მეგობარი და მკვლელი სათამაშოები
რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! -- გვარწმუნებს ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟი პოპულარული ქართული ფილმიდან. ჩვენს შვილებს კი აქვთ? დღეს, როცა ჩვენი მაღაზიებისა და ბაზრობების დახლები მართლა იზნიქება პლასტმასისა თუ ნაჭრის ათასგვარი ჭრელა-ჭრულით, ალბათ, სისულელეა ამგვარ დისკუსიაში ვინმეს გამოწვევა. მაგრამ... ჩვენ რა ხანია, აღარაფერს ვაწარმოებთ. კარგა ხანია, დავემშვიდობეთ სათამაშოების იმ ერთადერთ ფაბრიკას,“სიხარულს“ რომ ვეძახდით. სამაგიეროდ, ვასაღებთ მთელს მსოფლიოში დაწუნებულ სათამაშოებს!. მეტი დამაჯერებლობისთვის, მეორადი სათამაშოების ბიზნესიც კი წამოვიწყეთ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილს მაინც რომ არ დავავიწყოთ თავისი სოციალური მეორეხარისხოვნება. მაგრამ ის, რასაც ჩვენთვის პირველადი ჰქვია, ჯობია კი ერთ დროს ჩვენგან ათვალისწუნებულ საბჭოთა სათამაშოებს? საერთოდაც, აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, ჩვენს პატარებთან დამეგობრებას რომ სჭირდება?
თამაში ბავშვის საქმიანობა, თვითგამოხატვის საშუალება და თავის დამკვიდრების ყველაზე არსებითი ფორმაა. სათამაშო აუცილებელი ატრიბუტია მისი განვითარებისთვის.როგორც კი ხელში პირველ სათამაშოს აჭერინებ, ჩვილის მიკროსამყარო გულითადი მეგობრით მდიდრდება. თამაშსა და სათამაშოს, გარდა აღმზდელობითისა, ერთგვარი სოციალური ფუნქციაც აქვს. იგი ეხმარება ბავშვს თავისი პირველი კონტაქტების დამყარებასა და საკუთარი თუ სხვების არსებობის შეცნობაში. პირველი სათამაშო მისთვის რაღაც მასავით დიდის ცეროდენა ასლია, პირველი საკუთრებაა, რომელიც მესაკუთრულ ამბიციასაც უღვივებს და ამ საკუთრების გაყოფასაც ასწავლის თავის საყვარელ ადამიანებთან.
ცნობილია, რომ სამიდან ხუთ წლამდე ბავშვი უსაშველოდ აქტიურია. გაუთავებლად მოძრაობს, მეტს და უკეთ ლაპარაკობს, სვამს უამრავ შეკითხვას, თითქმის ერთნაირად აღიქვამს თამაშსა და ყველა სათამაშოს და, რაც მთავარია, ამ თავისებური თვითგამოხატვისას, უკვე აუცილებლად სჭირდება თამაშის ამხანაგი. ამ ასაკიდან ბავშვის თამაში გარკვეულ სქესობრივ ნიშნებსაც იძენს. მაგალითად, სახლობანასა და ექიმობანას უფრო გოგონები იჩემებენ, მაშინ, როცა მანქანები და ასაწყობი კონსტრუქციები უფრო ბიჭებისაა.
ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთი სათამაშოები, მაგრამ არანაკლებ -- მათი მტვრევა. რატომ აკეთებენ ამას? ფსიქოლოგთა აზრით, მათთვის ესეც თამაშის ნაწილია. აკი, ამიტომაც, მაღაზიებში ასაწყობი კონსტრუქციებისა და ნაირფერი „სამშენებლო“ კუბების არნახული არჩევანი გვაქვს.
ბავშვი ჰიპერცნობისმოყვარე არსებაა. მუდმივად ინტერესდება, რას მალავს თავის სიღრმეში სათამაშო და მოსწონს, როცა მას ანაწევრებს იმ განწყობით, რომ თუკი მოისურვებს, შეძლებს მის ისევ აწყობას. გამოდის, რომ მას სათამაშო ტექნიკური თვალსაზრისითაც იზიდავს, თანაც თავისი პატარა სამყაროს მართვის ამბიციაც აქვს და ეს ნორმალურია მისი ფსიქიკური განვითარებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ამას არ ახლავს აგრესია. თუმცა, ზოგჯერ, უნებურად, იგი ამჟღავნებს ფარულ აგრესიულ იმპულსსაც -- რატომღაც, გაბრაზებული ამტვრევს სათამაშოს, ან ეჩხუბება და ურტყამს თავის პატარა მეგობარს.
