ძველი და ახალი ბაღების „მეორე სუნთქვა“
ბერბუკის დევნილთა დასახლებას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მალე ახალი საბავშვო ბაღი ექნება. გარდა ამისა, კიდევ სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნა იგეგმება უახლოესი პერიოდისათვის. ახალი საბავშვო ბაღებით ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, კარალეთისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 200-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს. ამჟამად, მიმდინარეობს რეაბილიტირებული შენობების ინვენტარიზაციის პროცესი.
რამდენიმე დღის წინ, ექსპლოატაციისთვის გამზადებული ბაგა-ბაღების ოთხივე შეობა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი წერავამ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა გიორგი გეგელაშვილმა და მისმა მოადგილემ ქეთევან დვალიშვილმა პირადად დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს შენობების მდგომარეობა და არსებული მატერიალური საჭიროებები. ავეჯსა და ტექნიკას ბაგა-ბაღები უახლოეს დღეებში მიიღებენ.
ოთხი ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 262 355 ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების მეთვალყურეობით და ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა. მიუხედავად იმისა, რომ თვითეული ბავშვის კვებისათვის დღეში 1. 22 ლარია გათვალისწინებული, ხარისხის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა საკმარისია ეკოლოგიურად სუფთა და კალორიული მენიუსთვის. სააღმზრდელო დარგის მონიტორინგის სამსახური იზრუნებს აღსაზრდელების განათლების ხარისხის კონტროლზე. საბავშვო ბაღებში ფუნქციონირებას დაიწყებს ფსიქოლოგისა და მედდის კაბინეტებიც. ახალი საბავშვო ბაღების გახსნის შედეგად, მუნიციპალიტეტში 50-მდე პირი დასაქმდება.