გარდაიცვალა ერთ-ერთი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სახელგანთქმული ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელი
ნიანგების ხახას გადარჩენილი „სტალინის კერპი“
ფოტოგამოფენის დარბაზის მსგავსი მისი ბინა ქართული სპორტის ნამდვილი ნავსაყუდელი იყო. მისი მეუღლე, ყოფილი მოთხილამურე და წლების მანძილზე ზამთრის სახეობებში სახელმწიფო მწვრთნელი (უწინ ასეთი თანამდებობაც იყო) არკადი არხანგელსკი; თავად – ოლიმპიური ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი, გერმანიისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ორგზის გამარჯვებული მზია ჯუღელი; და მათი ქალიშვილი – საქართველოს პირველი ჩემპიონი ქალი ფიგურულ სრიალში ირინა არხანგელსკაია.
აი, მართლაც სპორტული დიდების ცოცხალი მუზეუმი!
ეტყობა, ამ რამდენიმე წლის წინათ ამითაც დაინტერესდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები და ბინა რომ ცარიელი დაიგულეს, კარები ისე ფაქიზად გახსნეს და დაკეტეს, რომ არა დაკარგული უძვირფასესი ნივთები, ვერც კი შეატყობდი, მასპინძელთა არყოფნაში ვინმე თუ იყო შესული. თუმცა არამზადებმა ოლიმპიურ ოქროს მედალს მაინც ვერ მიაგნეს და იმ დღის შემდეგ ქალბატონი მზია ამ ჯილდოს შინ არ ტოვებს, სადაც მიდის, მუდამ თან დააქვს.
ბუნება და მეურნეობა რომ უყვარს, მის ბინაში შესვლისას უმალ გეცემათ თვალში. და თუ მაინც ვერ შენიშნეთ, თავად მასპინძელი გაჩვენებთ ფანჯრის გარეთა რაფაზე გაშენებულ ბაღჩას – მის სიძეს, ამჟამად საქართველოს ელჩს დიდ ბრიტანეთში თემურ მამაცაშვილს, იაპონიიდან პაწაწკინტელა პომიდვრის ჩითილები ჩამოუტანია და სიდედრს გაუშენებია. ნახეთ, რა ტკბილი და გემრიელია, რომ დავამწიფებ, სურათს გადავუღებ და ლონდონში ჩვენებს გავუგზავნი, გაეხარდებათ, – მითხრა და ქალბატონი მზია იაპონური პომიდვრით გამიმასპინძლდა.
ბუნების სიყვარული ბუნებრივ ნატურმორტში გამოუსახავს – ისე გემოვნებით გაუწყვია ბარაქიანი შემოდგომის სიმდიდრე – უთუოდ იფიქრებთ, დეკორატორის გაფორმებულიაო.
მოგზაურობა რომ უყვარს, ამას რა მარჩიელობა უნდა. გადახედეთ მის ფოტოგამოფენას და სამოცდაათივე ქვეყნის პეიზაჟს თუ არა, ორმოცდაათი სახელმწიფოს ხედსა თუ ღირსშესანიშნავ ადგილს მაინც ამოიცნობთ. სამოცდაათამდე ქვეყანას ზოგჯერ რამდენჯერმე სწვევია ტანვარჯიშის ქალბატონი, ხან სპორტსმენის, ხანაც სტუმრის რანგში. ისე მიყვარს სურათების გადაღება, ხუმრობით მზია-ფოტო შემარქვესო.
დაბოლოს, ხელოვნება, მუსიკა უყვარს მზია ჯუღელს. რომ არ უყვარდეს, ალბათ გაგიკვირდებათ – თავისუფალი ვარჯიში ხომ მუსიკის თანხლებით სრულდება. ამიტომ ვიყავი დაინტერესებული და ვცდილობდი, ჩემი გამოსვლისთვის რაიმე კარგი მუსიკა ამომერჩიაო.
ცნობისმოყვარეც ყოფლა და უთუოდ ამიტომაც არ დაზარებია სამოცდაათი ქვეყნის მოვლა. წარმოსადგენადაც კი ძნელია!
მზია ჯუღელის მდიდარი ბიოგრაფია ყველამ იცის, მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის გახსენება, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება.
