საერთაშორისო პროექტი _ იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდებისათვის
"მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" არის ახალი საერთაშორისო პროექტი, U18 პროგრამის ფარგლებში. რომელსაც საქართველოში საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია _ სიქა წარმოადგენს. პროექტი საქართველოს 10 რეგიონის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს აძლევს საშუალებას გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ უნარები და დამოკიდებულებები საარჩევნო უფლება-მოვალეობებთან მიმართებაში. უკვე ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა თბილისსა და ქუთაისში , სადაც სამოქალაქო განათლების პედაგოგებს პროექტის მიმდინარეობის პირობები გააცნეს და კოლეგებმა შარშანდელი გამოცდილება გაუზიარეს.პროექტის მიზნებსა და აქტივობებზე გვესაუბრებიან მისი ორგანიზატორები.
პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ინგა პაიჭაძე:
_ U18 პროგრამა შეიქმნა გერმანიაში და ხორციელდება არამარტო გერმანიაში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. დაიწყო მისი განხორციელება პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. პროგრამის მთავარი მიზანს ახალგაზრდების საარჩევნო და პოლიტიკური განათლება შეადგენს. იგულისხმება როგორც საარჩევნო უნარების განვითარება, ასევე იმის გააზრება, თუ რა მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან საარჩევნო პროცესებში აქტიური პოზიციის გამოვლენა. ასევე, მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ ქართულ პროექტში განსაკუთრებულად გამოვკვეთეთ, ეს გახლდათ გააზრებული, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება. ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების კომპონენტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ვგულისხმობ უშუალოდ სასკოლო სისტემას. უკვე 2007 წლიდან ახალგაზრდა თაობის საარჩევნო უნარების განვითარებაზე ბევრს მუშაობენ ჩვენი სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესგ-ის შესაბამისად, რომელიც ამ მიმართულების შედეგებსაც მოიცავს. გამოვკვეთეთ ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ეს პროგრამა ახალი, ინოვაციური და ქართულ საჭიროებაზე მორგებული გაგვეხადა. პრობლემა გააზრებული, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების უნარის დეფიციტში მდგომარეობს. ანუ ჩვენი მთავარი კვაკუთხედი გახლავთ, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ საარჩევნო პროგრამების კითხვა, გაანალიზება მათთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით და ამის საფუძველზე გააზრებული არჩევანის გაკეთება. პროგრამამ შარშან პირველად იმუშავა საქართველოში და ექვსი რეგიონის სკოლებში გააქტიურდა. ჩვენი საარჩევნო კულტურისა და გამოცდილების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე გარეშე ფაქტორები, გადავწყვიტეთ, დაგვემუშავებინა საპარლამენტო არჩევნებში ჩართული ლიდერი პარტიების პროგრამები. გასულ წელს 6 ლიდერი პარტიის პროგრამა დავამუშავეთ, იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რომელიც ამ ასაკის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. გამოვყავით 6 ძირითადი თემა: სოციალური პრობლემები, ახალგაზრდების განათლება, უმუშევრობა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, ასევე, ტერიტორიული მთლიანობა. ამ თემების გამოკვეთა მოხდა ახალგაზრდებს შორის წინასწარი კვლევის საფუძველზე. ამ თემების მიხედვით, დავამუშავეთ 6 ლიდერი პარტიის პროგრამა, რომ ისინი მოზარდებისთვის უფრო თვალსაჩინოდ და მათთვის გასაგებ ენაზე ყოფილიყო ადაპტირებული. საარჩევნო სუბიექტები გავხადეთ ანონიმური და ვუწოდეთ მათ საარჩევნო სუბიექტი A, სარჩევნო სუბიექტი B და ასე შემდეგ. ანონიმურობა დავიცავით, რომ მოსწავლეები აგვერიდებინა პოლიტიკური კონფლიქტებისთვის და ყურადღების კონცენტრირება მომხდარიყო საარჩევნო პროგრამებზე და არა _ კონკრეტულ სუბიექტებზე, ან მათ მიმართ რაიმე სუბიექტურ დამოკიდებულებებზე. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს პროგრამები რეალური საარჩევნო პროგრამების საფუძველზე დავამუშავეთ. ეს იყო ინოვაციური მიდგომა ამ პროგრამაში, ჩართული იყო საქართველოს 6 რეგიონის 30-მდე სკოლა. მოსწავლეები განიხილავდნენ ამ პროგრამებს, მსჯელობდნენ, გამოყოფდნენ თავიანთვის მნიშვნელოვან საკითხებს. პროექტი ყველა მონაწილე სკოლას საშუალებას აძლევდა, მუშაობის ფორმატი თავად შეერჩიათ. ბევრ სკოლაში გაიმართა დისკუსიები, იმსჯელეს რამდენად ეპასუხებოდა მათ ინტერესებს ესა თუ ის პროგრამა. მთავარი, როგორც პროგრამის ყველა მონაწილე პედაგოგი აღნიშნავდა, ის იყო, რომ ახალგაზრდებს მიეცათ გარკვეული გამოცდილება, რომელიც განაპირობებს მათი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც. იმიტირებული არჩევნები ძალიან ხალისიანად ჩატარდა, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, გაიაზრეს, გადაინაწილეს როლები, მოამზადეს საარჩევნო ინფრასტრუქტურა (ყუთები ბილეტენებისათვის, კაბინები და ასე შემდეგ) ანუ პროცესი სასარგებლოც იყო და სახალისოც.
