მიმდინარეობს სკოლის მართვის და ლიდერობის კონფერენცია
გუშინ თბილისში, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიში“ სკოლის მართვის და ლიდერობის ყოველწლიური კონფერენციაგაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს სკოლის მართვის დაპროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
კონფერენცია ხელს შეუწყობს სკოლის დირექტორების შემდგომ პროფესიულ განვითარებას, იქნება ეს საერთაშორისო გამოცდილება თუ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია ლიდერობის აკადემიის ფარგლებში იმართება. ლიდერობის აკადემია „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" გრძელვადიანი ტრენინგმოდულების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.
კონფერენციაზე შეკრებილ 200-ზე მეტ სკოლის დირექტორს, 50-ზე მეტ სტუმარს, უცხოეთიდან და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციებიდან საინტერესო სესიებში მონაწილეობის საშუალება მიეცა. კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნა. პირველი სესიის თემა იყო ,,სკოლის მართვა და ლიდერობა_სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში“, მეორე სესია_ ,,ხარისხის მართვა და ოპეტრაციული მენეჯმენტი სკოლაში“, მესამე სესია _,,სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ . სამივე სესიაზე საინტერესო მოხსენებები და თანამოხსენებები გაკეთდა, რომელიც განათლების სისტემის და უშუალოდ სკოლის მართვის პრობლემებს და მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს შეეხებოდა.
კონფერენცია დღესაც განაგრძობს მუშაობას ორი პარალელური სესიის სახით, სადაც სკოლის დირექტორები თავიანთ გამოცდილებას წარუდგენენ კოლეგებს და დისკუსიებს გამართავენ.