12 იანვარს, დიდ ქართველ ფეხბურთელს, ფინტების ვირტუოზს მიხეილ მესხს 79 წელი შეუსრულდებოდა
მერცხალს გუმანი არასდროს ღალატობს როგორ მოგვნატრებია მიხეილ მესხი!...
მეგობრებში ხშირად დამიკვეხნია – ფეხბურთი მესხთან მითამაშია-მეთქი. ბუნებრივია, არა სჯეროდათ. მეც, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობდი, მაგრამ მართალი კი იყო: სინამდვილეში, მას უთამაშია ჩემთან, როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი, ექვსი-შვიდი წლისა...
მესხის სახელი მაშინ მთელ ქვეყანაზე ქუხდა, და არა მარტო საქართველოში... ეზოში მოთამაშე ბავშვები სულ იმას ვცდილობდით, მაისურაზე ციფრი 11 დაგვეწერა – მიშა მესხის ნომერი... მაშინ ყველგან შეხვდებოდით მაისურაზე მსხვილი ციფრებით წარწერილ 11-ნომრიან ბავშვებს; ამით უფრო ამაყებიც ვიყავით და თავდაჯერებულებიც...
მაგრამ ისევ მესხთან თამაშს დავუბრუნდეთ...
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაჩემს პატარაობიდანვე დავყავდი ფეხბურთზე. თანდათან შემიყვარდა თამაშიცა და ფეხბურთელებიც, იამანიძე, ბარქაია, კოტრიკაძე, ჩოხელი... და, რაღა თქმა უნდა, ლეგენდარული მიშა მესხი – შესანიშნავი ვაჟკაცები, ელეგანტურები, ნამდვილი რაინდები, ერთი ბეწო უხეშობასა და უხამსობას რომ არ იკადრებდნენ, რასაც ახლა ძალიან ხშირად ვხედავთ საფეხბურთო მოედნებზე... როგორ შეიძლებოდა, ასეთი ხალხი არ შეგყვარებოდა!... ყველა ბავშვის სანუკვარი ოცნება იყო მაშინ, ერთხელ მაინც გამოლაპარაკებოდა ამ საყვარელ ფეხბურთელებს...
და, აი, ერთ დღეს მამაჩემმა, გურამ ფანჯიკიძის დახმარებით, შემისრულა დიდი ხნის დანაპირები და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე წაგვიყვანა მე ჩემი მეზობელი და მეგობარი მერაბ სიგუა. ასე აგვისრულდა ყველა ბავშვის სანუკვარი ოცნება.
რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ!.. დღეს აღარც იამანიძე არის, აღარც მეტრეველი, აღარც ჩოხელი, და აღარც განუმეორებელი და უბადლო მიშა მესხი... უდროოდ დატოვა ფეხბურთი და ამქვეყნიდანაც უდროოდ წავიდა... 1991 წლის აპრილში, ზუსტად ათი წლის წინათ, მისი სახელი კი სამუდამოდ დარჩა...
და სწორედ აპრილის წინა დღეებში, მიშას მეუღლესთან, ქალბატონ ქეთევანთან ერთად, ვიხსენებდით საყვარელ ადამიანს, ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავს... ვიგონებდით ცალკეულ საოცარ ეპიზოდებს მისი სპორტული მოღვაწეობიდან.
მართლაც, როგორ მოგვნატრებია დაუვიწყარი მიშა მესხი!
...დინჯად გამოვიდოდა გასახდელიდან, კოჭს კოჭზე მიარტყამდა და ასე ნავარდით მივიდოდა მოედნის ცენტრამდე. კენჭისყრის შემდეგ გუნდები თავთავიანთ ნახევარზე რომ განლაგდებოდნენ, მიშა მარცხენა ფრთას მიაშურებდა და იქიდან, მწვრთნელების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ფეხის მომცვლელი არ იყო. იმიტომ, რომ მან იცოდა თავისი საქმე, იცოდა, რომ სწორედ ამ ადგილას, ამ მონაკვეთში შეეძლო საოცრებები მოეხდინა და სხვაგან რა ეკეთებინა? ტოტალური ფეხბურთი მიშას ბუნებისთვის უცხო იყო. მწვრთნელები კი მოითხოვდნენ, დაცვაშიაც ეთამაშა.
