მარიამ ჩიქობავა: ახალ ესგ-ში მოსწავლეზე ორიენტირებული სიახლეები გვექნება
,,ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს: მოსწავლეთა დატვირთვის აუცილებელ ოდენობას; ცოდნის განვითარების ზოგად ხერხებს; საჭირო ინფორმაციის ოდენობასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს თითოეული საფეხურის დამთავრებისას; საგნებსა და პრიორიტეტებს სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე.“
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა არის მეორე თაობის დოკუმენტი და ამჟამად მიმდინარეობს მისი რევიზია. ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის საკითხებზე, სიახლეებზე გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.
უკვე დამტკიცებულია განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის სტანდარტები და წლიური პროგრამები. ამჟამად ვმუშაობთ საბაზო საფეხურის რევიზიაზე, ხოლო მომდევნო წელი საშუალო საფეხურს დაეთმობა. საბაზო საფეხურზე ხდება პროგრამის მაქსიმალური განტვირთვა. მოგეხსენებათ, ასაკობრივი განვითარების თავისებურებათა გამო, მოსწავლეებს უჭირთ 7-8 გაკვეთილზე ჯდომა, ყურადღების კონცენტრირება. რადგან საშუალო საფეხურზე დიფერენცირებული სწავლება იქნება, ბევრი საკითხი გადავა საშუალო საფეხურზე. ყველაზე მეტი სიახლე სამოქალაქო განათლების მიმართულებით გვექნება: სამოქალაქო განათლება, როგორც დამოუკიდებელი საგანი, მეშვიდე და მერვე კლასებშიც შემოვა. ,,ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში“ სახელმწიფოს თავისი პრიორიტეტები აქვს განსაზღვრული, ამასთან, სახელმწიფოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დემოკრატიული გარემოს განვითარების კუთხით და ზოგადსაგანმანათლებლო დონეზე მათი შესრულება დიდწილად სწორედ სამოქალაქო განათლების საგანში მოხდება. ამიტომ ამ საგნის სწავლება მოხდება უწყვეტად სწავლების ყველა საფეხურზე.
ქალბატონო მარიამ, რა მიზეზებმა განაპირობა დანერგვის პროცესების გადავადება?
2017-18 სასწავლო წლიდან ვფიქრობდით დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებას, მაგრამ შევფერხდით სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ესგ-ს დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებს ხელთ ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად განახლებული სახელმძღვანელოები. გახანგრძლივდა მოლაპარაკებები გამომცემლებთან. სახელმძღვანელოების მომზადება-შეფასებას და პედაგოგების გადამზადებას ერთი წელი მაინც სჭირდება. გავითვალისწინეთ წინა გამოცდილებაც, როცა ანალოგიური პროცესში აჩქარება უარყოფითად აისახებოდა ხარისხზე. ამჯერად, ხარისხის დათმობის ნაცვლად, ერთი წლით გადავდეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედება. აქვე მინდა, აღვნიშნო ერთ სიახლეზე: სამინისტროს ინიციატივით, განსახილველი სახელმძღვანელოები ჩვენთან შემოსვლისთანავე ელექტრონულად აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისათვის. ყველას ექნება საშუალება, გამოთქვას თავისი მოსაზრება, რჩევა. თან საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, როგორი სახელმძღვანელოები შეიძლება გვქონდეს და რის სწავლებას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, საბოლოოდ სახელმძღვანელოებს პროფესიონალები შეამოწმებენ, შეაფასებენ და შეარჩევენ.
რა სიახლეებს მოიცავს უკვე დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა?
დაწყებით საფეხურზე შევიდა საკმაოდ ბევრი ცვლილება. შეძლებისდაგვარად განვტვირთეთ პროგრამები, თუმცა ეს არ ნიშნავს მათ გაპრიმიტიულებას. გამარტივების პარალელურად გავითვალისწინეთ საერთაშორისო მოთხოვნებიც, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები უნდა იყვნენ საერთაშორისო ასპარეზზეც. გარდა შინაარსისა, გვაქვს ორგანიზაციული ტიპის ცვლილებებიც. მაგალითად, ვიცით, რომ პირველ-მეოთხე კლასებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, მეხუთედან შემოდის_ განმსაზღვრელი. ეს გარკვეულწილად უარყოფითად აისახება მოსწავლეებზე. ისინი მტივნეულად რეაგირებენ განმსაზღვრელით მიღებულ შეფასებებზე, თუნდაც 8 ან 9 ქულა მიიღონ, რომლებიც ასევე მაღალი შეფასებებია. ამიტომ გადაწყდა, მე-5 კლასის პირველ სემესტრში გავაუქმოთ განმსაზღვრელი შეფასება და დავტოვოთ მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, რომ შეეჩვიონ პედაგოგს, თანამშრომლობის ახალ წესებს და ახალ ეტაპზე გადასვლა უფრო უმტკივნეულო იყოს. გარდა ამისა, პირველ-მეექვსე კლასებში მთლიანად მოვხსენით საშინაო დავალების ქულით შეფასება. ხშირად ხდებოდა, რომ მოსწავლეებს უამრავ დავალებას აძლევდნენ სახლში სამუშაოდ, ხშირად მთელი ოჯახი იყო ჩართული საშინაო დავალებების მომზადებაში. ჩვენ გვინდა, რომ მეტი დატვირთვა მოვიდეს საგაკვეთილო პროცესზე. საშინაო დავალება იქნება ინფორმაციის მოპოვებისა და გაცნობის პროცესი და გაკვეთილზე კი მოხდება ამ ინფორმაციის წარმოდგენა, გააზრება, გაანალიზება, შეფასება, პროექტულ აქტივობებში გამოყენება. ანუ მასწავლებელი აღარ იქნება ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ ასწავლის ინფორმაციის მოპოვებას და მის ფუნქციურ ცოდნად ქცევას.
