პრესასკოლო განათლების ევრო-ამერიკული გზა
გაინტერესებთ, არის თუ არა საბავშვო ბაღები ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებები, სხვა ქვეყნებში? სკოლამდელი განათლება და სასკოლო მზაობის პროგრამები ყველა ნორმალური ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც...
„ნული კლასი“ ბაღში
აშშ-ში სკოლამდელი განათლების პროვაიდერები საბავშვო ბაღები, ბაგები, სკოლამდელი აღზრდის ცენტრები არიან. ხელისუფლება აქტიურად ეხმარება და აძლევს სტიმულს ამ დაწესებულებების ფუნქციურ სრულყოფას. ბავშვის პრესასკოლო მზაობისთვის სახელმწიფო ოჯახებს აფინანსებს კიდეც. სასკოლო მზაობის პროგრამებში ჩართვით და ბავშვის განვითარებაზე დროულად დაწყებული ზრუნვით, ამერიკის განათლების სისტემამ შესძლო, ქვეყანაში განათლების დონის მკვეთრად ამაღლება. პერსპექტივაში, ბავშვებს სხვადასხვა უნარის ადრეული განვითარებით, მიეცათ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მეტი შანსი.
ხუთი წლის ამერიკელები უკვე იღებენ განათლებას საბავშვო ბაღების „ნულ კლასებში“. აქ ისინი შეუმჩნევლად გადადინ აქტიური თამაშებიდან კითხვაზე, თვლასა და წერაზე. საბაღო „ნული კლასი“ ერთგვარი შეჩვევა სკოლის პირველი წლისთვის.
ხუთ წელს მიღწეული ამერიკელი ბავშვების ნახევარზე მეტი, საჯარო სკოლების სკოლამდელ განყოფილებაში სწავლობს. თუმცა მშობლების ნაწილი ამჯობინებს, თავისი პატარები მხოლოდ კერძო სკოლამდელ დაწესებულებებში მიიყვანონ. კერძო ბაღები ბავშვების განათლებას უდიდეს ყურადღებას აქცევენ, რადგან ლიცენზიის მოპოვებისას სახელმწიფო ამ პუნქტის დეტალურ განსაზღვრას და შესრულებას მოითხოვს. ამერიკული სკოლამდელი განათლების მთავარი პოსტულატია: ბავშვს მოექეცი, როგორც თანატოლს. ბავშვი პიროვნებაა, რომელსაც უნდა მოუსმინო და მის არჩევანს პატივი უნდა სცე. მას სჭირდება სწორი მიმართულების მითითებაც, არა ბრძანებით, არამედ- საუბრით და გაგებით.
„დედების სკოლა“- საუკეთესო პრესასკოლო სისტემა
სკოლამდელი ასაკი საფრანგეთში 2 -დან 5 წლამდეა. ამ ასაკის პატარების უმეტესობა სახელმწიფო სკოლამდელ დაწესებულებებში დადის. იქ სწავლა ნებაყოფლობითი, თანაც უფასოა. საფრანგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, იგივე „დედების სკოლა,“ თავისი სტრუქტურით ჩვენს საბავშვო ბაღებს წააგავს. იქ ბავშვები 2-3 წლის ასაკში იწყებენ სიარულს.
საფრნგეთის ბაღებში ბავშვები სამ ასაკობრივ ჯგუფებად იყოფიან: 2- 4 წელი(პირველი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც მხოლოდ თამაშობენ), მეორე, საშუალო ასაკობრივ ჯგუფში(4-5 წ) ბავშვები ძერწავენ, ხატავენ, ეუფლებიან სხვადასხვა უნარებს, კომუნიკაციის ზოგად, მარტივ წესებს. მესამე-უფროს ასაკობრივ ჯგუფში(5-6 წელი) პატარები სწავლობენ კითხვას, თვლას, წერას.
საფრანგეთის საბავშვო ბაღები მუშაობენ კვირაში 5 დღე, დღეში ექვსი საათის მანძილზე. თუმცა დიდი ქალაქების ბაღებში, მშობლების დაკავებულობის გამო, სწავლა დილაადრიან იწყება და 18-19 საათი გრძელდება.
ფრანგულ სკოლამდელი განათლების სისტემას ხშირად აკრიტიკებენ, ზედმეტი სიმკაცრის და ბავშვისთვის ადრეულ ასაკში თავისუფალი არჩევანის არ არსებობის გამო. მიუხედავად ამისა, „დედების სკოლა“ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სკოლამდელი განათლების მაგალითად ევროპაში.
ძვირი სკოლამდელი განათლება
იტალიის განათლების სისტემა ოთხი საფეხურისაგან შედგება: სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება. განათლება იტალიაში კანონით სავალდებულოდ ითვლება არა მხოლოდ იტალიელებისთვის, არამედ იტალიაში კანონიერად მცხოვრები ყველა უცხოელისთვის. თუმცა ეს არ ვრცელდება, სკოლამდელ განათლებაზე. ის იტალიაში სავალდებულო არ არის.
პრესასკოლო განათლების დაწესებულებებია ბაგები (3 თვიდან, 3 წლამდე) და ბაღები (3-დან 6 წლამდე). მათი მიზანია ბავშვის ზედამხედველობა, აღზრდა და მომზადება დაწყებითი განათლების საფეხურისათვის. იტალიაში, ძირითადად, კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია, სადაც გადასახადი საკმაოდ მაღალია.
ქვეყანა ცოტა საბავშვო ბაღით
ფაქტობრივად, გერმანიაში საბავშვო ბაღები არ არის(არის, მაგრამ ძალიან ცოტა და კერძო). სამაგიეროდ, აქ ფართოდ გავრცელებულია „ძიძების“ ინსტიტუტი. საბავშვო ბაღებისა და ძიძების ნაზავია სკოლა-ინტერნატები, სადაც ბავშვები ბაგის ასაკიდან საშუალო განათლების ასაკამდე ცხოვრობენ. თვითეულ ასეთ სკოლაში ერთ ძიძაზე ორი ბავშვი მოდის. აღმზრდელები და პედაგოგები, ძირითადად, ქალბატონები არიან. გერმანიის საშუალო სკოლებში ბავშვები 13 წლის მანძილზე სწავლობენ და სწავლას 19 წლისანი ასრულებენ. გერმანული საგანმანათლებლო სისტების მთავარი პრინციპია: არ გადავტვირთოთ ბავშვები. განათლების ექსპერტების აზრით, სწორედ ამიტომ, გერმანული საშუალო განათლების სისტემა, საკმაოდ სუსტია.
რაც შეეხება, საბავშვო ბაღებს, ისინი არ შედიან სავალდებულო განათლების ნუსხაში და ამ ქვეყანაში სკოლამდელი განათლების მიღება აუცილებელიც არაა.
საინტერესოა, ასევე ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის სკოლამდელი განათლების სისტემებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ ინგლისზე. ინგლისში განათლების ყველა საფეხური თავისებური ფილოსოფიაა. რა თქმა უნდ, მათზეც გიამბობთ, ცოტა მოგვიანებით...