როგორია პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა?
_ როდესაც პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს არის პროფესიული განათლების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ მიმართულების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სტრატეგიის კონტექსტში იგეგმება და ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, უნდა პასუხობდეს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს._ განმარტავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის“ ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე და პროგრამის შესახებ გვესაუბრება:
_ მაგალითად, სტრატეგია ამბობს, რომ პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანია მეწარმეობის უნარების განვითარებაზე ზრუნვა, ეს არის პირველი მინიშნება იმაზე, რომ მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ მეწარმეობის უნარებში. ამის საპასუხოდ, ახლახანს დასრულდა მეწარმეობის ტრენინგები, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე გერმანელი ექსპერტები ატარებდნენ მასწავლებელთა სახლის ტრენერებისათვის. საქართველოში, მეწარმეობის მიმართულებით, მეწარმეობაში ტრენინგების გამოცდილება მწირია, ამიტომ დაგვჭირდა პროფესიონალები სხვა ქვეყნიდან. დუალური პროფესიული განათლების და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების წარმატებულ გამოცდილება ასოცირდება გერმანიასთან _ ქვეყანასთან, რომელიც დღესდღეობით, მოიაზრება პროფესიული განათლების წარმატებულ მოდელად და საუკეთესოდ ფუნქციონირებადი ეკონომიკის ნიმუშად.
რა ხდება, როცა სტრატეგია იცვლება?
ეს მეტად დინამიური პროცესია, რადგან სტრატეგია იცვლება და ვითარდება გარკვეული წლების ციკლში, იცვლება პრიორიტეტებიც. ახალი სტრატეგია ახალ დაკვეთას ქმნის ჩვენთვის და ამას ფეხი უნდა ავუწყოთ. ზოგადად, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მეტად კომპლექსური საკითხია და ითხოვს კოორდინირებულ მიდგომებს, რომელიც სამინისტროსთან და სხვა ცენტრებთან თანამშრომლობის საფუძველზე ყალიბდება. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, რადგან ეს ცენტრი არის პასუხისმგებელი პროფესიულ სტანდარტებზე, მათ შემუშავება- განახლებაზე, ჩარჩო დოკუმენტების შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მათგან ვიღებთ კონსულტაციას მაგალითად, რომელია წელს დასანერგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომელ მიმართულებებში შევიდა სიახლეები და ასე შემდეგ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვა პროგრამები მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პროგრამებია, ჩვენი პროგრამაც დამოუკიდებელია, მაგრამ აუცილებელია სამინისტროსთან, ხარისხის ცენტრთან და ასევე, შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან კოორდინირებული მუშაობა. ჩვენთან, ეგრეთწოდებულ თემატურ შეხვედრებზე, ყველა დაინტერესებული მხარე ვიკრიბებით, მათ შორის, დამსაქმებელთა ასოციაციის და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები და საერთო აზრის გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქაც თავს იჩენს ჩვენი პროგრამის კომპლექსურობა და პასუხისმგებლობა პროფესიულ განათლებაზე, რა თქმა უნდა, სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის წარმატება დიდწილად ადამიანურ რესურსზე, მასწავლებელზეა დამოკიდებული. რა სიტუაციაა ამ მიმართებით?
_დიახ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია რეფორმის წარმატებისთვის. მასწავლებლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ცვლილებებისა და რეფორმების პერიოდში ძალიან ადვილია ძვირფასი რესურსების დაკარგვა, რადგან მათ წინაშე დიდი გამოწვევები დგება. ვგულისხმობ ხარისხიან გაკვეთილს, კეთებით სწავლების მეთოდის გამოყენებას, დამსაქმებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, სტუდენტების ასაკობრივ მრავალფეროვნებას (ერთ ჯგუფში შეიძლება იყვნენ 15 -დან 55 წლამდე და ზევით ასაკის სტუდენტები)... იმდენი დაკვეთა მოდის, რომ არსებულ რეალობაში მათთან გამკლავება ფაქტობრივად გმირობის ტოლფასია. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით მათ პროფესიულ განვითარებას, რათა შევინარჩუნოთ ღირსეულები, არ დავკარგოთ ისინი და ამავდროულად, ეს პროფესია გახდეს პოპულარული და სასურველი ახალი კადრებისათვის, რომლებიც ამ გამოწვევებს თავს კარგად გაართმევენ.
რა მიმართულებებს მოიცავს პროფესიული განვითარების აქტივობები?
