ირაკლი ჭრელაშვილი – პერსპექტიული ქართველი მხატვარი ამერიკაში
“ვინმეს რომ ეკითხა, როგორ დაახარისხებდი შენს ცხოვრებასო, ვეტყოდი რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა. ძველ და ახალ წელთაღრიცხვას მახსენებს ის ფაქტი, რომ ჩემს ცხოვრებაშიც არის ერთი გარდატეხის მომენტი, რომელიც მას ორ ნაწილად ყოფს, ამერიკამდე და ამერიკის შემდეგ. ირაკლი ჭრელაშვილის ისტორია იწყება ჩემი დაბადებიდან, ხოლო იკა ტრეის (Ika Trey) უკვე ამერიკაში წასვლის შემდეგ. აქედან ალბათ მეორეა უფრო საინტერესო. უკვე ორი წელი გავიდა რაც დავტოვე ჩემი სახლი და მეგობრები. აქ გადავწყვიტე რომ ხელოვნებას გავყოლოდი მთელი ჩემი არსით. ახლა რატგერსის უნივერსიტეტში ვამთავრებ პირველ კურსს სახვით ხელოვნების ფაკულტეტზე” – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს დამწყები, მაგრამ ძალიან პერსპექტიული მხატვარი. უფრო დეტალურად კი მისი ცხოვრების შესახებ ინტერვიუდან გავიგებთ:
– როდის მიხვდით, რომ მხატვრობა იყო ის სფერო, სადაც თავს კარგად იგრძნობდით?
-ჩემი ოჯახი ახლოსაა ხელოვნებასთან, მამაჩემი მხატვარია, ასევე ჩემი ძმაც და დაბადებიდან ასეთ გარემოში ვიზრდები. ხელოვნებამ სერიოზულად კი მაშინ გამიტაცა როცა პირველი ნახატი დავხატე აკრილით. ეს მოხდა მეთერთმეტე კლასში, როცა უკვე შტატებში ვიყავი წამოსული. მაგ პერიოდში ბევრს ვფიქრობდი სად ჩამებარებინა და რა გზას გავყოლოდი. ამ ნახატმა მთლიანად ამირია თავგზა, კარგი გაგებით. ისეთი შემოქმედებითი ვნება დავიჭირე ამ ყველაფერში, რომ ვიცი, სიცოცხლის ბოლომდე ვერ გავუშვებ. ამ ყველაფრის გავლენით ერთ დღესაც მივედი დედაჩემთან და გამოვუცხადე რომ ხელოვნების ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება. აქედან დაიწყო ერთი ამბავი, ფურცლების და საღებავების ყიდვა, ხატვა, ხატვის კლასები და პორტფოლიოს შედგენა უმაღლესში გასაგზავნად. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი გამოვიდა. ახლა პირველ კურსზე ვარ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მხატვარს არ ვუწოდებდი საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ყველაფერს ვარ მოდებული, გრაფიკა, ფოტოგრაფია, ვიდეო, პერფორმანსი, მაგრამ ხელოვნების ფარგლებს რომ ვერ და არ გავცდები მაგაში ეჭვი არ მეპარება.
– ამ პერიოდში, თუ გქონდათ რაიმე წარმატება?
