მინისტრი მეცნიერებთან შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები ქიმიის მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც რადიკალურად უნდა შეცვალოს მდგომარეობა სამეცნიერო სფეროში. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, შესაბამისად, ეს პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ისეთი ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებითი პროცესები მიმდინარეობს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. გარდა ამისა, სამჯერ გაზრდილმა ბიუჯეტმა, როგორც დანარჩენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, ქიმიის ინსტუტებსაც საშუალება მისცა თავიანთი დაფინანსებითაც აწარმოონ ინფრასტრუქტურისა და სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლებითი სამუშაოები.
მთავრობის მიერ მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით 82%-ით გაიზარდა ბიუჯეტი, საშუალოდ 2.5-ჯერ გაიზარდა მეცნიერთა ხელფასი, 23 მლნ ლარამდე თანხა გამოიყო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებების აღჭურვა-რეაბილიტაციისთვის. 2015 წლის დეკემბერში „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე კი, მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა გადაიჭრება და საფუძველი ჩაეყრება ფუნდამენტურ ცვლილებებს. პრინციპული სიახლე იქნება - სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება; უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სტატუსის, ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრა; უნივერსიტეტების სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობასა და მართვაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სრულფასოვნად მონაწილეობა და ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომ შესაძლებელი იყოს ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, დასაქმება და მათთვის სამეცნიერო სტატუსის მინიჭება (პოსტდოქტორანტი, მეცნიერი).