_ პროფესიული განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარება, როგორც აღვნიშნეთ, კომპლექსური საკითხია და მრავალ ასპექტს მოიცავს, მაგრამ მათგან განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ მიმართულებას: პროფესიული განვითარება პედაგოგიკაში და პროფესიული გადამზადება პროფესიულ უნარებში (როგორიცაა: ელექტრიკოსის, მკერავის, სტილისტის და ასე შემდეგ...). ამ უკანასკნელი მიმართულებით გვაქვს დიდი სიახლე _ მესამე წელია ვმუშაობთ მასწავლებელთა ტრენინგებზე საწარმოში. ჩვენს მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ პროფესიული ტრენინგები. მაგალითად, თუ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვასწავლი სტილისტობას , ამ წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები ხდება სტილისტის პროფესიაში. შემოდის ახალი მიდგომები, ახალი მოდა, ახალი ქიმიური საშუალებები, ახალი ხელსაწყოები, რომელიც საქმეს აიოლებს და ასე შემდეგ. მე რომ ვასწავლი იმას, რაც თავად ვისწავლე, ფაქტიურად მოძველებულ ცოდნას და უნარებს გადავცემ, რადგან ამასობაში კერძო სექტორი ძალიან წინ მიდის და ჩემი მომზადებული სტილისტი შრომის ბაზრის მიმდინარე მოთხოვნებს ვერ უპასუხებს. ამიტომ მასწავლებელს საშუალებას ვაძლევთ, წავიდეს რეალურ სამუშაო გარემოში, ნახოს რა სიახლეები და ახალი გამოწვევებია და მერე თავად დანერგოს სწავლებაში. პარალელურად მასწავლებელს უწევს უშუალო კომუნიკაცია დამსაქმებელთან. მაგალითად, როდესაც მზარეულის მასწავლებელი გადის პროფესიული განვითარების ტრენინგებს რომელიმე საერთაშორისო სასტუმროს რესტორანში, მას უკვე ეძლევა საშუალება, გაეცნოს სიახლეებს და თან რესტორნის, სასტუმროს მენეჯმენტთან ჰქონდეს უშუალო კომუნიკაცია. სასტუმროებს და ზოგადად კერძო სექტორს, ყოველთვის უჭირს პროფესიონალი კადრები. ანუ კერძო სექტორისთვისაც პროფესიული სასწავლებელი არის საინტერესო პარტნიორი, იმ თვალსაზრისით, რომ სანდო გარემოში მოიძიოს პროფესიონალები, რომლებიც მის სექტორში დასაქმდებიან. სასწავლებლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი, რადგან მასწავლებლები ტრენინგებს გადიან რეალურ და მუდმივად განახლებად გარემოში და პროფესიულ სიახლეებს არ ჩამორჩებიან. ანუ ეს არის ორმხრივ სასარგებლო და მაშასადამე, ორივესთვის მისაღები თანამშრომლობა. ეს პროცესი იქნება განახლებადი, უკვე სამი წელი გავიდა დაწყებიდან და როცა გვექნება ინფორმაცია, რომ ყველა მოქმედმა მასწავლებელმა გაიარა პროფესიული უნარების ტრენინგები, დაიწყება ახალი ციკლი, რადგან რეალურ გარემოში განახლება არ ჩერდება.
რაც შეეხება პედაგოგიურ განვითარების მიმართულებას?
_პროფესიული განათლების პედაგოგიკაში იყო ყამირი, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ფრაგმენტულ აქტივობას. ვგულისხმობ გარკვეულ ტრენინგებს, შეფასების სახელმძღვანელოს და ასე შემდეგ. ცნობილია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი ელექტრიკოსი, მაგრამ მას არ შეეძლოს ასწავლოს სხვას თავისი საქმე. ამ საჭიროებიდან მომდინარეობს ჩვენი მეორე მიმართულება. საწყის ეტაპზე, აქტიურად ვითანამშრომლეთ გაეროს პროგრამასთან, სამუშაო ვიზიტით ვიყავით შვეიცარიაში, სადაც პროფესიული განათლების პედაგოგიკაში გაგვიზიარეს საინტერესო გამოცდილება. საქართველოში გვყავს ძალიან კარგი ექსპერტები პედაგოგიკაში და გვყავს კარგი პრაქტიკოსი მასწავლებლები. ანუ შედგა მრავალსპექტრიანი სამუშაო ჯგუფი პრაქტიკოსი მასწავლებლების, ქართველი ექსპერტების, სართაშორისო ექსპერტების და შვეიცარიელი კოლეგების მონაწილეობით. ჯგუფმა შექმნა პედაგოგიკის კურსი და შესაბამისი სახელმძღვანელო პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. ყველა მოქმედ მასწავლებელს აქვს საშუალება, რომ უფასოდ გაიაროს ეს მეტად საჭირო და სასარგებლო კურსი. სწავლება ადგილზე ტარდება, მონაწილე შუალედური შეფასებების საფუძველზე იღებს სერტიფიკატს. ვიტყოდი, რომ ეს არის ამ პროექტის ერთ-ერთი საამაყო შედეგი. ამ მიმართულებით ტრენინგები სულ მიმდინარეობს.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ პროფესიული მასწავლების მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტზე, რომელის მიხედვითაც პროფესიულ მასწავლებელს საშუალება ექნება, რომ არა მხოლოდ პროფესიულად განვითარდეს, არამედ კარიერულადაც წინ წავიდეს. მაგალითად, თუ მასწავლებელი პედაგოგიკის კურსს დაასრულებს, სერტიფიკატიც აქვს და თან მოტივირებულია, საშუალება ეძლევა კიდევ განვითარდეს და გახდეს კოორდინატორი მასწავლებელი, ესე იგი, მასწავლებლების ტრენერი. ასე, რომ ჩვენი პროგრამა უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ქმნის პროფესიული განათლების პედაგოგებისათვის, მთავარია, მათ საამისო მოტივაცია და მზაობა ჰქონდეთ.