დუდა სანაძის სარეკორდო მატჩი
დუდა სანაძის სუპერწამოდგენა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა, რომელიც „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის გუნდ „სან დიეგოს“ ღირსებას იცავს, კალიფორნიელებს კონფერენციის პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.
სანდიეგოელები პორტლენდში ადგილობრივ „პაილოტსს“ დაუპირისპირდნენ და ქართველი მსროლელის 29 ქულის წყალობით, გამარჯვება მოიპოვეს - 82:71.
სანაძეს არნახული საღამო ჰქონდა. ქართველმა უკანახაზელმა 34 წუთში 9-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩაგდო, 29 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა და ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.
სანაძის შეუდარებელი გარჯის წყალობით მასპინძლები, რომლებსაც კონფერენციაში უკვე 2 მოგება ჰქონდათ მოპოვებული, უშანსოდ დარჩნენ. სანაძეს ხელი წააშველეს ჰოლანდიელმა ჯიტო კოკმა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა და სერბმა ვასა პუსიკამ 13 ქულით.
აღსანიშნავია, რომ დუდასთვის დღევანდელი შედეგი პირადსარეკორდოა ამერიკულ კარიერაში. აქამდე მისი მწვერვალი 25 ქულა იყო, რომელიც 2014 წლის 16 იანვარს, „სანტა კლარასთან“ მოაგროვა.
სანაძემ ფედერაციის საიტისთვის ნამატჩევს ფეისბუქით კომენტარი გააკეთა: „ავადმყოფობის გამო, ბოლო 2 მატჩი სათანადოდ ვერ ვითამაშე. ვირუსი შემხვდა და ფორმაში არ ვიყავი. დღევანდელი მატჩის წინ კი თავს კარგად ვგრძნობდი. ბოლომდე დავიხარჯე, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთე და თანაგუნდელებმაც მხარი ამიბეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება – პირველი, კონფერენციაში“.
„სან დიეგომ“, რომელსაც მიმდინარე სეზონში საგამოფენო მატჩებში 5 მოგება ჰქონდა, კონფერენციაში 4 წაგების შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. სანაძის გუნდის მომდევნო მეტოქე კონფერენციის ლიდერი „გონზაგა“ იქნება, რომელსაც სანდიეგოელები 17 იანვარს სტუმრად დაუპირისპირდებიან.
„ვესტ ქოუსთის“ კონფერენცია ერთ-ერთია ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის 33 კონფერენციიდან, სადაც მთლიანობაში 450-ზე მეტი საუნივერსიტეტო გუნდი თამაშობს. საკუთრივ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში 10 გუნდია, რომელთა შორისაც სანაძის გუნდი, დღესდღეობით, ბოლოსწინა ადგილზეა.