გიორგი მაჩაბელი: ვიწვევთ ახალ პარტნიორებს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისთვის
_ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლიდან მომსახურების დეცენტრალიზაცია დაიწყო. ეს პროცესი პილოტურ რეჟიმში გაგრძელდება ახალ სასწავლო წელს და მთელი 2018 წლის განმავლობაში. ჩვენ ვიწვევთ ახალ პარტნიორებს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისთვის, ამავდროულად ვმუშაობთ თავად ცენტრის ფუნქციების მოდიფიცირებაზე. _ ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და მიმდინარე და მოსალოდნელ ცვლილებებზე გვესაუბრება.
_ ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, მზად აღმოჩნდნენ თუ არა მომსახურების გარე მიმწოდებლები მასში ჩართვისათვის?
_ჩვენ ამ პროცესს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან ყველას გვახსოვს, რომ ტრენინგების დეცენტრალიზაციის წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც დავბრუნდით უკან _ მაქსიმალურად ცენტრალიზებულ სისტემაში. ვფიქრობთ, რომ ამ მიდგომამ გარკვეული პერიოდი იმუშავა, მაგრამ დადგა დრო წავიდეთ მრავალფეროვნებისკენ, წავახალისოთ ხარისხის კომპონენტი და გარე ორგანიზაციებსაც მივცეთ განვითარების საშუალება, ანუ ხელი შევუწყოთ ორმხრივ სასარგებლო პროცესს. დეცენტრალიზაციის საწყისი ეტაპი პილოტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დავაკვირდეთ, რამდენად არიან მზად დაინტერესებული ორგანიზაციები, მასწავლებლებს კვალიფიციური სერვისები შესთავაზონ. ამ შესაძლებლობამ უპრეცენდენტო ინტერესი გამოიწვია, ძალიან ბევრი ორგანიზაცია დარეგისტრირდა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზარზე არიან ორგანიზაციები, რომელთაც ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ პედაგოგებისთვის. ეს გასახარია, რადგან დეცენტრალიზაციის მიზანი მრავალფეროვანი, ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად ქვეყანაში არსებული პოტენციალის მაქსიმალური და ეფექტიანი გამოყენებაა.
_ კონკურსის პირობები ითვალისწინებს თუ არა პროვაიდერთა მხრიდან ფინანსურ თანამონაწილეობას?
_ დიახ, ერთ-ერთი პრიორიტეტული კრიტერიუმია ფინანსური თანამონაწილეობა პროვაიდერის ან მის მიერ მოძიებული სხვა დონორის მხრიდან. თანაბარ პირობებში, უპირატესობა ენიჭება ასეთ წინადადებებს, იყო კიდევაც შემოთავაზება ერთ-ერთი სერიოზული პროვაიდერის მხრიდან.
_ ამ ეტაპზე რა შედეგებზე ან პრობლემებზე შეგიძლიათ საუბარი?
_ ჯერჯერობით განზოგადებულ შედეგებზე ან პრობლემებზე საუბარი ნაადრევია, წლის ბოლოს უკვე შეგვეძლება გამოვიკვლიოთ, გავაანალიზოთ სიტუაცია და ვისაუბროთ დადებითზე და პრობლემურ საკითხებზეც, თუ ასეთი იქნება. რაც შეეხება ამჟამინდელ სურათს, შექმნილია სპეციალური კომისია, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. ისინი მუშაობენ გამჭვირვალედ და ობიექტურად; რაც შეეხება პრობლემებს, ძირითადად იკვეთება უკმარისობა საპროექტო წინადადებების დასაბუთების თვალსაზრისით, ანუ არგუმენტირებული დასაბუთება _ ეს არის გასაუმჯობესებელი მხარე კონკურსანტებისთვის. იყო შემთხვევები, როცა საკონკურსო წინადადება საერთოდ არ იყო კავშირში კონკურსის მიზნებთან. ესეც გასვლელი გზაა, ისინიც სწავლობენ, ჩვენც ვსწავლობთ. მთავარია, პროცესი არ წავიდეს ისეთი მიმართულებით, რომ მოხდეს მისი დისკრედიტაცია და კიდევ ერთხელ ჩაითვალოს, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა. ვნახოთ, სტარტი კარგია, უკვე მესამე კონკურსი გამოვაცხადეთ, პირველი (შედარებით მცირე ბიუჯეტით) საგნობრივი ასოციაციებისთვის იყო, კარგი შედეგებიც მივიღეთ, თუმცა იყო მცირე ხარვეზებიც, რომელთა პრევენცია გავითვალისწინეთ შემდგომ კონკურსებში. მეორე კონკურსში გამარჯვებული პროგრამები უკვე მიმდინარეობს. პროვაიდერებმა გამოაცხადეს რეგისტრაცია ტრენინგებზე და დაიწყეს კიდეც.
