ირინა აბულაძე: 9-10 სექტემბერს სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია იმართება
9 და 10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო ,,რედისონში“ გაიმართება ,,სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია”. კონფერენცია ეწყობა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი _ საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
პროექტის აქტივობებზე, მოახლოებულ კონფერენციაზე და სხვა სიახლეების შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე:
_ პროექტი დაიწყო 2016 წელს და 2019 წლამდე პროექტის ფარგლებში გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გრძელვადიანი პროფესიული კურსის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადნახევარს გასტანს და ასევე, გადამზადდება საჯარო სკოლების 18 ათასი მოქმედი მასწავლებელი, რომლებიც მე-7 -მე-12 კლასებში ასწავლიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. პროექტი მოიცავს კიდევ ბევრ კომპონენტს, ტრენერების შერჩევა-გადამზადებას, მოდულების მომზადება-დამუშავებას, ამ პროცესში ჩართულები არიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ჩვენს სპეციალისტებთან ერთად ზრუნავენ, რომ მოდულები საჭიროებებზე მორგებული იყოს.
_ რაც შეეხება სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციას, რა მიზანს ისახავს და რა შედეგზე გასვლა იგეგმება?
_ ლიდერობის აკადემიის ფარგლებში , ზუსტად ერთი წლის წინ, ცენტრმა დაიწყო ლიდერობის პირველი აკადემიით, ახლა უკვე, ლიდერობის მეორე აკადემიის დონეზე ვართ გადასულები, რომელსაც ამ წლის ბოლოს დავამთავრებთ და დირექტორებს დარჩებათ გასავლელი ლიდერობის მესამე აკადემია, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ჩატარდება. ეს კონფერენცია განვლილი ერთი წლის ერთგვარი შეჯამებაა. მოწვეული გვყავს ადგილობრივი და უცხოელი განათლების სპეციალისტები, მოქმედი სკოლის დირექტორები, სხვა უცხოელი სტუმრები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებენ სკოლებში, მაგალითად ორი უცხოელი სტუმარი დიდი ბრიტანეთიდან ( სკოლის მმართველი რგოლის წარმომადგენლები), სტუმრები აირექსიდან, სანდიეგოს უნივერსიტეტის დეკანი, რომელიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობაზე და ამ საგნების სწავლების მხარდაჭერაში კონკრეტულად დირექტორის როლზე ისაუბრებს. მთელი კონფერენციის მიზანი არის, წარმოვაჩინოთ საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება და მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი დირექტორის როლი, სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული კლიმატის დასამკვიდრებლად და სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. პროფესიული განვითარების პროგრამის მთელი არსი არის ის, რომ ყველაფერი, რაც ამ სისტემაში ხდება, უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში შიდა სასწავლო პროცესის, აქტიური სწავლების, სახალისო სწავლების მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი მასალა შეიქმნა. დირექტორებს ვასწავლით, სკოლა მართონ ისე, რომ მასწავლებელთა შორის ჰყავდეთ თანამოაზრეები, ანუ სკოლაში შეიქმნას გუნდი, რომელიც გაერთიანებული იქნება ერთი ძირითადი იდეის და მიზნის ირგვლივ, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები. გასაგებია, რომ არათუ საქართვლოში, არც ერთ ძლიერ ქვეყანაში, რესურსები არასდროს არის საკმარისი ყველა საჭიროების მოსაგვარებლად. ყოველთვის არის რესურსის სიმცირე. შესაბამისად, სკოლის ლიდერმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, სწორად შეაფასოს მოცემულობა და ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია, მას და რაც არსებობს მის ირგვლივ და ისე იმუშაოს სკოლის განვითარებაზე. ამ საკითხებზე დაგროვდა გარკვეული გამოცდილება, რჩება კითხვები, სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება ჩვენი კონფერენცია.
_ ვინ იქნებიან წარმოდგენილი კონფერენციაზე?
_ დარბაზში იქნება 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი, რომლებიც თავადვე დარეგისტრირდნენ კონფერენციაზე, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ რეგისტრაციის გამოცხადებიდან 3 საათში გათვალისწინებული ლიმიტი შეივსო. გასაგებია, რომ დარბაზის შესაძლებლობების გათვალისწინებამ მოგვიწია და ადგილები შეზღუდული იყო. ისიც მინდა აღვნიშნო რომ რეგიონებიდან ჩართულობა არის ძალიან მაღალი, უფრო მეტი დირექტორი დარეგისტრირდა რეგიონებიდან, ვიდრე თბილისიდან. დაგვესწრებიან განათლების მინისტრი, მინისტრის მოადგილეეები, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სკოლების წარმომადგენლები, სხვადასხვა სპექტრი.
_ როგორი იქნება კონფერენციის დღის წესრიგი?
