა იდეოლოგია ძალადობდა გულაგებსა და სუკ-ის სარდაფებში. ჩვენი ბებია-ბაბუის ეპოქაში ეს „ხალხის მტრებთან’ ბრძოლის „ჰუმანური“ აქცია იყო, თუმცა, სახელად, ალბათ, მსოფლმხედველობრივი აგრესია უფრო მოუხდებოდა!
რა ხდება? ნუთუ დაკომპლექსებული და გაბოროტებული ადამიანების ქმედება არის ჩვენი ეპოქის ნიშანი? ნუთუ ჩვენი ადამიანური ბუნების ყველაზე მიუღებელმა ინსტინქტებმა უნდა გვაჯობოს და მოგვპაროს მომავალი თაობაც?
უპირველეს ყოვლისა, ტერმინის დეფინიციაზე შევთანხმდეთ: „აგრესია“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „თავდასხმას“. ფსიქოლოგიაში ეს ცნება ქმედებათა ფართო სპექტრს მოიცავს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ: ამ შედეგის შემოქმედი ყმაწვილის სწავლა-აღზრდა ში ჩართული უკლებლივ ყველა სოციალური აქტორია: ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა,მეგობრები, წიგნები, ფილმები. ეს ისაა, რაც უყალიბებს ბავშვს ხასიათს, იდეალებს, მიზნებს,უჩენს მათი მიბაძვის, მიღწევის სურვილსა და მოტივაციას.
სპეციალისტთა განმარტებით, აგრესიულობისა და სადიზმისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ უფრო იმ მოზარდებს, რომლებშიც უფროსები, ცოტა არ იყოს, თრგუნავენ ინიციატივიანობას, ენერგიულობასა და თვითდამკვიდრების მცდელობებს. როცა მოზარდს თავმოყვარეობას მუდმივად ულახავს იმის შეგნება, რომ უსამართლოდ დასჯილია, გარკვეულ ეტაპზე მას ეჩვენება, რომ სწორედ ქუჩაა მისი მეგობარი, რადგან ყველაზე მეტად უგებს და მფარველობს, ამიტომ ირჩევს კიდეც მას „მშობლადაც“ და მესაიდუმლედაც.
ასე იქცევა ქუჩის მორალს მინებებული არასრულწლოვანი შავი სამყაროს რომელიმე წარმომადგენლისთვის ფულის შოვნის წყაროდ, ან მისი გაუკუღმართებული მიდრეკილებების “ობიექტად“. ასეთ ვითარებაში, ძალიან ჭირს ხოლმე უნებლიე მსხვერპლად ქცეული მოზარდის დარწმუნება იმაში, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ. მიზეზი უბრალოა: ასეთ მაგალითებს, უბრალოდ, არ იცნობს
მისი პატარა ცხოვრებისეული გამოცდილება! მით უფრო, თუ ოჯახშიც სიყვარულის ნაცვლად უხეშობა და ძალადობა ასწავლეს. ამიტომაც გამოექცა მათ აქ, ქუჩაში, რომ მოეპოვებინა ის, რაც მოიპოვა: თავისუფლება, გაუკონტროლებლობა, სხვისთვის ანგარიშის გაუწევლობა. და, ვინ იცის, კიდევ რამდენი დრო დასჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ქუჩა, თავისი აგრესიული და ძალადობრივი მორალით, გაცილებით მეტი საშიშროების შემცველია!
საზოგადოდ, ბავშვის, განსაკუთრებით კი, შედარებით მცირე ასაკის ბავშვის, ქვეცნობიერი მიდრეკილია ულმობლობის, სისასტიკისა და აგრესიისკენ.
ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ეს საუკეთესოდ ჩანს მის თამაშში. იმ შინაგან კმაყოფილებაში, რითაც ის “კლავს მტერს” და თვალებს თხრის თოჯინას, რომელიც მისთვის „შვილი“ ან უახლოესი მეგობარია. ესეც, უთუოდ ,დედისგან გადმოღებული პატარა გოგონას მორალი: რაკიღა „შვილია“, ესე იგი, მისი დასჯაც შეუძლია!
აქედანვე შევთანხმდეთ: მოზრდილთა სამყაროს მიბაძვა და კოპირება ბავშვის ერთ–ერთი უპირველესი და უსაყვარლესი გასართობია. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ბუნებით მიმბაძველია, ბაძავს ყველას –– აღმზრდელს, მეზობელს, მულტფილმის გმირს. იყო ასეთი ფაქტი; სამი წლის ანიმ ნახა ძალადობის საწინააღმდეგო რეკლამა, სადაც გოგონა ზუსტად მშობლებივით ეუხეშებოდა თავის თოჯინას და სულ რაღაც რამდენიმე წუთში, იმავე ტექსტითა და ჟესტიკულაციით დატუქსა თავისი დათუნია.
როცა ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც აგრესიულობა ნორმაა, ის ბაძავს ამ გარემოს და მის „ენაზე“ იწყებს ლაპარაკს. მოგაგონებთ ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას; ოთახში სულ ცოტა ხნით მარტო დატოვებულმა მცირეწლოვანმა ბიჭუნამ ფანჯრიდან ჩვილი დაიკო გადააგდო -- თავისი ჭკუით, დედიკოს დანაპირები აუსრულა: დედაც ხომ სულ ამას ეუბნებოდა, ახლავე შეწყვიტე ტირილი, თორემ ფანჯრიდან გადაგაგდებო!