_როგორ განხორციელდება მონიტორინგი ამ პროგრამებზე?
_ მონიტორინგი განხორციელდება როგორც მიმდინარეობის პროცესში, ასევე საბოლოო შედეგებზე. ჩვენ გვექნება როგორც ინსპექტირების კომპონენტი, ასევე, შინაარსობრივი მხარის ხარისხის მაკონტროლებელი კომპონენტი. ძირითადი მოთხოვნა ამ პროგრამებისადმი მდგომარეობს იმაში, რომ არ შემოფარგლებოდეს მხოლოდ ტრენინგების ჩატარებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც პედაგოგის პრაქტიკაში, საკლასო ოთახში აისახება, მნიშვნელოვანია, როგორ მივა ეს შედეგი მოსწავლემდე. ამიტომაც საკონკურსო პირობებში მოთხოვნები იკვეთება არა მხოლოდ კონკრეტული ტრენინგის მიმართ, არამედ მისი თანამდევი აქტივობების მიმართ, რომელიც მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეუწყობს ხელს. ამიტომაც, საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილია პროგრამის სახით და არა ერთი მოდულის ფორმატით.
_ ბატონო გიორგი, კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მაქსიმალური გეოგრაფიული დაფარვა იყო, ახლა მიმდინარე პროგრამებში ზოგიერთი რეგიონის ( სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი) პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომობა შეიზღუდა. ასეთ შემთხვევებში, ცენტრი აიღებს ვალდებულებას იგივე სერვისი თავად მიაწოდოს რეგიონებს, რომლებიც პროვაიდერების დაფარვის ზონის მიღმა დარჩნენ?
_ რაც შეეხება გეოგრაფიულ დაფარვას, სამწუხაროდ, პროვაიდერები მაქსიმუმზე ვერ გავიდნენ, თუმცა რეგიონების უმრავლესობას ფარავენ. სხვადასხვა გზა არსებობს ამ ხარვეზის დასაძლევად; ერთ-ერთი არის ცენტრის ჩარევა. არ გვინდა, კონკურენცია გავუწიოთ პროვაიდერებს, მაგრამ თუ საჭიროება გამოიკვეთა, მაშინ დაფარვის მიღმა დარჩენილ რეგიონებს თავად მივაწვდით ანალოგიურ სერვისს.
_ ხომ არ გეგმავთ დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის რაიმე ტიპის აქტივობებს, რომელიც მათ სფეროს მიზნებში, საჭიროებებსა და სხვა საკითხებში უკეთ გაცნობირებასა და საპროექტო წინადადებების ფორმალიზების საკითხებში დაეხმარება?
