დაკანონდება თუ არა ქართული სკოლამდელი განათლება?
მხოლოდ სამომავლო 17 დოლარიანი ეკონომიკური მოგება არ ყოფილა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონპროექტის ინიცირების მიზეზი. თუმცა, ნობელიანტი ეკონომისტის- ჯეიმს ჰეკმანის ამ სიტყვების შესახებ, კანონპროექტის ავტორებმა და თანაავტორებმა, ცხადია, იციან. ევროპულმა ქვეყნებმა უკვე გამოსცადეს,რომ სკოლამდელ განათლებაში ჩადებული ფინანსები მართლაც ამცირებს სირთულეებს და ზრდის ეკონომიკას.
საქართველოში კანონპროექტზე ფიქრი პრესასკოლო განათლების სფეროში არსებულმა რეალობამ გამოიწვია. 2004 წლამდე სახელმწიფო კონსტიტუციით, კანონის დონეზე აღიარებდა სკოლამდელ განათლებას ზოგადი განათლების საწყისს საფეხურად. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ეს სფერო მხოლოდ ერთი წინადადების იმედად დარჩა: „ სახელმწიფო სკოლამდელ განათლებას უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით“ . ამით სახელმწიფომ სკოლამდელ განათლებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ის აღარ იყო ვალდებული ბავშვები ბაღებით უზრუნველყო, დაწესებულებებისთვის დაფინანსება გამოეყო, პერსონალის კვალიფიკაცია შეემოწმებია. 2006 წლის რეფორმით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შექმნა, მართვა და ფინანსური უზრუნველყოფა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაევალათ და მათი ექსკლუზიური ზრუნვის საგანი გახდა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები არასამეწარმეო იურიდიულ პირებად გადაკეთდნენ, მოგვარდა სამართალმემკვიდრეობის საკითხიც, თუმცა რეფორმას ბევრი მტკივნეული ხარვეზიც ახლდა: დაიხურა ბევრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება; წარმოიშვა სერიოზული საკანონმდებლო ლაფსუსი- კანონი ვეღარ არეგულირებდა ბაგა-ბაღებში სწავლების მეთოდიკას და ხარისხს, აღმზრდელთა კვალიფიკაციას.განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სკოლამდელი განათლების მიზნები და სტანდარტები, გამოიცა სახელმძღვანელოები და გზამკვლევები პერსონალისთვის. სამინისტრო ცდილობდა ნორმატიული აქტებით მოეხდინა დარგის რეგულირება, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, რადგან კანონის არარსებობის გამო, იურიდიული ძალა არ გააჩნდა.
თავის მხრივ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვაში და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში სიძნელეები ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობებსაც. მუნიციპალიტეტებმა არასამთავრობო სექტორთან, განათლების ექსპერტებთან, მშობლებთან და ბაღის პერსონალთან ერთად დაიწყეს განსაკუთრებული სტრატეგიის შემუშავება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
რეფორმამ ლაფსუსები წარმოშვა არა მხოლოდ იურიდიული, არამედ სკოლამდელი განათლების ხარისხის მიმართულებითაც. ამით ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდნენ.ისინი, როგორც სწავლების ხარისხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით რაიონებში, საერთოდ პრესასკოლო განათლების მიღმა დარჩა.
ახალ კანონპროექტზე თითქმის ორი წელი მუშაობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. კანონპროექტი იუნისეფის მხარდაჭერითა და თანაავტორობით შეიქმნა. ბოლო რამდენიმე თვეა კანონპროექტს საზოგადოებას აქტიურად აცნობენ, მალე მისი პარლამენტში განხილვაც იგეგმება. კანონპროექტის ავტორები იდეის გაჩენის მიზეზად სწორედ რეგულაციების არარსებობას მიიჩნევენ.
ეკა ბესელია: „კანონპროექტი საქართველოში ყველა ბავშვისთვის მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭირვალე, ინკლუზიური,ანგარიშვალდებულების პროინციპზე დაფუძნებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, გარდა მცირე ჩანაწერისა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
ეს ჩანაწერი გახლავთ თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლი, რომლის იმედზე სკოლამდელი განათლების სისტების დატოვება, დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.
იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოშუ, საშა გრაუმანი ამბობს: „იუნისეფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონპროექტის ინიცირებას და განსაკუთრებით აღნიშნავს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევას მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. სკოლამდელი განათლება საფუძველია ბავშვის შემდგომი განვითარებისა და სწავლისათვის. თუ ბავშვს მიღებული აქვს სკოლამდელი განათლება, იგი უკეთეს შედეგებს აღწევს სკოლაში და უფრო სრულად ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას. ამდენად, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება არსებითია ბავშვის სასწავლო და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. კანონი შექმნის უფრო მტკიცე სამართლებრივ საფუძვლებს, სახელმწიფო სტანდარტებს და მონიტორინგის სათანადო სისტემას ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად ყველა ბავშვისთვის საქართველოში.“
საჯარო განხილვებზე გამოიკვეთა კანონპროექტის ძლიერი მხარეები. მთავარი მიზანია, სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო იყოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რათა საბოლოოდ რეალური შედეგები დაიდოს. იგი ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის 28-ე და 29-ე მუხლების მოთხოვნებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დასკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ინკლუზიური განათლება ყველა ბავშვისთვის მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით (ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა) კანონპროექტით განმტკიცებულია ბავშვთა მიმართ ძალადობის აკრძალვა. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა სრული ჩართულობა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდებლი განათლების დაწესებულებებში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას.
მკაფიოდ იმიჯნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებები და საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციები. კანონპროექტით შემოთავაზებულ ერთ-ერთ სიახლეს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულო წესის შემოღება წარმოადგენს.
საკანონმდებლო დონეზე კანონპროექტით შემდეგი საკითხები რეგულირდება: ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჯგუფების ჩამოყალიბების წესი; ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა; აღმზრდელ-პედაგოგების და აღმზრდელების თანაფარდობა.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით, იუნისეფი მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი ასპექტები:
„აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარების სისტემა, მათ შორის სასწავლო კურსები პროფესიული საქმიანობის დაწყებამდე და სწავლების პერიოდში ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკის, არაძალადობრივი დისციპლინის, ბავშვთა უფლებების და უსაფრთხოების საკითხებზე;
სტანდარტები ჯგუფის მოცულობის შესახებ, რაც გულისხმობს ბავშვთა მაქსიმალურ რაოდენობას ჯგუფში - 15-22, ხოლო აღმზრდელ-პედაგოგების მინიმალური რაოდენობა - ერთი მასწავლებელი 8-15 ბავშვზე ბავშვების ასაკის გათვალისწინებით;
ეროვნული სტანდარტების განხორციელების რეგულარული მონიტორინგი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.“
მიუხედავად მრავალმხრივი აღფრთოვანებისა, არსებობს სხვა-მშობლების მხარეც. მათი ინტერნეტ-მოსაზრებები სხვადასხვაგვარია:
ლიკა თიკარაძე:ეს არის გამოგონილი ველოსიპედის ხელახლა გამოგონება....კარგია,რომ ფიქრობენ ბავშვის აღზრდის პირობების გაუმჯობესებაზე,მაგრამ,დამერწმუნეთ,30 ბავშვის იმ ფართში(უმეტეს შემთხვევაში ერთ ბავშვზე სივრცის არეალი ნოლის ქვევით არის) სადაც 8-9 საათი უწევთ პატარებს ყოფნა,ტოლფასია გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნისა. და კიდევ.....აღმზრდელის და მასწავლებლის უფლებებიც შეზღუდულია...ამაზეც უნდა იფიქრონ სერიოზულად...ძალიან მინდა, ვინც კანონებს აცხობს ზეპირად,მივიდეს იქ და სულ ერთი დღე იმუშაოს,მერე კი დაწეროს და ჩამოაყალიბოს თავისი ტვინის ნაჟური..რა იქნება საუკეთესო ვარიანტი ბავშვისათვის“.
გიორგი თუმანიშვილი: „ყველაზე რეალურია, იმ "კანონპროექტებს" შორის, რაც აქამდე მინახავს!!! უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობაში, უბრალოდ გააკონტროლეთ ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, სხვა ყველა შემთხვევაში პოზიტიური პროცესები მიდის. მადლობა როგორც დასავლეთს, ისე ჩვენებს, ვინც ამ გადაწყვეტილებაზე მუშაობს.“
ლერა ჩიტიშვილი:„როგორც იქნა ეღირსა სკოლამდელ განათლებას კანონპროექტი!!! სამომავლოდ კანონი!“იქცევა თუ არა კანონპროექტი სამომავლოდ კანონად, ალბათ, ხალხიდან პოლიტელიტაში გადასული განხილვა გვიჩვენებს...