შეიცვლება თუ არა საათობრივი დატვირთვა საგნების მიხედვით?
სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით, გავზარდეთ სპორტის საათები. ეს საჭიროება ჩვენც კარგად გვესმოდა, მაგრამ ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ სკოლას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ მიმართებით არის სხვადასხვა ინიციატივები, მაგალითად, იმ სკოლაში, სადაც არ არის დიდი დარბაზი, შეიძლება შვედური კედლები აიგოს, ან ჩოგბურთის მაგიდები დაიდგას... მოკლედ, ყველგან მინიმალური პირობა მაინც უნდა შეიქმნას, რომ დაწყებით საფეხურზე ფიზიკური დატვირთვა იყოს მეტი. პირველ-მეოთხე კლასებში ეს დატვირთვა კვირაში 3 საათამდე გაიზარდა. არსებობს ერთი უარყოფითი პრაქტიკა, როცა გარკვეულ საგნებს სკოლაში მეორეხარისხოვნად აღიქვამენ. მაგალითად ხელოვნებასა და მუსიკას, იგივე ფიზიკურ აღზრდასთან ერთად. აქამდე სკოლებს შეეძლოთ 25 % -ის ფარგლებში მოეკლოთ საგნებისთვის საათები და გადაენაწილებინათ სხვა საგნებზე და ეს, როგორც წესი, დასახელებული საგნების ხარჯზე ხდებოდა. ახლა დაწესდა შეზღუდვა _ ხელოვნებას, მუსიკასა და სპორტს ვეღარ მოაკლებენ საათებს. პირიქით, სამინისტრო შეეცდება ამ მიმართულებით წაახალისოს ისეთი კლასგარეშე აქტივობები, როგორიცაა კლუბებისა და წრეების მუშაობა.
როგორია საგნობრივი სტანდარტის სტრუქტურა?
საგნობრივ სტანდარტებში გვქონდა ყოველ წელს მისაღწევი შედეგები. ახლა შემოვიტანეთ საფეხურეობრივი შედეგები, რომლებიც ძირითადად უნარების სახით არის ჩამოყალიბებული. ვთქვათ, მოსწავლემ პირველ კლასში, რაიმე მიზეზით, ვერ დასძლია გარკვეული შედეგი, მასწავლებელს შეეძლება ამ შედეგზე ამუშაოს მეორე კლასშიც, მესამეშიც. სასწავლო გეგმა ორ ნაწილად გაიყო: საგნობრივი სტანდარტი, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნების ბლოკს და წლიური პროგრამა, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. ეს იქნება მოქნილი ჩარჩო ყველა სკოლისთვის (საჯარო, საავტორო სკოლები, კერძო). წლიური პროგრამით ვაჩვენებთ ერთ-ერთ გზას, რომლითაც შეიძლება მოხდეს სტანდარტით დასახული შედეგების მიღწევა. თუმცა ეს მხოლოდ შეთავაზებაა და არჩევანში სკოლა და მასწავლებელი შეუზღუდავია.
ახალი საგნის _ ,,მე და საზოგადოების“, მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს...
საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგნების სწავლება მოქმედი სასწავლო გეგმით, იწყებოდა მეხუთე კლასიდან საგნით ,,ჩვენი საქართველო“, რომელშიც უფრო ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხები სჭარბობდა. სამოქალაქო განათლების საკითხების სათანადო დონეზე სწავლება კი ვერ ხდებოდა. ეს პრობლემა დანერგვის მონიტორინგმაც დაადასტურა. საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისთვის გავაკეთეთ 7 განვითარებული ქვეყნის კურიკულუმების შედარებითი ანალიზი ჩვენს კურიკულუმთან. ვნახეთ, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება არა თუ მესამე კლასიდან, არამედ საბავშვო ბაღიდან იწყება. გადავწყვიტეთ, ჩვენც ამ მხრივ გარკვეული ინტერვენციები გაგვეკეთებინა და მოვახერხეთ, რომ დაგვეწყო მესამე კლასიდან, საგნით ,,მე და საზოგადოება“. ის მოიცავს გეოგრაფიის, იტორიისა და სამოქალაქო განათლების კომპონენტებს და მიზნად ისახავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა; ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება; საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა; მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა; საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა, მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება; რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა; ამ უნარების განვითარება გულისხმობს ასაკის შესატყვისი ფორმით, ძალიან მარტივად მოსწავლეებში უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარებას და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; მაგალითად, ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენაზე, როცა ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება როგორ მოვიხმარო ეკონომიურად ელექტროენერგია, წყალი; რა არის დაზოგვა და სხვა;
ამ სიახლის პილოტირება უკვე დაწყებულია?
რევიზიის პროცესში აქტიურად გვეხმარებოდა ესტონეთის განათლების სამინისტრო, ესტონელი კოლეგები გვეხმარებიან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაშიც. ამისათვის შევარჩიეთ 5 საპილოტე და 10 ქსელური სკოლა( ანუ საპილოტე სკოლებზე მიბმული სკოლები), გადავამზადეთ დაწყებითის პედაგოგი, დირექტორი და მოადგილე, (როგორც სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი), რადგან ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა შეუძლებელი იქნება მხარდამჭერი გარემოს გარეშე. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პედაგოგებში ,,მე და საზოგადოების“ სტანდარტმა. თვითონვე დაგეგმეს სხვადასხვა თემები და თვითონვე წარმოადგინეს, როგორ გაშლიდნენ ამა თუ იმ თემაში დასამუშავებელ უნარებს. ჯერ სახელმძღვანელო არ არის და ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, რომ ემუშავათ სახელმძღვანელოს და ყოველგვარი რესურსის გარეშე, მხოლოდ ესგ-ზე დაყრდნობით.
მშობლები როგორ არიან ჩართული ამ პროცესებში?
მაგალითად, 150_ე სკოლამ უკვე დაიწყო პილოტირება. არასწორი ინტერპრეტაციების პრევენციის მიზნით, სკოლამ პირველი გაკვეთილი, ,,ჩემი ოჯახის“ თემაზე, მშობლებთან ერთად ჩაატარა. ჯერ გადაწყვიტეს გაეგოთ, რა მოლოდინები ჰქონდათ მშობლებს და მერე გაეცნოთ თავიანთი გეგმაც და გაკვეთილების მიმდინარეობაც. საგანი მომავალ წელს ყველა სკოლაში უნდა შევიდეს და საჭიროა დაკვირვება, რა პრობლემები გამოიკვეთება, სად იქნება დახმარება საჭირო, რომ პრევენციული ზომების მიღება შევძლოთ. ასევე პილოტირებაში ჩართულ საგარეჯოს პირველ სკოლაში დაამზადეს დიდი ბანერები, რომელზეც ილუსტრაციებშია წარმოდგენილი თემები: რატომ უნდა ვცე პატივი ჩემი ოჯახის წევრებს, როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის წევრის შრომა და ასე შემდეგ. ეს ბანერები მშობლისთვისაც და სხვა სტუმრისთვისაც წარმოადგენს თვალსაჩინო ინფორმაციულ მასალას საგნის შესახებ. ხალისიანი ილუსტრაციები ხელს უწყობს სტანდარტი თ გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების აღქმასა და გააზრებას. მშობლებიც წინასწარ იგებენ რას ისწავლიან მათი შვილები.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს?
პროცესი მიმდინარეობს, რამდენადაც ვიცი, კონკრეტულად ამ საგნისთვის 7-8 საავტორო ჯგუფი მუშაობს, ანუ მაღალი დაინტერესება გამოიხატა ავტორთა მხრიდან. გვქონდა კონსულტაციები ავტორებთან. დეტალურად განვმარტეთ სტანდარტის შინაარსი და პრინციპები. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ინტერაქტიული და პროექტულ სწავლებაზე ორიენტირებული საგანი და შესაბამისად, სახელმღვანელოც აგებული უნდა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. დიდი ინტერესი და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი სახელმძღვანელო. ავტორთა ჯგუფები ოქტომბრის შუა რიცხვებში უკვე წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. როგორც აღვნიშნეთ საკონკურსო სახელმძღვანელოების ელვერსიები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ვინ ჩაატარებს ,,მე და საზოგადოების“ გაკვეთილებს?
დაწყებითის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგი. ჩვენთვის მთავარია, მას გავლილი ჰქონდეს გადამზადება და შეეძლოს საგნის სტანდარტით დასახულ მიზნებზე გასვლა. დანარჩენი სკოლის გადასაწყვეტია.