სათქმელი გახსნილად უნდა ითქვას!
ირაკლი ჯაფარიძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დირექტორი.
გულშემატკივრებმა და ფიგურული სრიალის მოყვარულებმა იციან, რომ თბილისში ერთადერთი საციგურაო მოედანი არსებობს, რომელსაც შარშან 50 წელი შეუსრულდა.
60-იანი, 70-იანი, 80-ანი და განსაკუთრებით 2000-იან წლებში, დღემდე ყველა თაობის ქართველმა სპორტსმენმა დაამტკიცა, რომ იგი ღირსია, გამოვიდეს თავისი მაყურებლის წინაშე და თავისი ოსტატობით დაატკბოს გულშემატკივარი, მათ ანახონ საერთაშორისო დონის ვარსკვლავების სრიალი. სამწუხაროდ, თბილისში თავი ვერ მოება სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის აშენებას. მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში მკვეთრად იმატა პატარების რაოდენობამ. ეს გამოწვეულია იმ არაჯანსაღი კლიმატური პირობებით. თუ მაგალითად წინა წლებში მაქსიმუმ 500 ბავშვი მოდიოდა სავარჯიშოდ, წლეულს მათმა რაოდენობამ 800-ს მიაღწია. ჩვენი პატარა საციგურაო კი 25X25 მეტრი, ანუ არასრული 600 კვადრატია, მაშინ, როცა სტანდარტული ზომა 1800 კვადრატული მეტრია. ანუ გამტარიანობა გაჭირდა, სკოლის ერთი ბეწო მოედანს ამდენი ბავშვის მიღება ძალიან უჭირს.
ყველას უმრავლოს და უჯანმრთელოს შვილები და შვილიშვილები, ეს არის მომავალი თაობა, მათი უფროსები ისწრაფვიან ჰარმონიულად აღზარდონთავიანთი ბავშვები, დაუმკვიდრონ პატარებს ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ამიტომაც, მარტო ერთ ადგილას, საბურთალოზე კი არ უნდა იყოს საციგურაო მოედანი, ასეთი მოედნები უნდა იყოს გლდანში, თემქაზე, თბილისის სხვადასხვა უბანში თუ რაიონში.
სპორტის ყველა სახეობა საპატივცემულოა, მაგრამ მხოლოდ ფიგურულ სრიალშია შერწყმული ჯანმრთელობა, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ჰარმონიული განვითარება. ბავშვები 3,5-4 წლიდან იწყებენ ვარჯიშს ყინულზე. ბრონქებითა და ასთმით დაავადებულ, ალერგიულ, ხშირი გაციებისკენ მიდრეკილ ბავშვებსმთელ მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, ბევრი ექიმი, თერაპევტი ურჩევს ყინულზე სრიალს, რადგან ყინული ნებისმიერ ბავშვს აჯანსაღებს და ბევრს უხსნის ზემოჩამოთვლილ თუ სხვა დაავადებებს.
ზემოთ რომ წლები დავასახელე, ახლა მინდა დავაზუსტო. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენმა აღსაზრდელებმა სამჯერ მოიპოვეს საკავშირო თასი, მოიგეს საერთაშორისო ტურნირები, ასაკობრივ ტურნირებში აღწევდნენ არაერთ წარმატებას. 2000-იან წლებში უკვე ოლიმპიურ თამაშებზეც საპატიო შედეგები ვაჩვენეთ, საუკეთესოთა ათეულში შევედით, ევროპის ორ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ... ანუ თამამად შემიძლია ამის თქმა, რომ ბოლო 20 წელიწადში ზამთრისსახეობებში ყველაზე ხმაურიანი წარმატებები ჩვენ გვქონდა... ყველაფერმა შექმნა ის ნიადაგი, რომ თბილისში გვქონოდა სულ ცოტა ერთი თანამედროვე ევროპული ტიპის, სტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი.საინტერესო კი ის არის, რომ ამ მოცუცქნულ ყინულზე გაიზარდა ჩვენი წარმატებული სპორტსმენების ყველა თაობა, ყველამ აქ აიდგა ფეხი.
სპორტში მთავარი შედეგია. მე თითქმის 60 წელია სპორტის ამ სახეობას ვემსახურები, ჯერ როგორც სპორტსმენი, შემდეგ – მწვრთნელი, ფედერაციის პრეზიდენტი, სკოლისა და ცენტრის დირექტორი... მთელმა თაობებმა ჩემ თვალწინ, უმეტესობამ ჩემ ხელში გაიარა. ბევრი მათგანი შემდეგ მწვრთნელი გახდა, ბევრი ამერიკაში მოღვაწეობს მწვრთნელად, ბევრი ჩვენ ცენტრში მუშაობს, ბევრს დამსახურებული წოდებები აქვს...
