არჩევანი ჩვენზეა: წამალი თუ საწამლავი?!
ვფიქრობ, არ ვიდავებთ: თანამედროვე ფარმაცევტულმა ტექნოლოგიებმა დაავადებებთან ბრძოლის უპრეცედენტო შანსები შეგვძინა. თუმცა, ამავდროულად, პრობლემად გვიქცია აგრესიულად მზარდი ფარმაცევტული ბაზარი, მედიცინას კი წამლისმიერი დაავადებების სახით, ახალი თავსატეხი გაუჩინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ წამლისმიერი დაავადებები გავრცელების სიხშირით მხოლოდ ონკოლოგიურ, გულ– სისხლძარღვთა დაავადებებს, ტრავმებსა და დიაბეტს ჩამორჩება. დიახ, კიდევ ერთი შემაკრთობელი დიაგნოზი, რომლითაც მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონი ადამიანი ავადობს და 100 ათასობით იღუპება!..
ჩვენს კითხვებს პასუხობს კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაციის –– „უპირველესია, არ ავნო“–– ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსუდან ჯაში.
– ქალბატონო რუსუდან, ფაქტია, რომ ბევრ აღიარებულ პრეპარატს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დათვური სამსახურიც გაუწევია. გავიხსენოთ ჟურნალ „ლანცეტის“ 1961 წლის ცნობილი პუბლიკაცია. მასში ავსტრალიელი დოქტორ ბრაიდი წერდა პრეპარატ ტალიდომიდის გამოყენების სავალალო შედეგებზე...
– ეს შემთხვევა სამედიცინო ლიტერატურაში „ტალიდომიდის ტრაგედიის“ სახელწოდებით არის შესული. ტალიდომიდი ცნობილი ჰიპნოტიკური პრეპარატია. კვლევებმა დაადასტურა, რომ ორსულ დედებში მისი გამოყენება ახალშობილებში თანდაყოლილ სიმახინჯეებს იწვევს. ანალოგიური შედეგები მოჰყვა დიეთილ სტილბესტროლის, სხვაგვარად „სინესტროლის“ მიღებასაც. ანუ თუ პირველ შემთხვევაში იყო უხელფეხო ან მხრებზე ფალანგებმიბმული ახალშობილები, მეორეში დედის მიერ ორსულობისას მიღებული პრეპარატის შედეგები გაცილებით გვიან, მისი 30 წლის ქალიშვილის რეპროდუქციული ფუნქციის სერიოზული დაზიანებით გამოვლინდა. ამიტომაცაა, რომ ექიმიცა და მასზე არანაკლებ –– პაციენტიც დაკვირვებით უნდა მოეკიდონ წამლის დანიშვნასა და მიღებას. ლაპარაკია იმ რისკებისა და ხარჯების სათანადოდ გააზრებაზე, ნებისმიერი წამლის გამოყენებას რომ სჭირდება.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის აქტუალურია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თემა. ამ თემის ერთი მთავარი რგოლია რაციონალური ფარმაკოთერაპია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, იგი მოიცავს მედიკამენტის უსაფრთხოებას, ეფექტურობას, ხარისხს, შესაბამისი პაციენტისთვის შესაბამისი დოზით დანიშვნასა და ხელმისაწვდომობას, ანუ დაბალ ფასს.
მიაქციეთ ყურადღება: ჯანმო წამლის ეფექტურობაზე წინ მის უსაფრთხოებას აყენებს! და ეს მიდგომა გაცილებით არსებითია დღეს, როცა ფარმაცევტულ საშუალებათა არსენალი სპეციალისტებისთვისაც კი, დამაბნეველად ფართოვდება. ანუ ყველა ეს მოთხოვნა თავს იყრის ჰიპოკრატეს კლასიკურ პოსტულატში: „არ ავნო!“
– იქნებ ცოტა რამ ვთქვათ მედიკამენტების დანიშვნის დასაშვებ ნორმაზე, თუ ასეთი საერთოდ არსებობს... ვფიქრობ, პრობლემაა, რომ ბევრ პაციენტს, ყოველდღიურად უამრავი დანიშნული წამლის მიღება უხდება.
– დავაზუსტებ: წამლის ჭარბად მოხმარების პრეცედენტები გვაქვს როგორც დანიშნულებითი მკურნალობის, ისე ჩვენში საკმაოდ პოპულარული თვითმკურნალობის შემთხვევაშიც. თანამედროვე კვლევები გვარწმუნებს, რომ ექიმისა თუ თავად პაციენტის სწორი მიდგომებით, 90 პროცენტის შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება. ეს მით უფრო ასეა ბავშვის მკურნალობისას, როცა ბევრი რამ სწორედ უწამლოდ, ანუ მეძუძური დედისა და ბავშვის სწორი კვებით, ჰაერზე ყოფნით და ჰიგიენის დაცვით შეიძლება მოგვარდეს. თუმცა არის სხვა შემთხვევებიც, როცა ბავშვისთვის ერთდროულად გვიწევს რამდენიმე დასახელების მედიკამენტის დანიშვნა. ბოლო დროის ტენდენციით, რუსები თანდათან ელევიან უცხოეთში „აგრესიულ რუსულ თერაპიად“ მონათლულ ამ პრაქტიკას, ჩვენს ექიმებს კი რატომღაც ისევ იტაცებთ.
რა „სიკეთე“ მოაქვს ამ გატაცებას ჯანმრთელობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რომლის დონეც პრეპარატების შესაბამისად მერყეობს. მაგალითად, თუ 3 წამლით 18–20 პროცენტიანი ინტოქსიკაცია შეიძლება მივიღოთ, 5, 6 და მეტი სახეობის მედიკამენტის გამოყენებისას ეს მაჩვენებელი 81–86 პროცენტამდე იზრდება. ეს ინფორმაცია სათანადო გამოთვლებითა და სერიოზული კვლევებით არის დადასტურებული.
– თქვენ აშშ და ევროპის კლინიკური ფარმაციის ასოციაციების წევრი ხართ და ალბათ გაქვთ ინფორმაცია, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევებში უცხოელი ექიმები?
– ხელმძღვანელობენ გაიდლაინებით, რომლებიც უკვე ჩვენთანაც არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მათი გაცნობა. ლაპარაკია კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციებზე, რომლებიც ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში, კლინიცისტებსაც და პაციენტებსაც, სწორი სამკურნალო გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები სრულ თანხმობაშია რაციონალური ფარმაკოთერაპიის კრიტერიუმებთან. ასე რომ, ექიმი, უნდა მოერიდოს მასში ჩაუხედავად წამლების დანიშვნას.
გაიდლაინების რეკომენდაციები დაავადების მკურნალობაა, რომელიც ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს. ასეთ შემთხვევებში, წამლის ინდივიდუალურად შერჩევისას, უცხოეთში გამოიყენება კლინიკური ფარმაკოლოგის კონსულტაცია. ეს პაციენტს წამლის გვერდითი ეფექტებისგანაც იცავს და ფინანსურ დანახარჯებსაც უმცირებს.
– რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმისთვის იმის ცოდნა, ვთქვათ, რა ინტენსიობისა და ხასიათის იყო პაციენტის ადრინდელი მედიკამენტოზური დატვირთვები?
– უაღრესად მნიშვნელოვანია. პირადად, ჩემთვის, დაავადების ანამნეზზე არანაკლებ ღირებულია პაციენტის მედიკამენტოზური ანამნეზის ცოდნა. ამ ინფორმაციის გაანალიზება ბევრს მაძლევს. მქონია შემთხვევები, როცა ამგვარი ანალიზის მერე ავადმყოფისთვის ერთბაშად მთელი დანიშნულება მომიხსნია.
არავინ დავობს თანამედროვე ფარმაციის არნახულ შესაძლებლობებზე, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს წამლისმიერი დაავადებები, რომლებზეც ადამიანებმა ძალიან ცოტა რამ იციან, ამიტომ სერიოზულადაც ზიანდებიან. მინდა ვთხოვო მოსახლეობას: კარგად გაიაზროს, რომ წამალი პანაცეა კი არა, საკმაოდ სახიფათო ნივთიერებაა, რომელსაც დადებითთან ერთად, აქვს გვერდითი მოვლენებიც. წამალთან მუდმივად უნდა იფრთხილო! ჩვენი ასოციაციის მიზანია, ასწავლოს ეს სიფრთხილე მათ, ვინც შეჩვეულია თვითნებურად წამლის მიღებას.
– რა იგულისხმება წამლის სწორად გამოყენებაში, ან რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას?