დიახ, რეალობა, რომლის ბრმა კოპირებაც ბავშვს ამა თუ იმ ასაკში უხდება... ეს მაშინ, როცა უხეშობის, სისასტიკისა და ძალადობის „პროპაგანდა“ არც
ტელეეკრანიდან აკლია. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ჩვენი საინფორმაციო გადაცემები სცოდავენ. ბავშვს უჭირს გარკვევა, რატომ კლავს ძმას ძმა და მეზობელი მეზობელს და, მით უფრო, უჭირს თავდაცვა ამ ვერაგობათა სისხლის გამყინავი დეტალიზებისგან, რომელიც ხშირად ჩვენი ტელე თუ საოჯახო საუბრების ძალზე შეჩვეული თემებია.
ბავშვის აგრესიულობა უასაკო ფენომენია და იგი ნებისმიერ ასაკში ვლინდება. თვეების ბავშვის ყვირილი, უხეში მოძრაობები, ემოციების გამოხატვის მისეული მცდელობები, ანუ აგრესიის გამოვლენა მისი საპასუხო რეაქციაა შეთავაზებულ არახელსაყრელ პირობებზე. ამ თვალსაზრისით, თავის საქმეს აკეთებენ ე.წ. აგრესიული თამაშები და სათამაშოებიც. ისინი პატარას ძალადობისთვის განაწყობენ, ან ძალის დემონსტრირებას ასწავლიან. ის სათამაშო თოფი, წინა ეპოქებში ბიჭუნაში ბუნებრივად რომ ზრდიდა მამაკაცსა და მეომარს, დღეს, ბევრი მშობლის აზრით, არცთუ უწყინარი და საკმაოდ აგრესიულია. ამას წინათ მეზობლის პატარა გოგონებს ჩავუარე გვერდით. როგორც იციან ხოლმე, წიოკობით უთანხმდებოდნენ ერთმანეთს, რა ვითამაშოთ, ურჩხულობანა თუ მანიაკობანაო.
მთელი ღამე არ დამეძინა, რატომ უნდა მოუნდეს სიყვარულში გაზრდილ ბავშვს მანიაკობანას თამაში-მეთქი. იქნებ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი უკეთილესი მულტფილმები სადღავ გადავუმალეთ და დღედაღამ ვაყურებინებთ ურჩხულების და სხვა რაღაც გაუგებარი არსებების ცხოვრებას?
მაშ ასე,ზეიმობს პრინციპი – “ვინ ვის” – ქუჩაში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ბაზრობებზე, მულტფილმებშიც კი... ყველგან თავდაუზოგავი ბრძოლაა არსებობისთვის! ყველგან საქმე მორევაზეა!..
და აჰა, თითქმის სენტენციად ქცეული აღმოჩენაც: ცხოვრება, თურმე, მარტოოდენ მგლებისა და ცხვრებისგან შედგება!Eუნდა იყო მგელი, თუ არ გინდა, რომ მგლის ლუკმა ცხვრად დარჩე!
არსებობს მოსაზრება, რომ კონფლიქტურ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს უფრო უყალიბდებათ სამყაროზე ძალადობრივი წარმოდგენა. ისინი საფრთხეს ხედავენ იქაც კი, სადაც იგი უბრალოდ, არ არსებობს. ნებისმიერ თავის წარუმატებლობასა და თანატოლთა გულგრილობას მტრულ დამოკიდებულებად აღიქვამენ. აგრესია მათთვის თავდაცვის საშუალებაა, მაშინაც კი, როცა არავინ ემუქრებათ. ხოლო, რაკიღა შინ თავად მათ სჯიან, ეჩვენებათ, რომ სწორედ ცემაა სირთულეების დაძლევის საუკეთესო გზა!
კვლევები ამტკიცებს, რომ ყოველი მოძალადე ძალადობაგადატანილი მსხვერპლია. ოჯახის მიმართ კი მათი აგრესია და ძალადობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ცდილობენ მშობლები მათი ცხოვრების დაგეგმვას, დარეგულირებასა და გაკონტროლებას, პროფესის არჩევით დაწყებული, სოციალური კავშირებით დამთავრებული.
აგრესიულობა, სისასტიკე, უხეშობა, ძალადობა, მით უფრო, ამ განწყობითა და მორალით შვილების აღზრდა, არასდროს ყოფილა ქართული ხასიათის ნიშანი. ოჯახი ერთ-ერთია იმ ყველაზე ჰუმანურ ინსტიტუტთაგან, თავისი არსებობის განმავლობაში კაცობრიობას რომ შეუქმნია. ზოგჯერ მშობელი წუხს ხოლმე შვილის უსაქციელობას, მაგრამ ბოლომდე ვერ შეუგნია, რომ ამაში, უპირველესი ბრალი თვითონ მიუძღვის, რადგან სწორედ ოჯახია ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა იძერწება; სადაც ყმაწვილი უნდა ეზიაროს სიყვარულსა და რწმენას, გაძლიერდეს სულით, ხასიათით და პიროვნებად იქცეს!.
მოდი, დავიცვათ ოჯახები მოძალებული აგრესიისა და უსიყვარულობისაგან. ეს ამდენი ტკივილი სწორედ უსიყვარულობის ბრალია!.. გვიყვარდეს ჩვენი შვილები და ნურაფრით დავაკომპლექსებთ მათ. ეს გადარჩენაა ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ჩვენი კი სხვა გზა არ გვაქვს -- უნდა გადავრჩეთ!