ახტანჯანა ბავშვი იყო, ახტალის ტყის ახლოს ცხოვრობდნენ და სულ ჭინკასავით დახტოდა ხიდან ხეზე. გურჯაანელი ბავშვები აკრძალულ ტერიტორიაზე მარწყვის მოსაპარად თუ წავიდოდნენ, მოთავე უთუოდ მზია უნდა ყოფილიყო. ნიკოლოზ ჯუღელს გოგო კი არა, ბიჭი უნდა ეზრდებოდესო, არაერთ თანასოფლელს უთქვამს. არადა, მზიას დედ-მამას ყველა იცნობდა, მამა ცნობილი თერაპევტი იყო, დედა – არანაკლებ ცნობილი სტომატოლოგი, ყველა მადლიერი ჰყავდა, ხელს უქებდნენ. აბა, კბილი ვის არ ასტკენია და ერთი ციდა გურჯაანში რამდენი სტომატოლოგი იქნებოდა, ისიც იმ დროს!
მზია დედისერთა იყო და გათამამებული, ოღონდ კარგად გაზრდილი. ტოლ-ამხანაგებსა და მეზობლებში არასოდეს ქედმაღლობდა, პირიქით, თუ რამე გაუჭირდებოდათ, დაუზარებლად ეხმარებოდა. რამდენჯერ კაბა, ფეხსაცმელი, მაისურა გაუჩუქებია, გაჭირვებული ამხანაგები შინ მიუყვანია და სადილი მიურთმევია.
იცოცხლეთ, სადილის მომზადება და სამზარეულოში ტრიალი უყვარდა მზიას. მაშინაც, მომავალი მეუღლე რომ გაიცნო, ბაკურიანში იყვნენ შეკრებაზე და საღამოხანს ტანმოვარჯიშე გოგონებს სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელი ბიჭები რომ ეწვეოდნენ და კარტის თამაშს გააჩაღებდნენ, მზია სულ ნახშირის ღუმელთან ტრიალებდა, ხან მჭადებს აცხობდა, ხან ნამცხვარს... თითქოს ამ ღუმელის გამონაბოლქვი მური არ ყოფნიდათ, კარტსაც გამურვაზე თამაშობდნენ. ჰოდა, ეტყობა ახალგაზრდა არკადი არხანგელსკისაც დიდად ეამა ახალგაცნობილი მზიას ნახელავი და თვალშიაც მოუვიდა ეშხიანი გოგო. თუმცა ეს მერე იყო.
გურჯაანის მეექვსე საშუალო სკოლის დამწყები კლასების მასწავლებელი ნინო ალადაშვილი ძალიან მცოდნე და წიგნიერი ქალბატონი ყოფილა და წიგნის სიყვარული მისგან გადასდებია ნორჩ მზია ჯუღელს. ბევრ საინტერესო ამბავსაც უყვებოდა ბავშვებს, რომ პატარებში დაინტერესება გამოეწვია და აზროვნების უნარი ჩამოეყალიბებინა.
ფიზკულტურის გაკვეთილებს შალვა ბოსტაშვილი უტარებდათ. დიდი ულვაშები ჰქონია და ახლობლებს ბუდიონა შეურქმევიათ. სკოლას მოედანი არ ჰქონდა, მაგრამ შალვა მასწავლებელი ხან რაიმე ნიშნულს დადებდა და ბავშვებს სიგრძეზე ახტუნავებდა, ხან კიდევ მომაღლოდ თოკს გაჭიმავდა და ახლა სიმაღლის ბარიერი უნდა დაეძლიათ. იყო შეჯიბრება, იყო აზარტი და, რა თქმა უნდა, ხალისიც.
ეზოში ორი დიდი ბოძი იდგა, რომლებზეც რგოლები დაემაგრებინათ. ახტაჯანა მზიასაც ამ რგოლებზე ქანაობა უყვარდა. ეტყობა, კარგადაც გამოსდიოდა. ჰოდა, შალვა ბოსტაშვილს ბევრი არ უფიქრია, ჯუღელებს ესტუმრა და პატარა მზიას სპორტულ სექციაში ჩაწერა სთხოვა.
ზემო გურჯაანში, მათგან არც ისე შორს, გაუქმებული ელექტროსადგური იყო და ფიზკულტურის მასწავლებელმაც იქ მოაწყო დარბაზი. თავად მიჰყავდა ბავშვები და უკანაც თვითონ აბრუნებდა.
შალვას კარგი თვალი და ხელი ჰქონდა და მზიასგანაც პერსპექტიული სპორტსმენი გამოიყვანა. ყოველ შემთხვევაში, თბილისში საქართველოს მოსწავლეთა პირველობა რომ გაიმართა, გურჯაანის ნაკრების ოთხკაციან შემადგენლობაში მეოთხეკლასელი მზია ჯუღელიც იყო და ჩინებული შედეგი აჩვენა – მეოთხე ადგილზე გავიდა.