– ამ ორი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა. პერსონალური გამოფენა ჯერჯერობით არ მქონია (მხოლოდ სკოლაში გავხდი თვის მხატვარი ერთხელ და ნახატები დაკიდეს კედელზე), თუმცა ვპოულობ ხოლმე თვითგამოხატვის სხვადასხვა გზებს ყოველთვის. პერფორმანსი სულ ორი მქონდა: ერთი ნიუ იორკის ქუჩაში გავაკეთე (აქვე ვიტყვი რომ ეს იდეა ჩემი ძმისგან, ლაშასგან, “ვისესხე,” როგორც ვთქვი ისიც ხელოვანია გერმანიაში მოღვაწეობს რომელმაც პარიზში გააკეთა ეს პირველად). კარდონის დიდ ნაჭერზე დავწერე შემდეგი ტექსტი: “კუჭისთვის საკმარისი მაქვს, სულისთვის მომეცით რამე.” გავედი ქუჩაში, დავდექი რომელიღაც შენობის კედელთან და დავიჭირე ეს ნაჭერი. ახლა დეტალებში აღარ წავალ მაგრამ ვიტყვი რომ ეს დღე ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ მასწავლა და გამზარდა შინაგანად. ამის შემდეგ იყო გამოფენა ჩემს უნივერსიტეტში. მას აქვს ასეთი ტრადიცია (ალბათ სხვებსაც არ ვიცი), რომ ყოველ წელს მაგისტრები, რომლებიც ასევე მასწავლებლები არიან, მართავენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. დასწრება თავისუფალია. ასე რომ, მეც საკმაო ხანს ვიბოდიალე, ვათვალიერე რაც ჰქონდათ. მერე შევედი აუქციონის ოთახში. იქაც საინტერესო ამბები იყო, ზოგი ნახატს ყიდდა, ზოგი ფოტოს და ა.შ. იდეაში მხოლოდ მაგისტრებს შეეძლოთ რამის გაყიდვა, მაგრამ მაგიდაზე ყველაფერი ეწყო იმისთვის რომ ჩამოგეკიდა შენი ნამუშევარი და დაგეწერა საწყისი ფასი. ასე რომ, გადავწყვიტე გამერისკა და დავიწყე იმაზე ფიქრი, რა გამეკეთებინა აქ… სამწუხაროდ, არ მქონდა თან არც ნახატი არც ფოტო რომელსაც დავკიდებდი და ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეყიდა. ჯიბეებში ქექვაც დავიწყე და უცებ ხელში მომხვდა ერთ დოლარიანი. ნუ ამაზე გენიალური რაღა იქნება-მეთქი გავიფიქრე სიცილით და მივაკარი ეს ერთი დოლარი კედელზე. ავიღე ფურცელი, დავაწერე ჩემი სახელი, ნამუშევრის სათაური (“ფული”) და საწყისი ფასი ხუთი დოლარი. ჩემი კურსელები გაოცდნენ, რას აკეთებო, არ შეიძლებაო. მეთქი არ მაინტერესებს. მერე ერთს გული მიეცა და საკუთარი ფოტოც დაკიდა. თუმცა მაინც უმტყუნა გამბედაობამ და ორ წუთში ჩამოხსნა, არ მინდა შარში გავეხვეო. ზოგმა სურათიც გადაუღო. მოკლედ მე წამოვედი, კლასი მეწყებოდა იმავე შენობაში, მაგრამ ზემოთა სართულზე. რაღაც დროის მერე ჩამოვაკითხე ისევ ჩემს ნამუშევარს და აღმოვაჩინე, რომ ერთი ადამიანი ათ დოლარს იხდიდა ამაში. გიჟივით დავიწყე შუა ოთახში სიცილი სიხარულისგან. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა ეს გამოფენა-გაყიდვა არ იყო ინდივიდუალური და იმ ათ დოლარს არავინ მომცემდა მე, არამედ შეაგროვებდნენ და ყველა მაგისტრი გაიყოფდა თანაბრად საკუთარი გამოფენა-გაყდვიდან შემოსულ ფულს, რომელშიც მეც შევიტანე რაღაც წვლილი. ფაქტიურად ჩემს საკუთარ მასწავლებლებს ათი დოლარი “ვუშოვე.” მე, რ ათქმა უნდა, სულ არ მადარდებს, იმ ათ დოლარს მომცემენ თუ არა, მთავარი ის არის, რომ გაიყიდა. ახლა ორ სიტყვას ვიტყვი თვითონ ამ მოვლენაზე. კი ვიცინე ბევრი, მაგრამ არანაირად არ ვარ სკეპტიკურად განწყობილი ამ ყველაფრის მმიმართ. მოდი გამოვრიცხოთ ის ალბათობა, რომ ის ადამიანი არის სულელი, იდიოტი, გიჟი და ასე შემდეგ. ის ადამიანი არის ხელოვნების მასწავლებელი და ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. მან არ იყიდა ერთი დოლარი ათად, მან იყიდა კონცეპცია, აზრი, იდეა და ეს ერთი დოლარი მხოლოდ ამის მატერიალური რეპრეზენტაცია იყო. ზუსტად ვერ ვიტყვი, რა დაინახა, რადგან ყველაფერი სუბიექტურია, მაგრამ ჩემ აზრს დავწერ: ზოგადად ყველამ ვიცით, რომ ხელოვნების ნიმუშის ფასი არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის ვიზუალზე და კონცეპტუალურ მნიშვნელობაზე. ის არის დამოკიდებული ფონზე, ვისია, საიდანაა, რამდენი ხნის წინაა შექმნილი, ვინ ყიდის, ვინ ყიდულობს და ასე შემდეგ. პიკასოს გასმული ხაზი ძალიან ძვირად იყიდება. რა თქმა უნდა, ხაზში არ არის გენიალურობა, გენიალურობა არის იმ გარემოებაში, რაც ამ ხაზს ახლავს. ამითაც ერთგვარი კონცეფცია იქმნება, რაშიც ადამიანს უღირს ფულის გადახდა. აი, ამ ყველაფრის რეპრეზენტაცია იყო ის ჩემი ერთ დოლარიანი. თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ იქნება გამართლებული, თუ ის ადამიანი მაგ დოლარს შეინახავს, ჩარჩოში ჩასვამს და სადმე დაკიდებს. ამით მას ექნება ჩემი ნამუშევარი. არა დოლარის სახით, არამედ არამატერიალური, კონცეფცის სახით. ბოლოს, სულ რამდენიმე დღის წინ კი იყო შოუ Brooklyn’s Best. შოუ მიახლოებით იყო, როგორც ტელე შოუ “ნიჭიერი”, თუმცა მცირე მაშტაბის, სადაც ჩემი ნომერი შევასრულე. ეს იყო სულის ხატვა. მხოლოდ 2 წუთი მქოდა დრო. აუდიტორიიდან ამოვიყვანე ერთი ადამიანი და დავხატე მისი სული, ანუ აბსტრაქტული და ექსპრესიული ფიგურა. შოუს გამარჯვებული სამწუხაროდ ვერ გავხდი, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღე და რაც მთავარია, სიამაყის გრძნობა დამრჩა იქიდან, რომ შევძელი იქ გამოსვლა და ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც მინდოდა.
– უკვე გადაწყვიტეთ, კონკრეტულად რომელ მიმდინარეობას აპირებთ რომ გაყვეთ?
– მიმდინარეობას რაც შეეხება, ერთი კონკრეტული რამ არ მაქვს არჩეული. ყველაფერს ვედები, მაგრამ ჩემთვის ხელოვნებაში პირველ ადგილზე კონცეფცია და მისი გადმოცემა დგას. შემდეგ ემოცია და ტექნიკა. მათ წარმოჩენას ვცდილობ ჩემს ყოველ ნამუშევარშიც და პერფორმანსშიც. გეგმებზე და ოცნებებზზე ცოტა მიჭირს ხოლმე ლაპარაკი. უბრალოდ მინდა ცხოვრებას მივცე ყველაფერი, რაც შემიძლია და მისგანაც ყველაფერი ავიღო, რისი მოცემაც შეუძლია. მინდა ჩემი ხელოვნება ღმერთს მივაწვდინო, თუ არსებობს ის სადმე. ვფიქრობ ყველა ნამდვილმა ხელოვანმა მიაწვდინა თავისი ხელოვნება ღმერთს და მეც იმ მწვერვალისკენ მივიწევ და სადამდეც შევძლებ, იქამდე ვივლი.
– როგორ ფიქრობთ, კარიერას ამერიკაში გააგრძელებთ, თუ დაბრუნდებით საქართველოში?
– რაც წამოვედი, ერთი დღე არ გასულა საქართველოს მოუნატრებლად. არ არის ადვილი ასე ცხოვრება. ყველასგან მოშორებით. ხალხს ჰგონია, რადგან ადამიანი ამერიკაშია, ის აუცილებლად კარგად არის და ბედნიერია. არ არის ასე. ბევრ ემიგრანტს ვიცნობ, რომლებსაც ჩემსავით და ჩემზე ბევრად მეტად უჭირთ და ცოტა უკლიათ იქამდე, რომ დატოვონ ყველაფერი და უკან დაბრუნდნენ. მე ამბიციური ადამიანი ვარ, არ დავმალავ და ამან წამომიყვანა აქ. ჩემი გეგმები და ოცნებები მაძლებბინებენ. როცა ამას მივაღწევ დიდი სიამოვნებით დავბრუნდები უკან.
გთავაზობთ იკა ტრეის რამდენიმე ნამუშევარს:
წყარო: editori.ge