ფიგურული მოციგურავეების, კერძოდ ელენე გედევანიშვილის მაღალმა შედეგებმა განაპირობა ამდენი ბავშვის მოზღვავება სკოლაში.კიდევ კარგი, რომ ამ ჩვენი შრომის საფასურად ბათუმში აიგო პირველი სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი. ამას მოჰყვა ზუგდიდში პატარა მოედნის მოწყობა. აქაც გათვალისწინებულია სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის აგება, მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, საქმე დამუხრუჭდა, ადგილიდან აღარ იძვრის. ძალიან კარგი ყინულის მოედანია ქუთაისშიც, ისიც არასტანდარტული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული რეგიონში. გახსნილია ჰოკეის ჯგუფები, მაგრამ ფაქტობრივად დღეს სრული დატვირთვით მხოლოდ ბათუმის მოედანი მუშაობს.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამხელა თბილისს რომ არ ეღირსა ერთი სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი მაინც, ეს პირდაპირ დანაშაულია მომავალი თაობების მიმართ.
არ მახსოვს, რომ ზამთრის სახეობების სახელმწიფო განვითარების გეგმა შეემუშავებინათ. ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი წლით ადრე იწყება ლიცენზიების დათვლა, იმას კი არავინ ფიქრობს, რომ როცა ერთი ოლიმპიადა მთავრდება, მაშინვე იწყება მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის ოთხწლიანი მზადების ეტაპი. ამას სჭირდება პროფესიონალების დასხდომა და გეგმის დასახვა – რა სახეობებში ვიღებთ მონაწილეობას, რამდენი სპორტსმენია და სად და როგორ უნდა მოვამზადოთ ისინი. ყველაფერი დეტალურად უნდა განიხილო და მზადების იმნაირივე პროგრამა შეიმუშავო, რაც კეთდება ზაფხულის ოლიმპიადისთვის მზადების დასაწყისში. რატომღაც ზამთრის სპორტის სახეობები გერის როლშია. არიან დამსახურებული მწვრთნელები აქაც, ბაკურიანშიც... ამ ხალხის დაძახება და გამოყენებაა საჭირო. 2018 წლის ოლიმპიადა თითქმის კარზეა მომდგარი, ორი წელი რჩება. დღემდე არ ვიცით, რა მდგომარეობაა ცალკეულ სახეობებში, ვინ არიან კანდიდატები.
ასე თამამად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ვიყავი სპორტკომიტეტის ზამთრის სახეობების განყოფილების უფროსი, სათხილამურო სპორტის სახელმწიფო მწვრთნელი, უცხოეთის სამ ქვეყანაში მიმუშავია უფროს სპეციალისტად და ნაკრები გუნდების მწვრთნელი. ასე რომ, ვიცი, როგორ ხდება მზადება ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე.
ნახეთ, რამდენი სახეობის განვითარება შეიძლება ერთ სტანდარტულ საციგურაო მოედანზე: ფიგურული ციგურაობა, სპორტული ცეკვები, სპორტული წყვილები, ჰოკეი, სინქრონული ციგურაობა, კრიოლინგი, შოლტ-ტრეკი, ანუ ერთ ჭერქვეშ შესაძლებელია 7 სახეობის განვითარება! რა თქმა უნდა, საჭიროა გაკეთდეს მენეჯმენტი, ყველაფერი დეტალურად უნდა გაითვალო.
ჩვენი პატარა საციგურაო მოედანი ავიღოთ. ჩვენ ვართ სრულ თვითფინანსებაზე, ანგარიშვალდებული ვართ მერიის წინაშე, ერთ თეთრსაც კი არ ვიღებთ ბიუჯეტიდან. დენის, წყლის, გათბობის, მწვრთნელების ხელფასი, და ყველა სხვა წვრილმან თუ მსხვილმან გადასახადს მშვენივრად ვართმევთ თავს. ამ დროს ფასები არ არის ისეთი მაღალი, რომ მიუწვდომელი იყოს მომავალი თაობისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ უნდა გაკეთდეს კარგი მენეჯმეტნი, ყველაფრის სწორად გათვლა, ხოლო თუ სახელმწიფოც დაგეხმარა, ეს ხომ ყველა სახეობის ნატვრაა.
სპორტის ახალმა მინისტრმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ თბილისში ააგებს სტანტარტული ზომის ყინულის მოედანს და მე მჯერა ამისა. ძალიან საწყენი იქნება, თუ მან დანაპირები დაივიწყა.
ვრცელი წერილი გამომივიდა, მაგრამ თუ გვინდა დიდი სპორტის განვითარება, სათქმელი აუცილებლად უნდა თქმულიყო.