_წელსაც აგრძელებს პროგრამა მუშაობას?
_დიახ, ჩვენმა პროექტმა პარტნიორებისა და დონორების მოწონება დაიმსახურა და წელს და მომავალ წელსაც იმუშავებს. ამ პროგრამის მთავარი იდეა ისიც არის, რომ 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, შეექმნათ იმის განცდა, რომ ისინიც პროცესის მონაწილენი არიან, ამიტომაც პროგრამის სამუშაო ეტაპები ემთხვევა რეალურ საარჩევნო პროცესებს, უფრო ზუსტად იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნებისთვის სამზადისი იწყება 2-3 კვირით ადრე, და წინ უძღვის (10 დღით) ნამდვილ არჩევნებს. ასე იქნება ახლაც , წინ უსწრებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. რაც მთავარია, მოზარდი იღებს ცოდნას არჩევნების სესახებ, ივითარებს საარჩევნო უნარებსა და დამოკიდებულებებს. ეს არის ახალი გამოცდილება, რომელიც მას, როგორც მოქალაქეს აუცილებლად გამოადგება. ჩვენი პროექტის მსვლელობა და შედეგებიც ღიად და გახსნილად ქვეყნდება ჩვენს გვერდზე და ის სასარგებლოა თავად საარჩევნო სუბიექტებისთვისაც, თუ ისინი დაინტერესდებიან, რას უჭერს მხარს მათი მომავალი ამომრჩეველი, რა მოთხოვნები, პრიორიტეტები აქვს მას. ეს თავიანთი სამომავლო საქმიანობის დასაგეგმად საჭირო ინფორმაციაა და მათაც გამოადგებათ, თუ გულისყურით მოეკიდებიან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ინტერესდებიან კიდეც საარჩევნო სუბიექტები ჩვენი არჩევნების შედეგებით. ამას გარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არამარტო ახალგაზრდებს გამოვუმუშავებთ საარჩევნო პროგრამების კითხვისა და გაანალიზების კულტურას, არამედ თავად პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ დაასკვნან, რომ საარჩევნო პროგრამა მათთვის ამოსავალ დოკუმენტს წარმოადგენს. არადა, ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს ასეთი პროგრამა საერთოდ არ გააჩნია, ან შაბლონურია. დროა, რომ მათ იზრუნონ ამომრჩევლის საჭიროებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ რეალურ პროგრამებზე. რადგან უკვე მოდის თაობა, რომელიც გააზრებული არჩევანის გაკეთებას შეძლებს და მათი მართვა იაფასიანი პოლიტიკური ხერხებით ნაკლებად მოხერხდდება. მხოლოდ ამ გზით მივალთ რეალურ დემოკრატიამდე, როცა გვეყოლება ისეთი ამომრჩეველი, რომელიც ინფორმირებულ და გააზრებულ არჩევანს გააკეთებს და აირჩევს ანგარიშვალდებულ, თემთან და ამომრჩეველთან თანამშრომლობაში მყოფ ხელისუფლებას. ეს გასავლელი გზაა, მაგრამ იმედი მაქვს, რადგან ეს პროგრამა აღმოსავლეთ ბერლინში ,,დაიბადა“, იქაც ჰქონდათ იგივე საჭიროება და მათ გაიარეს ეს გზა.
_ ვის ექნება იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება?
_ ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებს, 18 წლამდე ახალგაზრდებს. მარტო მონაწილეობის უფლება კი არა, არჩევნების დაგეგმვის, წარმართვის, მონაწილეობისა და გაანალიზების უფლება ექნებათ ახალგაზრდებს, წელს უკვე საქართველოს 10 რეგიონიდან. მათ სამოქალაქო განათლების პედაგოგები გაუწევენ დახმარებას ამ პროცესებში. ეს სკოლებში სასწავლო ან სათემო პროექტის სახით დაიგეგმება და განხორციელდება.
ნორა კორტე, პროგრამის კოორდინატორი გერმანიიდან:
_ ჩვენი ორგანიზაცია არის არაკომერციული ორგანიზაცია ბერლინში, რომელიც 25 წელზე მეტია მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. ჩვენს პროექტს ეწოდება ,,მეტი შეგვიძლია“. ეს არის საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდებისათვის. 2015 წლიდან ჩვენი პროექტი ამოქმედდა უკრაინაში, ხოლო 2016 წლიდან საქართველოსა და რუსეთში; პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაააქტიუროს ახალგაზრდობის ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში; გასულ წელს საქართველოში ჩვენი პარტნიორი გახდა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. მათ დიდი შრომა გაწიეს პროექტის პოპულარიზაციისა და განხორციელებისათვის 6 რეგიონში. შედეგების საფუძველზე, წელს ეს პროექტი უფრო მასშტაბური და ხანგრძლივად დაიგეგმა და იმედია, წარმატებით განხორციელდება.