შიდა შეფასების ჯგუფის მიზანი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა
,,მასწავლებლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ახალი აქტივობა შიდა შეფასების ჯგუფის საქმიანობის გააქტიურებას უკავშირდება. როგორც ცნობილია სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილისგან, სკოლის ფასილიტატორისგან და საგნობრივი კათედრის/კათედრების წარმომადგენლებისგან. სწორედ შიდა შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს მასწავლებლების სქემით გათვალისწინებული აქტივობები. ამ საკითხებზე და სქემასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებზე გვესაუბრება ირინა სამსონია, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის მენეჯერი.
_ ქალბატონო ირინა, ფასილიტატორის ფუნქცია სქემის მიხედვით, გულისხმობს მასწავლებლების დახმარება-მხარდაჭერას პროფესიული განვითარების საქმეში. ლოგიკურად ფასილიტატორს მასწავლებლისადმი ადვოკატის მიდგომა უფრო უნდა ჰქონდეს.
გასაგებია თქვენი შეკითხვა და სასარგებლოც, რადგან საშუალება გვეძლევა კიდევ ერთხელ განვმარტოთ: შიდა შეფასებაც, უპირველეს ყოვლისა, სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმია. ფასილიტატორი, დიახაც, არის მასწავლებლის ადვოკატი, რა თქმა უნდა, არაპირდაპირი გაგებით. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია შიდა შეფასების ჯგუფში არის მასწავლებლისთვის განმავითარებელი შეფასების, საჭიროებებზე ორიენტირებული რეკომენდაციების მიცემა. ამავე დროს, ფასილიტატორი თავად მასწავლებლების მიერ არჩეული ადამიანია, აღიარებული, როგორც საუკეთესო კოლეგებს შორის, ამიტომაც მას აქვს ლეგიტიმაცია, მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის აქტივობების შეფასებაში. ზოგადად, თუ მოვახდენთ შიდა შეფასების ჯგუფის მუშაობის სტრუქტურირებას, მისი დიდი წილი მაინც მოდის მასწავლებლის განმავითარებელ შეფასებაზე, ანუ მისი განვითარების ხელშეწყობაზე.
_ იწყება ახალი პროცესი, შიდა შეფასების ჯგუფის წევრები მზად არიან ამ ფუნქციების შესასრულებლად?
რეალურად ურთიერთთანამშრომლობა, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება _ ეს ყველაფერი ერთ ჯაჭვს ქმნის. მისი რომელიმე რგოლის ჩავარდნა, უხარისხოდ გავლა, გავლენას იქონიებს შემდეგზეც და საბოლოოდ, მიზანზეც. ანუ მიზნისკენ მიმავალი გზა იქნება წყვეტილი, არასრულფასოვანი. გასაგებია, რომ კულტურულად ეს ახალი მოვლენაა სკოლებში, მთელი ეს პროცესები დაკავშირებულია ცნობირების ცვლილებასთან. უნდა შეიცვალოს სკოლის მუშაობის კულტურა, უნდა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ახალი ტიპის დამოკიდებულებები კოლეგებს შორის. იმისათვის, რომ ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემა გადავლახოთ, საჭიროა პროცესების სიღრმისეულად გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ პროცესში მონაწილე ადამიანებსაც და მთელ საზოგადოებასაც, რატომ შეიქმნა ეს ინსტიტუტი, რატომ შევიდა ეს სიახლე სკოლებში. გზამკვლევის პირველ ნაწილში საკმაოდ ვრცლადაა გაშლილი ეს თემა. ფასილიტატორებისთვის განკუთვნილი ტრენინგების მოდულებშიც საკმაო დრო ეთმობა იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს ფასილიტაცია, რას ნიშნავს ურთიერთშეფასება.
_ რა იგეგმება შიდა შეფასების ჯგუფის წევრთა კომპეტენციის ასამაღლებლად?
_ახლა უკვე ვიწყებთ შიდა შეფასების ჯგუფების სისტემურ გადამზადებას. საკმაოდ მრავალრიცხოვანია ეს სამიზნე ჯგუფი, დაახლოებით, 20 000 ადამიანი. ეს კურსი საკმაოდ ინტენსიური იქნება და მოემსახურება უპირველესად იმას, რომ მონაწილეებმა სწორად გააცნობიერონ საკუთარი ფუნქციები სკოლაში. რაც შეეხება მათ კომპეტენციას: სქემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სკოლებზე მოხდა პასუხისმგებლობის მთლიანი დელეგირება. გარდა მრავალმხრივი დადებითი მომენტისა, ეს კარგია იმიტომაც, რომ სკოლებს მიეცათ მეტი თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში და ბუნებრივად დაეკისრათ მეტი პასუხისმგებლობაც. ანუ სკოლა ხდება საგანმანათლებლო სივრცის აქტიური მოთამაშე, ხოლო მასწავლებელი ხდება ადამიანი, რომელიც საკუთარ პროფესიულ განვითარებას თავად გეგმავს. მინდა, ამ კონტექსტში ვისაუბროთ შიდა შეფასების ჯგუფის წევრთა კომპეტენციაზე: სკოლებმა თვითონ აირჩიეს ის ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ ამ პასუხისმგებლობის ზიდვას. შესაძლებელია ყველა სკოლას არ აქვს თანაბარი რესურსი ამ მიმართებით, მაგრამ ეს კადრები ხომ უნდა გაიზარდონ? ფასილიტატორები, შეფასების ჯგუფის წევრები ამ პროცესში ხომ თავადაც ვითარდებიან პროფესიულად? ამიტომ დაიგეგმა ძალიან ფოკუსირებული, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული ტრენინგების ციკლი. ამ ეტაპზე ვიწყებთ პროფესიული საქაღალდის შეფასებით. მომზადებულია 4-დღიანი ტრენინგების ციკლი _ სამ მოდულად. პირველი მოდული მოიცავს ზოგად ნაწილს და ეხება შეფასების პროცედურულ საკითხებს. ასევე სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი საქმიანობების შეფასებას, აქ განხილული იქნება, რას გულისხმობს მასწავლებებისა და სტუდენტების კონსულტირება, რას ნიშნავს კარგი სასწავლო რესურსი, რა არის ხარისხიანი პროფესიული ლიტერატურა და როგორ შევქმნათ ის, რა რუბრიკებით და კრიტერიუმებით შეფასდება ისინი და სხვა. ტრენინგზე შეფასების ჯგუფის წევრები ისწავლიან შეფასების ამ ინსტრუმენტების გამოყენებას. შემდეგი მოდული დაეთმობა პრაქტიკის კვლევას, ეს აქტივობა ცოტა აშინებთ მასწავლებლებს. პრაქტიკის კვლევა უფროსი მასწავლებლისთვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მას სურს მომდევნო, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა, ხოლო წამყვანი მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ძირითადი, სავალდებულო ხასიათის აქტივობაა. ამასთან ერთად, ყველა ეს აქტივობა ძალიან დეტალურად არის გაწერილი გზამკვლევის მეორე ნაწილში, რომელიც უკვე აიტვირთა მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე და ყველას აქვს საშუალება, გაეცნოს მას. მალე მზად იქნება მისი ბეჭდური ვარიანტიც. გზამკვლევში საკმაოდ ვრცელი თავი ეთმობა სწორედ პრაქტიკის კვლევას. აქ საუბარია კვლევის მეთოდებზე, რა თქმა უნდა, მარტივ მეთოდებზე, რომელიც არ შეუქმნის პრობლემას მასწავლებელს, თუ მას აქვს ანალიტიკური უნარები. ეს კვლევები ძალიან წაადგება სასკოლო გარემოს, გააჯანსაღებს სასკოლო ცხოვრებას. შეფასების ჯგუფი ტრენინგებზე ისწავლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებას, რომლითაც უნდა შეფასდეს მასწავლებლის მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევა. ამჯერად, დაგეგმილი ტრენინგების მესამე მოდული დაეთმობა სამოდელო გაკვეთილს, რომელსაც ატარებენ წამყვანი, ხოლო მომავალში - მენტორი მასწავლებლები. შეფასების რუბრიკა ამ აქტივობისათვის ჩვენმა ცენტრმა შეიმუშავა, უკვე დამტკიცებულია და მის გამოყენებას ვასწავლით შიდა შეფასების ჯგუფის წევრებს. აქვე დავძენ, რომ შეფასების ჯგუფებს ცალკე ტრენინგი ჩატარდებათ უფროსი მასწავლებლის გაკვეთილზე დაკვირვების შეფასებაში, მას შემდეგ, რაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ამ აქტივობის შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობას დაამთავრებს.
_ როგორ ნაწილდება ფუნქციები შიდა შეფასების ჯგუფის წევრებს შორის?
_ ჩვეულებრივ, გადაწყვეტილების მიღების დროს ჯგუფის ყველა წევრს თანაბარი უფლება აქვს. როცა ჯგუფი ვერ თანხმდება, დირექტორი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. პრეტენზიის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასწავლებელს აქვს გასაჩივრების უფლება. ფუნქციები თავისთავად ნაწილდება, როდესაც საგნობრივი კომპონენტი შემოდის, შესაბამისად საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი ამბობს თავის სიტყვას. ჯგუფის ყველა წევრი იყენებს შეფასების სტანდარტულ ინსტრუმენტებს და ამიტომ ისინი გაივლიან ერთნაირ ტრენინგებს. რაც შეეხებათ დირექტორებს, მათთვის დამატებით მომზადებულია მოდული ,,შეფასების პროცესის მონიტორინგი“. რადგან, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს, სწორედ დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა შეფასების პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაზე. სქემის მიხედვით, სკოლებს აქვთ ვალდებულება შეიმუშაონ შიდა მონიტორინგის სისტემა. ამ თემას მიეძღვნება 5-საათიანი სამუშაო შეხვედრები დირექტორებთან.
_ქალბატონო ირინა, თუ შეიძლება დამატებითი ინფორმაცია მივცეთ მასწავლებლებს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები მის კავშირზე შეფასებებთან და კრედიტებთან.
_ თვითშეფასების კითხვარის შევსება თვითმიზანი არ არის. ლოგიკურია, რომ იმისათვის, რომ შედეგს მივაღწიოთ, აუცილებელია მის საფუძველზე რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ, შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა, სხვაგვარად წინსვლა არ გვექნება. ამიტომ თვითშეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილია ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა. ელექტრონულ ბაზაში მასწავლებელს აქვს კრედიტქულების დაგროვების კალენდარი, რომელშიც ის მონიშნავს მხოლოდ კრედიტქულების მომტან, სქემით გათვალისწინებულ სავალდებულო და დამატებით აქტივობებს. მაგრამ, ცხადია, მასწავლებლებს ვერ შევუზღუდავთ არჩევანს. შესაძლებელია მასწავლებელს თავისი სპეციფიკური საჭიროების აღმოსაფხვრელად რაღაც განსხვავებული საქმიანობა სჭირდება, ისეთის, რომელიც მას კრედიტებს არ მოუტანს, მაგრამ აუცილებელია მისი პროფესიული განვითარებისთვის. ასეთ საქმიანობების შეტანა მას ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში შეუძლია. უნდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას მასწავლებელს არავინ უმოწმებს და, რაც მთავარია,არავინ უფასებს. მთავარია, ის იყოს რელევანტური და მორგებული რეალურ საჭიროებებზე, ასევე, რა თქმა უნდა, რეალისტურიც, ანუ მასწავლებელმა მასში ისეთი აქტივობები უნდა შეიტანოს, რომელთა განხორციელებასაც ის შეძლებს დროის გარკვეულ მონაკვეთში.