ფინალისტები პროფესიონალის, მოქალაქის როლურ მოდელს წარმოადგენენ
გუშინ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტის გამოცხადების შემდეგ ვესაუბრეთ ჟიურის წევრებს:
ირინა ხანთაძე, კოალიცია ,,განათლება ყველასათვის _ საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე:
_ უპირველესად მინდა, აღვნიშნო, რომ კონკურსზე კარგი აპლიკაციები შემოვიდა, ბევრმა ღირსეულმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ეს ძალზე სასიხარულო ფაქტია, მაგრამ მათგან არჩევანის გაკეთება არ იყო მარტივი. კონკურსი კონკურსია და ეს მაინც მოგვიწია. ერთი მხრივ, გასახარია, რომ ჩვენ შევძელით გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მეორეს მხრივ, დასანანია, რომ არიან კონკურსანტები, რომელთაც ბევრი სხვა ნიშნის მიხედვით, ეკუთვნოდათ ყოფილიყვნენ ფინალისტთა შორის.
ჟიურის 5 ოქტომბრამდე ხუთეულიდან ერთი გამარჯვებულის გამოვლენა მოუწევს. რა პრინციპებს დაემყარება თქვენი არჩევანი?
დადგენილი წესით, ჟიური გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენილი კანდიდატი ჟიურის ყველა წევრისთვის იყოს პრინციპულად მისაღები.კენჭისყრას უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ. აქამდე შევძელით, რომ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მიგვეღო. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ჟიური ამჯერადაც მოახერხებს შეთანხმებას. კრიტერიუმები იგივე რჩება, რაც აქამდე იყო. გამარჯვებული უკვე მსჯელობის შედეგად გამოჩნდება.
თქვენთვის, რომელი კრიტერიუმი იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რამდენად ახერხებს მასწავლებელი სასწავლო შედეგების მიღწევას, ანუ რეალურად როგორ ახერხებს გავლენას მოსწავლის კონკრეტულ სასწავლო შედეგებზე, ცოდნაზე, ცხოვრების წესის, მისი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. ეს არის, ჩემი აზრით, უმთავრესი, მაგრამ ერთი კრიტერიუმით ვერ იმსჯელებ მასწავლებელზე, რადგან კარგი მასწავლებლობა, მის ქცევაზეც არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ თავად წარმოადგენდეს როლურ მოდელს, როგორც პიროვნება, როგორც პროფესიონალი, როგორც მოქალაქე. ამიტომ რთულია გამოარჩიო ერთი კრიტერიუმი, მაინც კრიტერიუმთა ერთობლიობა გამოკვეთს მის მთლიან სახეს.
ეროვნული ჯილდოდან გამარჯვებული გლობალური ჯილდოს ,,საგზურს“ მიიღებს?
რაც შეეხება გლობალურ ჯილდოს, ჩვენ გვაქვს მათი აკრედიტაცია და ამ პროცესშიც მათგან ვიღებდით ძალიან ბევრ კონსულტაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას. ეს თანადგომა ჩვენთვის იყო მეტად სასარგებლო და მნიშვნელოანი. რა თქმა უნდა, ეროვნული ჯილდოს მიერ მოხდება ამ კონკურსზე გამარჯვებული პედაგოგის ნომინაცია. უფრო ზუსტად, ჩვენი ნომინაციით თავად პედაგოგი გააგზავნის თავის აპლიკაციას. აქვე დავძენ, რომ გლობალურ ჯილდოზე ეროვნული კონკურსის გაუვლელად, ყველა ქართველ მასწავლებელს შეუძლია გააგზავნოს აპლიკაცია, ეროვნულ ჯილდოს არ აქვს ექსკლუზიური უფლება. ყველა ჩვენს საინფორმაციო შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნავდით ამის თაობაზე, რომ მასწავლებლები წაგვეხალისებინა საერთაშორისო კონკურსში ჩართვისათვის. შესაბამისად, თუ არსებობს მზაობა, მიიღონ მონაწილეობა გლობალური ჯილდოს კონკურსში, ეს ძალიან მისასალმებელია.
როგორც ცნობილია, კონკურსი ყოველწლიური იქნება, რა ცვლილებები იგეგმება სამომავლოდ?