ყოველი მატჩი მისი მონაწილეობით, ნამდვილი ზეიმი იყო – ტრიუკების კასკადი, ფინტების თვალისმომჭრელი ელვარება, ვირტუოზული ოსტატობა იმ ფრთაზე, მოედნის იმ მონაკვეთში ისხამდა ფრთებს და ყოველივე ამის შემოქმედი შეუდარებელი მიხეილ მესხი იყო!
ვერსად, დედამიწის ვერც ერთ კუთხეში ვერ ნახავთ, რომ ტაიმებს შორის გულშემატკივარს თავისი ადგილი მიეტოვებინოს და მოპირდაპირე მხარის ტრიბუნაზე ფეხზე მდგარს (აბა, ცარიელ ადგილს სად ნახავდი!) უფრო ახლოდან ეყურებინოს თავისი საყვარელი ფეხბურთელის თამაშისთვის! აი, ჩვენ სტადიონზე კი ეს სისტემატურად ხდებოდა! დაიძვრებოდა მესხისტების მთელი არმია და „შეესეოდა“ იმ ტრიბუნას, სადაც სასწაულებს ახდენდა მათი კერპი!
...საბჭოთა ნაკრები ბრაზილიაში მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს მართავდა. ერთ მომენტში მიხეილ მესხმა თავისი ცნობილი ფინტით ბრაზილიელ ფეხბურთელს ფეხებშუა გაუტარა ბურთი და კარგა მანძილით ჩამოიტოვა; მეტოქის ტრიუკით გაოგნებული, იგი უცებ შეცბა, მერე ერთბაშად სიცილი აუვარდა, მიშას გამოენთო, წამოეწია, ზურგზე შეახტა და გადაკოცნა...
ამ ეპიზოდმა აღაფრთოვანა ტრიბუნაზე მჯდომი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი რობერტ კენედი. მატჩის შემდეგ იგი გასახდელში შევიდა და მიხეილ მესხთან მოინდომა სურათის გადაღება.
სად, პლანეტის რომელ კუთხეში აღარ უკრავდნენ ტაშს მიხეილ მესხს?! ვინ მოთვლის, რამდენი დამცველისთვის გაუმწარებია სიცოცხლე უნიჭიერეს გარემარბს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეთერთმეტე ნომერს...
და, საერთოდ, ნეტა რომელი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლებოდა იმდროინდელი „დინამოდან“. კი ბატონო, ვარსკვლავები იყვნენ – მესხი, მეტრეველი... მაგრამ იამანიძე, ბარქაია, კოტრიკაძე, ჩოხელი, გიორგი სიჭინავა... სამწუხაროდ, ისინი მსოფლიომ ვერ გაიცნო, არადა, ვინ იცის, რა კაშკაშა ვარსკვლავები ვერ იხილა მათი სახით?!
მაშინ, სამწუხაროდ, უცხოეთისკენ გზა თითქმის გადაკეტილი ჰქონდა ჩვენს გუნდს. არადა, საბჭოთა კავშირის გუნდებიდან ჩვენი „დინამო“ აშკარად გამოირჩეოდა თამაშის საკუთარი დახვეწილი, აკადემიური სტილით, მაღალი ტექნიკით, რაინდული ბუნებით... და თუ არა ის უცნაური „წესი“, რომ ქვეყნის ჩემპიონი უსათუოდ მოსკოვის რომელიმე გუნდი უნდა ყოფილიყო, ჩვენი „დინამო“ ძალიან ბევრჯერ დაიმსახურებდა ჩემპიონის ტიტულს...
აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი ანეკდოტური ამბავი: როგორც ცნობილია, 1964 წელს, ტაშკენტში, ჩვენებმა აშკარად დაჯაბნეს მოსკოვის „ტორპედო“ – გამანადგურებელი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვეს. მატჩს სჯიდა (სავსებით ობიექტურად) ლატვიელი მსაჯი რუბენისი. რუბენისს მაშინ ამისთვის საყვედური გამოუცხადეს და, თუ არ ვცდები, რამდენიმე წლით დისკვალიფიკაცია „გამოუწერეს“: ამდენი როგორ არ გესმის – როგორ შეიძლებოდა,
თბილისის „დინამოს“ მოსკოვის „ტორპედოსთვის“ მოეგოო!... ამის შემდეგ კარგა დიდი დრო გავიდა და ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს – უკვე, ეგრეთ წოდებულ, უძრაობის ხანაში – ჩვენი „დინამო“ (რა თქმა უნდა, ახალი შემადგენლობით) მოსკოვში რომელიღაც გუნდს, თუ არ ვცდები, „სპარტაკს“ ეთამაშება. თბილი, მზიანი დღეა და თამაშს ბრეჟნევი ესწრება. მთავრობის ლოჟაში, მის გვერდით, მგონი, ჩვენი ცეკას პირველი მდივანიც ზის. მსაჯობს ისევ ის რუბენისი. ერთ მომენტში რუბენისმა ჩვენი გუნდის კარში მეტად საეჭვო პენალტი დანიშნა (მას ძველი მწარე შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ დავიწყნია). „Судья не прав! Там ничего не было!“ – გამოთქვა თავისი ავტორიტეტული აზრი ბრეჟნევმა. ლიდერის ოქროს ბაგეთაგან დაძრულ სიტყვას ფუჭად ხომ არ გაატანდნენ ნიავს: მაშინვე მივიდა ეს ამბავი საკავშირო ფეხბურთის მესვეურის ყურამდე; დაიბარეს ის ბედუკუღმართი რუბენისი და ახლა ამაზე გამოუცხადეს საყვედური. დისკვალიფიკაცია, მგონი, არ მიუციათ – უბრალო საყვედური აკმარეს.
... ამბავს გადავუხვიე...
1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი ჩილეს ქალაქ ვალპარაისოს უნივერსიტეტის მაგისტრს გუსტავო მერკადოს მასპინძლობდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე მან მიხეილ მესხის ნახვა მოისურვა. თავად მერკადო ადრე თურმე ვალპარაისოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. აი, რა უთხრა მაშინ „ლელოს“ კორესპონდენტს სამხრეთ-ამერიკელმა სტუმარმა:
„მე მინახავს თბილისის „დინამოს“ მატჩები, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებს ისეთივე ხელწერა აქვთ, როგორც ამ თამაშის კორიფეებს – ბრაზილიელებს. მე ვიტყოდი, რომ ქართველი ფეხბურთელების ტექნიკა ბრწყინვალეა“.
როცა ჰკითხეს, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრთაგან ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათო, სტუმარმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა, მიშა მესხი! მე მისი თამაში მინახავს სანტ-იაგოშიც და არიკაშიც. მეც და ჩილელ მაყურებლებსაც სამუდამოდ დაგვამახსოვრდა მესხი ჩილესა და საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების შეხვედრისას 1962 წელს არიკაში. ჩილელებმა მაშინ დავივიწყეთ ჩვენი კერპი – სანჩესი, და სიმპათიები მესხს მივუძღვენით. საკმარისი იყო, მას მიეღო ბურთი, რომ მთელი სტადიონი ბობოქრობდა: – „ვივა, მესხი!... ვივა, მესხი!...“ ეს მართლაც ფანტასტიკა იყო, მესხი ჭეშმარიტად ბურთის ჯადოქარია!..“
რამდენი ასეთი მაგალითის გახსენება შეიძლება. არგენტინელი გულშემატკივრებისთვის მესხი ნამდვილ კერპად იქცა. იქ მას „ქართველი გარინჩა“ შეარქვეს.
