არჩევანის თავისუფლება?!
სექტემბერ-ოქტომბერი ცხელი თვეებია ყველასთვის, ვისი ყოველდღიურობაც სასწავლო პროცესს უკავშირდება და, თავისთავად, ცხელია შვილების წარუმატებლობით გაწბილებული მშობლებისთვისაც. მათი უმეტესობა ამ თვეებიდან კიდევ ერთ სტრესულ და ხარჯიან სააბიტურიენტო წელს აითვლის.
ამას წინათ ერთი მათგანის მშობელს ველაპარაკე. ეს ყმაწვილი, ეროვნული გამოცდების ბარიერს მიღმა, წელს უკვე მესამედ, აღმოჩნდა. იქნებ, რომელიმე კოლეჯში შესულიყო-მეთქი, მართლა გულით ვურჩიე, რადგან მათი ოჯახის გასაქანსაც ვიცნობ და ახალგაზრდის შესაძლებლობებსაც.
იცით, რა მიპასუხა? ეს მე ვძალაობ, რომ რომელიმე უნივერსიტეტში ვასწავლო, თორემ კოლეჯს წინ რა უდგას? დარწმუნებული ვარ, ხელოსნად უფრო ივარგებს, მაგრამ მინდოდა, ჯერ უნივერსიტეტი დაემთავრებინა და კოლეჯზე მერე გვეფიქრაო. მაგ პრინციპით, იქნებ, კოლეჯის მერე საჯარო სკოლა გეცადა-მეთქი, ეს უკვე გავიფიქრე, ვეღარ ვუთხარი. ვიგრძენი, მის კრიტერიუმებს აღარაფერი ეშველებოდა. რადგან, ამ განწყობით, რომ ის გარემო ბევრს ვერაფერი შესძენს, დედამ შვილი, უნივერსიტეტში კი არა, ალბათ, საბავშვო ბაღშიც კი არ უნდა შეიყვანოს.
რატომ ეს და არა სხვა არჩევანი? მაშინ, როცა ახალგაზრდის შესაძლებლობებსა და უნარებს (სხვათა შორის, შრომის ბაზრის მოთხოვნებსაც) ძალიან პრაგმატული მიდგომა სჭირდება?
რა ჰქვია მშობლის მზადყოფნას, რომ ფული, ფაქტობრივად, არაფერში გადაიხადოს? სად არის აქ ლოგიკა, მოწიფული ადამიანის, დედის, მამის, ჯანსაღი პოზიცია? ან, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, პოზიციის რა სიჯანსაღეზეა საუბარი, როცა ხედავ, რომ ადამიანს საკუთარ ამპარტავნობასა და ობიექტურ რეალობას შორის ზღვარი ვერ გაუვლია?
აღარაფერს ვამბობთ ჰიპერაქტიურობაზე, შვილის ნაცვლად, ყველაფრის გადაწყვეტის ამბიციაზე, პირმშოს „პიროვნული ჩამოყალიბებისთვის“ გაწეულ სხვადასხვაგვარ დათვურ სამსახურებზე, რომლებიც, უბრალოდ, აჩლუნგებს ახალგაზრდის პოტენციურ რაციონალიზმს, სოციალურ აქტივობას, პასუხისმგებლობას.
მაშ ასე: პროფესიული სასწავლებელი, როგორც ჩანს, ბევრისთვის ჯერ ისევ „სადამსჯელო“ დაწესებულება, დაახლოებით ისეთი, საბჭოთა წლებში ჯარში სამსახური რომ იყო; მხოლოდ „უპატრონოებისთვის“, რაც იმ ჩვენი სოციალისტური, „უკლასო“ რეალობის ენაზე, მექანიკურად, ადამიანის სოციალურ მეორეხარისხოვნებასაც ნიშნავდა!
ბევრს გვახსოვს, ეს ასე იყო ჩვენთან, საქართველოში, რესპუბლიკაში, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე უმაღლესდამთავრებულთა რაოდენობით მთელს საბჭოთა კავშირს გადაიწონიდა. თუ კარგად გავიხსენებთ, პროფტექსასწავლებლების რეალური დისკრეტიზაცია სწორედ მაშინ დაიწყო და ამ პროცესს ფონად იმ დროისთვის ლამის უკვე საყოველთო უმაღლესი განათლების გაუფასურებაც ჰქონდა.
