თქვენი შვილი პირველ კლასშია?
სექტემბერი განსაკუთრებული თვეა თითოეული ჩვენგანისთვის. ყველანი ჩვენი ბავშვობის სექტემბრებიდან მოვდივართ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს განცდა წინა თაობებისთვის ტრადიციულ 1 სექტემბერს, თუ გაცილებით ახალ 15 სექტემბერს მოდის.
მთავარია, რომ არსებობს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საფეხურის, სკოლის, სიყვარული და მონატრება; რომ არსებობენ პატარა თუ შედარებით მოზრდილი ადამიანები, რომლებსაც დავით გურამიშვილმა სწავლისმძებნელები დაარქვა. ეს მყარი ფასეულობა თაობებს ჯერ კიდევ გვაერთიანებს.
საქართველოს სკოლებში აკადემიური სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო და მეტ-ნაკლებად განახლებულ სასკოლო გარემოსთან შეხვედრის, ახალი სახელმძღვანელოების გადაფურცვლის სიამოვნება ინერციულად, ალბათ, მთელ თვეს გაჰყვება.
გვაქვს გასახარი სიახლეც: საგრძნობლად მოგვიმრავლდნენ პირველკლასელები. ჩანს, პატრიარქის ნათლულთა პირველი ნაკადების წყალობითაც, რომლებმაც სასკოლო ასაკს უკვე მიაღწიეს. ქვეყნისთვის, მისი დემოგრაფიული მდგომარეობისთვის დიდი შეწევნაა, რომ უწმინდესის ამ მოწადინებამ უმშვენიერესი ტრადიციის სახე მიიღო და, 2008 წლიდან დღემდე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა წყვილის ნაყოფიერება წაახალისა!
ასეა, თუ ისე, 50 ათასზე მეტი პირველკლასელი წლეულსაც დასაჩუქრდა სახელმძღვანელოებით, პორტანტული კომპიუტერებით და განათლების სფეროს მესვეურთაგანაც მიიღო სასკოლო გარემოს ყოველმხრივ გაჯანსაღების პირობა. სამინისტროს განწყობა, რომ სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო სექტორიდან დაიწყოს ბავშვთა და მოზარდთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, არ შეიძლება ფართო საზოგადოებას არ აღელვებდეს, რადგან ქვეყანაში არსებული საკმაოდ კრიტიკული ეკოლოგიური ვითარების ფონზე გამოიკვეთა.
მომავალი თაობის დაცვა და მოფრთხილება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა. ჩვენ გვჭირდება არა მარტო სწავლაზე ორიენტირებული და განათლებული თაობა, არამედ, ზოგადად, ფიზიკურად თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი და, შესაბამისად, სოციალურად აქტიური ადამიანიც, რომელიც ბავშვობაშივე შეთვისებულ ჯანსაღი ცხოვრების წესს სიბერეშიც არ გადაუხვევს!
მოდით, ამ თემაზე ვისაუბროთ... რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ისედაც დაძაბულ სასწავლო პროცესში ბავშვს დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. რომ უნებლიე უყურადღებობით, მისი განვითარების, ასაკობრივი პრობლემების, თუ ფსიქიკის რაღაც ნიუანსებში ჩაუხედაობით, აუნაზღაურებელი ზიანი არ მიაყენოს შვილის ფიზიკურ ჯანმრთელობას, არასათანადოდ არ დატვირთოს მისი ფსიქიკა.
სასკოლო ასაკი უმნიშვნელოვანესი ხანაა ბავშვის ცხოვრებაში. სკოლაში შესვლისას ბავშვს მარტო გარემო კი არა, ცხოვრების წესი ეცვლება, თავისუფლება ეზღუდება.
სკოლა უმკაცრესი ჩარჩოა პატარის მოუსვენარი ბუნებისთვის. დაძაბული გონებრივი შრომა კი, ცოტა არ იყოს, უჩვეულო დატვირთვა, რომელიც მის ნერვულ სისტემასაც უწყობს მძიმე გამოცდას. ბავშვი იძულებული ხდება, საათობით იჯდეს ერთ პოზაში და ხშირად, ძნელად ეგუება ამ დაძაბვას, რასაც, მოგვიანებით, მომატებული აგზნებადობა და მძიმე სტრესების შემდგომი ნევროზები და დეპრესია მოჰყვება.
ამ საკმაოდ კრიტიკულ პერიოდს ერთი რამაც ახასიათებს: თუ სკოლამდელ ასაკში ბავშვს ძალდაუტანებლად და დაუძაბავად შეეძლო, ვთქვათ, გართობიდან შემეცნებაზე, ან შემეცნებით გართობაზე გადართვა, პირველ კლასში, საგაკვეთილო თუ სახლში მეცადინეობის ვალდებულებები, უკვე უქმნის პრობლემებს, რომლებიც მისი ფსიქიკისთვის დამთრგუნველია. აქედან უკვე ერთი ნაბიჯია სტრესამდე და ვინ უნდა დაეხმაროს ბავშვს მათ დაძლევაში, თუ არა მშობელი?
