14 მილიონი დოლარის ინვესტიცია მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისთვის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახალ პროექტს იწყებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, მიმდინარე წლიდან მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ამოქმედდება. პროექტი 2019 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება და მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და 20 000-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტის განხორციელების ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ათასწლეულის განვითარების ფონდიდან 14 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. გრანტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. კონკრეტულად როგორ განაწილდება აღნიშნული ინვესტიცია და რა პრინციპით შეირჩევიან პედაგოგები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე :
- პირველ რიგში მინდა განვმარტო, რამ აღნიშნული პროექტის მიზანია STEM-ის განათლების ხარისხის გაუმჯობესება. კერძოდ, აქ იგულისხმება საბუნებისმეტყველო საგნების (ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის) მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის VII-XII კლასის 20 000-ზე მეტი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გზით, სკოლის მართვის ხარისხის გაუმჯობესება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადდება საჯარო სკოლების 2000-ზე მეტი ფასილიტატორი. პროექტის წამოწყების საჭიროება განაპირობა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების შედეგებმა, რომლითაც დასტურდება, რომ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების შედეგები არცთუ სახარბიელოა და სტატისტიკურად OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. გარდა ამისა, მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებიც აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასულ საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მასწავლებლებს უჭირთ გამოცდის წარმატებით ჩაბარება. კვლევები ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული დარგების პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნას საქართველოს შრომის ბაზარი ვერ აკმაყოფილებს, ამდენად ჩვენ სკოლიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა, რათა ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიოთ.
- კონკრეტულად რა კომპონენტებს შეიცავს პროექტი და როგორ გეგმავს სახელმწიფო ამ პროექტით აღნიშნული პრობლემის გადაჭრას?
- პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში განხორციელდება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით. ტრენინგების მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაა. ტრენინგ-მოდული სხვადასხვა ქვეკომპონენტისგან იქნება აგებული, როგორიც არის საკლასო შეფასება, მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლება, მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა, პროექტებზე მუშაობა და ა. შ. მოდულების ერთი ნაწილი ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას უზრუნველყოფს, მეორე ნაწილი კი საგნობრივ მეთოდიკას დაეთმობა. პარალელურად განხორციელდება მონიტორინგი, რომლის საშუალებითაც შევძლებთ იმის დადგენას, თუ რა შეიცვალა მასწავლებლის ქცევაში ტრენინგის შემდგომ. რეალური შედეგი მოსწავლეების აკადემიური მოსწრებაზე რამდენიმე წლის შემდეგ უნდა აისახოს, თუმცა არის კომპონენტები, რომელთა შეცვლა პროექტის მიმდინარეობის პერიოდშიც უნდა მოხდეს. მაგალითად, სასკოლო გარემო უნდა გახდეს უფრო მეტად ორიენტირებული მოსწავლეზე, გაუმჯობესდეს თანამშრომლობა და ა.შ. აღნიშნულის შეფასება საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ სამომავლოდ რა ტიპის პროფესიული განვითარების მოდელი უნდა შემუშავდეს ქვეყანაში.
- რა ფორმით მოხდება სკოლის დირექტორების დატრენინგება?
- ცენტრი აქამდეც ახორციელებდა დირექტორების პროფესიული განვითარების კურსებსა თუ კონფერენციებს, თუმცაპროექტის ფარგლებში ამ ყველაფერს უფრო სისტემური ხასიათი მიეცემა. დაგეგმილია ორწლიანი ინტენსიური ტრენინგები, რაც დირექტორების საფეხურებრივ გადამზადებას ითვალისწინებს. თითოეულ საფეხურზე დირექტორები კონკრეტულ მოდულებს გაივლიან. მოდულები ორიენტირებული იქნება იმ უნარების განვითარებაზე, რაც აუცილებელია სკოლის მართვისთვის, მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვა, სწავლების პროცესის შეფასება. დირექტორებმა აუცილებლად უნდა გაიზიარონ ინკლუზიური განათლების, თანასწორობის პრინციპები, მოსწავლეთა მოტივირების ხერხები, რომ დანერგონ და ხელი შეუწყონ საკუთარ სკოლებში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელსაც და მოსწავლესაც შეეძლება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. დირექტორები საკლასო შეფასების კომპონენტშიც გადამზადდებიან, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის უფრო ეფექტიანად განხორციელებას. საგანმანათლებლო სისტემის ის პერიოდი, როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო დონეზე, როცა დირექტორს მენეჯერობა მოეთხოვებოდა, დამთავრდა. დირექტორი სხვა ტიპის მენეჯერია. მისი საქმე მულტიფუნქციურია. ის მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვით არ შემოიფარგლება, მისი საქმე სასწავლო პროცესის მართვაცაა. დირექტორები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სკოლების სწავლა-სწავლების პროცესშიდა ხარისხის შეფასებაში. პროექტი სწორედ ამაში დაეხმარება მათ.
- როდიდან დაიწყება ტრენინგები?
- უკვე დავიწყეთ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. სატრენინგო მოდულების წერა და ტრენერების შერჩევა გაზაფხულიდან დაიწყება. გარდა ამისა ტრენინგ-მოდულები და საკითავი მასალა უმცირესობების ენებზეც ითარგმნება. რაც შეეხება ტრენინგებს, მათი ჩატარება აგვისტო-სექტემბრის პერიოდიდან იგეგმება და რაც მთავარია, ეს პროცესი ადგილობრივად, რეგიონების მიხედვით განხორციელდება. ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს 63 ლოკაცია. გარდა ამისა, ცენტრში იქმნება მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ტრენერის შერჩევის, სერტიფიცირების, პროფესიული განვითარებისა და ხარისხის კონტროლის წესს. ტრენინგებისპილოტირებისპროცესისთვის, ჩვენ უკვე გადამზადებული და სერტიფიცირებული ტრენერები უნდა გვყავდეს. ტრენერების გადამზადება კი სატრენინგო მოდულების შექმნის პარალელურად განხორციელდება.