,,ღია სივრცე“ არ წარმოადგენს ტექნოლოგიას ყველა შემთხვევისათვის
ეს წერილი მიზნად ისახავს, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას პედაგოგებისათვის ტექნოლოგიაზე, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში ხშირად იყენებენ, მაგრამ მომხმარებელმა შეიძლება არ იცოდეს მისი სახელწოდება, წარმომავლობა და პრინციპები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
ტექნოლოგია «open space» ,,ღია სივრცე“ 25 წელზე მეტია გამოიყენება სრულიად განსხვავებულ ჯგუფებში სრულიად განსხვავებულ პრობლემებზე მსჯელობისათვის. ამ ტექნოლოგიის გამოყენებას საფუძველი ჩაუყარა ჰარისონ ოუენმა, რომელმაც პრაქტიკაში გამოიყენა არაკონტროლირებად სიტუაციებში ადამიანთა ერთობების თვითრეგულირების პრინციპი.
ამ ტექნოლოგიის პრაქტიკოსთა აზრით, მისი პრინციპი აღმოცენებულია უფრო პრაქტიკიდან, ვიდრე _ თეორიიდან. _ დიდი ხანია ვცდილობთ ახსნას, რატომ მუშაობს ,,ღია სივრცე“ და მივედით დასკვნამდე, რომ ამას უფრო ფიზიკის კანონები ხსნის. თუ სისტემებზე ვისაუბრებთ, ბუნებაში არსებულ ყველა სისტემა თვითორგანიზებადია. ,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიაც გაცნობიერებულად იწვევს ადამიანებს თვითორგანიზებისკენ. ტექნოლოგიის ყველა მეთოდი მიმართულია იქით, რომ მონაწილეებმა თავად შეძლონ პროცესის სტრუქტურირება. აქ საუბარი შეიძლება უფრო ქაოსის თეორიაზე და არა _ ფსიქოლოგიის კანონებზე._ აღნიშნავს ერთერთი პრაქტიკოსი.
,,ღია სივრცის“ ტექნოლოგია ეფუძნება ოთხ პრინციპს:
ვინც არ უნდა მოვიდეს _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საჭირონი არიან (იმ რწმენის განმტკიცება, რომ გადაწყვეტილების მისაგნებად აუცილებელი მთელი სიბრძნე ამ ოთახშია თავმოყრილი და ჯგუფი არ უნდა შფოთავდეს მათზე, ვინც არ ესწრება. არც პანიკაა საჭირო იმის გამო, რაც ხდება).
რაც არ უნდა მოხდეს _ ეს ერთადერთია, რაც შეიძლება მოხდეს (ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ საუკეთესო შედეგი დადგება ამჟამად, არ არის საჭირო მღელვარება იმაზე ,,რისი გაკეთება იყო აუცილებელი“).
როცა არ უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი _ ეს სწორედ ზუსტი დროა ( შევახსენებთ ადამიანებს, რომ შემოქმედებითი პროცესი უმართავია).
როცა დამთავრდება პროცესი _ მაშინ დამთავრდეს ( წავაქეზოთ მონაწილეები, იმდენ ხანს გააგრძელონ საუბარი, რამდენის აუცილებლობაც და არსებული ენერგიაც არსებობს. სესია შეიძლება დასრულდეს გათვალისწინებულზე სწრაფად, ასევე შეიძლება, გაგრძელდეს გამოყოფილ დროზე დიდხანს).
ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს მუშაობს ,,ორი ფეხის“ კანონი:
თუ მიხვდებით, რომ აღმოჩნდით სიტუაციაში, სადაც თქვენ ვერაფერს ისწავლით და ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანთ, თქვენ შეგიძლიათ სხვა ადგილას, მაგალითად, სხვა ჯგუფში გადაინაცვლოთ.
