ჭაბუა ამირეჯიბის დატოვებული წერილი ახალგაზრდებს
“შვილებო და შვილიშვილებო! ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს! ჩემო პატარა ბატონებო და ქალბატონებო! ბატონობით მოგმართავთ, რადგან სულ ცოტა ათი არისტოკრატიული გვარისა და ბატონთა მოდგმისანი ხართ.ოთხმოცისა გიტოვებთ ამ წერილს თქვენი პაპა და პეპერა მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი და თავს მოვალედ ვთვლი, ზოგი რამ გირჩიოთ: წარმომავლობა გიხსენეთ. სწორედ ეს უნდა იყოს პირველმიზეზი იმისა, რომ ამპარტავნობისკენ კი არა, თავმდაბლობის, მიმტევებლობისა და სიყვარულისკენ უნდა მიიდრიკოს თქვენი ხასიათი, სიცოცხლისა და სამყაროსადმი დამოკიდებულება.
მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ მხოლოდღა დედ-მამისა და ბებია-პაპების ნაშიერი კი არა, ქართველი ერის შვილები ხართ ისევე, ყოველი ქართველი მამულიშვილი – ერისა, რომლის უანგარო სამსახურს შეალიეს თავისი სიცოცხლე ჩვენ წინაპართაგან ურჩეულესებმა.
უნდა იცოდეთ და ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას ითვალისწინებდეთ, რომ ხალხი, როგორც ფენომენი, მხოლოდღა დღესდღეობითი ნაწილია იმ მარადიულობისა, რასაც ქართველი ერი ჰქვია, ხოლო ერის საწყისი და ძირითადი ბირთვი ოჯახია, რაიც თავად თქვენც უეჭველად უნდა შექმნათ და იმრავლოთ, რათა ხსენებული მარადისობა უზრუნველჰყოთ.
ეს თქვენი წმინდათაწმინდა ვალია! სამშობლოში თქვენი ოჯახის ელჩი და სახე უნდა იყოთ, სამშობლოს გარეთ თქვენი ერის სინდისი და ღირსება. უნდა ეცადოთ, არავინ გძულდეთ.
სიძულვილი ბოროტებას ბადებს. მტრისაც კი პატივისცემა გმართებთ, რადგან იგი თქვენში მებრძოლს აყალიბებს. ჩინური ანდაზაა – “თუ გინდა იდგე – სულ უნდა ირბინო”. იგულისხმება განუწყვეტელი მოქმედება. ასეთები იყვნენ თქვენი წინაპრები, მათ შორის თქვენი პაპები და პეპერები.
წყარო: http://editori.ge/