თუმცა... თურმე ჯუღელების ოჯახს დიდი უბედურება ელოდა – 1938 წლის 23 თებერვალს მზიას მამა დააპატიმრეს, ხოლო რამდენიმე დღეში – 8 მარტს, მის გზას დედაც გაუყენეს. სახლიდან გამოაგდეს, იმ ღამით სასტუმროში მოათავსეს და თბილისში მცხოვრებ მზიას ბებია-ბაბუას შეატყობინეს, წაიყვანეთო...
მეოთხე კლასი რომ დასამთავრებელ იყო, ამიტომაც ბავშვი თბილისიდან ორი-სამი თვით ისევ გურჯაანში დააბრუნეს და პატარა მზია კეთილშობილმა, ოთხშვილიანმა დარაბეგოვების ოჯახმა შეიკედლა (უწინ მათი გვარი დარბაიძე ყოფილა, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო გვარი შეცვლიათ). ამ დიდ ოჯახს არ შეშინებია „ხალხის მტრის“ შვილის შეკედლება და უდედმამოდ დარჩენილ მზიას ცივ ნიავს არ აკარებდნენ. მანამდე კი, სახლიდან რომ გამოაგდეს და სასტუმროში შეყუჟეს, ასეთივე ღვთისნიერება შალვა ბოსტაშვილს გამოუჩენია, რომელიც ჯერ არ დაქორწინებულიყო ნინო ალადაშვილზე – შინ მოხუცი დედა მყავს, წავიყვან და მას გავაზრდევინებო, მაგრამ არ დაანებეს.
თბილისში პასტერის ქუჩაზე ცხოვრობდა, რკინიგზის მეექვსე სკოლის მეხუთე კლასში გადმოიყვანეს, არჩილ ბაქრაძემ და გიორგი მერკვილაძემაც იპოვეს და შეძლებისდაგვარად ძნელბედობა გადაატანინეს. მომავალ ტალანტს თავს დაჰფოფინებდნენ, სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი ოთარ ახობაძეც ყოველნაირად ხელს უწყობდა და მზიამაც ამდენი კაცის ამაგი წყალში არ გადაყარა, იმედი არავის გაუცრუა და იმავე წელს საქართველოს მოსწავლეთა ჩემპიონი გახდა.
არ გეგონოთ, მზია ჯუღელი მხოლოდ ტანვარჯიშულ იარაღებზე ოსტატდებოდა. სიგრძეზე და სიმაღლეზე მხტომელთა შეჯიბრებაშიც მიუღია მონაწილეობა, 100 მეტრზე და ბარიერებით რბენაშიც, კოშკურიდან წყალხტომაში და ცურვაშიც.
მისი ბედი მოსწავლეთა სპარტაკიადამ გადაწყვიტა – ამ ტურნირში მონაწილეს მხოლოდ ერთ სახეობაში უნდა ეასპარეზა და მზიამაც სპორტული ტანვარჯიში აირჩია. რომ ჰკითხოთ, რატომ მაინცდამაინც სპორტული და არა მხატვრული, ან სხვა რომელიმე სახეობა, დაბეჯითებით ვერ გეტყვით. ალბათ ჯერ შალვა მასწავლებელმა შემაყვარა, მერე კი ამ სახეობით ჩემი დაინტერესება არჩილ ბაქრაძემაც გააღვივაო.
და მზია ჯუღელი მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონიც გახდა.
მერე, ასაკის მომატებასთან ერთად, ქალიშვილთა თანრიგში (იმ დროს თანრიგები ასე იყოფოდა – გოგონათა და ქალიშვილთა) გადავიდა და უკვე ნიკოლოზ მახვილაძის ხელმძღვანელობით ემზადებოდა.
და უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მონაწილეობაზე დაიწყეს ფიქრი. მზიას არც საკავშირო სარბიელზე შეურცხვენია თავი და ომამდე სსრ კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოზრდილ მოსწავლეთა შორის.
დაიწყო ომი და სპორტში მეცადინეობაც შეფერხდა. ნიჭიერი სპორტსმენი დააფასეს და მეათე კლასში რომ სწავლობდა, ცურვის მასწავლებლად დანიშნეს. ახლა რომ რესტორანი „არაგვია“, იქ იყო იმდროისთვის შესანიშნავი საცურაო კომპლექსი და მზია ჯუღელი პასტერის ქუჩიდან მტკვრის მეორე მხარეს ბორნით გადადიოდა.