მსოფლიო პრაქტიკაში ,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ პირველ მაგალითად ითვლება აშშ-ის პროფკავშირებისა და დამსაქმებლების სამიტი, როცა 1991 წელს ქვეყანაში თავიდან იქნა აცილებული მასშტაბური გაფიცვების საფრთხე. სამი დღის განმავლობაში, შრომითი ხელშეკრულებების პირობების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების, მსხვილი სატელევიზიო კომპანიის მიერ აგორებული მასშტაბური გაფიცვების მუქარის ტალღის ზეწოლის გამო, სამიტის 175 დაპირისპირებული მონაწილე ერთობლივად ეძებდა გამოსავალს შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან. იპოვეს კიდეც _ გაფიცვა გადაიდო. მეორე მაგალითი: რეზონანსული ღონისძიება, რომელიც ღია სივრცის ტექნოლოგიით წარიმართა. 1996 წელს მიმდინარეობდა ატლანტის ოლიმპიადისთვის ოლიმპიური სოფლის მომზადება. ოლიმპიური სოფლის დაგეგმვაზე მომუშავე კომპანიის თანამშრომელთა შეკრების წინაშე დასახული იყო, ერთი შეხედვით, განუხორციელებელი ამოცანა: უმოკლეს ვადაში შეეცვალათ მთავარი ოლიმპიური პავილიონის გეგმა, რომელიც 10 თვის განმავლობაში მუშავდებოდა. ცვლილების შედეგად პავილიონს 15-ჯერ მეტი ვიზიტორი უნდა მიეღო ერთდროულად, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. ორდღიანი მუშაობის შემდეგ ,,ღია სივრცეში“, სადაც სპონტანური აზრები წარმოშობდნენ გადაწყვეტილებებს, სადაც უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტს საშუალება ეძლეოდა კონცერტის განათების სპეციალისტებთან თავისუფლად ემსჯელა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სადაც ყველა ღრმად იყო დაინტერესებული დისკუსიის პროდუქტიულობით, შეიქმნა მონაწილეთათვის სასურველი პროექტის ჩონჩხი.
ხდება თუ არა ყოველთვის ასე? ყოველთვის პროდუქტიულია პრობლემის ასეთი განხილვა? ყოველთვის მუშაობს თვითორგანიზების შესაძლებლობა და ქაოსი ყოველთვის მართავს საკუთარ თავს?
ჰარისონ ოუენი აღნიშნავს, რომ ,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიის ორგანიზება სულ მცირე აუცილებელ ელემენტს ითხოვს. უნდა იყოს ზუსტად ფორმულირებული თემა, რომლის განხილვითაც შეხვედრის ყველა მონაწილეა დაინტერესებული. უმჯობესია, თუ ეს თემა ასახავს პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც შეიკრიბა ყველა ეს ადამიანი. აუცილებელია, განხილვისათვის საკმარისი დრო, სივრცე, რომელიც დაიტევს მონაწილეთა საჭირო რაოდენობას და შეხვედრის ლიდერი.
თავის მოკლე რეკომენდაციებში ,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ჰარისონ ოუენი წერს:
თემა:
,,თემის მიმზიდველად, საინტერესოდ ფორმულირება კრიტიკული პირობაა ,,ღია სივრცეში“პროდუქტიული მუშაობისთვის. ეს არის ცენტრი, რომლის გარშემოც ხდება დისკუსიის ორგანიზება და რომლისგანაც მონაწილეები შთაგონებას იღებენ. თემა არ უნდა იყოს ვრცელი, მშრალი და არ უნდა შედგებოდეს მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალისაგან. ის უნდა იყოს საკმარისად სპეციფიური, რომ მიანიშნებდეს დისკუსიის მიმართულებაზე და ამავდროულად, საკმარისად ღია და თავისუფალი მონაწილეთა წარმოსახვებისთვის.
