,,ძველი“ სქემის შეფასებების სააპელაციო პროცესი დასრულდა
2011-2014 წლებში მოქმედი პროფესიული განვითარების სქემის შეფასებების აპელაციის პროცესი დასრულდა.
განმეორებით შეფასების მსურველი მასწავლებლებისგან ცენტრში სულ 1226 სააპელაციო განაცხადი შევიდა. სააპელაციო კომისიამ, სხვადასხვა მიმართულებით, სრული ან ნაწილობრივი კრედიტები მიანიჭა შეფასების მსურველ მასწავლებელთა 81%.
,,განათლებულმა საქართველომ “ ამ თემაზე სასაუბროდ მიმართა კახა ჟღენტს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის“ მენეჯერს.
_ ბატონო კახა, როგორია ეგრეთწოდებულ ძველ სქემაში ჩართული პედაგოგების შედეგები ამ ეტაპზე?
_მთლიანობაში, ძველ სქემაში ჩართული, შეფასების მსურველი 5266 მასწავლებლიდან დადებითი შეფასება მიიღო:
- სასწავლო პროცესის დაგაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით _70 %-მა ;
- სასწავლო რესურსების შექმნის მიმართულებით _ 39%-მა;
- პროფესიული განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით _ 55% -მა.
შეფასებულთა 28%-მა (1449) მიიღო 6 კრედიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, მათი კარიერული წინსვლის შანსი გაიზრდება. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ მასწავლებლების უმრავლესობამ წარმატებით დაასრულა შეფასების პროცესი და მყარი საფუძველი ჩაუყარა ახალ სქემაში საკუთარ კარიერულ წინსვლას. აქვე დავძენ, რომ ცენტრს შეფასების თაობაზე მიმართა ორასზე მეტმა მასწავლებელმა, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ძველ სქემაში. შესაბამისად, ცენტრი ვერ განახორციელებდა მათ შეფასებას.
_ სოციალურ ქსელებში შეფასებით გამოწვეული ვნებათაღელვა გრძელდება...
_ ცენტრმა უკვე დაიწყო აპელაციის შედეგების eschool-ის პროგრამაში ეტაპობრივად განთავსება. ყველა მასწავლებელი, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეფასდა დადებითად, მიიღებს სააპელაციო კომისიის დასკვნას. ვფიქრობთ, ეს განმავითარებელი შეფასების სახით, დაეხმარება მათ შემდგომი პროფესიული განვითარების დაგეგმვაში. ვისაც არ დააკმაყოფილებს ეს დასკვნა, შესაძლებლობა ექნება მიმართოს სასამართლოს. თუ თვალს მივადევნებთ კომენტარებს სოციალური ქსელებში, ბევრ რამეზე შეიძლება ვიმსჯელოთ. მაგალითად, როცა ერთი პედაგოგი კმაყოფილებას გამოთქვამს აპელაციის შედეგად კრედიტების მოპოვების გამო, მეორე დაახლოებით ასეთ კომენტარს აკეთებს: მე თუ მოსწავლეს ნიშანი დავუწერე, მერე ის მოვიდა პრეტენზიით და მე მოვუმატე ნიშანი, ეს არის პროფესიონალიზმიო? აი, ასეთია მისი დამოკიდებულება. არადა, სწორედ შეცდომის დანახვა, გამოსწორება არის წინსვლის ერთი საფუძველი. შეფასების ერთ-ერთი მიზანი არის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. თუ ადამიანი დაეთანხმა შეფასებას, გაიაზრა საკუთარი ხარვეზები, ის უკვე ხედავს კონკრეტულ საჭიროებებს საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის.
_მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობა პირდაპირ, ანუ რაოდენობრივად არ აისახა შეფასების სიტემაში.
_მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა თავიდანვე განაცხადა, რომ შეფასების მიზანი იყო ხარისხის დადგენა და არა _ აქტივობების რაოდენობა. გარდა ამისა, განსაზღვრული იყო კრედიტების მაქსიმუმი, რომელიც აისახებოდა ახალ სქემაში. მთავარი დოკუმენტი აქ უნდა ყოფილიყო პროფესიული განვითარების ანალიზი: რა საჭიროება ჰქონდა პედაგოგს, რატომ დაგეგმა ეს ტრენინგი, რა სიახლე წამოიღო იქიდან, როგორ გამოიყენა პრაქტიკაში, რა შედეგებზე გავიდა... სამწუხაროდ, რეფლექსიის დოკუმენტი ბევრმა არ ატვირთა. ზოგიერთი გვედავება, რომ ეს მოთხოვნა მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული. არადა, ეს ნამდვილად მითითებულია მეშვიდე მუხლში. ამ პროცესებმა აჩვენა, რომ მასწავლებელთა ნაწილი ყურადღებით არ გაეცნო შეფასების კრიტერიუმებს, დოკუმენტების მომზადებისა და წარდგენის წესებს. გასაგებია, იმ მასწავლებლების განწყობა, რომელთაც ჰქონდათ სურვილი მიეღოთ მაქსიმალური შეფასება, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ჩვენი აზრით, შედეგები დადებითად უნდა ჩაითვალოს, როდესაც ხუთი ათასზე მეტი მასწავლებლიდან დადებითად ფასდება 4000-ზე მეტი.
