მანანა რატიანი: წელს სქემაში გარე დაკვირვების კომპონენტიც გააქტიურდება
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე მეორე წელია ამოქმედდა. ახალ სასწავლო წელს ამუშავდება ის ერთადერთი კომპონენტიც, რომელიც აქამდე არ გააქტიურებულა. საუბარი ეხება გარე საგაკვეთილო დაკვირვებას, რომელიც სავალდებულო აქტივობას წარმოადგენს უფროსი მასწავლებლისთვის, როცა ის ზრუნავს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად. ამ საკითხზე და სქემით მიმდინარე სხვა პროცესებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.
_ სამწუხაროდ, წინა სემესტრში არ მოგვეცა საშუალება ჩაგვეტარებინა გარე დაკვირვება, რადგან თებერვლიდან შეფასების სტანდარტული რუბრიკა კი არსებობდა, მაგრამ მხოლოდ მაისის ბოლოს დამტკიცდა პროცედურის წარმართვის წესი. მანამდე გავიარეთ კონსულტაციები ყველა დონეზე: მასწავლებლებთან, შეფასების ჯგუფის წევრებთან, დირექტორებთან, სამინისტროსთან, გარე ექსპერტებთან... დღეს უკვე გვაქვს წესი, რომელიც ამ პროცესს არეგულირებს. საკმაოდ დატვირთული ზაფხული გვქონდა, მომზადდა სპეციალური ელექტროპორტალი რეგისტრაციისთვის. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებიც გეგმავენ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, და უკვე აქვთ 13 კრედიტქულა (შესაბამისი პროპორციით), შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია და შემდეგ _ გარე დაკვირვება. სპეციალურად გადავამზადეთ გარედამკვირვებლები სხვადასხვა მიმართულებით, რათა მათ შეძლონ დადგენილი წესების შესაბამისად და ობიექტურად წარმართონ გარე დაკვირვების პროცესი. ასე რომ, სექტემბრიდან ამოქმედდება ეს კომპონენტი. პირველი სემესტრი იქნება პილოტური: დავაკვირდებით, ანალიზს გავაკეთებთ, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს ზოგიერთი ცვლილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პილოტურ რეჟიმში მიღებულ კრედიტქულებს ვინმე ეჭქვეშ დააყენებს. ეს იქნება ერთი სიახლე მასწავლებლებისთვის. უფრო დეტალურად, რომ ვთქვათ, გარე დაკვირვებას წარმართავს ჩვენს მიერ წარგზავნილი ერთი გარედამკვირვებელი და მეორე სხვა რეგიონის, სხვა სკოლის საგნობრივი ფასილიტატორი. მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები. გაკვეთილზე დასწრების უფლება ექნება ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელს და მასწავლებლის ფასილიტატორს, თუმცა ისინი შეფასებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
_ ქალბატონო მანანა, ბევრ უფროს მასწავლებელს აინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით გაივლის გარეშეფასებას, ის წამყვანის სტატუსს სასწავლო წლის ბოლომდე უნდა ელოდოს, თუ ელექტრონულ სისტემაში მისი შეფასების ავტომატური ასახვის შემდეგ უკვე მიენიჭება ახალი სტატუსი?
_ რა თქმა უნდა, თუ უფროსს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მოპოვებისთვის საჭირო კრედიტქულები აქვს და სავალდებულო აქტივობებიდან მხოლოდ გარე დაკვირვება ჰქონდა დარჩენილი და ისიც წარმატებულად შეუფასდა, მაშინ სკოლის შეფასების ჯგუფს მაშინვე შეუძლია მოგვმართოს სტატუსის შესაცვლელად. მაგრამ თუ სხვა კრედიტქულები აკლდა ან სავალდებულო და ან დამატებითი აქტივობების მიმართულებით, მაშინ წარდგენა/ დადასტურება სასწავლო წლის ბოლოს მოხდება.
_ რაც შეეხება შიდა დაკვირვებას ?
_ რაც შეეხება შიდა დაკვირვებას, ეს სავალდებულო აქტივობაა პრაქტიკოსისთვის, რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, თუ მან საგნობრივი და პროფესიული უნარების დადასტურებისას უმაღლესი კრედიტქულები ვერ მოიპოვა. მას უწევს ორი შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გავლა და განსხვავებით გარე საგაკვეთილო დაკვირვებისგან, პრაქტიკოსის გაკვეთილებს აფასებენ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრები; შეფასება ხდება სტანდარტიზებული რუბრიკის კრიტერიუმების მიხედვით, ჯგუფი მასწავლებელს განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად აძლევს განმავითარებელ შეფასებას. შიდასასკოლო დაკვირვება და გარე დაკვირვება ფაქტობრივად ეფუძნება ერთსა და იმავე სტანდარტიზირებულ ინსტრუმენტს. ანუ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა არსებობს, რომელსაც ერთ შემთხვევაში იყენებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი_ პრაქტიკოს მასწავლებელთან და მეორე შემთხვევაში, გარე დამკვირვებლები უფროს მასწავლებელთან. რუბრიკა დამტკიცდა თებერვალში და ამიტომ პრაქტიკოს მასწავლებლებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩაეტარებინათ გაკვეთილები შიდა შეფასებისთვის. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, ასეთი მასწავლებელი დაახლოებით 600-ია. დაინტერესება არის მაღალი, არსებობს სერიოზული გარემოტივატორი ხელფასის ზრდის სახით, რადგან ვიცით, რომ მასწავლებლის ანაზღაურება 320 ლარით იზრდება, როცა ის უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს. რაღა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, საკმარისია თუ არა ეს ანაზღაურება, მაგრამ მასწავლებლები ხვდებიან იმასაც, რომ ეს არის მაქსიმალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისათვის, არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის პირობებში; ამ აქტივობას კარიერაზე მზრუნველი პედაგოგისათვის ის ფუნქციაც აქვს, რომ ერთგვარი შემზადება, გამოცდილებაა გარე შეფასებისთვის.
