საჯარო ლექცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში არსებულ დაფინანსებაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია/პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით (ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).
ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ნეირომეცნიერებების ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა მარტ საარმა, რომელიც ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქართველ მეცნიერებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ევროპული კვლევების ფონდის მუშაობაზე და ის რეკომანდაციები მისცა მეცნიერებს, რაც მათ გრანტების მოპოვებაში დაეხმარებათ.
როგორც ცნობილია, დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ბრიუსელს შორის საქართველოს ჩართულობის თაობაზე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს პროგრამაში “ჰორიზონტი 2020”, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიარდი ევროა და ეს თანხა 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებს, ინოვაციებსა თუ საუკეთესო იდეებს. პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს მოწინავე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს. “ჰორიზონტი 2020”-ის წევრობა ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ როგორც ევროპული კვლევების ფონდით ისე, მსოფლიოში ცნობილი სხვა მაღალბიუჯეტიანია ფონდების დაფინანსებით.