„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”
1872 წელს ცარიზმის ერთგულმა მოხელემ, გიორგი მუხრანბატონმა ნარკვევი გამოსცა - «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц.»
მუხრანბატონის მტკიცებით, კაცობრიობის პროგრესი გულისხმობდა მცირე ერების მოსპობას, დიდი ხალხების გაბატონებასა და დიდი მოცულობის "სახალხო ორგანიზმების" შექმნის აუცილებლობას. პატარა ხალხები, მუხრანბატონის აზრით, განწირული იყვნენ, მათ არ შეეძლოთ სრულყოფილი სახელმწიფო ორგანიზმის შექმნა, ამიტომ მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა გათქვეფილიყვნენ. პატარა ხალხისათვის დიდ ხალხთან ყოველგვარი შეერთება-შერწყმა ნიშნავდა საკუთარი ენის დაკარგვას. მცირე ხალხების მისწრაფება ინდივიდუალური არსებობის შენარჩუნებისაკენ მუხრანბატონს არამარტო უიმედოდ, არამედ მავნედაც მიაჩნდა.
1889 წელს, კიდევ ერთმა ქართველმა ივანე ჯაბადარმა პეტერბურგში ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ „ნ. დ-ს“ ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი - „Письма о Грузии“ რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა.
ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა, როგორც გიორგი მუხრანბატონის, როგორც ცარიზმის ამ ერთგული მსახურის შეხედულებები, ისე ჯაბადარის ნიჰილიზმი.
საკუთარი ერის შესაძლებლობაში დაურწმუნებელ ასეთ უიმედო ადამიანებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე. მათი საქმეების გამგრძელებლები რა გასაკვირია თუ კიდევ უფრო მეტად მომრავლდნენ საბჭოთა ეპოქაში. ისინი ამჯერად ბილინგვიზმზე - ორენოვნების დამკვიდრების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მაშინდელმა ცკ-ის იდეოლოგიის მდივნმა, დევი სტურუამ რამდენიმე გამოჩენილ მწერალს გულწრფელად განუცხადა ქართული ენის უპერსპექტვობის შესახებ და დასძინა: ქართული ენისთვის, ჰა და ჰა, თხუთმეტი-ოცი წელი მიმიცია, მერე გაქრებაო.
ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. დევი სტურუას თავისი ცნობიერებით, მრწამსით არ სწამდა ქართული ენის მომავალი და ამიტომაც წერდა რუსულად. მისი წიგნი ნიკოლოზ ბარათაშვილზე საბჭოთა საქართველოში რუსულად დაიწერა და მერე თარგმნეს ქართულად, რათა დარჩენილ თხუთმეტ წელიწადში, ვიდრე ქართული ენა გაქრებოდა, ქართველებსაც გაეგოთ დევი სტურუას ლიტერატურული ნააზრევი.
გაწითლებულსა და გავარვარებულ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში მართალია სახელმწიფო ენად ქართული იყო ჩაწერილი, მაგრამ იმ ფარატინა ფურცელზე მთავრდებოდა იბერთა უძველესი, უმშვენიერესი ენის ყველა უფლება და ღირსება. სინამდვილეში კი ყველაფერი უფროსი “ძმის” ნება-სურვილს იყო დაქვემდებარებული.
აი ასეთ ყოფაში რა გასაკვირია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გულწრფელად გვსურდა დამოუკიდებლობის მოპოვება. გვეგონა, რომ წითელი იმპერიის დაშლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესად ვიცხოვრებდით. ეშველებოდა ქართველ ერს, ქართულ კულტურას, რომელიც თავს დაიხსნიდა კომუნისტური ცენზურისაგან. დადგებოდა დრო, როცა მსოფლიოს წინაშე წარვსდგებოდით არა როგორც საბჭოთა მწერლობისა და საბჭოთა კულტურის წარმომადგენლები, არამედ, როგორც საქართველოს მწერლობისა და ხელოვნების წარმომჩენნი, საკუთარი ერის შვილები. დადგებოდა დრო, როცა მსოფლიო გაიგებდა, რომ არსებობს საქართველო, ერთ-ერთი უძველესი ისტორიისა და კულტურის პატრონი ერი, რომელმაც შექმნა იმ დონის კულტურული ღირებულებანი, გვერდით რომ დაუდგება კაცობრიობის უდიდეს კულტურულ მონაპოვრებს.
დადგა ეს ნანატრი დღეც, მოვიპოვეთ თავისუფლება და ყველაფერი აირია ერთმანეთში. უმალვე დაიკარგა ეროვნული, კულტურული და ზნეობრივი ორიენტირები.