თამაში ბავშვისთვის საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და შემოწმების პროცესია. იგი მუდმივად თამაშობს და ამ თამაშში მისთვის არ არსებობს უსიამოვნო სიურპრიზები და აღმოჩენები. რაც უნდა გავიოცოთ, იგი თამაშობს თვით ენის ადგმითაც. მისთვის ეს არის თამაში ბგერებით, რომლებითაც სიტყვები იწყობა და გამოითქმება და, როგორც კი ამის საშუალება ეძლევა, მეტყველებასაც უსწრაფესად ივითარებს.
ჩვენი ეპოქა, სხვასთან ერთად, სათამაშო ტექნოლოგიების ეპოქაცაა. დღეს თამაში მასობრივი გართობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა არა მხოლოდ პატარებისთვის. მაგრამ რამდენადაც იგი, ბავშვთან შემოქმედებითია და, საბოლოოდ, მის პიროვნულ განვითარებას ადგება, იმდენად საზიანოა ხოლმე მოზრდილისთვის, თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლია უპატიებლად გააქეზოს მისი ასოციალურობა!
და მაინც, როგორია ის, -- სათამაშო, რომლითაც ასე გვიყვარს ჩვენი პატარების გახარება? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ გაცილებით მდარე ხარისხისა, ვიდრე ოდესღაც ჩვენგან დაწუნებული ე.წ. საბჭოთა სათამაშოები, რომლებიც, შესაძლოა, მათსავით ლამაზი არ იყო, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობას ნამდვილად არ ვნებდა.
შესაძლოა, გსმენიათ უკვე: ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ ბაზაში საქართველოს ბაზარზე შემოტანილი უხარისხო თოჯინების სიაც აღმოჩნდა; ამ შემაშფოთებელი ცნობის ცხელ კვალზე, საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრმა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიას სთხოვა, რომ ტოქსინებზე გამოეკვლია ჩვენს ბაზარზე შეძენილი 10 თოჯინა. პასუხი საგანგაშოა: 10 თოჯინიდან 9 ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებით, ფტალატებით, აღმოჩნდა დაბინძურებული.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის განმარტებით, ეს მავნე ნივთიერება თოჯინებში ნორმას 50-ჯერ, 80-ჯერ და 100-ჯერ აღემატებოდა (გვერდითი მოქმედებები: რეპროდუქციული ჯანმრთელობის შერყევა, მისი ნაყოფიერების დათრგუნვა, თირკმელების დაზიანება), მაშინ, როცა ევროკავშირმა რა ხანია, აკრძალა მისი გამოყენება დასაშვებ დოზაზე ( 1მგ/გ) მეტის შემცველობით.
მაშ, ასე: DEHP, იგივე დი-2-ეთილჰექსილფტალატი, -- რეზინისა და პლასტმასის ძალზე სახიფათო დამარბილებელი, რომელიც ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასსა და საიზოლაციო მასალებში ხშირად გამოიყენება. სპეციალისტთა განმარტებით, პლატმასისგან დამზადებულ სათამაშოებში რბილი რეზინის სათამაშოებიცაა, რომლებიც, პრაქტიკულად, ასევე პლატმასებია. თუმცა, რასაკვირველია, არსებობს უფრო მყარი სათამაშოებიც, მაგალითად, მანქანა. ეს ის შემთხვევაა, როცა პლასტმასს სთხოვენ სიმაგრეს, მედეგობას, მდგრადობას და ამას აღწევენ კიდეც სხვადასხვა ქიმიური დანამატებით. ფტალატები ადამიანის ორგანიზმში სწორედ ამ დარბილებული რეზინიდან და პლასტმასიდან ხვდება და ამისთვის სავსებით კმარა კანის ზედაპირზე, ან პირის ლორწოვანზე მისი მოხვედრა.
ეს აკრძალვები რა ხანია, მოქმედებს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, სადაც დაუშვებელია სათამაშოებსა და, ზოგადად, საბავშვო ნივთებში ფტალატების გამოყენება. თუმცა, საფრთხე გაცილებით, მრავალმნიშვნელოვანია: ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ ფტალატები არ აზიანებენ, მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარ დაავადებას იწვევენ და ბიჭუნებშიც აფერხებენ, ვთქვათ, მამაკაცური ჰორმონების წარმოქმნას.
