საბავშვო ბაღების „ მსოფლიო ასორტი“
ექსპერტებმა და არქიტექტორებმა ეს პროექტები თავისებურ საოცრებებად აღიარეს. თუმცა „სემირამიდას ბაღები“ აქ არაფერ შუაშია- ეს, უბრალოდ, საბავშვო ბაღებია... ზოგმა სიდიდის, ზოგმა კრეატივის, ზოგმაც- ბავშვების რაოდენობის გამო მიიღო უჩვეულოს სტატუსი. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარეობს, მაგრამ მათ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საერთოც აქვთ-ბავშვები...
„ფერადი ბაღი“
პეკინის თანამედროვე არქიტექტურის სტუდიის ნოვატორმა არქიტექტორებმა შესძლეს საერთაშორისო საბავშვო ბაღი დიდ სათამაშო მოედნად ექციათ. შენობის საერთო ფართობი, გასართობ მოედნებთან ერთად, 4308 კვ.მ. ნაგებობის თვითეული დეტალი ოდნავ უტრირებული და კომიქსის ესთეტიკის მატარებელია: ფანჯრები სხვადასხვა ზომისაა, ღია აივნები მკვეთრ ფერებშია შეღებილი, კედლების ნაცვლად ბევრი მინის ფანჯარაა, რათა მზის სხივები საკმარისად მოხვდეს შენობაში...
საბავშვო ბაღის ცენტრში გამწვანებული შიდა ეზოა. მეორე სართულის ყველა სასწავლო ოთახის ფანჯარა და კარი სწორედ ამ ეზოში გადის. ხოლო პირველ სართულს მრავალმხრივი დატვირთვა აქვს- იქ წვიმიან ამინდში ბავშვები სასერნოდაც კი გაჰყავთ. საბავშვო ბაღში მკვეთრი ფერები ბავშვებს უკეთ ორიენტირებაშიც ეხმარება. მაგალითად: ყვითელი ფერით შეღებილ კოლონებთან სათამაშო ოთახია და პატარებიც მშვიდად და დაჯერებულად მიდიან იქით. აქ სასადილოსაც თავისი ფერი აქვს და გასახდელსაც...
პროექტის ავტორებმა ზუსტად გათვალეს, გაითვალისწინეს და სწორად განახორციელეს ბავშვებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი დეტალი- ბევრი მზის სხივი, მწვანე გარემო, სუფთა ჰაერი და ბევრი თავისუფალი სივრცე.
„მწვანე ბაღი“
ვიეტნამური არქიტექტურული ფირმა Vo Trong Nghia Architects „მწვანე“ შენობებითაა განთქმული. მის სტილში ცოცხალი მცენარეები გარე ფასადებთანაა შერწყმული. ფირმის ერთ-ერთი ბოლო პროექტი საბავშვო ბაღს- „Farming Kindergarten“ უკავშირდება. მათ არც აქ უღალატეს საკუთარ ხელწერას: ეს არის ბაღი მწვანე გაზონებით და ბოსტნეულის კვლებით სახურავზე. ეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება პატარა ქალაქში მდებარეობს და 500 ბავშვზეა გათვლილი. ბავშვების მშობლები ქალაქის ფეხსაცმელების ფაბრიკის თანამშრომლები არიან. მიუხედავად, არცთუ დიდი ბიუჯეტისა, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს მიზნობრივი პროექტირებისთვის მიემართათ და ბავშვებისთვის ისეთი გარემო შეექმნათ, სადაც ისინი შესძლებდნენ ენახათ ბოსტენეულის და ხილის მოყვანის პროცესი.
ფორმით შენობა კვანძს ჰგავს, რომლის შუაგულში სამი მწვანე გაზონია საბავშვო მოედნებთან ერთად. ამასთანავე გათვალისწინებული და გათვლილია უსაფრთხოების ყველა დეტალი. შენობის სახურავზე კი ბოსტნის კვლებია, სადაც ბავშვებს სპეციალური მეცადინეობები უტარდებათ. მეცადინეობებზე ბავშვებს პედაგოგები უხსნიან, როგორ უნდა მოიყვანონ ბოსტნეული და ხილი. ეს არა მხოლოდ საჭირო უნარებს განავითარებს პატარებში, არამედ ბუნების სიყვარულსაც უნერგავს მათ.
„ბაღი- ფისუნია“
გერმანიაში, დიზაინერმა ტონი უნგირერმა და არქიტექტორმა აილი-სიუზან იონდელმა არაჩვეულებრივი კატა-ბაღი შექმნეს. უჩვეულო დიზაინმა პატარების ფანტაზია გაამრავალფეროვნა: ახლა ისინი ტირილით კი არა, სიამოვნებით მიდიან სტუმრად საყვარელ არსებასთან. ბაღის შესასვლელი კარი „ცხოველის“ პირშია განთავსებული, ხოლო მის „მუცელში“ დიდი, ასს ბავშვზე გათვლილი სათამაშო ოთახია განთავსებული.