სამწუხაროდ, დრომ და შექმნილმა ვითარებებმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს პროცესი და, თვალსა და ხელს შუა, გადაგვეზარდა ზოგადად, პროფესიონალიზმის უპატივცემულობაში, მცოდნისა და უცოდინარის გაურჩევლობაში, თვითონ განათლების აბსურდულობასა და სწავლის უაზრობაში, თუმცა კი, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომისადმი ინტერესი ნამდვილად არ გაგვნელებია.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით, 90-ანებში, ფასიანი ინსტიტუტების ბუმის წლებში, გამოგვეკვეთა. იმდროინდელ თბილისურ, თითქმის, საანეკდოტო ამბავს გავიხსენებ... ფულიანმა მამამთილმა პირველკურსელ პატარძალს საქორწილო საჩუქრად ინსტიტუტის დიპლომი რომ მიართვა.. მახსოვს, ეს ამბავი გარკვეული წრებში, კიდეც მოიწონეს, რადგან მარიფათიანი მამრებისთვის“ შვილების „პატრონობის“ ნიმუშად გამოდგა.
ეს ის პერიოდია, პროფესიული განათლების სისტემა ჩვენში საერთოდ რომ აღიგავა პირისაგან მიწისა, მაშინ, როცა ლამის ყველა სადარბაზოში უნივერსიტეტი გვქონდა გახსნილი. ფაბრიკა-ქარხნების იავარქმნამ პროფესიონალი მუშახელის ბედი ისეც გადაწყვიტა. რა დურგალი და რის ზეინკალი, როცა საყოველთაო გაღატაკების ფონზე, ზოგიერთ უცებ (რატომღაც) გამდიდრებულს, თავაუტკივებლად, ნებისმიერი უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შანსი მიეცა.
ლოზუნგებითა და “ ჯოს“ ძახილით გავლილი იმ წლების ქაოსს ბევრი არაფერი გადარჩენია. ბევრი აღარაფერი დარჩა იმ ღირებულებებისგანაც, დღემდე წიგნს ჩაჩერებული ადამიანი რომ აღიარებდა და აღიარებს.
ამასობაში ევროპასაც დავეტოლეთ, თუმცა, ევროპული ღირებულებები დღემდე ვერ გაგვიაზრებია. მათ შორის, ვერც ის, თუ რატომ ესწრაფვოდნენ სახელობო განათლების აღორძინებას ილია და ჩვენი დანარჩენი 60-იანელები. თუმცა კი, ეს ის შეკითხვაა, განვითარებული მსოფლიოს ეკონომიკამ უკვე რომ უპასუხა. პროფესიული განათლების სექტორზე მოთხოვნა ევროპაში უპირობოდ მაღალია. სტატისტიკა გვეუბნება, რომ მის შრომის ბაზარზე დასაქმებულთა 60 % სწორედ ამ კურსდამთავრებულებზე მოდის; რომ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც, ამ სისტემის გამართულობასა და ქვეყნების ეკონომიკის განვითარების დონეებს შორის დისბალანსი, უბრალოდ, გამორიცხულია.
პროფგანათლების ევროპული სისტემა ძალიან მოქნილია და ეს ნიშნავს, რომ ბიზნესსა და ამ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მართლა არსებობს რეალური პარტნიორული ურთიერთობები. მეტიც, აქ ბიზნესს პროფგანათლების მთელს სისტემაზეც აქვს აღებული პასუხისმგებლობა.
ევროპული პრინციპი უმარტივესია: ბიზნესმა იცის, ფულს რაში აბანდებს, შესაბამისად, -- სტუდენტმაც, რომ განათლების ამ კონკრეტული საფეხურის გავლის შემდეგ, მას სამუშაო გარანტირებული აქვს.
რა ხდება ამ თვალსაზრით, საქართველოში? რამდენად მუშაობს პროფსასწავლებლებისადმი დამოკიდებულების ძველი სტერეოტიპი? რამდენ ადამიანს ვიცნობთ, თავის დროზე გაკეთებული არადეკვატური არჩევანის გამო, მთელი ცხოვრება თავისი პროფესიით ერთი საათიც რომ არ უმუშავია?
უპირველეს ყოვლისა, კარგი ამბავი: საკმაოდ გაზრდილია სისტემაში არსებული როგორც სახელწიფო საზოგადოებრივ-პროფესიული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, ისე ავტორიზებული კერძო საზოგადოებრივ-პროფესიული კოლეჯებით ახალგაზრდების დაინტერესება. კვლევების ეს შედეგები წლევანდელ საგაზაფხულო მიღებას (ამ კოლეჯებში წელიწადში, ორჯერ, გაზაფხულ-შემოდგომაზე არის მიღება) უკვე დაეტყო: შარშანდელ ამავე პერიოდთან შედარებით, სტუდენტთა კონტიგენტმა მთელი 23%-ით იმატა. იმედია, ახალგაზრდების ეს განწყობა სისტემის საშემოდგომო მიღებასაც დაეტყობა.
განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შანსს, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსებით, ისწავლოს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით, შეძლოს პროფესიების შეძენა. ძალიან საგულისხმო შემოთავაზებაა სამინისტროს მიერ მომზადებულ უფასო საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთაგან უკვე 45 ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამ პრინციპით, უკვე დაფინანსდა 12 000-მდე პროფესიული სტუდენტი, კარგია, რომ ასევე, უწყვეტი პროცესია ამ პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება.
რა დამოკიდებულებაა ჩვენში განათლების ამ სექტორსა და ბიზნესს შორის? პროფესიული განათლება, აკადემიურისგან განსხვავებით, პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და საამისო ცოდნის გადაცემაზე გაითვლება, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მეტი კომპანიის ინტერესებთან თანხვდენა. სტუდენტებისთვის ეს სტაჟირებისა და დასაქმების შანსია, ბიზნესისთვის კი -- კვალიფიციური მუშახელის აყვანის შესაძლებლობა. ახალს არაფერს ვამბობთ, ევროპაში რახანია აპრობირებულია ეს ურთიერთსასარგებლო კავშირები.
საქართველო ჯერ ამ ცოდნის სათავეებანაა, თუმცა, არის პირველი თანამშრომლობითი წარმატებები, რომლებიც პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას უკავშირდება. ბიზნესი ფიქრს იწყებს განათლების ამ სექტორის მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვასა და განვითარებაზე, აცნობიერებს, რომ ეს მისივე განვითარების გარანტიაცაა. და, ვინძლო, ერთ დღეს, გერმანული გამოცდილებითაც დაინტერესდეს, რადგან იქ, ძირითადად, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები იხდიან ფულს ამგვარი პროფესიული სასწავლო ცენტრების შესანარჩუნებლად თუ გასავითარებლად.
ვფიქრობთ, ურთიერთობის ეს ფორმა გადარჩენა იქნებოდა ჩვენი შრომის ბაზრისთვის, სადაც უმაღლესდამთავრებულთა მასობრივი უმუშევრობის მიუხედავად, ბიზნესისთვის საჭირო კონკრეტულ სპეციალისტთა სერიოზული დეფიციტია. ეს შეუსაბამობა ჩვენს ეკონომიკას რა ხანია აქვს დაუძლეველ პრობლემად და თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი უნდა მივიდეს მთასთან, რომ ბიზნესსა და განათლების ამ სექტორს, ერთობლივი მუშაობით, მიეცეთ შრომის ბაზრის მოთხოვნების ოპტიმალური დარეგულირების შესაძლებლობა.
ცოტა ზემოთ პროფესიული კოლეჯებით ახალგაზრდების მზარდ დაინტერესებას შევეხეთ... ვფიქრობ, შესაბამისმა სახელწიფო თუ კერძო სტრუქტურებმა ეს განწყობაც საერთო საქმის სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ. საბედნიეროდ, დღეს ახალგაზრდობა, მცირე გამონაკლისის გარდა, თავის 20 და 30 წლის წინანდელ წინამორბედებზე გაცილებით დამოუკიდებელი, პრაქტიკული და მოტივირებულია. ამიტომაც ჩვენ ყველანი, სახელმწიფო, საზოგადოება, სასწავლებლები თუ მშობლები, მოვალენი ვართ, მას მეტი შანსი მივცეთ, რომ თავისი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოს და გამოიყენოს.
რა არის ცხოვრების გზაჯვარედინზე პირველად მდგარი ყმაწვილის მშობლის ფუნქცია? მხოლოდ ის, რომ ზედმიწევნით იცნობდეს შვილის განწყობილებებსა და შესაძლებლობებს და ტაქტიანად, რჩევით, ადამიანური და ოჯახური მხარდაჭერით, დაეხმაროს მას მათ გამოვლენასა და მართვაში. ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რა არის ჩვენთვის უფრო მთავარი: ის, რომ ჩვენმა შვილმა აუცილებლად აიღოს უნივერსიტეტის დიპლომი, თუ ის, რომ შეიძინოს თავის ხასიათს, შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს მაქსიმალურად მისადაგებული სპეციალობა? განა ის უფრო ძვირად არ უნდა გვიღირდეს, რაც მას მეტ პიროვნულ თავდაჯერებას შემატებს და საკუთარი ხასიათის სისუსტეების დაძლევაში დაეხმარება?!