არანაკლებ სახიფათოა ფტალატებთან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების შერევის საკმაოდ გავრცელებული და უზნეო პრაქტიკა. ლაპარაკია სხვადასხვა ორგანულ ნაერთებსა და არაორგანული ნაერთების წარმომადგენლებზე, მაგალითად, ტყვიასა და კადმიუმზე. ფტალატებითა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა ნივთიერებებით გაჯერებული სათამაშოები ჩვენთან ყოველ ნაბიჯზე იყიდება. უბრალოდ, სირცხვილია, რომ ვიღაც გადამთიელის გამდიდრებაზე გათვლილი ამ მავნებლობისგან ჩვენს პატარებს არავითარი კანონმდებლობა არ იცავს!
მას ასე: ჩინური სათამაშოები და მისი უარმყოფელი მთელი დანარჩენი მსოფლიო: ცნობილია, რომ აშშ-მ აუკრძალა ჩინეთს სათამაშოებში ტყვიის შემცველი საღებავების გამოყენება. თუმცა კი, ჩინეთმა ეს თავისებურად გაიგო. შენიშვნა მიიღო, მაგრამ ისე, როგორც მას აწყობდა: ერთი მავნე ნივთიერება მეორით შეცვალა. ანუ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეგნებულად, და არცთუ პატიოსნად, მიდის ყველა პრობლემის კომერციალიზაციაზე: მავნე ნივთიერებებს უსწრაფესაც ქმნის და ცვლის და, როგორც ჩანს, შედეგები ძალიანაც არ ენაღვლება.
სხვათა შორის, ეს გაფრთხილება მარტო სათამაშოებს არ ეხება, არანაკლებ მავნეა ბავშვისთვის განკუთვნილი ფერადი თეფშებიც, ესეც უამრავი შხამის ბუდეა და ბავშვის დასნეულებით მთავრდება. რა თქმა უნდა, ბავშვს მაშინვე არაფერი მოსდის, შხამი ორგანიზმში თანდათან გროვდება. სახელმწიფო კი ელემენტარულსაც ვერ აკეთებს, რომ შს სამინისტრომ მაინც გააკონტროლოს ეს პროცესი. არ გვაქვს კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ. გერმანიის ლაბორატორიის ამ საგანგაში დასკვნის შემდეგაც კი, ვერ მოგვიხერხებია, რომ ეს მკვლელი სათამაშოები ამოვიღოთ გაყიდვებიდან და გავანადგურთ ისევე, როგორც ჩვენს შიდაბაზარზე აღმოჩენილი მავნე საკვები პროდუქტები გაგვინადგურებია არაერთხელ!
იაფიც იმიტომაა, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებისგან მზადდება! არაკეთილსინდიერ იმპორტიორს, საზოგადოდ, ხელს აძლევს მოსახლეობის ხელმოკლეობა, დაუცველობა და ნაკლებინფორმირებულობა, მაგრამ ჩვენ, მშობლები, მიუხედავად, შეძლებისა, ალბათ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვირჩევნია, ძვირიანი სათამაშო, თუ უკვე დაავადებული ბავშვით წამდაუწუმ სირბილი ექიმთან? რა, არ ვიცით, რომ ჩვენი პატარა, ფაქტობრივად, პირით თამაშობს? ანუ ყველანაირი სათამაშოს პირთან მიტანა და “დაგემოვნება“ უნდება? ბავშვთა პროდუქციას ფრანგები სწორედ ამ პრინციპით აწარმოებენ. იქ საბავშვო ფერადი ფინჯანი და კოვზი 8 ევრო ღირს, მაშინ, როცა საქართველოში მათი არაეკოლოგიური ანალოგი 1-2 ლარად იყიდება.
რაკიღა საყოფაცხოვრებო საგნებსაც შევეხეთ, ალბათ, ცოტა რამ უნდა ვთქვათ, მაგალითად, მინერალური სასმელის სარეალიზაციო პოლიეთილენის ბოთლებზეც, მათი დეგრადაციის, ან არაერთჯერადი გამოყენების შეთხვევაში, ასევე, ფტალატების გამოყოფის საშიშროება იქმნება. დიდი ალბათობით, ეს შხამი, მეორედ-მესამედ გამოყენებული ბოთლის შიგთავსშიც აღმოჩნდება. ანუ, ზოგადად, ადამიანის ორგანიზმზე, სხვადასხვა დოზებით, უკლებლივ ყველა ორგანული ნივთიერება მოქმედებს და ამ მოქმედების პიკია კანცეროგენული მოქმედება, ან სიკვდილის წარმოშობა!