ორგინალურმა დიზაინმა ფაქიზად გადმოსცა ბავშვების ინტერესი, რადგან მათ უმრავლესობას შინ საყვარელი ცხოველები ჰყავთ.შენობა ისეა აგებული, გეგონებათ, რომ ფისუნია მალე ახტება:ყურები დაცქვეტილი აქვს, თათები ფრთხილად უდევს მიწაზე... დიდი მრგვალი ფანჯრები ფისოს თვალებად იქცნენ, ხოლო მისი კუდი ბავშვების საცურაო გორაკებად ტრანსფორმირდება. შიგნით ბაღი არაფრით განსხვავდება სხვა ბაღებისგან- არის სასწავლო ,სათამაშო ოთახები, სამზარეულო, სასადილო და ჰოლი.
„თვითმფრინავის ბაღი“
სხვათაშორის, Kindergarten Die Katze ერთად-ერთი კრეატიული ბაღი არ არის. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში, ქალაქ რუსთავშიც გაიხსნა საბავშვო ბაღი თვითმფრინავში. სწორედ ამიტომ, ის უცნაური ბაღების ცამონათვალში მოხვდა. მაშინ ამ ნოვაციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ იდეა რომ კრეატივის ნაკლებობას არ განიცდის, ცხადია. თანაც „თვითმფრინავის ბაღმა“ მსოფლიო პრესის და სპეციალისტების ყურადღებაც მიიქცია.
ვიდრე თვითმფრინავში ბავშვები დასახლდებოდნენ, ის Georgian Airways-ის კუთვნილება იყო. ჩამოწერის შემდეგ, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორმა- გარი ჩაფიძემ შეისყიდა. თვითმფრინავის შიდა ინტერიერი, რა თქმა უნდა, მთლიანად შეიცვალა (დაიდგა მაგიდები სხვადსახვა აქტივობების განსახორციელებლად), მაგრამ მფრინავის კაბინა და ღილაკიანი ზედაპირები უცვლელი დარჩა. უცვლელად დატოვეს სიჩქარის გადამრთველებიც,რადგან მათთან ურთიერთობისას ნორჩ მფრინავებს მცირე მოტორიკა განუვითარდეთ. თვითმფრინავის ბორტზე 15 ბავშვის მოთავსებაა შესაძლებელი. ბაღის სტრუქტურა დაფუძნებულია მონტესორის აღზრდის პრინციპებზე. ბავშვს, ფაქტობრივად, ეძლევა ყველაფრის კეთების უფლება. მათ არ ეზღუდებათ თავისუფლება, ხოლო აღმზრდელებს ევალებათ ბავშვის ენერგიას სწორი მიმართულება მისცენ.
რუსული ბაღები
ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბავშვო ბაღად მიიჩნევენ, რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, 300 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს. ის 5610 კვ.მ=ზეა გაშენებული. შენობა სამსართულიანია. ბაღის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ მას აქვს ინტეგრირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისათვის.
ასევე, რუსეთში ცნობილია ბელოიარსკის ინოვაციური საბავშვო ბაღი „ნორდი“. ის 220 ბავშვზეა გათვლილი. მთლიანი ნაგებობა ორი სამსართულიანი შენობისგან შედგება. ერთში სასწავლო ოთახები და გასახდელებია, ხოლო მეორეში- სპორტული და მუსიკალური დარბაზები. შუაში არის საკმაოდ დიდი სივრცე-სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის.
ეკო-ბაღი
და ბოლოს, ესპანური საბავშვო ბაღი, რომლის ფერადოვან და ზიგზაგისებურ ფასადს, ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს მნახველი. ბაღის ირგვლივ სამი სათამაშო მოედანია.პირველი ორ წლამდე ბავშვებისთვის, მეორე საბავშვო ბაღის ასაკის პატარებისთვის, ხოლო მესამე-გვერდით მდებარე დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის.
მიუხედავად მხიარული დიზაინისა, ბაღის პროექტი საკმაოდ სერიოზულია. მასში გათვალისწინებულია ყველაფერი, ლანშაფტიც კი. პროექტი შეთანხმდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და მშენებლობა უმოკლეს ვადებში დასრულდა. გამოყენებულია ხის მასალა და ამიტომაც მას ეკო-ბაღი უწოდეს. ამ სიკეთის გარდა, ბაღში სხვადასხვა ინტეგრირებული პროექტებიც ხორციელდება, რაც ბავშვებისთვის არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ სასიამოვნოც...