მშობლობა პროფესიათა პროფესიაა, თუმცა, არ არსებობს მისი შემსწავლელი ფაკულტეტები და კურსები. თითქოს პარადოქსია, მაგრამ თურმე აუცილებლად უნდა მისცე შვილს საკუთრივ თავისი შეცდომის დაშვების უფლება, აუცილებლად უნდა მისცე შანსი, რომ თავად მიიღოს თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები.
უნივერსიტეტში ჩარიცხვა და სწავლა არ უნდა იყოს თვითმიზანი. თავისთავად, ჯანსაღი ტენდენციაა, რომ პროფგანათლების სექტორით ჩვენში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ეს იმ თაობის რაციონალური ხედვაა, რომელიც თავს მომავალს ხედავს ბიზნესის განვითარებაში. ხოლო თუ ყმაწვილს სწავლის გაგრძელება ნამდვილად უნდა, ის გზას პროფესიული განათლების საფეხურიდანაც შესანიშნავად გაიგნებს და ერთ დღეს მშობლებს ხელში სანატრელი დიპლომითაც მოევლინება.
ისევ ჩემი ერთი ნაცნობის, სხვათა შორის, უნივერსიტეტის ბაკალავრის, მაგალითს მოვიყვან. ამას წინათ, სახელმწიფო კოლეჯში შევიდა, ბაღის დიზაინერობა მინდა შევისწავლო, ესეც ვიცოდეო. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტის კურსმთავრებულთაგან მსგავსი სურვილი მარტო მას არ გაუჩნდებოდა. ცნობილია, რომ სხვადასხვა სასწავლო, ვთქვათ, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ვებდიზაინის, ბუღალტერიის, კურსების, გასავლელად, ამ კოლეჯებს ყოველწლიურად აკადემიური ხარისხის მქონე პირთა მთელი არმია მიმართავს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოება უკვე კარგად აცნობიერებს პროფესიული განათლების მნიშვნელობას.
ერთი ძალიან არსებითი ნიუანსიც: ეს სექტორი ჩვენი საკმაოდ ხელმოკლე მოსახლეობის მეგობარია. იგი მას აძლევს შანსს, რომ პროფესიული ცოდნა და უნარები უფასოდ შეიძინოს და შეძლოს შრომით ბაზარზე დამკვიდრება, სწორედ იმ სეგმეტში, სადაც მუშახელი ყველაზე მეტად აკლიათ.
ალბათ, თავიდანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა არის ჩვენი, როგორც მშობლების, ინტერესის საგანი: ფაქტობრივად, გამოუყენებელი „საუნივერსიტეტო განათლება“ , რომელიც ოჯახს არცთუ იაფი დაუჯდა, თუ კონკრეტულ ხელობაზე დამდგარი და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, რეალიზებული ახალგაზრდა, რომელსაც შრომის ბაზარი ოპტიმალურად ასაქმებს და თანდათან უქმნის განვითარების პერსპექტივებსაც.
მაშ ასე: ბუღალტერი, ავტომობილის დიაგნოსტიკოსი, შემკეთებელ-ელექტრიკოსი და ზეინკალი, ამწის მემანქანე, ბარმენი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, მზარეული, დურგალი, გიდი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოზისტი, ენერგეტიკოს-მემონტაჟე, ზეინკალი, კალატოზი, მებოსტნე, მეხილე,მეფილე-მომპირკეთებელი, გამყიდველ-კონსულტანტი, ბაღის დიზაინერი... ის ის მოთხოვნადი პროფესიებია, რომელთა ჩამონათვალი გრძელდება..
კიდევ ერთი დეტალი: ალბათ, მოსახლეობა უკეთ უნდა იცნობდეს იმ შესაძლებლობებს, რასაც პროფესიული განათლების სისტემა სთავაზობს მას. პროფსასწავლებლებმა მეტად უნდა იმეგობრონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, დაგეგმონ ერთობლივი აქტივობები, ანუ იმუშაონ მოსწავლე ახალგაზრდობის დასაინტერესებლად.
არჩევანი კი ჩვენს ახალგაზრდებზეა, ოღონდ, ეს უნდა იყოს საკუთრივ მათი, რა თქმა უნდა ოჯახთან შეთანხმებული, არჩევანი და არა თავსმოხვეული, თუნდაც, თქვენგან -- მშობლებისგან!