ნუ მიუდგებით ზედაპირულად თქვენი პირველკლასელი შვილის წუწუნსა და ჩივილებს, რაც უნდა ბევრი თავსატეხი გქონდეთ, მოიკრიბეთ მოთმინება, ობიექტურად მოეკიდეთ ბავშვის სასკოლო პრობლემებს და მასთან ერთად მიაღწიეთ მათ გადაწყვეტას.
პირველკლასელის მშობლის პირველი ამოცანა ახალბედა მოსწავლისთვის მყუდრო სამეცადინო კუთხის მოწყობაა. აქ მთავარია, რომ საწერი მაგიდისა და ბავშვის სიმაღლეს შორის არ იყოს შეუსაბამობა. დავიხსომოთ: სწორად შერჩეული და მოსახერხებელი მაგიდა, მის გვერდით მდგომი ბავშვის იდაყვზე 2-3 სანტიმეტრით მაღალი უნდა იყოს.
თუმცა, ალბათ, ყურადღება გმართებთ იდეალურად შერჩეული მაგიდის შემთხვევაშიც: ბავშვებს უყვართ მაგიდასთან მოხრილებსა და მეტისმეტად თავდახრილებს ჯდომა და ამ მავნე ჩვევას აუცილებლად უნდა შეებრძოლოთ, რადგან მისი ჯდომის არასწორი მანერა, ისევე, როგორც მისი სიმაღლის გაუთვალისწინებლად შერჩეული სკამ-მაგიდა, ძალიან ხშირად, ხერხემლის დაზიანებასა და, ასევე, ახლომხედველობას იწვევს.
სკოლაში წასვლა, მოსწავლეობა ბავშვის სოციალური აქტივობის განსაკუთრებული ეტაპია და მშობლის პირდაპირი მოვალეობაა, რომ იგი ამ ეტაპს თავადაც მზად შეხვდეს, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად და ფსიქო-ემოციურად. სასურველია, მშობელმა დროულად გადახედოს ამ მხრივ თავის დამოკიდებულებებს, მთელი ვალდებულებები სკოლას არ გადააკისროს და თვითონაც ჩაერთოს შვილის შემდგომი განვითარების პროცესში, როგორც ამას მის ადრეულ ასაკებში აკეთებდა.
სკოლაში ბავშვს აუცილებლად ასწავლიან საწერ მაგიდასთან სწორ ჯდომას. და, როგორც პირველკლასელის მშობელმა, თავიდან მაინც, თქვენც ჩვევად უნდა იქციოთ ამ ათვისებული ცოდნის სახლის პირობებში გამეორება. საერთოდაც, სასურველია, რომ, როგორც ახალბედა მოსწავლის მშობელი, დაუყოვნებლივ განეწყოთ მისი მასწავლებლების დავალებების შესასრულებლად და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. მით უფრო, იმ შემთხვევებში, როცა მასწავლებლისა და პედიატრის რეკომენდაციები ერთმანეთს პრინციპულად ემთხვევა:
ჯდომისას ბავშვი ზურგით აუცილებლად უნდა ეხებოდეს სკამის საზურგეს, წინამხარი, იდაყვის სახსრამდე, კი მაგიდაზე უნდა ედოს. უმჯობესია, თუ ფეხქვეშ პატარა სკამსაც შეუდგამთ, ან ფეხებს რაიმე საყრდენზე ჩამოაწყობინებთ, რომ შეძლოს მუხლში მათი მოხრა და მოხერხებულად ჯდომა.
გაცილებით იოლია ბავშვის თვალიდან წიგნამდე რეკომენდებული დაშორების განსაზღვრა: მაგიდაზე იდაყვის დაყრდნობისას, საკმარისია, ბავშვმა თითი მიაწვდინოს საფეთქელს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მის მკერდსა და მაგიდას შორის ხელის მტევანი ეტეოდეს, ხოლო კითხვისას, წიგნი 45 გრადუსით გადაიხაროს და 30-40 სანტიმეტრით მაინც დაშორდეს თავად ბავშვს. მაგიდის ნათურა საკმაოდ მძლავრი უნდა შეირჩეს და ბავშვისგან მარცხნივ, ან წინ მოთავსდეს, რეკომენდებულია სამაგიდო ნათურასთან ერთად, საერთო განათების გამოყენებაც.
პედიატრი გვაფრთხილებს, რომ პირველკლასელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელემენტარული ჰიგიენური ჩვევები, მაგალითად უნდა შეეძლოს ხელის დაბანა, საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა და მის შემდგომ თავის მოწესრიგება. ამ ელემენტარული ცოდნის მიცემა მშობლის მოვალეობაა. სწორედ თქვენ უნდა აუხსნათ ბავშვს, რა საშიშროებას ქმნის დაუბანელი ხელები და ბინძური ფრჩხილები და ამან რა დაავადებები შეიძლება შეჰყაროს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოსს, რომლითაც ბავშვი სკოლაში დაგყავთ. პედიატრები გვიხსნიან, რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენშია,როცა ბავშვი სკოლაში შეუფერებლად ჩაცმული მიგვყავს. თუ სკოლას თავისი ფორმა არ აქვს, ჯობია, ბავშვი, რაც შეიძლება, სპორტულად შევმოსოთ. უმჯობესია, ჯინსი და მსგავსი ტანსაცმელი, რაც მოძრაობას არ შეუზღუდავს.