აქ არ შეიძლება იყოს ზუსტი რეკომენდაციები, რადგანაც ის, რაც ,,აღანთებს“ ერთ ჯგუფს, შეიძლება მოსაწყენი აღმოჩნდეს მეორისათვის. თემის ფორმულირებისთვის ერთადერთ მიდგომად შეიძლება გამოყენებული იქნეს ძალიან საინტერესო და ყურადღების მიმტაცი დაუსრულებელი ისტორია. მკითხველმა უნდა იცოდეს მოთხრობის სათაური და წარმოდგენა ჰქონდეს შესაძლო თავგადასავლებზე, რომელიც მასში შეიძლება მოხდეს. ჩვენ თავიდანვე არ უნდა მოვუყვეთ ,,ყველაფერი“, თორემ მკითხველი დაკარგავს ინტერესს. განა, შეიძლება საინტერესო იყოს ამბავი, რომელიც უკვე იცი?“
ჯგუფი
,,უპირველეს ყოვლისა, მონაწილეები უნდა იყვნენ მოტივირებულები, აქტიურები და უნარიანები იტვირთონ პასუხისმგებლობა: მოახდინონ მსჯელობების ინიცირება, შეაჩერონ დისკუსიის არაარსებითი განშტოებები, დაასრულონ დისკუსია და შეაჯამონ შედეგები. თუ ეს არ არის, მაშინ ტექნოლოგია არ იმუშავებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა კრეატიული სწავლებისათვის არის სრულყოფილი თავისუფლება და პასუხისმგებლობა. თავისუფლება იძლევა საშუალებას ისწავლოს და გამოიყენოს ექსპერიმენტები, ხოლო პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს ამ ორი მიდგომის ჰარმონიულ შერწყმას. ინტერესი და აქტიური მონაწილეობა გვევლინება დამატებით პირობებად არსებული თავისუფლებით პასუხისმგებლობიანი სარგებლობისათვის. ჩვენ არ შეგვიძლია ძალით შევკრიბოთ ხალხი, დავაინტერესოთ და ვაიძულოთ ისინი აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ეს უნდა იყოს შეხვედრის წინაპირობა.
დაინტერესების და ჩართულობის ერთი ხერხი არის არა სავალდებულო მონაწილეობა პროცესში, არამედ სასურველი მონაწილეობა. ადამიანებს, რომლებიც ასეთ შეკრებაზე მოდიან, თავად უნდა სურდეთ მასში მონაწილეობა. მაგრამ შეხვედრის ადგილზე მოსვლამდე მათ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ იმაზე, რა უნდა მოხდეს იქ. რა თქმა უნდა, მათ ვერ ეცოდინებათ დისკუსიის დეტალები, მაგრამ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ორგანიზატორთა ძირითად განზრახულობებზე. ,,ღია სივრცე“ არ წარმოადგენს ტექნოლოგიას ყველა შემთხვევისათვის, ხოლო არაინფორმირებულმა მონაწილეებმა მხოლოდ ზიანი შეიძლება მიაყენონ საერთო პროდუქტიულობას. ჩნდება კითხვა: როგორ მოვიქცეთ მათთან, რომელთა ჩართვაც ძალიან გვინდა დისკუსიაში, მაგრამ ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ იზიარებენ თქვენს სურვილს? არის ორი გზა: იმუშავეთ ორ სესიად იმ იმედით, რომ პირველი ისე საინტერესო იქნება, რომ შეძლებს ურჩთა დაინტერესებას. ან კიდევ ვისწავლოთ მონაწილეთა სურვილების პატივისცემა. ჩვეულებრივ, ბუნებრივ სწავლებას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის ეფუძნება გულწრფელ ინტერესსა და აქტიურობას. შეუძლებელია, აიძულო ადამიანი გამოავლინოს ან ერთი, ან მეორე.
ჯგუფის წევრთა რაოდენობას არ აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. უმჯობესია, რომ იყოს 20-ზე მეტი მონაწილე, სხვა შემთხვევაში იკარგება მრავაფეროვნების ეფექტი.
სივრცე
სივრცე უნდა იყოს მოხერხებული და იტევდეს მონაწილეთა საჭირო რაოდენობას. მოძრავი სკამები ყველაზე აუცილებელი ფაქტორია შეხვედრის ადგილის ორგანიზებისთვის. აუცილებელია თავისუფალი კედელი, რომელსაც გამოვიყენებთ თემის განრიგის და დისკუსიების ოქმების გამოსაკვრელად.
დრო
,,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიით შეხვედრის ჩატარებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია იმ შედეგებზე, რომლის მიღწევაც თქვენთვის აუცილებელია. პროცესი 2-3 დღე შეიძლება გაგრძელდეს. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია პროცესის უწყვეტობა. ტექნოლოგია დაკარგავს ეფექტურობას, თუ სამუშაო პროცესს შევწყვეტთ.“
,,ღია სივრცით“ პროდუქტიული მუშაობისათვის, აუცილებელია ყველა მოთხოვნის ზუსტად დაცვა. როგორც ოუენმა თქვა, ეს არ არის ტექნოლოგია ყველა შემთხვევისათვის, მისის გამოყენებით მხოლოდ დაინტერესებული და აქტიური ადამიანები შეზლებენ პრობლემის გადაწყვეტას და მიიღებენ სიამოვნებას.