2015 წლის თანამედროვე ხელოვნების 15 საუკეთესო გამოფენა
საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფორუმმა „ჰიპერალერჯიკმა“ (www.hiperallergic.com) 2015 წლის თანამედროვე ხელოვნების 15 საუკეთესო გამოფენა დაასახელა, რომელთა შორის მოხვდა ვენეციის („მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება“), კიევისა („კიევის სკოლა“) და სტამბოლის („ზღვის წყალი -დიქრის ფორმის თეორია“ ) ბიენალეები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გასულ წელს საქართველო სამივე გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
„ჰიპერალერჯიკ“ (www.hiperallergic.com) საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფორუმია, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. ფორუმს 70000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ყოველდღიურად ეგზავნებათ ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ახალი ამბები, მათ შორის ინფორმაცია ბიენალეების, მაშტაბური გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა დიდი ღონისძიებების შესახებ.
საქართველო ვენეციის საერთაშორისო 56-ე ბიენალეზე წარმოდგენილი იყო პროექტით „მცოცავი საზღვარი” (Crawling Border), რომელიც ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – არსენალეში – Sale d’Armi-ში იყო განთავსებული.
გამოფენის მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩნენ; გამოფენის კურატორია ნია მგალობლიშვილი; მონაწილე მხატვრები რუსუდან ხიზანიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, დიმიტრი ჩიკვაიძე, ჯოსეფ საბია, ია ლიპარტელიანი, სოფიო შევარდნაძე.
„სტამბოლის საერთაშორისო ხელოვნების მე-14 ბიენალეზე“ საქართველომ პარალელურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და KUAD Gallery-ს ტერიტორიაზე პროექტით „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა“ წარდგა. კურატორი გეორგ შოლჰამერი (ვენა, ავსტრია); გამოფენაში მონაწილეობდნენ ანა ჩადუნელი, თამარ ჭაბაშვილი და უტა ბექაია საქართველოდან, ანა ზვიაგინცევა და ლადა ნაკონეჩნა უკრაინიდან.
პროექტი „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა“ 2015 წლის კიევის ბიენალეს მთავარ გამოფენაშიც მონაწილეობდა.
წყარო: http://editori.ge/