აუზში მისვლისთანავე გააოცა გამოცდილი მწვრთნელ-მასწავლებლები. ჯგუფი რომ შეკრა, ბავშვები საჭყუმპალაოში კი არ შეუშვა, პირდაპირ კოშკურაზე აასკუპა და იქიდან ახტუნავა. წყალი ხომ მათ აუცილებლად ამოაგდებდა, მასწავლებელი კი იქვე, კიბეზე იდგა, ბავშვს ხელს სტაცებდა და ზემოთ ამოჰყავდა. ასე შეეჩვივნენ და შებედეს წყალს ცურვის უცოდინარმა ბავშვებმა, რომლებიც კოშკურიდან ბრმად ალალბედზე, გაუცნობიერებლად ხტებოდნენ.
სხვათა შორის, არჩილ ბაქრაძე და გიორგი მერკვილაძე ძალიან გაუშინაურდნენ თვითმყოფად ტალანტს, მის ჭირსა თუ ლხინს იზიარებდნენ. 1941 წელს სწორედ მათ მიიყვანეს იგი პუშკინის ქუჩაზე მდებარე საკავშირო პროკურატურის განყოფილებაში და იქ გაიგო, მამა დახურულ ბანაკშია და მიმოწერის უფლება არა აქვს, დედა კი ვოლოგდაშია გადასახლებულიო. მისამართი მისცეს და სამი წლის უნახავი დედა-შვილი გულს მიმოწერით იოხებდა.
შემდეგ, 1943-1944 წლებში, სპორტსაზოგადოება „სპარტაკში“ ინსტრუქტორად დანიშნეს. ცხოვრება ჭირდა და განათლების სამინისტრომ ახალგაზრდა მწვრთნელს სათხილამურო ფეხსაცმელები გადასცა, დიდთოვლობაში შალის წინდას გადმოიწევდა და ისე დადიოდა.
1944 წელს განახლდა ვარჯიშები და მზიაც დინამოელი გახდა. ბესიკის ქუჩაზე ვარჯიშობდა. ერთი წლის შემდეგ, ომი რომ დამთავრდა, მოსკოვში „დინამოს“ საკავშირო პირველობა მოეწყო. მართალია, ჯუღელი ამ შეჯიბრებისთვის კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ოსტატების პროგრამით გამოსვლას მაინც მოერიდა და საკავშირო პირველი თანრიგით იასპარეზა. რა თქმა უნდა, აქაც გაიმარჯვა, თუმცა მთელი ოთხი წელიწადი, ფაქტობრივად, გაუცდა და თითქოს სპორტულ ფორმაში არც უნდა ყოფილიყო.
მაგრამ მთავარი მოულოდნელობა ჩემპიონს წინ ელოდა. საღამოს გამარჯვებულები გენერალმა ობრუშნიკოვმა მიიღო და სტუმრებს გამოჰკითხა, ვის რა სურვილი გაქვთო. მზიას, რა თქმა უნდა, დედის ნახვა ყველაფერს ერჩია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, „დინამოს“ საბჭომ ვოლოგდაში მივლინება გაუფორმა მზია ჯუღელს და თან „ინსტრუქტორი“ გააყოლა. რვა წლის უნახავი დედა-შვილის შეხვედრისას რა სცენაც დატრიალდებოდა, ყველა მიხვდება და ჩვენც ამ თემაზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს. მხოლოდ ერთს ვიტყვით, 1945–ში რომ უთხრეს, მამა ფილტვების ანთებით გარდაიცვალაო, ქალბატონ მზიას ამ ოთხი წლის წინათ გაუგია, რომ ნიკოლოზ ჯუღელი მაშინვე, 1938 წელს, დაუხვრეტიათ...
დედას კი გადასახლებაშიც თავისი სპეციალობით უმუშავია, საკუთარი სტომატოლოგიური კაბინეტიც ჰქონია...
საბედნიეროდ, უკვე გათხოვილ და 14 დღის ძუძუმწოვარა ბავშვის პატრონ მზია ჯუღელს (სხვათა შორის, ირინა 23 თებერვალს არის დაბადებული, ბაბუის დაპატიმრების დღეს) 1948 წელს დედა დაუბრუნდა...
არკადი არხანგელსკი და მზია ჯუღელი 1947 წელს დაქორწინდნენ. როგორც ზემოთ ვთქვით, არკადის ბაკურიანის შეკრებაზე ყოფნისას ჩაუვარდა გულში მზია და, ეტყობა, არც ქალიშვილი იყო ამ მამაკაცის მიმართ გულგრილი. ყოველ შემთხვევაში, ეპრანჭებოდა კი.
დილით მთელი გუნდი თხილამურებზე დგებოდა და სათხილამურო ლაშქრობას იწყებდა. არკადი, როგორც გამობრძმედილი მოთხილამურე, ჯგუფის ბოლოში დგებოდა, რომ ყველანი თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. მზიაც მის წინ აიტუზებოდა. ცოტას გასრიალდებოდა და ეცემოდა. მერე კიდევ, მერე კიდევ და არკადიც იძულებული იყო, დავარდნილი მზია ფეხზე დაეყენებინა. ეს პროცესი უთუოდ ორივეს სიამოვნებდა.
შეკრება რომ დამთავრდა, არკადიმ სთხოვა, ტურნირებზე საასპარეზოდ რომ წახვალ, მოკითხვამდე წერილები გამომიგზავნეო. მართალია, მზიას ეს თხოვნა არ შეუსრულებია, მაგრამ თურმე რაია კოგან-ზაალიშვილს (ცნობილ ოდესელ ტანმოვარჯიშეს, რომელიც კოკა ზაალიშვილს გაჰყოლია ცოლად) მზიას სახელით არ გაუგზავნია წერილი არხანგელსკისთვის! აბა, არკადიმ ეს რა იცოდა, ეგონა, სატრფომ მომიკითხაო და ბედნიერ კაცს, სანამ მზია შეჯიბრებიდან დაბრუნდებოდა, შეყვარებულის ბებია-ბაბუაც გაუცვნია და მათი ხშირი სტუმარიც გამხდარა...
დეკრეტიდან გამოსული მზია ისევ დარბაზს მიუბრუნდა, 1949 წელს ვარჯიში დაიწყო, ამიერკავკასიის პირველობაზე გაიმარჯვა, 50-ში კი საკავშირო ჩემპიონატში იასპარეზა. მისი მწვრთნელი უკვე გრიგოლ მამარდაშვილია, რომლის ხელმძღვანელობითაც მზიამ სპორტის ოსტატობა მიიღო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა.
1951 წელს საბჭოთა გუნდი მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშებისათვის ემზადებოდა. ბოლო დღემდე მზია ჯუღელიც იყო შეკრებაზე, მაგარმ მოუმიზეზეს, საბუთები ვერ გაფორმდაო და, როგორც მაშინ არა ერთი და ორი სპორტსმენისთვის უქნიათ, სამშობლოში გამოისტუმრეს.
აღმოსავლეთ გერმანიაში გუნდი მატარებლით გაემგზავრა. მზიას ურჩიეს, სტალინს მისწერე და ხელ-ფეხი გაგეხსნებაო. მართლაც, ქართველმა სპორტსმენმა კრემლში აფრინა დეპეშა და მეორე დღესვე საქართველოს სპორტკომიტეტში ბრძანება მოვიდა, ჯუღელი სასწრაფოდ ბერლინში გადააფრინეთო. დაფაცურდნენ ქართველი ჩინოვნიკები და მეორე საღამოს მზია ჯუღელი ორიოდე საათით ადრე ჩამოჩაქჩაქებულ საბჭოთა გუნდს შეუერთდა. და, ყველას ჯინაზე, იქაც პირველი იყო – ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი!
აი, უთუოდ ამისი ეშინოდათ რუსებს, იცოდნენ, შეჯიბრების დროს ვერაფერს ავნებდნენ და არასპორტულ ხრიკებს სხვაგვარად მიმართავდნენ – სხვადასხვა, ყოვლად დაუჯერებელი ფაქტების მომიზეზებით შეჯიბრებებს არიდებდნენ ჩინებულ სპორტულ ფორმაში მყოფ სპორტსმენს, ოლიმპიური მედლების მოპოვების ერთ-ერთ უეჭველ პრეტენდენტს! ეს შეჯიბრება ხომ ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ერთგვარი ეტაპიც იყო.
საერთოდ, საბჭოთა კავშირმა მისთვის ამ პირველი გრანდიოზული ფორუმისთვის სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყო და ლამის მთელი წინა წელი საბჭოთა სპორტული დელეგაცია შეკრებაზე იყო. ტანმოვარჯიშეები ოთხი თვის მანძილზე ჯერ სოჭში ემზადებოდნენ, იქიდან გუნდი ფინეთის საზღვართან, ვიბორგში გადაიყვანეს და იქ ავარჯიშეს. მაგრამ ვარჯიშიც არის და ვარჯიშიც – საბჭოთა მანქანა მაგრად მუშაობდა – ომმოგებული და ზემძლავრი სახელმწიფო პირველივე სპორტულ ფორუმში სირცხვილს ვერ სჭამდა, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გამძლე, ყველაზე მარდი, უპირველესი უნდა ყოფილიყო და სპორტსმენებსაც ასე ამზადებდნენ – ათლეტები პაპიროსით გაბოლილ დარბაზებში ვარჯიშობდნენ. იყო ყურისწამღები ღრიანცელი... ერთი სიტყვით, საბჭოთა ოლიმპიელი ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყო, ყველა გამოცდისთვის უნდა გაეძლო!