ვფიქრობთ, მომავალ წელს რიგი ცვლილებები უნდა შევიტანოთ კონკურსში. ჩვენთან მოდიოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და გვისახელებდნენ მასწავლებლებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთ საქმიანობით, მაგრამ აპლიკაცია არ შეუვსიათ. ,,ამა და ამ სოფელში არის ასეთი მასწავლებელი... ამა და ამ ქალაქის სკოლაში ამ საგანს გამორჩეული მასწავლებელი ასწავლის..“- ვისმენდით მათგან, მაგრამ კონკურსით არ იყო დასაშვები მათ მიერ კანდიდატურის წარდგენა. მომავალ წელს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც აქვთ სურვილი გამოარჩიონ კარგი პედაგოგები, მივცემთ ამის შესაძლებლობას. ეს იქნება ერთი სიახლე, რომელიც გამოცდილებამ გვიკარნახა. გამოითქვა წუხილი, რომ ამდენ კარგ მასწავლებელში გამოვარჩევთ მხოლოდ ერთს. პირადად ჩემთვის ათეულის წევრებიც და ხუთეულში დარჩენილებიც გამარჯვებულები არიან, მაგრამ რადგან ეს აზრი ტრიალებს, შეიძლება ამ მიმართულებითაც იყოს ცვლილებები, რომ შევძლოთ უფრო მეტი პედაგოგის წარმოჩენა და გაცნობა საზოგადოებისათვის. კონკურსის ყველა მონაწილე აუცილებლად მიიღებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სიგელს. ამასთან ერთად, ჩვენი კოალიცია ფიქრობს მათთვის პროფესიული განვითარების ან საზოგადოებრივი გააქტიურების პროგრამების შემუშავებაზე. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ყველა მონაწილეს მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროგრამებში. ჩვენ თვალსაჩინოდ დავინახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი და დიდი სურვილი გვაქვს მათთთან შემდგომი თანამშრომლობის. ახლა კონკრეტულად მიჭირს ვისაუბრო, კიდევ რა სიახლე იქნება. ჯერ ვმუშაობთ ამ ცვლილებებზე და არაუგვიანეს დეკემბრისა, გვექნება კონკრეტული შეთავაზებები. ახალი კონკურსი ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - 2018“ უკვე იანვრიდან აიღებს სტარტს. მეტ დროს დავუთმობთ საინფორმაციო კამპანიას, რაც უკეთეს სარგებელს მოუტანს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში აღძარით მასწავლებლის პროფესიისადმი მხარდაჭერის ტალღა?
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ კონკრეტულ მასწავლებლებს მივცეთ შესაძლებლობა თავი წარმოაჩინონ, მაგრამ უფრო ფართო მიზანია, საზოგადოებაში გავზარდოთ პროფესიის პრესტიჟი და აღიარება. ვფიქრობ, გარკვეულწილად მივაღწიეთ ამას. ჩვენ შევძელით სპონსორების, პარტნიორების მოზიდვა. კონკურსს აქვს ძალიან კარგი მედიაგამოხმაურება და მედიამხარდჭერა, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი იღებს ინფორმაციას კონკურსის მიმდინარეობის, შედეგეგების შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ ამ მიმართებით, გავლენა მოვახდინოთ საზოგადოების დამოკიდებულებებზე. იმედი მაქვს, ეს საწყისი ეტაპია და მომავალ წელს მეტი პარტნიორისა და დაინტერესებული პირის მოზიდვას შევძლებთ, ასევე შევძლებთ, გაფართოვდეს ჩვენი ფონდი და რაც მთავარია, შეიცვალოს საზოგადოების განწყობა- დამოკიდებულებები და ის მასწავლებლის პროფესიის ადვოკატირების პროცესში ჩაერთოს.
გიორგი მაჩაბელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი;
როგორ შეაფასებთ კონკურსის განვლილ ეტაპებს და მის პერსპექტივას?
ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, ჯერ ერთი, ზრდის პროფესიის პოპულარობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არსებულ რეალობაში; ჩვენს მასწავლებლებს უმაღლებს მოტივაციას, მათ საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ საერთაშორისო კონკურსში; უნდა აღინიშნოს, რომ თავიდანვე _ დაგეგმვის ეტაპიდან დღემდე, როცა ხუთეული გამოვლენილია, პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიდის; აღსანიშნავია, რომ კონკურსი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის თანამშრომლობით დაფუძნდა და ვითარდება. კერძო ფონდები ნებაყოფლობით ჩაერთნენ კონკურსის მხარდაჭერის საქმეში და დარწმუნებული ვარ, ის ყოველწლიურ საინტერესო და დახვეწილ კონკურსად ჩამოყალიბდება; განვლილი პერიოდი კონკურსის ორგანიზატორებისთვისაც და მონაწილეთათვისაც არის ახალი გამოცდილება. აპლიკანტთა რაოდენობა დიდი არ იყო, ჩვენი მასწავლებლები, როგორც ჩანს, ფრთხილობდნენ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღებას. მომავალ წელი დაიწყება ეროვნული კონკურსის გამარჯვებულის საერთაშორისო არენაზე გასვლით. ეს გაზრდის კონკურსის ცნობადობას, გაზრდის ინტერესს მის მიმართ და იმედია, მონაწილეობისათვის მეტი განაცხადი შემოვა.
საკონკურსო კრიტერიუმებიდან რომელი იმსახურებდა თქვენს გამორჩეულ ინტერესს?
ჩვენ ვსარგებლობდით საერთაშორისოდ აპრობირებული კრიტერიუმებით, თუმცა გვქონდა ჩვენი კრიტერიუმებიც. ცხადია, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორისთვის, ძალიან საინტერესო იყო, რამდენად იყვნენ კონკურსანტები ჩართულნი პროფესიული განვითარების პროგრამებში და როგორ იკვეთებოდა პროგრესი ამ პროგრამების მიხედვით. ამ მხრივ საინტერესო შედეგები გამოიკვეთა. შეფასება მაინც კრიტერიუმთა ერთობლიობით მოხდა და მიმაჩნია, რომ ღირსეული კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილნი და ღირსეული არჩევანიც გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფინალისტებს და დავძენ, რომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონკრეტული მასწავლებლის გამარჯვება და აღიარება საზოგადოების მხრიდან, თუმცა მონაწილეობაც აღსანიშნავია და დასაფასებელია კონკურსის 114-ვე მონაწილე, რომელმაც განაცხადი შემოიტანა. მინდა, მადლობა გამოვხატო მათ მიმართ და ვურჩიო, რომ შემდგომ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.
რეზო აფხაზავა, კოალიცია ,,განათლება ყველასათვის _საქართველოს“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი:
_ ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, ათეულში მოხვედრილი ყველა მასწავლებელიც გამარჯვებულია. უბრალოდ, ეს არის კონკურსის შემდგომი ეტაპი, რომლის დროსაც ჟიურიმ განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და იგივე კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ძალიან რთული პროცესი იყო, გადამოწმდა აპლიკაციები, რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი ინფორმაცია სინამდვილეს. ადგილებზე შევისწავლეთ ამ ხუთეულის საქმიანობა და სასიამოვნოდ განცვიფრებულები დავრჩით, რომ აპლიკაციები მეტად თავმდაბლად ჰქონდათ შევსებული, რადგან გაცილებით მეტი პოზიტიური ინფორმაცია მივიღეთ მათი მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან, კოლეგებისაგან და სკოლის ადმინისტრაციისაგან. გარდა ამისა, მათ შესახებ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია სათემო ორგანიზაციებიდან, თემიდან, იმ ადგილებიდან, სადაც მათ დამატებით უწევთ საქმიანობა; მინდა ვუსურვო წარმატება თითოეულ მათგანს, მართალია, ერთი გახდება გამარჯვებული მაგრამ ათეულიც და მით უფრო, ხუთეულიც, ღირსეული მასწავლებლები არიან. მიმაჩნია, რომ მათ მოსწავლეებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ასეთი მასწავლებლები ჰყავთ.
თქვენ გამორჩეულად რომელ კრიტერიუმს გულშემატკივრობდით?
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რას აკეთებს მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესის მიღმა. ის, რომ მასწავლებელი უნდა ატარებდეს კარგ გაკვეთილს, იყენებდეს მრავალფეროვან მეთოდებს, უზრუნველყოფდეს მოსწავლეების ჩართულობას და ასე შემდეგ, არის მასწავლებლის სამსახურებრივი მოვალეობა, რაც შედის მის სამუშაო აღწერილობაში. მაგრამ გაკვეთილის გარდა რას აკეთებს თავისი მოსწავლეებისთვის, თავისი კოლეგებისათვის, საზოგადოებისთვის, როგორი მოქალაქეა, ეს იყო ჩემთვის და მთელი ჟიურისთვისაც მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამ მხრივ გამორჩეული ადამიანები გავიდნენ ფინალში.