წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში, 24 თებერვალს, პირველად აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.
ასოციაცის მიზანია, საქართველო შეურთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, გამომცემლობების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საქართველოში წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. 24 თებერვალს მთელი დღის მანძილზე იგეგმება თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსტეტებში, როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებში, და საჯარო კითხვის მოწყობა, ღონისძიებაში ჩაერთვებიან წიგნის კლუბები, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უმასპინძლებენ ავტორებს ან მათი წარმომადგენლები წიგნის კითხვის აქციით თავად მისცემენ მაგალითს საზოგადოებას.
აღნიშნული აქტივობების შემდეგ 24 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოწვეული ავტორები საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და იქვე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდება ტრადიციული პრემია და წელს პირველად გამოვლინდება „წლის წიგნის ქომაგი“.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტში. იმისათვის, რომ საქართველოში გამართული ღონისძიება იყოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, უნდა შეიქმნას მიმზიდველი გარემო, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას.
ამისათვის ასოციაციას დაგეგმილი აქვს შემდეგი ნაბიჯები:
* ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება იმართება საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld“-თან (http://www.litworld.org/) კონსულტაციით, რომელიც ამ ივენთის ორგანიზატორია საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მათი დახმარებით ჩატარდება. ასევე მათი რესურსების საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.
* წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქვეყნის მასშტაბით ოთხ ქალაქში გაიმართება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მოეწყობა წიგნის კითხვის ცენტრები, სადაც მკითხველი შეხვდება თანამედროვე ქართველ ავტორებს.
* ინიციატივაში ჩართვა, ღონისძიების ძირითადი ცენტრების გარდა, ყველა მსურველს შეეძლება. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის მრავალფეროვნებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით ასოციაცია დაუკავშირდება უნივერსიტეტებს, სკოლებს, წიგნის მაღაზიებსა და კულტურის ცენტრებს, რათა სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და წიგნის მოყვარულები გახდნენ ამ მსოფლიო ღონისძიების ნაწილი. ღონისძიების ფარგლებში თითოელ საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფებსა თუ ავტორებს შეუძლიათ კერძო ინიციატივებით მიმართონ ღონისძიების ორგანიზატორებს და საერთო ქოლგის ქვეშ გამართონ საკუთარი ღონისძიება. ივენთის ჩატარების შემდეგ კი გამოაგზავნონ ფოტო თუ ვიდეო მასალა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება და შევა ღონისძიების საერთო ანგარიშში.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
წყარო: http://editori.ge/