როგორ ვატარებ მშობელთა კრებას
ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში პიროვნების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი ჯერ ოჯახში იწყება და შემდგომ, სკოლაში გრძელდება. სრულყოფილი , ჰარმონიული პიროვნება კი ყალიბდება მაშინ,როდესაც ეს ორი უნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საერთო ღირებულებებს ეფუძნება, თანხმდება თავთავიანთი პასუხისმგებლობის ჩარჩოზე, თანამშრომლობს მიზნის მისაღწევად, ცვლის ინფორმაციას და ასე შემდეგ.პედაგოგის მოვალეობაა, რომ მოსწავლეს გადასცეს არა მარტო საგნობრივი ცოდნა, არამედ განუვითაროს სააზროვნო და საზოგადოებაში სათანადო ქცევის უნარები და, რაც მთავარია, ჩამოუყალიბოს სწორი დამოკიდებულებები.
სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი კლასის დამრიგებელია. მისი ვალია, მშობლებთან ერთად შეძლოს იმგვარი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კანონმორჩილი, აქტიური, მოქალაქის აღზრდას, რასაც მიზნად ისახავს ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“ და ესგ.
ჩვენს სკოლებში, ჩვეულებრივ, მშობლები დაწყებით კლასებში უფრო აქტიურობენ. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მშობლები თანდათან ,, ვერ იცლიან’’ სკოლაში მოსასვლელად, რაც მეტ სირთულეს ქმნის. მოსწავლეს ყველა ასაკში შესაბამისი სირთულეები ახასიათებს ურთიერთობების, საკუთარი თავის ძიებისა და დამკვიდრების თვალსაზრისით. მატულობს საგნობრივი დატვირთვა, თანდათან მეტი პედაგოგი შემოდის კლასში და ახალი ურთიერთობების დარეგულირება არ არის იოლი საქმე. ამ დროს მშობლის განზე გადგომა ართულებს სიტუაციას, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დაზუსტებასა და პრობლემების მოგვარების გზების შერჩევას.
მეოთხე წელია კლასის დამრიგებელი ვარ. ახლა ჩემი სადამრიგებლო მერვე კლასია, სადაც 19 მოსწავლეა. ვცდილობ, მშობლებთან საქმიანი და ამავდროულად თბილი ურთიერთობა მქონდეს. მინდა, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ მე შეძლებისდაგვარად კი ვზრუნავ მათ შვილებზე, მაგრამ მშობელი მნიშვნელოვან ფიგურად რჩება და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით, ჩემთვისაც და საერთოდ, ბავშვისთვისაც მათ მოსაზრებებს, მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემის შემთხვევაში, ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვცვლით ინფორმაციას, ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.
საერთო საკლასო პრობლემების დროს ვიწვევ მშობელთა კრებებს, სემესტრის განმავლობაში სულ მცირე, ორი კრებას მაინც ვატარებ. თავისთავად ცხადია, რომ მშობელთა კრებას, ისევე როგორც ნებისმიერ აქტივობას დაგეგმვა სჭირდება. თუ გვინდა, რომ კრება საინტერესო აღმოჩნდეს მშობლებისათვის, უნდა გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები, ინტერესები, გამოვიყენოთ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბების სხვადასხვა სტრატეგიები. მშობელი აუცილებლად უნდა გრძნობდეს ჩვენს კეთილგანწყობასა და პატივისცემას. ამიტომაც დღის წესრიგის განსაზღვრის შემდეგ ვიწყებ მოსაწვევების შედგენას. მოსაწვევი თავაზიანი მიმართვით იწყება და მასში მითითებულია კრების ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი.
კრებამდე ერთი კვირით ადრე მოსწავლეებს ვატან მოსაწვევებს, რომლებსაც მშობლების ხელმოწერით უკან მიბრუნებენ. თუ რომელიმე მათგანი დაკავებულია და ვერ დაესწრება, ის მწერს ამის შესახებ და მწერს თარიღსაც, როდის შეძლებს სკოლაში მოსვლას.
დათქმულ დროს კრება იწყება მისალმებით და აღრიცხვით. თუ მშობელთა კრება ეძღვნება სემესტრის ან წლის აკადემიური მოსწრების შეჯამებას, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ ვაცხადებ შედეგებს, ცალ-ცალკე ფურცელზე მაქვს ამოწერილი მათი შეფასება და ვურიგებ მშობლებს, თუ მე, ან რომელიმე მშობელს აქვს პირადი სასაუბრო, კრების დამთავრების შემდეგ ვსაუბრობთ ინდივიდუალურად. შეძლება, საჭიროების შემთხვევაში, კრებას არც დაველოდოთ და ისე ვთხოვოთ მშობელს შეხვედრა, ან პირიქით _ დავთანხმდეთ შეხვედრაზე.
სადამრიგებლო საქმიანობის ეფექტურობისათვის კარგი იქნება წლის ან სემესტრის დასაწყისში მშობლებს ვთხოვოთ კითხვარების შევსება, რომლის დახმარებითაც მოვკრებთ ინფორმაციას მოსწავლეთა ისეთ თვისებებზე, საჭიროებებზე, მიდრეკილებებზე, რომელთა შემჩნევა შეიძლება სასკოლო სივრცეში ვერ შევძლოთ.
ასევე, წლის ბოლოსათვის ჩვენ ვწერთ მოსწავლის დახასიათებას, რომელშიც ვსაუბრობთ მის მიღწევებზე/შედეგებზე, მის საჭიროებებზე და შემდგომში გასავითარებელ კომპეტენციებზე. კარგი იქნება, თუ ამ დახასიათებებს ინდივიდუალურად გავაცნობთ მშობლებს და მათ ყურადღებას გავამახვილებთ შვილის ინტელექტუალურ მიდრეკილებებზე.
ანა იმერლიშვილი, მცხეთის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი