საკადრო რეზერვის პრეტენდენტებისთვის კონკურსის მეორე ეტაპი იწყება
თბილისის ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად ჩატარებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან, რაიონების მიხედვით, დაიწყება. გასაუბრება დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე მიწვეული იქნება ყველა კონკურსანტი, რომელმაც ტესტირების ეტაპზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა. ტესტირების უმაღლესი ქულა 60 იყო.გასაუბრების მაქსიმალური შედეგი 40 ქულას შეადგენს (ჯამურად, 100 ქულა). გასაუბრებაზე შემოწმდება კონკურსანტის კვალიფიკაცია და პიროვნული უნარ-ჩვევები.რაც შეეხება სხვადასხვა პოზიციაზე დასასაქმებლად საჭირო კომპეტენციის ზღვრებს, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტი) პოზიციის დასაკავებლად პრეტენდენტმა ჯამურად 85 ქულა უნდა მოაგროვოს, აღმზრდელის პოზიციაზე - 70 ქულა, აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე - 60 ქულა. გასაუბრებას ჩაატარებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და კოორდინაციის სამსახური. შესაბამისი ჯამური ქულის დაგროვების შემთხვევაში, კონკურსანტი ჩაირიცხება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო რეზერვში და ვაკანსიის გაჩენისთანავე, თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაგა-ბაღში ეტაპობრივად დასაქმდება. შეგაახსენებთ, რომ ტესტირება საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციებზე 10 იანვარს ჩატარდა. ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21 ქულა (35%) იყო. ტესტი შედგენილი იყო 60 დავალებისგან, რომელთაგან 30 ზოგადი უნარ-ჩვევების, ვერბალურ და რაოდენობრივ კომპეტენციას, 30 კი -პროფესიულ უნარ-ჩვევებს მოიცავდა. ტესტირების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აპლიკანტს აპელაციის შესაძლებლობა ჰქონდა.