_ დიახ, ჩვენ ვფიქრობთ ასეთ მხარდაჭერაზე, მაგალითად, მომავალი წლისთვის გვინდა დავგეგმოთ საგნობრივი ასოციაციებისთვის ასეთი ღონისძიებების ორგანიზება. ვფიქრობთ, საგნობრივი ასოციაციების პოტენციალი დიდია პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ისინი ყველაზე კარგად ერკვევიან კონკრეტული საგნის სწავლების სპეციფიკაში, იმ საჭიროებებში, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით იკვეთება. ამიტომაც დავეხმარებით, უკეთ შეძლონ მიზანზე ორიენტირებული პროგრამების მომზადება, შეძლონ მტკიცებულებებით გამყარებული წინადადებების შემუშავება და მათი მიზნობრიობის დასაბუთება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზეც გვყავს რამდენიმე ძლიერი საგნობრივი ასოციაცია, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს სათანადოდ პასუხობს და იმარჯვებს კიდეც. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ ორგანიზაციებს პროგრამების მიმდინარეობის პროცესშიც კი, თუ რაიმე სიძნელეს წააწყდებიან, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, მასწავლებლებმა ხარისხიანი სერვისები მიიღონ. ასე რომ, ვიწვევთ ყველა კვალიფიციურ ორგანიზაციას, ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლობას, არა უფროსისა და უმცროსის ურთიერთობას, არამედ თანასწორუფლებიან პარტნიორობას.
_ რომელ ძველ და ახალ სერვისებს შესთავაზებს მომხმარებლებს თავად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი?
_რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც ვახორციელებდით. ადრე ჩვენი ცენტრი მოაზრებოდა, როგორც ტრენინგების მიმწოდებელი და ასე აღიქვამდა გარე საზოგადოება, თუმცა ტრენინგები მხოლოდ ერთი მიმართულება, ერთი ინსტრუმენტია პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის. ამ მხრივაც ცენტრი გააგრძელებს ახალ შეთავაზებებს; ერთი სიახლე იქნება ონლაინ ტრენინგების ამოქმედება მასწავლებლებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ( რელიეფის სირთულეების გამო) ძალიან მოხერხებულია. ვმუშაობთ არამარტო ტექნიკური მიმართულებით, არამედ, შინაარსობრივი მიმართულებითაც; რთული სამუშაოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ქართულის ონლაინ სწავლება საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის, რამდენად დადებითი უკუკავშირი მოჰყვა ამ გაკვეთილებს მომხმარებლების მხრიდან და დაინტერესება _ პედაგოგთა მხრიდან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასწავლებლებისთვისაც მოხერხებული და სასარგებლო შეთავაზება იქნება. ონლაინ ტრენინგების მიმართულებით ვმუშაობთ გამოცდილ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და წლის ბოლომდე შევიმუშავებთ კონცეფციას, რომელიც დასაყრდენი იქნება ჩვენთვის; ეს იქნება ერთი სერიოზული მიმართულება ჩვენს საქმიანობაში; ასევე, ისევ ცენტრი განახორციელებს მასიური გადამზადების კომპონენტს, რადგანაც პროვაიდერები ვერ გაწვდებიან. მაგალითად, მილენიუმის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების მიმწოდებელად ცენტრი დარჩება. ჩვენთან მიდის ცოცხალი პროცესები და მომავალშიც, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო, ცენტრი განსაზღვრავს თავის მიმართულებებს. დეცენტრალიზაცია იქნება ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც გაგრძელდება მუშაობა. ზოგადად, ცენტრი თავისი ფუნქციების მოდიფიცირების პროცესშია. ცენტრის ფუნქციები უკვე სხვა დონეზე გადადის, ის იქნება პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, ასევე უკვე ვმუშაობთ ახალ სისტემაზე, რომელიც დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ ცენტრის შიგნით, ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი. არ ვიცით, ეს საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება. ამ სტრუქტურამ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება არა მხოლოდ გარე პროექტების შეფასება, არამედ შიდა პროდუქტების, პროცესებისა და შიდა სამუშაო ძალის შეფასებაც; მთავარი მიზანი მომსახურების ხარისხის ნიშნულის აწევაა და ეს სტრუქტურა იქნება პასუხისმგებელი ამ საკითხებზე; სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, დაველოდოთ შედეგებს. დარწმუნებული ვართ, რომ სწორი გზით მივდივართ. ახლა მთავარია, მიზანზე მიმართული, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა.