პრობლემების გადაჭრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სადამრიგებლო მუშაობაში
ეროვნული სასწავლო გეგმა კლასის დამრიგებლის სამუშაოს აღწერლობაში ხაზგასმით კვეთს კლასის დამრიგებლის როლს მოსწავლის ტოლერანტული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში, რადგან გაუცხოება, შიში, ცინიზმი, გაკიცხვა, სტერეოტიპები, დაბნეულობა ნებისმიერ ჯგუფში მეტ-ნაკლებად იჩენს თავს. მათი გამოსწორება შესაძლებელია, უმჯობესია საპასუხო აქტივობები პრობლემის გამჟღავნებისთანავე დაიგეგმოს. დამრიგებელი ვალდებულია სწრაფი, მაგრამ გააზრებული რეაგირება ჰქონდეს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. მან საკლასო ოთახში უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ყველასთვის. მთავარია, დამრიგებელმა განსაზღვროს მოსწავლეთა საჭიროება, შეაფასოს სირთულეები და მოიპოვოს მათი პატივისცემა და ნდობა, ხოლო კლასში არსებული მრავალფეროვნება ტოლერანტული აღზრდის რესურსად აქციოს.
ამ მიმართულებით კლასის დამრიგებლის ჩართულობის ფორმები საკმაოდ მრავალგვარია. პრობლემების გაანალიზებისას აუცილებლად აღმოჩნდება, რომ თუ შეიცვლება კლასთან საუბრის ხასიათი, პრობლემის განხილვის ფორმატი და შესაძლებლობები, ადვილად შეიცვლება მოსწავლეების აწმყოც და მომავალიც, სრულიად ადვილი შესაძლებელია, რომ ჯგუფის წევრებმაც მიბაძონ დამრიგებელს და თავადაც შეცვალონ დამოკიდებულება ერთმანეთთან.
დიალოგის ფორმატის განსაზღვრისას დამრიგებელს აუცილებლად მოუწევს შესაფერისი ტექნოლოგიის მოძებნა, რადგან თუ ურთიერთობის ტრადიციული ფორმები არ აღმოჩნდა ეფექტური და პრობლემები ვერ ალაგდა, აუცილებელია უფრო მისაღები ფორმის შერჩევა, რომლის დროსაც მონაწილეები თვითონვე არეგულირებენ სამუშაო პროცესს და პრობლემის მოგვარების რომელ გზასაც წამოსწევენ წინ, მის მხარდასაჭერად უფრო მოტივირებულნი იქნებიან.
მსგავსი სირთულეების დაძლევისთვის ერთ-ერთ შესაფერის ტექნოლოგიას წარმოადგენს ღია სივრცის (Open Space) ტექნოლოგია, (მეთოდის ავტორია ჰარისონ ოუენი), რომლის დროსაც მოსწავლეები ყოველთვის მზად არიან თავიანთი ჯგუფის პრობლემები ღია სივრცეში განიხილონ, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, წინ წამოწიონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზებიდანაც იმას დაუჭირონ მხარი, რომელიც მათთვის ყველაზე მეტადაა მისაღები. ამ ტექნოლოგიის ჩარჩოში მიიღწევა სასურველი მიზანი და ურთიერთგაგება.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთობის ეს ფორმატი აუცილებლად მოითხოვს მოდერატორს, რომელიც შეიძლება კლასის დამირგებელიც იყოს და ნებმისმიერი მოსწავლეც. მე „ვხსნი სივრცეს", - აცხადებს მოდერატორი, შემდეგ კი წარადგენს თემას:
ა) „ჩვენი განხილვის თემაა ...
ბ) მომდევნო ... ხნის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს საუკეთესო იდეებსა და შესაძლებლობებს დასახელებული პრობლემის/პრობლემების მოსაგვარებლად;
გ) ჩვენ გვაქვს „ახალი ამბების დაფა", რომელზეც წარმოდგენილია ჩვენი სამუშაოს გეგმა. როდესაც განსაზღვრავთ ძირითად პრობლემას, დაასათაურეთ ის და დაწერეთ ფურცელზე;
დ) ყველა, ვისაც სურს პრობლემის ღიად მოგვარება, გამოდის მრგვალი მაგიდის წინ აცხადებს მას ხმამაღლა, შემდეგ კი ფურცელს მიამაგრებს დაფაზე;
ე) მონაწილეები შექმნიან სიას, ჩამოწერენ პრობლემებს განსახილველად და განაწილდებიან სადისკუსიო ჯგუფებად. ჯგუფები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში;
ვ) თითოეული მათგანი ჩამოწერს ძირითად თეზისებს და მიამაგრებს დაფაზე, რათა ყველას შეეძლოს, მუშაობის დროს გაეცნოს მეორე ჯგუფის სამუშაო ვერსიას;
ზ) პატარა ჯგუფებში მუშაობის შემდეგ მოხდება კონვერგენცია - თემების მიხედვით უფრო მსხვილ ჯგუფებად გაერთიანება და გაგრძელდება დისკუსია;
თ) სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული.