გლობალურმა გადაგვარების პროცესმა, რომელიც წლებია მიმდინარეობს, თავისი საქმე უკვე გააკეთა. დღესდღეობით მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, მათგან ყოველ 14 დღეში კვდება რომელიმე ენის 1 დიალექტი
სწორედ ამან ათქმევინა ჯერ კიდევ 100 წლის წინ გრიგოლ ორბელიანს ეს სიტყვები: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კირიონ მეორემ ქართველებს მშობლიური ენის შესახებ ასე უქადაგა: „დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას.”
ნასესხები ლექსიკა
ქართველ ერს საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ხალხთან ჰქონია ურთიერთობა, რაც ძირითადად შეპირობებული იყო ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობით ან კულტურულ-ეკონომიკური კავშირებით. ეთნოკულტურული კონტაქტები ნათლად აღიბეჭდება ენის სტრუქტურაში, განსაკუთრებით - ლექსიკაში. წმინდა, შეურეველი ენა არ არსებობს. ქართულ ენას ურთიერთობა ჰქონდა განსხვავებული სისტემის ენებთან, როგორიცაა: არაბული, სპარსული, თურქული, ოსური, ბერძნული, სომხური... ამ ენათა გავლენა კი ქართველურ ენა -კილოებზე, არცთუ უმნიშვნელოა.
ბერძნული ენიდან შემოსული ტერმინები: აიაზმა, ალილუია, ანგელოსი, დიაკონი, ეკლესია, ეპისკოპოსი, კათალიკოსი, ლიტანია, მარტვილი, მონასტერი, პარაკლისი... კანონი, ეტიმოლოგია, მუსიკა, ისტორია, ფილოსოფია, გრამატიკა, მათემატიკა... აგრეთვე: ანდამატი, ბარბაროსი, გალია, ეპიტაფია, თეატრი, კალამი, კიტრი, კლიტე, კრიალოსანი, ლექსი, მილიონი, მელანი, საბანი, საპონი, სტაფილო, ფასი, წიგნი, ჰაერი...
ძველი ირანული წარმომავლობის სიტყვებია: საკუთარი სახელი ფარნავაზი; საზოგადო სახელები: განძი, მოგვი... ამხანაგი, ანდერძი, ბევრი, ბოსტანი, ბრძენი, დევი, კოშკი, ლაშქარი, ნავთი, ნაზი, სასტიკი, სპეტაკი, ტანი, ტანჯვა, ტაძარი, ტომი, ქარავანი, შმაგი, ძვირი, ჭაბუკი, ჭეშმარიტი, ჯავშანი... აივანი, ბაღი, ბაღჩა, ვარჯიში, ზეიმი, თამბაქო, თასი, თუნგი, იასამანი, კაბა, ნაბადი, ნამი, ნიშანი, ნოხი, ნუსხა, ქალაქი, ქამარი, ქარხანა, ქაჯი, ქიშმიში, შარა, ჩანგალი, ძირაღდანი, ჩირქი, ხაზინა, ხალი, ხალიჩა, ხურმა, ჯადო, ჯამი, ჯილდო, ჰავა...
ირანული მოდგმის ენაა ოსურიც. ოსურ ნასესხობებად მიჩნეულია სიტყვები: ამინდი, ბევრი, ბუხარი, დოლი, ვირთხა, კერძო, ლუდი, მკაცრი, მონა, ობი, ობობა, ორმო, ფასი, ქუდი, ცალი, ხავსი, ხიდი... შდრ., მაგ.: ოსური კომპოზიტი: სულუ ”კვეთი” + გუნ ”ყველი” და ქართული სულგუნი.
სომხური ენიდან შემოსულია სიტყვები: ახოვანი, პატივი, სასტიკი, ჟამი, ხარკი...
სირიულიდან შემოვიდა სიტყვები: დარი, ზეთი, მაგალითი, შამფური, ქალაქი, ქნარი, მახათი, ზვარაკი...
თურქულიდან ნასესხები: ბათქაში, ბაიყუში, ბოღმა, ყოჩი, ფარა, იარაღი, იორღა, ლეში, ოთახი, ყაბალახი, ყაენი, ყავარი, ყაჩაღი, ჩოხა...
თურქულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება აზერბაიჯანული ენა. აზერბაიჯანულიდან ქართულში შემოსულად ითვლება: თოხლი, ყოჩი, იალაღი, დოლი, კარაქი. საჭმლის სახელწოდებანი: ტოლმა, ბუღლამა, ყაურმა, ჩიხირთმა, ბოზბაში, ხიზილალა...
თანამედროვე ეტაპზე უხვად შემოსული ინგლისურენოვანი ტერმინები თუ გამოთქმები: დიჯეი, თინეიჯერი, კურსორი, მარკეტინგი, მაუსი, მესიჯი, პეიჯერი, პრინტერი, როუმინგი, ტრენინგი...
