ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი აღიარება
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ათიოდ დღის წინ წლის სპორტსმენად ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასახელა. დღეს კი ანალოგიური აღიარება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგანაც ერგო.
ქალთა შორის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად ევროპის პირველი თამაშების პრიზიორი, მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე გახდა, რომელმაც შარშან 21-წლამდელებში სეზონის ორ უმთავრეს შეჯიბრებაში: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ოქროს მედლები ლამის ერთი ამოსუნთქვით მოიპოვა.
წლის საუკეთესო პარალიმპიელი სპორტსმენები მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური გახდნენ.
საუკეთესო ფედერაციად სპორტის სამინისტრომ ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია დაასახელა. სპორტის ამ სახეობაში 2015 წელს ევროპის ჩემპიონატს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და საორგანიზაციო კუთხით უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. იმავე ევროპირველობაზე მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა, წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე კი კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ასევე პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა. საბოლოოდ, თურმანიძე ევროპის ჩემპიონად გამოცხადდა, ხოლო ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონად, რადგან ოქროსმედალოსნებს: უკრაინელ და რუს ძალოსნებს დოპინგის მიღება დაუდასტურდათ.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს წლის საუკეთესო გუნდის წოდება ერგო. სპორტის არაოლიმპიური სახეობების წარმომადგენელთაგან წლის საუკეთესო სპორტსმენად მსოფლიოს ჩემპიონი სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, გენო პეტრიაშვილისა და კიდევ ბევრი უძლიერესი ფალავნის აღმზრდელ გორელ სპეციალისტს – ნუგზარ სხირელს ერგო.
საუკეთესო მსაჯის ნომინაციაშიც მოჭიდავეებმა გაიხარეს, თემურ ყაზარაშვილის აღიარებით. წლის მენეჯერად კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დასახელდა, გასულ სეზონში განხორციელებული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის.
10 ძირითადი ნომინაციის გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 5 სპეციალური პრიზიც დააწესა.
წლის აღმოჩენად ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები დასახელდა, რომელმაც გასულ სეზონში ასაკობრივ ტურნირებში დიდ წარმატებებს მიაღწია.
სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს – ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა.
2015 წლის საუკეთესო კაპიტნად მორაგბე მამუკა გორგოძე დასახელდა.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებას სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.