მუშაობის საწყის ეტაპზე ამ ტექნოლოგიამ შესაძლებლია გარკვეული ქაოსიც გამოიწვიოს, მაგრამ აუცილებლად მოულოდნელი და ძალიან საინტერესო შედეგებით დასრულდება, რადგან გზას უხსნის შემოქმედობითობას, პირად დაინტერესებას, ლიდერის თვისებების გამოკვეთას და ცოდნისა და გამოცდილების სრულად წარმოჩენას. მუშაობის დასრულებისას გამოცდილებისა და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის ჯგუფები სხდებიან მრგვალ მაგიდასთან, განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს და შეაჯერებენ მოსაზრებებს.
როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე ჯგუფების თვითორგანიზება მაღალია, თითოეულს წარმოდგენილი და გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და პატივისცემა ჯგუფისა და მთელი პროცესის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კლასის დამრიგებლს დასახული მიზნის მიღწევაში.
რა ტიპის პრაქტიკული საკითხები შეიძლება შესთავაზოს კლასის დამრიგებელმა „ღია სივრცეს“ მოსწავლეთა ტოლერანტული თვისებების განვითარებისთვის? დამრიგებელმა შეიძლება შეარჩიოს ხალხური ტრადიციების და დღესასწაულების აღნიშნვნის ტრადიცია, სტუმარ-მასპინძლობის წესი, ჩაცმულობა, შიდა მეურნეობის კულტურა და ა.შ. მაგალითად, თემის - „დღესასწაულები და ტრადიციები" - ფარგლებში მოსწავლეებს შევთავაზებთ შემდეგ საკითხებს: დღესასწაულის ისტორია, ზეიმის ტრადიცია, სიმბოლიკა, ჩაცმულობა, რიტუალი და სხვა. მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და დაწერონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია მოცემულ თემატიკაზე და შეავსონ თავიანთი მარაგი ახალი ცოდნით.
ამავე დროს, ნებისმიერი არჩეული საკითხისაგან (ანუ კონკრეტული სათაურისგან) დამოუკიდებლად მოსწავლეები მიიღებენ დაახლოებით ასეთი ტიპის დავალებასაც: „შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია. როგორ აღნიშნავდნენ ამ დღეს წინათ? კიდევ როგორ შეიძლება აღინიშნოს ეს დღე? მოცემულ ინფორმაციაში იპოვეთ და შეავსეთ გამოტოვებული ადგილები შესაბამისი სიტყვის მოძიებით. საამისოდ გამოიყენეთ თქვენ მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაციაც და ისიც, რაც უკვე იცოდით. რომელ სიტყვას დაამატებდით? ჩასვით ახალი სიტყვა და განმარტეთ იგი“.
ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მულტიკულტურულ განათლებასაც. მართალია, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს მსგავსი ტიპის მასალის გაცნობას, მაგრამ სახელმძღვანელოებში ისინი საკმაოდ მცირე დოზითაა მოცემული. ღია სივრცის (open space) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შევავსოთ იგი თავად მოსწავლეთა ჩართულობით, ძიებით და ურთიერთთანამშრომლობით. უმცირესობათა დღესასწაულების და სხვა ყოფითი დეტალების დამატებითი გაცნობით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ განსხვავებული კულტურის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, გამოკვეთონ როგორც განმასხვავებელი, ასევე საერთო ღირებულებები.
ღია სივრცის (open space) ტექნოლოგია იმითაცაა საინტერესო, რომ ამ აქტივობის დასრულების შემდეგაც გრძელდება ღია ურთიერთობები მონაწილეთა შორის. ეს ტექნოლოგია ეხმარება დამრიგებელს მიიღოს ინფორმაცია მათ მოქალაქეობრივ თვისებებზე და ცხოვრებისეულ ღირებულებებზე. იგი ეხმარება დამრიგებელს დაინახოს მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები, იპოვოს მათ გულებთან მისასვლელი გზა და მისცეს თავისუფლად აზროვნების საშუალება, რითაც მოქალაქეობრივი ღირებულებების აღზრდასთან ერთად მოსწავლეებს პიროვნული თავისუფლებისა და ბედნიერების განცდასაც მიანიჭებს.