როცა დიდ პიროვნებებზე ვლაპარაკობთ, უხერხულიც კია მათი ერთმანეთთან შედარება. არც მიხეილ მესხი და გარინჩა შეუდარებია ვინმეს ერთმანეთისთვის. ყველას – გარინჩასაც, დი სტეფანოსაც, მესხსაც, სტრელცოვსაც, მეტრეველსაც და ბევრ სხვას განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა და აქვს. და მაინც, იმხანად გულშემატკივრები ხშირად კამათობდნენ ხოლმე
– არა, ჩემი ჯილა სჯობს, არა – ჩემიო. ერთხელაც, როცა მეგობრები ფეხბურთზე საუბრობდნენ, იქვე იყო მესხიც, ბევრი იკამათეს, ბევრი იდავეს, ერთმანეთს ადარებდნენ ფეხბურთელებს. მეტრეველს ყველანი სახელგანთქმულ გარინჩას ამსგავსებდნენ. მიხეილ მესხმა ერთბაშად წამოიძახა: „ტყუილია: გარინჩა მეტრეველთან რას მოვა!..“
ეს იმ დროს ითქვა, როცა მესხიცა და მეტრეველიც დიდების ზენიტში იყვნენ, თავგამოდებული „მესხისტები“ და მეტრეველის თაყვანისმცელები კი თავგადაკლულნი დაობდნენ, არა მიშა სჯობს, არა სლავაო.
კიდევ ერთი საგულისხმო შემთხვევა უნდა გავიხსენო: მიშა მესხი ორი წლის წასულია „დინამოდან“. საკავშირო პირველობაზე ჩვენი გუნდი ერთ-ერთ იმ დროისთვის შედარებით სუსტ მეტოქეს მასპინძლობს. ამ დროს ჩვენი გუნდი უკვე შესუსტებულია. მოწინააღმდეგემ მასპინძელი ყოველმხრივ დაჩაგრა, გასაქანი არ მისცა და ანგარიშშიც ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა.
გულსაკლავი სანახავი იყო იმ წუთებში ტრიბუნაზე მყოფი მესხი. თითქოს დაპატარავებული, ძალაგამოცლილი, ხმას ვერ იღებდა, ბოღმა ახრჩობდა... მეორე ტაიმის ნახევარზე მეტი იყო გასული, მწვრთნელებმა სლავა მეტრეველს რომ უხმეს (სხვათა შორის, იმ პერიოდში მეტრეველსაც „ჩამოსაწერ“ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ და მხოლოდ გაჭირვების ჟამს თუ გაიხსენებდნენ ხოლმე). ეს რომ მიხეილ მესხმა დაინახა, წამოხტა და იკივლა, დიახ, იკივლა: სლავა, არ გახვიდე, თამაში წაგებულია და ყველაფერი შენ დაგბრალდება!..
იმაზე დიდი საცოდაობა რა უნდა იყოს, ფეხბურთის დიდოსტატს ფეხბურთიდან რომ განდევნი! ბუნებრივია, ეს მძიმედ განიცადა „ბებერმა“ მესხმაც. იქნებ ფეხბურთის ხსენება, სტადიონისკენ გახედვაც არ უნდოდა! იმ ხანებში ერთხელ მითხრა: სტადიონზე კარგა ხანია არ დავდივარ, არ შემიძლია ჩვენი გუნდის თამაშის ყურებაო. არადა, რასაც ახლა გავიხსენებ, სწორედ იმ წლებში მოხდა.
ეს მიხეილ მესხის ერთმა უახლოესმა მეგობარმა მიამბო:
„1976 წლის 3 სექტემბერია. ჩვენი „დინამო“ უკვე მერამდენედ თამაშობს საკავშირო თასის ფინალში. მიშა დილიდან უგუნებოდ იყო, ვერც შინ გაძლო, ოჯახურ სიმყუდროვეში, ვერც სამსახურში. მე გამომიარა: იმედი არა მაქვს, ბიჭო, მეშინია, მოდი, სადმე ქალაქგარეთ გავიდეთ, ცოტა გული გადავაყოლოთო. არ დავეთანხმე – საღამოს ფეხბურთს ტელევიზორით ერთად ვუყუროთ-მეთქი. მატჩის დაწყებამდე დიდი დრო იყო და ორივემ გავუწიეთ ერთმანეთს ანგარიში – ჯერ ზედაზენზე ავედით, საღამოს კი ტელევიზორს მივუსხედით. ზედაზენზე უცებ თვალს მიეფარა მიშა. როცა მივაგენი – მუხლებზე დაცემულიყო და პირჯვარს იწერდა“... ის ფინალი, ერევნის „არარატთან“, „დინამომ“ 3:0 მოიგო და პირველად
მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი. ... მიხეილ მესხმა 1955 წელს ჩაიცვა პირველად თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მაისურა. 18 წლისა იყო. ჯერ სათადარიგო შემადგენლობაში თამაშობდა. ერთი წლის შემდეგ კი ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი. თხუთმეტ წელიწადს არ გაუხდია ერთი და იმავე ნომრიანი მაისურა – „11“. თხუთმეტი წელი ბევრი არ არის, მაგრამ რა ექნა. მაშინ „წესი“ იყო ასეთი, ოცდაათს მიღწეულ, მით უმეტეს, ამ ასაკს გადაცილებულ ფეხბურთელებს „ხანდაზმულად“, „ჩამოსაწერად“ ნათლავდნენ. ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი, ბევრი „ვარსკვლავი“ შეეწირა ამ ყოვლად უსაფუძვლო და გაუმართლებელ „წესს“. ერთი მათგანი მიხეილ მესხიც გახლდათ... როგორ უნდოდა თამაში! ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებს როგორ გამოადგებოდა სწორედ ის „ხანდაზმული“, „ჩამოსაწერი“ მიშა მესხი! არ მახსოვს თამაში, მესხს ხუთი-ექვსი აშკარა საგოლე მომენტი მაინც არ შეექმნა მეტოქის კართან. ხუთი-ექვსი! ამ ხუთიდან ორიც რომ დაგვირგვინებულიყო გოლით, სხვა მოთამაშეებსაც რომ გამოეღოთ ხელი, უკვე დიდი სხვაობით მოიგებდა გუნდი. ან მარტო მიშას ფინტის ცქერა რად ღირდა! არავინ ამბობს, სისწრაფე არ დაუკარგავსო. ეს დროის ბრალია. ყველა სპორტსმენს აკლდება სისწრაფე და სხვა თვისებები, წლები რომ ემატება, მაგრამ ნიჭი ხომ დარჩა, ფინტი ხომ დარჩა, ხუთი-ექვსი აშკარა ჩაწოდება ხომ დარჩა?! ზუსტი პასი მიეღო და სპრინტერობა სულ არ სჭირდებოდა მესხს, სანტიმეტრებში მოათავებდა საქმეს და ბურთს ზედ თავზე დაუსვამდა თუ ფეხზე მოარგებდა პარტნიორს!
მიხეილ მესხი ის ფეხბურთელი იყო, მინდორზე უქმად მყოფსაც ორი-სამი, ხშირად მეტი მცველი რომ დარაჯობდა დიდი გულმოდგინებითა და თავდადებით. არ ვიცი, ვინმეს დაუთვლია თუ არა, რამდენი გოლი გასულა მესხის ჩაწოდებების შემდეგ, მაგრამ ყოველ სამ მატჩში თითოც რომ ვიანგარიშოთ, ხომ ძალიან დიდ ციფრს მივიღებთ. ...1985 წელია, როგორც ჟურნალისტი, მგონი, უკანასკნელად შევხვდი ბატონ მიშას. მისი ბინის ერთ მყუდრო კუთხეში განვმარტოვდით – ჩემი მასპინძელი და მე. მიშა შვილებითაა გარშემორტყმული. ექვსი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავსო, ამაყობს. ამ რვიდან (მამა-ბაბუიანად) სამი მიხეილ მესხია – უფროსი (თვითონ დიდი მიშა), შუათანა (უფროსი ვაჟი, თბილისის „დინამოს“ მაშინდელი წევრი) და უმცროსი (შვილიშვილი).