_ როგორ ფიქრობთ, შეფასების ჯგუფის წევრები არიან მზად გაკვეთილის შესაფასებლად?
_ შეფასების ჯგუფებისათვის სისტემატურად ტარდება ტრენინგები, კონსულტაციები. მათ ვაწვდით ყველა სიახლეს დეტალური განმარტებით. ჩვენი დოკუმენტები, ცვლილებები, ინფორმაცია ღია და გამჭვირვალეა. ანუ კომპეტენციის თვალსაზრისით, ობიექტური წინაპირობა არსებობს. მაგრამ ისიც ვიცით, რომ არსებობს პრობლემებიც. დამეთანხმებით, აქამდე სკოლაში არ არსებობდა კოლეგის ობიექტური შეფასების გამოცდილება, ეს კულტურა უნდა დამკვიდრდეს სკოლებში. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, შეფასების ჯგუფის წევრები ამ მიმართებით გაიზრდებიან, მასწავლებლებისთვისაც ჯანსაღი, კეთილგანწყობილი შეფასებები, თუნდაც კრიტიკული, მისაღები გახდება, რადგან ეს არის პროფესიული განვითარების ერთი გზა. ერთი, რაც დაბეჯითებით შემიძლია ვურჩიო ყველას, შეფასების ჯგუფის წევრებსაც და მასწავლებლებსაც, არის ის რომ გულისყურით გაეცნონ შეფასების წესებსა და ინსტრუმენტებს. მასწავლებელი, თუ შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების ინდიკატორებს ჩაუღრმავდება და მისი გათვალისწინებით დაგეგმავს და წარმართავს გაკვეთილს, მერე რეფლექსიაც ობიექტური ექნება. ხოლო შემფასებელიც ამ ინსტრუმენტს ეფექტურად გამოიყენებს, პრობლემების დიდი ნაწილი ამოწურული იქნება.
_ მასწავლებლები კარიერული სიახლეების მოლოდინში არიან. რა ვადებში გაირკვევა მათთვის ახალი სტატუსების მინიჭების საკითხი?
_ ჯერ კიდევ არ ამოწურულა მასწავლებლის შეფასების ჯგუფების მიერ აქტივობების შეფასების და ელექტრონულ სისტემაში ასახვის ვადა. 15 სექტემბრისთვის ეს ვადა ამოიწურება და სკოლის შეფასების ჯგუფები მომართავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს კონკრეტული მასწავლებლებისთვის ახალი სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ პერიოდისათვის ჩვენც უკვე გვექნება სტატისტიკა, უკვე გვეცოდინება, რამდენი მასწავლებელი იცვლის სტატუსს. ამავდროულად, უკვე სრულად იქნება მოწოდებული ბაზა შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრიდანაც მასწავლებლების მიერ საგნობრივი და პროფესიული უნარების დამადასტურებელი ტესტირების შედეგების შესახებ. უნდა დასრულდეს აპელაციის პერიოდიც სრული სურათის მისაღებად. მაშინ გვეცოდინება, რამდენმა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი. სავარაუდოდ ეს პროცესი ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. ჩვენც დიდ მოლოდინში ვართ, რადგან ველოდებით შედეგებს, სტატისტიკურ მონაცემებს, რა ტიპის და რამდენი აქტივობა განხორციელდა, რამდენი შეფასდა დადებითად და რამდენი_ არა. ეს მოგვცემს საფუძველს ანალიზისა და დასკვნებისათვის. ზოგადად წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები აქტივობებში; უფრო ზუსტ ანალიზს მოგვიანებით გაგაცნობთ.
_ შარშან სქემაში სერიოზული ცვლილებები შევიდა, პილოტური პერიოდის შემდეგ ცვლილებები მოსალოდნელიც იყო. პილოტური პერიოდი დასრულდა, კიდევ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლეებს სქემაში?
_ გვექნება სიახლეები, მაგრამ არა ისეთი ფუნდამენტური, როგორიც იყო შარშან. ახლა ანალიზის შედეგად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცედურების გამარტივება და დახვეწა. გამარტივება არ მოხდება ხარისხის ხარჯზე, მაგრამ ვეცდებით მასწავლებელს ნაკლები დოკუმენტის ატვირთვა დასჭირდეს, რაღაც მექანიკურად აისახოს და ასე შემდეგ.