ხოლო ჰელსინკში რაც მოხდა, ყველა ოლიმპიურ ცნობარშია აღნუსხული – მზია ჯუღელი პირველი ქართველი ქალი გახდა, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა!
საინტერესო კია, როგორ მოახერხა – საბჭოთა ტანმოვარჯიშეთა გუნდის ხელმძღვანელები ხომ ცდას არ აკლებდნენ, ხელი შეეშალათ ქართველი სპორტსმენისთვის. ოლიმპიადის წინ გული მოულბეს – კაპიტნად აირჩიეს, მაგრამ თურმე რა ჩანაფიქრი ჰქონიათ – სტარტზევე დაჩაგრეს, კაპიტანი ხარ და წინ გაგვიძეხი, შენ გამოსვლაზეა დამოკიდებული მთელი გუნდის შედეგიო. აი, რუსთა მზაკვრობა! ასეთ დროს მსაჯი ყოველთვის თავს იზღვევს – იცის, რომ გუნდი, როგორც წესი, საასპარეზოდ პირველად სუსტს უშვებს და ძლიერებს ბოლოსკენ ინახავს. და მზია ჯუღელიც დაიჩაგრა – მისთვის ყველაზე იოლად დასაძლევ ვარჯიშში – ბჯენით ხტომებში (ამ ვარჯიშში მზია ჯუღელი საბჭოთა კავშირის ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი იყო) მსაჯმა ამ „სუსტი“ მონაწილისთვის მაღალი შეფასება ვერ გაიმეტა და მხოლოდ მეოთხე ადგილი მიაკუთვნა. თუმცა სპეციალურად ოლიმპიადისთვის გამოცემულ ჟურნალში საბჭოთა გუნდიდან მხოლოდ მზია ჯუღელს ჰქონდა ხოტბა შესხმული:
„სრულყოფილება – აი, რუსი მედეა ჯუღელის მეტსახელი. იგი ტაიჭზე ასრულებს თავის ულამაზეს ვარჯიშს. ტანის ყოველი ნაწილი, თითის წვერამდე – უკიდურესად დაჭიმულია. ჯუღელი ასრულებს სანთელივით გაჭიმულ ყირას“.
ამ გამარჯვებას კი მზია ჯუღელი სხვებთან ერთად ივანე ოგანოვსაც უმადლის, რომელიც უნიჭიერესი ქართველი სპორტსმენის ყველა დიდი გამარჯვების სულის ჩამდგმელი გახდა – ოგანოვის ხელში გახდა ჯუღელი ოლიმპიური ჩემპიონიცა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონიც!
...1954 წელს რომში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. 1953-ში, ერთ-ერთ ტურნირში, მართალია, მზიამ ფეხი იღრძო, მაგრამ ბჯენით ხტომებში მაინც მოახერხა მეორე ადგილზე გასვლა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ეს მოუმიზეზეს, ტრავმირებული ხარო. არადა, ბრწყინვალე ფორმაში იყო. ოლიმპიური ჩემპიონი გუნდში მაინც სათადარიგოდ ჩაირიცხეს. მეორე დღეს რომის გაზეთებმა ეს ფაქტი სენსაციად და „რუსთა“ გუნდის გამოუცნობ სიურპრიზად აღიქვეს: თუ საბჭოთა ნაკრებს სათადარიგო მონაწილე ასეთი ძლიერი ჰყავს, წარმოიდგინეთ, ძირითადი გუნდი რაღა იქნებაო!
ათასი ქება-დიდება, ათასი მადლობა ქალბატონ მზია ჯუღელს, რომ ყველაფერ ამის მიუხედავად მაინც ჩემპიონთა ჩემპიონია, შეუცვლელი ქალბატონია. მეტოქეებზე ათი თავით მაღლა რომ არ მდგარიყო, უკვე ხომ გჯერათ, ვერაფერს მიაღწევდა!