რა თქმა უნდა არსებობს ძვირადღირებული და, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიური სათამაშოებიც, მაგრამ ჩვენი ტიპის ქვეყნებს არ აქვთ არანაირი გარანტია, რომ ეს ოქროს წესი მათ შიდაბაზრებზეც გავრცელდება. მაგალითად, ცნობილია, რომ ევროპამ ამოიღო ხმარებიდან ეს მართლაც ყბადაღებული ჩინური სათამაშოები, თუმცა, საქართველოსნაირი შიდაბაზრები ჯერ-ჯერობით, მათთვის ისევ სამოთხედ რჩება! ესეც რომ არ იყოს, ჩვენთან შემოსული შედარებით თითქოსდა ხარისხიანი სათამაშოებიც, ძირითადად, ჩინეთშია დამზადებული. ყოფილა შემთხვევები, როცა, არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების წყალობით, თურქეთიდან, რუსეთიდან და კანადიდან შემოტანილი სათამაშოების უკანაც, ამ ქვეყნებში დაწუნებული ჩინური პროდუქცია იმალებოდა.
როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთი ფაქტებისგან? ალბათ, საზღვარზე პროდუქციის უმკაცრესი შემოწმებითა და ამ პროდუქციას თანდართული ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნებით. ჩინური საქონლის შემოტანის შემთხვევაში, ლაპარაკია არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ გერმანიის, საფრანგეთის, ან ევროპის რომელიმე სხვა სოლიდური ქვეყნის ლაბორატორიულ დასკვნაზე, რომელიც შემოტანილი პროდუქციის შემცველობის უსაფრთხოებას დაადასტურებდა.
როგორია ამ ყველაფრისადმი ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება? ზოგი ამბობს, რომ სათამაშოს შეძენისას უპირატესობას მის გამძლეობას ანიჭებს. ბევრი ინტერესდება სათამაშოს ხარისხითა და ეკოლოგიური სისუფთავითაც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო ფასით ორიენტირებენ, თუმცა, იციან იმ საფრთხეების შესახებაც, რასაც ეს სათამაშოები შეიცავს. სულ უფრო მეტს მოსწონს საქართველოში დამზადებული ხის შეუღებავი სათამაშოები, რომლებიც, გამყიდველთ თქმით, ეკოლოგიურად სუფთაა, თუმცა, ამისი დამადასტურებელი სერთიფიკატი არც ერთს არ ახლავს. არიან ისეთებიც, სერიოზულად რომ აშინებთ ბაზრობებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ნაყიდი სათამაშოები. ესენი, ძირითადად, სააფთიაქო ქსელსა და სხვადასხვა საიტებზე გასაყიდი სათამაშოების შეძენის მსურველებია, რომლებსაც მეტი დაცულობისთვის, გაცილებით მეტის გადახდა უჯობთ. მაგრამ ნამდვილად საიმედოა აფთიაქში ნაყიდი ნაჭრის თოჯინა? სპეციალისტები თავს, მაინცდამაინც, ვერც მათ უსაფრთხოებაზე დებენ , რადგან არავინ იცის, მათი ტანსაცმელი რითია შეღებილი. ამასთან, ცხადია, რომ აფთიაქში საიმედოდ შეფუთული ეს სათამაშოები სახლში მოტანისა და თავის პატარა მფლობელთან სულ რამდენიმე დღედღიანი ურთიერთობის შემდეგ უკვე კარგა გვარიანი მტვრის ბუდეა. მოგეხსენებათ, პატარა მათ ხან -- სად და ხან სად მიაგდებს.
ამ თვალსაზრისით, ალბათ, უკეთესი არჩევანია, ჩვილისათვის რეზინის უთმო თოჯინის შეძენა, ოღონდ პირობა აქაც ერთადერთია: ჩინური არ უნდა იყოს!
სპეციალისტები გვირჩევენ, ვისარგებლოთ ჩინური სათამაშოების შემოწმების უმარტივესი მეთოდით: სათამაშოს შეღებილ ზედაპირს უნდა გადაუსვათ აცეტონიანი ბამბა და თუ არ გადაეცალა, უარესზე უკეთესი ყოფილა, ბავშვმა პირშიც რომ ჩაიდოს, საღებავი მაინც არ გადაუვა.
ნამდვილად ვერ იტყვი, რომ მშობლები არ იცნობენ ჩინური სათამაშოებისგან მომდინარე საფრთხეებს და არ იციან, რომ ისინი გადამუშავებული ნარჩენებისგანაც მზადდება. ეს ჩანს იქიდანაც, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის თანამშრომლებს სულ უფრო მეტი აწუხებს ამა თუ იმ სათამაშოს ლაბორატორიული შემოწმების მოთხოვნით, დაინტერესებულები არიან ე.წ. ტყლარწების შემადგენლობის გარკვევითაც. , რაც ყველაზე საყურადღებოა, სულ უფრო მეტი ითხოვს ჩინურ პროდუქციაზე მათი შემცველობის შესახებ ქართულენოვანი წარწერების დატანებას; მით უფრო, რომ ამ ინფორმაციას, პატიოსნად, ვერც რეალიზატორებისგან მიიღებ, უმეტესობა მხოლოდ სიტყვიერად „გიმტკიცებს“, რომ მისი პროდუქცია უსაფრთხოა. არადა, ამ ორი დღის წინათ, ჩემი მეზობლის ბავშვს ულამაზესი ბზრიალა აჩუქეს, მაგრამ ყუთს ქართულად ეწერა, რომ ის ბავშვისთვის საშიში იყო და მშობელმაც სასწრაფოდ ნაგავში მოისროლა.
რა გვინდა ამით ვთქვათ? მხოლოდ ის, რომ მაღაზიებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პროდუქციის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, კონკრეტული მითითებებით, ესა თუ ის სათამაშო რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს. მშობელს აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს სათანადო ინფორმაციაზე, მან უნდა იცოდეს, სათამაშოსთან კონტაქტი ბავშვს ჯანმრთელობას დაუზიანებს, თუ სიკეთედ წაადგება.
საკუთარი პროდუქციის უვნებლობაზე რა იციან თავად რეალიზატორებმა? ზოგის მტკიცებით, მის კომპანიასა და მწარმოებლებს შორის დადებული ხელშეკრულების აუცილებელი პუნქტია სწორედ პროდუქციის უსაფრთხოება. თუმცა, მყიდველი ჯერ ისევ ნაკლებად რეაგირებს სათამაშოს ყუთზე დატანილ ინიციალებზე, იგივე ეკოლოგიურ სიმბოლოებზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ სათამაშო უსაფრთხოა. მათი თქმით, ასეთები აქცენტს უფრო ფასზე აკეთებენ, არადა, ეს მონაცემი სათამაშოს ღირებულებაზეც აისახება.
კიდევ უფრო მეტი ალალად გაგენდობა, რომ საქართველოს სათამაშოების ბაზარი ერთიანად ჩინურია. პირდაპირ გიმტკიცებენ, რომ ეს სავსებით ლოგიკურია ჩვენი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობის ფონზე. მყიდველი რბილ სათამაშოებსა და თოჯინებს უფრო იწონებს, ვიდრე პლასტმასის ნაკეთობებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იაფ პლასტმასზე მოთხოვნა უფრო მაღალია. ხელმოკლე ადამიანსაც ხომ უნდა, რომ ბავშვი გაახაროს?! ასეთ წუთებში მას ნამდვილად უჭირს ხარისხზე დაფიქრება!.
რა ხდება კანონდებლობის თვალსაზრისით? სამთავრობო წრეებში ამბობენ, რომ უკვე დღის წესრიგშია ამ სფეროში რეგულაციის შემუშავება. ამბობენ, რომ საკითხი 2019 წლამდე ოპტიმალურად უნდა გადაწყდეს. ფიქრობენ,რომ ქვეყანაში სათამაშოების შემოსატანად, იმპორტიორმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს მათი უსაფრთხოების დამადასტურებელი სერთიფიკატები, რომ შესაბამისი უწყების ნებართვით, დაიშვას, ან აიკრძალოს მისი პროდუქტის შემოტანა. რეგულაცია გაითვალისწინებს, როგორც მომხმარებლის უსაფრთხოების, ისე ბიზნესმენის ინტერესებსაც, მას პრობლემად არ უნდა ექცეს უკვე შემოტანილი პროდუქციის დაბლოკვა, რადგან კომპანიისთვის ეს გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება.
ერთი სიტყვით, სათამაშოების ბაზრის გაჯანსაღებით არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაა საჭირო. „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს მისადაგებული ევროკავშირის დირექტივებთან.