– ბატონო მიშა, ბედნიერი კაცი უნდა იყოთ.
– სამოცდაერთში ერევანში ვიყავით შეკრებაზე და იქ შევიტყვე, ბიჭი რომ შემეძინა. ჩემი სახელი დავარქვი. ის არის ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე და იმ დღიდან ბედნიერი ვარ.
– ცხადია, შვილების სიმრავლე, ოჯახის სიმრთელე და სიჯანსაღე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მე სხვაც მაინტერესებს, მწვანე მინდორი მინდა გაგახსენოთ, აი, იქ როდის განიცადეთ ყველაზე დიდი ბედნიერება?
– სამოცდაოთხში! ეს არის ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პირველი თარიღი. ამის მერე იყო საკავშირო თასიცა და ევროპის თასიც... 1964 წელი დასაბამია!
– რამდენად სწორი შეკითხვაა, არ ვიცი, მაგრამ მაინც – შეძლებდით თუ არა თქვენ დღევანდელ „დინამოში“ თამაშს, მიშიკო კი – 60-იანი წლების „დინამოში“?
– მე ვითამაშებდი, მიშიკო – ვერა. მე ბევრი გამოვცადე ცხოვრებაში. ბევრი ოფლი ვღვარე, ვიდრე მიზანს მივაღწევდი. ფეხბურთი ბევრს გართობა ჰგონია, არადა, არაფრით ჩამოუვარდება, ვთქვათ, „ელდეპოში“ მუშად მუშაობას. მიშიკომ ჯერ ეს გზა უნდა გაიაროს, მერე ვნახოთ...
– თქვენი დროის „დინამო“ რომ ევროპის თასების გათამაშებაში გასულიყო, თუ მოიპოვებდა რომელიმე თასს?
– ყოველ შემთხვევაში, თავს არ შევირცხვენდით. მაშინ უფრო ძლიერი გუნდები იყო. აი, ახლა კი ჩვენს მაშინდელ „დინამოს“ ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, უსათუოდ მოვიგებდით თასს.
– როგორ გგონიათ, ხომ არ დაკარგა ფეხბურთმა ხიბლი, ხომ არ იქცა ზედმეტად ძალისმიერ, ათლეტურ სანახაობად?
– ფეხბურთი ხიბლს არასოდეს დაკარგავს, თუკი იქნებიან – და უნდა იყვნენ! – ჩივაძეები, დარასელიები...
– რამდენიმე წლის წინ თქვენ მითხარით, მიშიკო მესხი ზარმაცია, თორემ ჩემზე გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელიაო...
– ნამდვილად ჩემზე ნიჭიერია, მაგრამ ზოგიერთი ჩემი თვისება აკლია.
– მაინც რა თვისება?
– ჯიუტობა და მოთმინება. მოთმინება უნდა შეეძლოს ყველა დიდ საქმეს შეჭიდულ კაცს.
– თქვენ დროს სტადიონზე მესხის, მეტრეველის, იამანიძის, ბარქაიას სანახავად დადიოდნენ.. თქვენი უბრალო დანახვაც ახარებდა ხალხს...
– ხალხმა იცოდა, რომ ჩვენ, თუ წავაგებდით, მთელ სიცოცხლეს გავატანდით ამ წაგებას, ალბათ, ამის გამო თუ იყო, 3:6-ით რომ დავმარცხდებოდით ხოლმე, მაინც ამაყად ვტოვებდით მინდორს, იმიტომ რომ ვთამაშობდით, მაქსიმუმს ვაკეთებდით, ძალას არ ვიშურებდით. თუ ვერ ვიგებდით, ეს უკვე ჩვენი ბრალი არ იყო, თავზე ზემოთ ძალა ხომ არ არის.
– რატომ უყვარდათ უფრო ძლიერ ფეხბურთი, ვთქვათ, ოცი-ოცდაათი წლის წინათ, ვიდრე ახლა? ამას იმიტომ გეუბნებით, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს სტადიონებზე მომრავლდა გულგრილი მაყურებელი, ის ახალგაზრდები, ქაღალდის ჩიტების კეთება რომ ურჩევნიათ საყვარელი გუნდის ქომაგობას...
– ეტყობა, ცხოვრების ბრალია. ცხოვრება შეიცვალა, მოზღვავდა ინფორმაცია, აღარაფერი უკვირთ. ადამიანის ფსიქიკაც შეიცვალა. არადა, ჩვენს სტადიონზე ზეპირად ვიცოდი, ვინ სად იჯდა – მხატვარი, მოქანდაკე, ქალი, მესხისტი თუ მეტრეველის ქომაგი. ახლა ისე აითქვიფა ყველაფერი, კაცმა არ იცის, ვინ სად ზის და რატომ ზის მაინცდამაინც იქ...
– რატომ ჭირს დღევანდელ ფეხბურთში მაღალი კლასის გარემარბების აღზრდა? თუ დაკარგეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ფლანგზე შეტევის გემო?
– ბუნება რომ აყვავილდება, განა საცოდაობა არ არის, იმ დროს ქარიშხალი ამოვარდეს და ყინვები დაიჭიროს? ასეა ნებისმიერი მოწოდების ფეხბურთელიც: ბუნებით 11 ნომერს 6 ნომრად რომ ათამაშებ, შეიძლება განა?! დანაშაული არ არის, გარემარბს რომ დაცვაში ჩააყენებ? მწვრთნელმა, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთელს, თავისი ადგილი აპოვნინოს მინდორზეც და ცხოვრებაშიც.
– როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება დღეს მსოფლიო ფეხბურთის კანონმდებლად ჩაითვალოს?
– ახლა კარგ ფეხბურთს თამაშობს საფრანგეთი, მაგრამ ბრაზილია მაინც ბრაზილიაა!
– კი მაგრამ, ახლანდელი მსოფლიოს ჩემპიონი?
– არა, ბრაზილიელებსა და ფრანგებზე წინ იტალიას ვერ დავაყენებ.
– ვინ მიგაჩნიათ დღეს საუკეთესო ფეხბურთელად – პლატინი, მარადონა, რუმენიგე?...
– მე მგონი, ისინი საშუალო დონის ფეხბურთელები არიან, ვერც ერთს ვერ მივცემ უპირატესობას“.
ქალბატონ ქეთევანთან საუბრის დროს მან გაიხსენა: ერთხელ მიშა ტელევიზორით უყურებდა მარადონას თამაშს და – აბა, ერთი მე დამაყენა ახლა იმ თქვენი მარადონას ადგილზე და ნახავდით, რასაც გავაკეთებდიო.
...მიშასთან ჩემი საუბარი გრძელდება...
– პელე აღარ დაიბადება?
– ამას ათწლეულები მაინც უნდა...
– თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა ბეკენბაუერი ისეთი სიძლიერის გუნდის შექმნას, როგორიც მისი თამაშის დროს, 70-იან წლებში იყო?
– როგორ გითხრა, ბეკენბაუერი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. თუ ასეთ ნიჭს ახალ ამპლუაშიც, მწვრთნელობაშიც გამოავლენს და თუ გვერდით ორი-სამი ბეკენბაუერი მაინც ეყოლება, ალბათ გააკეთებს საქმეს.
– აღდგა თბილისის ცნობილი 35-ე სკოლა, თქვენი დროის ფეხბურთელების სამჭედლო. ესე იგი, ახალ მესხებს და კოტრიკაძეებს უნდა ველოდოთ?
– თუ მონდომება იქნა, საქმის და ბავშვის სიყვარული, ალბათ უნდა ველოდოთ. მთავარია, ბავშვებმა დაინახონ, რომ იქ ხალხი მუშაობს და სკოლა მხოლოდ ფორმალურად არ არსებობს.
– გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ თქვენ აგერ მეთხუთმეტე წელია, თბილისის ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას „ავაზას“ უდგახართ სათავეში. ამ ხნის მანძილზე ბევრი ნიჭიერი ბავშვი დააფრთიანეთ, რომლებიც ახლა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის გუნდში თამაშობენ. ეგებ ვინმე ახალი გამოჩნდა და მე არ ვიცი?