...1956 წელია, მოსკოვში სსრ კავშირის ხალხთა პირველი სპარტაკიადა მიმდინარეობს. საქართველოს გუნდიც მონაწილეობს საბჭოეთის ამ დიდ სპორტულ ფორუმში. ქართველი ტანმოვარჯიშეები ხვალ გამოდიან, დღეს კი კინოთეატრში წავიდნენ, ფილმის სანახავად და დაძაბულობის მოსახსნელად. მთელი სეანსის განმავლობაში და მერეც, სანამ იმ საერთო საცხოვრებელს მიაღწევდნენ, სადაც საქართველოს გუნდი იყო დაბანაკებული, მზესუმზირას აკნატუნებდნენ, ალბათ ათი მანეთის მზესუმზირა მაინც ექნებოდათ ნაყიდი!
სხვისა არ ვიცი, მაგრამ მზია ჯუღელს ძვირად დაუჯდა ეს მსუნაგობა – ქუჩაში ნაყიდმა მზესუმზირამ აწყინა, მთელი ღამე არ დააძინა და შეჯიბრებაც ჩააფლავა. არადა, საუკეთესო ფორმაში იყო და მელბურნის ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადებოდა.
მაგრამ ქართველ ტანმოვარჯიშეს ოლიმპიადის წელს სპარტაკიადის ჩაფლავებას აპატიებდნენ?! არც აპატიეს და, ფაქტობრივად, ამით დამთავრდა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ქალის კარიერა.
...გარდა იმისა, რომ ძლიერი, მიზანსწრაფული, ტექნიკური სპორტსმენი იყო, მზია ჯუღელი მამაციც გახლდათ.
50-იან წლებში საბჭოთა გუნდი საჩვენებელი გამოსვლების გასამართად ინდოეთში მიიწვიეს. მასპინძლებმა სტუმარ ტანმოვარჯიშეებს ეგზოტიკური ადგილების დათვალიერება შესთავაზეს. ტბაზე გადებული ქოქოსის ხესთან მივიდნენ. აბა, ვინ გაბედავს და ზედ ვინ გაცოცდება, კენწეროდან ორ ნაყოფს ვინ ჩამოიტანსო. დაუპატიჟებელ სტუმრებს ტბიდან დაგეშილი, პირდაბჩენილი, მშიერი ნიანგები ათვალიერებდნენ, ეს ვინ გვეწვია, კარგი ლუკმა თუ შეგვხვდებაო.
ვინ შებედავდა, თუ არა ახტაჯანა მზია ჯუღელი. ძალიან გრძელი ხე იყო, დახორკლილი... გული საგულეს აღარ ჰქონდა, სულ იმ ნიანგებს ჩაშტერებოდა, მაგრამ ჯიუტი რომ იყო! ერთი თქვა და მორჩა, გათავდა – უნდა გაცოცდეს, აბა შერცხვენილი ხომ არ დაბრუნდება!
როგორც იქნა, კენწერომდე მშვიდობიანად მიაღწია, ორი დიდი ნაყოფიც მოწყვიტა. მაგრამ ახლა, უხელოდ გადმოცოცება აღარ გინდა?! ვერც მე გეტყვით და თავადაც ვერ აგიხსნით, ასე უვნებლად როგორ ჩამოიტანა ეს ქოქოსები დაკაწრულ-დასისხლიანებულმა მზიამ და როგორ დაუბრუნდა გამარჯვებული პირდაფჩენილ და მომხდარით გაბრუებულ საბჭოთა დელეგაციას.
ესეც თქვენი სუსტი სქესის წარმომადგენელი!
ისევ ინდოეთი... საბჭოთა გუნდს ბანგალაში, ერთ-ერთ პარკში, სადაც მაიმუნებიც ბინადრობდნენ, ცალკე ვილა მისცეს. ცხოველებს სასუსნავს აძლევდნენ და ისინიც იოლად შეეჩვივნენ სტუმრებს. სპორტსმენები გარეთ რომ გამოდიოდნენ, ეს მაიმუნები იქვე იდგნენ და ელოდნენ. ერთხელაც, შუადღისას, მზიას სასუსნავი გაუთავდა და გუნდის ექიმმა მიხეილ კუზნეცოვმა ურჩია, ლიმონი მიეციო. პაპანაქება იდგა და პირის გასასველებლად სპორტსმენებს ციტრუსი სულ თან დაჰქონდათ. მზიამ მიაწოდა ლიმონი. მაიმუნმა დაუბრუნა, კიდევ მიაწოდა, ისევ დაუბრუნა. მეთამაშებაო, მზიას უფიქრია და ეს ლიმონი მესამედ რომ მისცა, ამ შენმა მოშინაურებულმა მაიმუნმა ისეთი გამოუქანა, შიგ თვალში სთხლიშა და საღამოს თვალგასიებული და ჩალურჯებული გავიდა საჩვენებელ გამოსვლაზე. მერე გაუგია, თურმე მაიმუნები ლიმონს არ მიირთმევენ!
