„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2017 დასრულდა
2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა - გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.
„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ გადაეცათ:
• ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი - ტიმოთი ბლაუველტი;
• საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - თამარ მახარობლიძე;
• საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - ლევან ტიელიძე ;
• 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - გიორგი ტეფნაძე;
• 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - რამაზ ქაცარავა;
• 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი - თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.
გამარჯვებულება მიიღეს როგორც ფულადი, ასევე, მინის გრავირებული ჯილდოები და სერთიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.
გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა დავით მაზანაშვილის ბენდი და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, 24 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით, თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ცენტრალური და 300-მდე პარალელური ღონისძიება გაიმართა - სამეცნიერო პიკნიკები, კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ვორკშოპები და სხვ.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სამეცნიერო პიკნიკებს (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, სენაკი, თელავი, გორი) წელს ყველა ასაკის გამორჩეულად ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის განსაკუთრებული სიმრავლით სკოლის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.