ხარისხის სამსახური გერმანულ გამოცდილებას იზიარებს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი იმყოფება. პროფესორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა და იმ პერსპექტივებსა და სიახლეებზე ისაუბრა, რასაც გერმანიის აკრედიტაციის ახალი მოდელი ითავლისწინებს. ქართველი კოლეგებისთვის გერმანული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანალოგიური ცვლილებები იგეგმება ქართულ მოდელშიც.
შეხვედრების ფარგლებში, პროფესორმა გრიმმა ისაუბრა გერმანიაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების, ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. მან ქართველ კოლეგებს გააცნო სადოქტორო, რეგულირებად და ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები. ასევე აკრედიტაციის სახეები (პირობითი აკრედიტაცია) და მისი მომდევნო პროცედურები. პროფესორმა გრიმმა ასევე ისაუბრა აკრედიტაციის ექსპერტების დანიშვნის პროცედურების, ექსპერტთა ტრენინგებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
ბოლო სამუშაო შეხვედრაზე გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს სტრუქტურისა და ფუნქციების, ასევე, შიდა რეგულაციებისა და წევრების პასუხისმგებლობის შესახებ.
პროფესორმა ასევე მიმოიხილა აკრედიტაციის იერარქია (უნივერსიტეტები, ეროვნული სააგენტოები, ENQA).
გერმანელ ექსპერტთან სამუშაო შეხვედრები Erasmus Plus-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.