უმნიშვნელოვანესია სასკოლო ჩანთის სწორი შერჩევა. პედიატრები უფრო ფართოღვედიან ზურგჩანთას გვირჩევენ და არავითარ შემთხვევაში -- ხელჩანთას, ამით ბავშვს ბევრ პათოლოგიას ააცილებთ.
და აი, ჩვენი სოციალური აქტივობის ყველაზე საკვანძო ფაზაც-- მეცადინეობა... ამ ჩვევის გამომუშავება პირველკლასელისთვის ყველაზე ძნელია. ხშირად მშობელი აიძულებს ბავშვს, რომ საათზე მეტხანს უჯდეს საწერ მაგიდას. გახსოვდეთ, ამ შემთხვევაში, 40 წუთი მაქსიმუმია, რადგან ამას გადაღლა, ემოციური სტრესი და, შესაძლოა, მეცადინეობის შეჯავრებაც მოჰყვეს.
შეეცადეთ, ბავშვს სწავლა გართობითა და თამაშით შეუნაცვლოთ და არავითარ შემთხვევაში, არ დააძალოთ უსიამოვნო რამის კეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებით.
სასკოლო ასაკის ბავშვთა კვება, ისევე, როგორც ზოგადად, ბავშვთა კვება, სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს და სასიამოვნოა, რომ ეს განწყობა განათლების სამინისტროს ამ ბოლოდროინდელ მიდგომებსაც დაეტყო. სრულფასოვანი, ან გადამუშავებული საუზმე, რამდენიმესაათიანი საგაკვეთილო რეჟიმის პირობებში, მოსწავლისთვის მხნეობის საწინდარია. განსაკუთრებით, თუ იგი პირველ-მეორეკლასელია. ამიტომაც, მით უფრო, თუ იგი დილის ცვლაშია, ნუ დაიზარებთ მისთვის საუზმის მომზადებას.
ელემენტარულია, რომ ბავშვი სკოლაში პრაქტიკულად ჯანმრთელი მივიდეს... და პირველკლასელების მშობლებს, სკოლაში შეყვანამდე, ალბათ, არც დაგვიწყებიათ შვილის პედიატრთან მიყვანა.
საერთოდაც, პედიატრთან კონტაქტი უმნიშვნელოვანესია სწავლის დაწყების მთელ პერიოდში. თუ ამის საჭიროება არსებობს, გადაუდებელ აუცილებლობად უნდა იქციოთ, ბავშვის ჩირქოვანი-ანთებითი კერების სანაცია, ჭიებით ინვიზირებისა თუ კარიესული კბილების მკურნალობის დროული დაწყება. ლაპარაკია დავადებებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ნეიროცირკულატორული დისტონიის განვითარებას.
ალბათ, თქვენს პედიატრთან ერთად, მისი აცრების კალენდარსაც გადაავლებდით თვალს და, განსაკუთრებული შეხსენების გარეშეც, გეცოდინებათ, რომ წინასასკოლო ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩატარებული პოლიომელიტის, ყივანახველა-ტეტანუსი- დიფტერიის, ტუბერკულოზისა და წითელას საწინააღმდეგო აცრები. არსებობს ყბაყურა-წითურასა და A და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბავშვთა უბნის პოლიკლინიკების სქემაში არ აისახება. თუმცა, ამ სამსახურის გაწევა შეუძლიათ გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
სამწუხაროდ, ჩვენ ინფექციების საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს სულ უფრო ართულებს ბავშვის დაცვას ინფექციებისგან. ამიტომ ჩვენი რჩევაც არ დაივიწყოთ: აცრების კალენდარი დაგეხმარებათ, თუნდაც, ინფექციური დაავადებების შიდასასკოლო ეპიდემიებისას.
და, საერთოდაც, ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის ყველა ჩივილს. გახსოვდეთ, რომ ეს მის ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ გაწონასწორებას სჭირდება. თუმცა, ოქროს ზღვარიც არ დაივიწყოთ -- გადამეტებული ყურადღებითაც ნუ მოაბეზებთ შვილს თავს!
და, ყველაზე მთავარი: ყურადღებით და მკაცრად მართეთ შვილის დღის რეჟიმი! არ დაუშვათ ბავშვის გადაჭარბებული დილის ძილი, გვიანობამდე ტელევიზორთან და მით უფრო -- კომპიუტერთან ჯდომა და გვიან დაძინება, გახსოვდეთ, რომ კომპიუტერული თამაშები ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს 6-7 ბავშვებში; რომ მათთვის აუცილებელია დღე-ღამეში 11-12 საათიანი ძილი, რადგან ძილის ხანგრძლიობის შეზღუდვა-მატება მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.