...მზია ჯუღელი აქტიურ სპორტს რომ ჩამოშორდა, ჯერ საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო, მერე საკავშირო ნაკრებსაც ავარჯიშებდა. მთელი ცხრამეტი წელიწადი საქართველოს უმაღლესი სპორტული დაოსტატების სკოლას ედგა სათავეში, ბოლო ათი წელიწადი კი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა ქართველ ტანმოვარჯიშებთა და ბატუტზე მხტომელთა მთელი პლეადა – სსრ კავშირის, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები... რუსუდან სიხარულიძე, ნინო დრონოვა, ვლადიმერ გოგოლაძე, პაატა შამუგია, ელისო ბედოშვილი, რუსუდან ხოფერია, ანა დოღონაძე, ზაზა აბრამიშვილი...
ქალბატონ მზიას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დადგენილებით 1999 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა მზია ჯუღელის სახელობის სტიპენდია.
სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე მზია ჯუღელი საპატიო მისიით ჩავიდა – წინასწარ დაუკავშირდა საქართველოდან გაქცეულ (რა თქმა უნდა, არა საკუთარი ნებით!) ჩვენს დიდებულ მძლეოსანს, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს, მის მეუღლეს – იანას და ქართული საზოგადოების ავსტრალიური ფილიალი შექმნა. ეს საზოგადოება „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გახლდათ.
ავსტრალიურ ვოიაჟთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბის გახსენება მინდა. როგორც ვთქვით, ქალბატონი მზიას სიძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩია და ლონდონის აეროპორტიდან ტვირთის გადატანა არ გასჭირვებია. თურმე ავსტრალიაში ალკოჰოლური სასმელების შეტანა აკრძალულია, ერთი-ორი ბოთლი კიდევ შეიძლება. მზია ჯუღელს კი მთელი უზარმაზარი ყუთი არ მიაქვს! აბა, საზოგადოებას აფუძნებს და ალაფურშეტისთვის სასმელი ხომ სჭირდება! საქმეში ხარ? ვინ გაგიშვა! – გახსნეს ყუთი, ამოიღეს ერთი ბოთლი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... მებაჟეებს თვალები გაუფართოვდათ, ეს რა ხდებაო!
შეწუხდა ქალბატონი მზია, იფიქრა, ჩემი დამტვრეული ინგლისურით რაღაცას მივახვედრებო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ბედად, ოლიმპიური მედალი გაახსენდა, რომელიც ბინის გაქურდვის შემდეგ სულ თან დააქვს! იტალიაში პერსონალურად მისთვის დამზადებული ბაჯაღლო ოქროს ხუთი რგოლიც (ოლიმპიური სიმბოლო) თან ჰქონდა, რომელზეც გვარიც ამოტვიფრულია და ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების წელიცაა და რიცხვიც... ამან უშველა, მოუბოდიშეს და კიდეც გააცილეს.
...მზია ჯუღელის პორტრეტს უთუოდ რაღაც მნიშვნელოვანი დააკლდება, თუ ორიოდ სიტყვას მის ოჯახზეც არ ვიტყვით. მართალია, მისი მეუღლე – არკადი არხანგელსკი წარმოშობით რუსი იყო, მაგრამ დედა ქართველი ჰყავდა და თავისი ქართველობითა და მამულიშვილობით ბარე ორ წმინდა წყლის ქართველს არ ჩამოუვარდებოდა. შვილიც, ირინაც ასე აღზარდეს – ქართულ ტრადიციებზე, ქართული სულისკვეთებით...
ბოლოსთვის კი ერთი კურიოზული ამბავი მოვიტოვეთ. თავის დროზე ქალბატონი მზიას ხელმძღვანელობით სანაპიროზე სატანვარჯიშო კომპლექსი აიგო. ჰოდა, ამ კომპლესის მშენებლობის დროს, როცა საამქროდან გამზადებული კიბეები მოიტანეს, უცებ მანქანა შეტრიალდა და უკან გაუდგა გზას. ქალბატონი მზია ამ მანქანას გამოეკიდა და ჩაუხტა, არსადაც არ გაგატანთო! თურმე გლდანში მილიციის აკადემია შენდებოდა და ჯერ იქ მივიტანთ, მერე აქაო. ნეტა ცოცხალი თავით ვინ რისი გამტანებელი იყო.
აი, ასეთია ტანვარჯიშის ცოცხალი ლეგენდის, 75 წლის ქალბატონ მზია ჯუღელის პორტრეტი...