– საბედნიეროდ, ტალანტი ბევრია, მაგრამ მერე, რომ იზრდებიან, ეზარებათ, დატვირთვას ვერ უძლებენ. წეღანაც ვთქვი, ფეხბურთი ზოგს გასართობი ჰგონია-მეთქი. არ არის ეს გართობა. ფეხბურთს ქანცის გაწყვეტამდე შრომა უნდა. თუმცა, განა მხოლოდ ფეხბურთს? თანაც, თხუთმეტი წლის წინ რომ ჰქონდა სკოლას ტერიტორია, ახლაც ისა აქვს, არადა, მოთხოვნებიც გაიზარდა, ბავშვებისა და ჯგუფების რაოდენობაც...
– ბატონო მიშა, როდის იქნება კვლავ ბედნიერი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი?
– მაშინ, როდესაც ჩემ ბიჭსა და მის მეგობრებს ეცოდინებათ, მათი რომელი მეგობარი რომელ ტრიბუნაზე, რომელ რიგში, რომელ სკამზე ზის და როგორ ქომაგობს მათ. ეს იქნება ბედნიერება როგორც ფეხბურთელისა, ისე მისი თაყვანისმცემლისა. ალბათ, ეს დროც დაბრუნდება“.
...მიხეილ მესხს არაჩვეულებრივად უყვარდა მეგობრები, მათთან მოლხენა, კარგი თამადა იყო. მაგრამ, თუ შემთხვევით, სუფრაზე უსიამოვნო ვინმე გამოერეოდა, ის თვითონვე იგრძნობდა უხერხულობას და იქაურობას გაეცლებოდა.
სიმღერა უყვარდა და კარგადაც მღეროდა. ქალბატონ ქეთევანს გაეღიმა: ერთხელ პავაროტის უსმენდა; მომიბრუნდა და მითხრა: ნეტა ერთხელ ასე მამღერა და მომკლაო.
...გიორგი შატბერაშვილი აღფრთოვანებული იყო გამოჩენილი ფეხბურთელის ავთანდილ ღოღობერიძის თამაშით. ხშირად უთქვამს, ბასა მოედანზე „ქართულს“ ცეკვავს, „ქართული ცეკვის“ ილეთებს იყენებსო (მწერალმა ავთანდილ ღოღობერიძეს შესანიშნავი ლექსიც უძღვნა).
ფეხბურთი მართლაც სცილდება სპორტის ფარგლებს და ხელოვნებას უახლოვდება. მიშა მესხის თამაში კარგ სიმღერას შეიძლება შევადაროთ, მისი ფეხბურთი დიდი სიმღერა იყო, სწორედ პავაროტის დონის სიმღერა. მიხეილ მესხის თამაშის ყურება ისეთივე სიამოვნებას განიჭებდა, როგორც კარგი სიმღერის მოსმენა...
ეს წერილი ერთი მეტად უცნაური, მაგრამ ძალიან საგულისხმო შემთხვევით უნდა დავამთავრო: ერთხელ მიშა მესხს ვესტუმრე სოფელ დიღომში. გახარებულმა მომკიდა ხელი და ერთ დიდ ოთახში ჭაღზე შემახედა: მერცხალს ბუდე გაეკეთებინა და წამოჩიტული ბარტყები იქიდან შემოგვყურებდნენ.
– გაგიგონია, ოდესმე მერცხალს ბუდე ოთახში გაეკეთებინოს?!
– მერცხალმა ფეხბურთის მერცხალს მიაგნო! – ღიმილით ვუპასუხე. მერცხალს გუმანი არასდროს ღალატობს! ეს ამბავი რომ გავახსენე ქალბატონ ქეთევანს, მან საოცარი რამ მითხრა: „თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ მიშას პანაშვიდზე, იმ ოთახში, უეცრად მთელი გუნდი შემოფრინდა მერცხლებისა, წრე დაარტყა და ისევ ფანჯრიდან გაფრინდა“...