არაბული წარმოშობის სიტყვები: ალამი, ადათი, ბასრი, ბედაური, დახლი, აბი, ავეჯი, ალამი, არაყი, ბადალი, დავა, დაირა, დოვლათი, ვექილი, ექიმი, ვაზირი, ზარალი, ზეთი, თამაში, თათბირი, თარიღი, თასი, იჯარა, კოშკი, ლურსმანი, მანდილი, მანძილი, მასალა, მიჯნური, ნაბადი, ნალი, ნისია, ნობათი, ნუსხა, ოქმი, რუკა, საათი, სურათი, უსტარი, უჯრა, ფარდა, ფიქრი, ღალატი, სიგელი, ყავა, ყასაბი, შაკიკი, შარვალი, ციფრი, ხაბაზი, ხალხი, ხურჯინი, ჯავრი, ჯანდაბა, ჯილაგი, არაყი, აშიკი, ბარაქა, თავაზა, თაღლით, მასხარა, მეედანი, შაღავათი ავზი, აკიდო, ბადრ არაბ. بدر – სავსე მთვარე. (გადატ. მზეთუნახავი), ბავასირი – (ბუასილი) „ბასრი–(ბასრისა) არაბ. ბასრი. არაბეთის ქალაქ ბასრის ფოლადი. 1. მეტად მჭრელი, მახვილი; ბასრ არაბ. بصر – მხედველობა, მზერა, თვალი. (შდრ: ბასრი თვალი/ბასრი მხედველობა) ფოლადისებრი, მჭრელი, მახვილი თვალი/მზერა.აქვე, „ბასრა არაბეთის ძველი ქალაქი, რომელიც განთქმული იყო საუკეთესო ხარისხის რკინითა და ფოლადით, ზეიმი, კამათლები, კეფა, ლამაზი, მუხთალი, ღაბაბი, ღალატი, ყარიბი, ღარიბი, ყავა, შაკიკი, შუღლი, ხიბლი, ნამუსი, ქისა, მექისე, ტაბაკი, ხაბაზი, ბუხარი, სუფრა, მუხთალი, მავთული, ზეთი, ფანჯარა XVIII საუკუნეში ჩნდება. მის ნაცვლად ქართულში იხმარებოდა საკუმელი.
არაბულიდან ნასესხები ყველა სიტყვა არ შემორჩა ქართულ ენას. ბევრი მათგანი მხოლოდ დროებით იქნა მიღებული (მაგ: აზაბი – საოცრება, მაღ’რიბი – დასავლეთი).
რუსულიდან ქართულში შემოსული: ფუთი, ვერსი, კაპიკი, სამოვარი... აკოშკა, აჩკები, ბოჭკა, კრიშა, პასტა, პოლი, რუჩკა, სპიჩკა, სტანცია, სტოლი, ტუფლი, ფეჩი... მისალმება-დამშვიდობების ფორმულები: პრივეტ, ზდრასტი/ ზდაროვა, პაკა...
ქართულ ენაში უკანასკნელ ხანებში შემოსული ინგლისური სიტყვების მცირე ნაწილo:
„კრეატიული“ (creative) შემოქმედებითი.
„გლამურული“ (glamorous) მიმზიდველი, მომაჯადოებელი.
„სენსიტიური“ (sensitive) მგრძნობიარე.
„ფრუსტრაცია“ (frustration) გაღიზიანება, თავის მობეზრება, გაბრაზება, უკმაყოფილება.
„ვილანი“ (villain) უარყოფითი გმირი.
„ლეთალური“ (lethal) მომაკვდინებელი.
„იმპლემენტაცია“ (implementation) განხორციელება.
„ტრენდი“ (trend) მიმართულება.
„მემორიალური“ (memorial) სამახსოვრო.
„ესკალაცია“ (escalation) გამწვავება, გაზრდა.
„კორექცია“ (correction) შესწორება.
„ნეგატიური“ (negative) უარყოფითი.
“თიმი“ (team) გუნდი.
“კასტინგი” (casting) მსახიობების შერჩევა.
„რეკრუტირება“ (recruitment) დაქირავება, რიგებში ჩარიცხვა.
„ბენეფიციარი“ (beneficiary) მიმღები, მოსარგებლე.
“ნიუსი“ (news) ახალი ამბები.
„პერფორმანსი“ (performance) წარმოდგენა, ჩვენება.
“შოუ” (show) სანახაობა.
“კონტროვერსიული” (controversial) სადავო, წინააღმდეგობრივი…
ამჯერად აქ შევჩერდეთ, რადგან სამწუხაროდ, ქართული ენისთვის დამღუპველი პროცესი ამით არ მთავრდება.