_ ორდღიანი კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა განათლების სხვადასხვა ექსპერტების და სფეროში მომუშავე სპეციალისტების გამოსვლებს, სამი პლენარული სესია იმუშავებს, კონფერენციაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რას აკეთებს, რას გეგმავს სახელმწიფო სკოლების განვითარებისთვის. მეორე დღე დაეთმობა პარარელულურ სესიებში მუშაობას და დირექტორები, რომლებიც ჩვენ კონკურსის სახით შევარჩიეთ რამოდენიმე თვის წინ, წარმოადგენენ თავიანთ სკოლების გამოცდილებას. ეს შეიძლება იყოს ისეთი კონკრეტული თემა, როგორიცაა პრიორიტეტების განსაზღვრა და ბიუჯეტის დაგეგმვა სკოლის განვითარებისთვის, ან ისეთი მრავალასპექტიანი თემა, როგორიცაა ხარისხის მართვა სკოლაში, შეფასების ჯგუფის საქმიანობის დახვეწა და ასე შემდეგ. თემების ძალიან მრავალფეროვანია და შესაბამისად, თემატურად არის დაჯგუფებული. მეორე დღეს დირექტორები ერთმანეთს ჯგუფებში პრეზენტაციების სახით გაუზიარებენ გამოცდილებას და მოაწყობენ დისკუსიებს კონკრეტულ თემატიკაზე.
_ რაც შეეხება კონფერენციის შედეგებს?
_ ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი დატვირთული და ასე ვთქვათ, მსუყე ორი დღის შემდეგ, როდესაც დირექტორები დაბრუნდებიან თავიანთ სკოლებში, მეტი იდეები გაუჩნდებათ, ბევრ რამეზე დაფიქრდებიან და რაც მთავარია, თან ძალიან ბევრ გამზადებულ მასალას წაიღებენ. ეს ეხება კოლეგების გამოცდილებას, ექსპერტების რჩევებს და ასე შემდეგ. ეს მათ სკოლების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
_ ქალბატონო ირინა, იქნება თუ არა ეს მასალები ხელმისაწვდომი სხვა დირექტორებისთვის, რომლებიც კონფერენციას ვერ დაესწრებიან?
_ კონფერენციის მასალები ჩვენს გვერდზე აიტვირთება და რა თქმა უნდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. თქვენი პორტალიდან მინდა გაჟღერდეს ერთი შესაძლებლობის შესახებ: კონფერენციაზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, ამიტომაც კონფერენციის პირველ დღეს, კონფერენციის ვებგვერდიდან სამი პლენარული სესიის ,,ლაივსტრიმი“ გვექნება და ვისაც ამის საშუალება და ინტერესი აქვს, შეუძლია პირდაპირ მიადევნოს თვალი კონფერენციას.
_ კიდევ გეგმავთ თუ არა, ანალოგიური კონფერენციის ჩატარებას?
_ დიახ, შეგვიძლია აქვე დავაანონსოთ, რომ მასწავლებლებისთვისაც ვგეგმავთ ანალოგიურ კონფერენციას. ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს იქნება დეკემბრის პირველ ნახევარში, ბევრი საინტერესო რამ იგეგმება, ისეთი საინტერესო ადამიანების ჩართულობით, რომლებიც საქართველოში ძალიან პოპულარულები არიან ტრენინგებისა და განათლების სფეროში და ასევე ვგეგმავთ უცხოელი სტუმრების მოწვევას, ძალიან საინტერესო ვორგშოპები გვექნება. ამ კონფერენციის დასრულებისთანავე გადავერთვებით ახალი კონფერენციის სამზადისზე. კონფერენციაში ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფის მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან, სამწუხაროდ ადგილები იქაც შეზღუდული იქნება. თუმცა მასალებს ყველასთვის ხელმისაწვდომად გამოვაქვეყნებთ. ანალოგიური კონფერენციები გამეორდება მომავალ წელსაც. სულ ბოლოს, გვექნება შემაჯამებელი კონფერენციაც.
გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კონფერენციაზე დაანონსდება, გვინდა გამოვცეთ ჟურნალი დირექტორებისთვის. დავიწყეთ თანამშრომლობა დირექტორების ასოციაციასთან, რომელიც კონკურსის სახით შეირჩა. მისი წევრები არიან მოქმედი დირექტორები, მათ შორის, ძალიან გამოცდილი ადამიანები. წლის ბოლომდე ამ გამოცემის ორი-სამი ნომერი ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ახალი წლიდან მისი პირველი ბეჭდური ნომერიც გამოვა; ჟურნალში წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილება სკოლების მართვის თვალსაზრისით, იქნება მეთოდური მასალა, რჩევები დირექტორებისთვის, გამოვიყენებთ, ჩვენი მოდულების ძალიან საინტერესო მასალებს და ასე შემდეგ. ამ ჟურნალს მიიღებს ყველა საჯარო სკოლა.