– აუცილებლად უნდა წავიკითხოთ წამლის ანოტაცია! საქართველოში ამ თვალსაზრისით ჯერაც ბევრი რამაა დაურეგულირებელი. მაგალითად, როცა ექიმი პაციენტს ეუბნება, აუცილებლად გაეცანი ანოტაციასო, ცხადია, არ უნდა იდგეს ქართულენოვანი ანოტაციების პრობლემა. ამას წინათ მეზობელმა შემომიტანა წამალი, რომელსაც ანოტაცია პორტუგალიურ ენაზე ჰქონდა. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყიდებოდეს ჩვენთან პორტუგალიურენოვანი ანოტაციის მქონე წამალი? პაციენტს აქვს დანიშნული წამლის ჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების გაცნობის უფლება, ჩვენთან კი ზოგჯერ ამას ექიმიც ვერ ახერხებს! ცხადია, ვერც შეძლებს, თუ წამალს არ ექნა ქართულენოვანი ანოტაცია!
მახსოვს, ამ 4–5 წლის წინათ, სტოკლჰოლმში, სამეცნიერო კონფერენციაზე, დანიელების ნაშრომში ლაპარაკი იყო კოპენჰაგენში მცხოვრებ ახალი ტიპის მომხმარებელზე: ადამიანებზე, რომლებიც არაფრით იძენდნენ წამალს ანოტაციის გაუცნობლად! მეცნიერებმა შეისწავლეს მათი ასაკობრივი მონაცემები. აღმოჩნდა, რომ იყვნენ ახალგაზრდა დედები და ხანდაზმულები. ანუ ის კონტიგენტი, რომელიც ჩვეულებრივ, წამლის ყველაზე ინტენსიური მომხმარებელია. აი, ეს არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არა ის, რომ მეზობლის ან მეგობრის რჩევით, ვყლაპოთ რაღაც გაურკვეველი აბები.
რაც შეეხება წამლის მიღების წესების დაცვას... აქ ამოცანა ერთადერთია: ორგანიზმმა უნდა შეძლოს სათანადოდ მისი შეწოვა და შეთვისება. როცა წამალს პერორალურად, ანუ პირიდან ვიღებთ, მას ორგანიზმში აუცილებლად უნდა დახვდეს ასე ვთქვათ, „გამხსნელი“ გარემო. ზოგი წამალი იხსნება კუჭის წვენში, ანუ მჟავე არეში, ზოგი კი –– ტუტე არეში. მისი მიღების დროც, ანუ კვებამდე თუ კვების შემდეგ, ამის მიხედვით განისაზღვრება. ზოგადად კი, აუცილებელია ანოტაციაში ჩახედვა, რადგან წამალი მხოლოდ სწორი გამოყენების შემთხვევაში არის წამალი, თორემ სხვაგვარად, მისგან ღვიძლი , თირკმელები, სისხლი ზიანდება!
– როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ერთდროულად 3 ან 5 წამალი გვაქვს დანიშნული?
– ორი წამალი, სულ მცირე, 2–3 საათიანი ინტერვალის დაშორებით მაინც უნდა მიიღოთ. მით უფრო, თუ 3 და 4 წამალი დაგენიშნათ. წარმოიდგინეთ, მათი გადამუშავება ღვიძლს რა შრომად უჯდება. ამ პრობლემას სერიოზულად ვსწავლობთ კლინიკური ფარმაკოლოგები. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ წამლის არასწორი მიღებისას, მის გარდაქმნასა და გამოყოფაში მონაწილე ყველა ორგანო მნიშვნელოვნად ზიანდება. ასე რომ, წამლის უკონტროლო მიღებისას, მის სიკეთეზე ხშირად მართლა არაფერია ხოლმე სათქმელი.
ამ ორი წლის წინათ, კონგრესზე, ძალიან ცნობილი კვლევის ფარგლებში წარმოადგინეს სავარაუდო რისკჯგუფები, რომლებიც წამლის მიღებით ჩვეულებრივ, ყველაზე მეტად ზიანდება. ეს იყვნენ ბავშვები (ანუ 15 წლამდე), ფერტილური ასაკის, ანუ შვილოსნობის უნარის მქონე ქალები და ორივე სქესის წარმომადგენლები, 50 წლის შემდგომ.
– გამოდის, რომ წამლისმიერი დაავადების რისკქვეშ დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი ყოფილა... როგორ მოვიქცეთ, თუ ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ვთქვათ, ორსულსა და ბავშვზე შეუსწავლელია მათი წამლის გვერდითი მოქმედება?
– როცა წერია, არ არის შესწავლილიო, უნდა მიხვდე, რომ ეს ფარმაცევტული კომპანიის ელემენტარული თავდაცვაა და თავი შეიკავო ექსპერიმენტირებისგან! ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება ყველაზე სარისკოა სწორედ ამ მითითებული კონტიგენტისთვის!..
