თბილისის 121-ე ბაღმა მუშაობა დაიწყო
თბილისის, ვაზისუბნის დასახლების I მკ/რნ-ში მდებარე 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში, სწავლა 8 თებერვლს განახლდა. 250000 ლარის ღირებულების პროექტი, წყალგყვანილობა-კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას, ელექტრომომარაგების განახლებას, სააღმზრდელო ოთახების შიდა სივრცეების მოწესრიგებას, ასევე, სპორტულ-გასართობი დარბაზის მოწყობას ითვალისწინებდა. ბაღში, სადაც ამჟამად 470- მდე ბავშვი ირიცხება, კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი შეიქმნა. თავისუფალი ფართის ათვისების შემდეგ, ბაღში დამატებით 35 ბავშვისთვის დაიწყო სააღმზრდელო პროცესი.
„ამ საბავშვო ბაგა-ბაღში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. გამოვაცხადეთ ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და დღეს უკვე ჩვენს პატარებს ასეთ ლამაზ გარემოში უწევთ ყოფნა. დარჩენილია გარე ფასადის მოწესრიგება და ზაფხულში ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. აღსანიშნავია, რომ შარშან დედაქალაქის 125 საბავშვო ბაღი გავარემონტეთ“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ.განახლებული ბაგა-ბაღი დღეს ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ დაათვალიერეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით სარემონტო სამუშაოები კიდევ ოცამდე ბაღში ჩატარდება.