_ დოკუმენტების ატვირთვასთან დაკავშირებით, ბევრმა ხარვეზმა იჩინა თავი. იქონია თუ არა გავლენა ამ ხარვეზებმა შეფასებაზე?
_შეფასების პროცესში გამოიკვეთა ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების დეფიციტს, შესაფასებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში უხარისხო წარმოდგენას, eschool-ის პროგრამაში მათ არასწორად ატვირთვას. ჩვენ რომ დოკუმენტების სისტემატიზაციისადმი მკაცრი მოთხოვნების გზით წავსულიყავით, ბევრად უარესი შედეგი გვექნებოდა. ტექნიკური ხარვეზები ახლდა სკოლებიდან დოკუმენტების ატვირთვის პროცესს. ეს გავითვალისწინეთ: როცა ,,ემისი“ გვიდასტურებდა, რომ დოკუმენტი დაიდო და მერე მოიხსნა, ასეთ შემთხვევაში, ვაძლევდით ხელახლა გადმოგზავნის საშუალებას. შეფასების დროს, ასევე, გავითვალისწინეთ სხვადასხვა გარემოებები და გარკვეულ ზღვრამდე დავწიეთ თამასა, ბუნებრივია, სქემაში ჩართულთა ნაწილი მაინც დარჩა მის ქვემოთ.
_ბატონო კახა, განსხვავებით ,,ახალი“ სქემისაგან, ,,ძველ“ სქემაში მასწავლებელი თავისი სურვილით ერთვებოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას ჰქონდა ამბიცია გამკლავებოდა კრიტერიუმებს სამივე მიმართულებით... ასეთ შემთხვევაში, რამდენად გამართლებულია თამასის დაბლა დაწევა?
_ ჩემი სუბიექტური შეხედულებით, ეს მიდგომა სწორად მიმაჩნია და რატომ: საერთაშორისო გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით, ადასტურებს ერთ რამეს _ თუ გსურთ განახორციელოთ ცვლილებები სასწავლო პროცესში, მხოლოდ ახალი კადრების მოზიდვით ამას ვერ გააკეთებთ, პროცესის აღძვრისათვის უნდა მოახერხოთ სკოლაში ამჟამად დასაქმებულთა მოტივირება, მათთვის ახალი გზის დანახვება, რომ წამოგყვნენ, რომ ეს ჯგუფი არ ჩაიკეტოს. ამიტომაც, იმას, რასაც დღეს სხვა უწოდებს ,,თამასის დაწევას“, ჩვენ მოტივირებას ვუწოდებთ. მაგალითისათვის, როდესაც მე ვხედავ, რომ ორ ადამიანს შორის, თუნდაც რეგიონში, სოფლის სკოლაში, ერთი არ იზარებს პროექტორის გამოტანას, საპრეზენტაციო ფაილის მომზადებას, საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას, თუნდაც მარტივად, მაგრამ მაინც, ხოლო მეორე არ აკეთებს ამას, ცხადია პირველს ეს უნდა დადებითად შეუფასდეს.
_ რა საჭიროებები გამოიკვეთა ,,ძველი“ სქემის დასკვნით ეტაპზე?
_ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სკოლებში მწვავედ დგას თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბების, კეთილგანწყობილი გარემოს დამკვიდრების პრობლემა. საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების დეფიციტის გამო, მოხდა ისე, რომ მასწავლებლებმა შეფასებაზე ინფორმაცია მიიღეს ადმინისტრაციის გავლით. სადაც ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართა, შედეგებს აჟიტირება არ მოჰყოლია, მაგრამ სადაც ეს შედეგები იქცა შედარება-დაპირისპირების, ნიშნის მიგების საგნად, იქ აღქმაც უფრო მტკივნეული იყო. ეს არაჯანსაღი და დასაძლევი ტენდენციებია, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შიდა შეფასების ჯგუფების მუშაობაზეც. საერთოდ ქართულ სკოლას მოუწევს თავის სივრცეში დაამკვიდროს ღია და გახსნილი თანამშრომლობის კულტურა, როცა კოლეგები ერთმანეთს თვალებში უყურებენ და ისე საუბრობენ პრობლემებზე, ისე აფასებენ ერთმანეთს, როცა თუნდაც უმწვავესი დებატები კორექტულად და საქმის სასიკეთოდ იმართება. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, აუცილებელია მასწავლებლები მიეჩვივნენ, გაუშინაურდნენ, იმ დოკუმენტებს, რომელიც კრავს მათი პროფესიული შეფასების კრიტერიუმების ჩარჩოს: მასწავლებლები უნდა კითხულობდნენ ესგ-ს, პროფესიულ გზამკვლევებს, კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული პროფესიული სტანდარტი, პროფესიული ეთიკა; და კიდევ ერთ საჭიროებას დავასახელებ, რაც აუცილებელი და გადაუდებელია: ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა-გამოყენება, თანამედროვე სასწავლო პროცესი ამის გარეშე წარმოუდგენელია.