– ქალბატონო რუსუდან, თქვენ ცნობილი ხართ იმით, რომ მკურნალობისას პრეპარატების მინიმალური ოდენობით იფარგლებით...
– დიახ, მე პრინციპულად ვეწინააღმდეგები რამდენიმე წამლის ერთდროულად დანიშვნას. მიმაჩნია, რომ, ორგანიზმისთვის ეს ხშირად სრულიად უსარგებლო დატვირთვაა, განსაკუთრებით –– ბავშვის შემთხვევაში. თავადაც, ნაკლებად ვენდობი ექიმს, რომელიც ხელაღებით ხუთ–ექვს და ხშირად მეტ პრეპარატსაც ნიშნავს. ვერც კი აგიხსნით, რა ძვირი ჯდება ამგვარი დანიშნულებები! უამრავი პაციენტი მიმიღია ასეთ წამლისმიერ გართულებათა გამო, მაშინ, როცა ექიმს, ერთდროულად მაქსიმუმ სამი წამალი უნდა დაენიშნა და უკეთეს შემთხვევაში, მონოთერაპიით შემოფარგლულიყო. ზოგჯერ ავადმყოფი უწამლოდაც კი შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან. ამის მაგალითი ბევრია ჩემს პედიატრიულ პრაქტიკაში.
როცა დედას ამა თუ იმ სიტუაციაში ყურადღების მისაქცევ დეტალებს ვასწავლი, ზუსტად ვიცი, რომ ბავშვს წამალი აღარ დასჭირდება და მართლაც იწყებს ხოლმე გამოკეთებას. ბავშვები ის კონტიგენტია, რომლთა პრობლემებს უწამლოდ ყველაზე იოლად მოაგვარებ. მთავარია მათი მდგომარეობის სწორი გააზრება, სწორი კვება, სწორი ჰიგიენა და პრობლემაც უკან იხევს...
საქართველო ხომ მზის ქვეყანაა, მზე თავს ზამთარშიც კი არ გვანატრებს. ბავშვს არ უნდა მოვაკლოთ ეს სიკეთე; უნდა შევეცადოთ, მუდმივად გვყავდეს სუფთა ჰაერზე, შევურჩიოთ სწორი კვება და დავიცვათ დღის რეჟიმი. აუცილებელია ამ ყველაფრის მეძუძურისთვის სწავლება. როგორც კი შევხედავ პაციენტს, კარგად ხანსაც რომ არ მყავდეს ნანახი, მაშინვე ვხვდები, მისმა მეძუძურმა დედამ რა არ მიირთვა სწორად. გაიკვირვებენ ხოლმე, როგორ მიხვდითო... რა თქმა უნდა, ბავშვმა „მითხრა“. ბავშვს ყოველთვის ეტყობა, დედამ რა მოაკლო და რა ზედმეტი მისცა.
ასევეა არასწორი კვების შემთხვევაშიც: ზომიერების დაუცველობას აქაც სავალალო შედეგები მოაქვს. მახსოვს, ერთი ასეთი შემთხვევა ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან... პაციენტს დაუნიშნეს რამდენიმე წვეთი სტაფილოს წვენი, მაგრამ მზრუნველმა ბებომ მთელი ჭიქა დაალევინა. ანუ წამლის ზედოზირებაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ ბავშვი საოცრად დამძიმებული იყო!
წამალთან მით უფრო გვმართებს ეს სიფხიზლე! გახსოვდეთ „არ ავნო“! შეინარჩუნეთ სიფრთხილე წამლებთან, მინიმალურად ისარგებლეთ მათით და არ იუცნაუროთ, თუკი ექიმი წამლის ნაცვლად ბავშვის სუფთა ჰაერზე გასეირნებას გინიშნავთ. სწორად გაუგეთ. დამერწმუნეთ, სწორედ ეს ექიმი ფიქრობს თქვენსა და თქვენს შვილზე და არა ის, ვინც დიდი რაოდენობით წამალს გინიშნავთ. იყავით კეთილგონიერები, რადგან საბოლოოდ, მაინც თქვენ ირჩევთ, რა გიჯობთ, წამალი თუ შხამი!
დანარჩენი – ჩვენს ფეისბუქგვერდზე, რომელსაც ჰქვია: „უპირველესია, არ ავნო“! გაეცანით ჩვენს ინფორმაციას. ვიმეგობროთ. ერთად დაგვძლიოთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა!