ქართველი ექსპერტები საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილეებს შეაფასებენ
14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი დ გაიმართება, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს და საკუთარ წარმომადგენლებს შვიდ პროფესიაში წარადგენს.
გამგზავრებამდე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და მათმა პედაგოგებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, ხანგრძლივი მომზადების ეტაპი და სატრენინგო მოდული გაიარეს. შედეგად, მათი პროფესიონალიზმი Worldskills-ის ორგანიზატორების მხრიდან უმაღლესი ქულებით შეფასდა, რაც Worldskills-ის ბაზაშიც აისახა.
Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებს და მათ პედაგოგებს ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე შეხვდა და Worldskills Access Programme-ის წარმატების დაძლევისთვის, პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა, რითაც მათ საერთაშორისო ექსპერტების სტატუსი მიენიჭათ. ამ დოკუმენტით, პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა შეჯიბრის მონაწილე 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი შეაფასონ, გარდა იმისა, რომ მათ მონაწილე გუნდის წევრები მოამზადეს.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია. 2012 წლიდან, საქართველო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, არის WorldSkills International-ის წევრი და ყოველწლიურად იხდის საწევრო გადასახადს. ამ ეტაპზე WorldSkills International აერთიანებს 77 ქვეყანას. WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები პროფესიულ უნარებში ორ წელიწადში ერთხელ რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება. შეჯიბრება მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 22 წლამდე. პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills შესანიშნავი პლატფორმა.