წინანდლის პრემია 2016
9 იანვარს ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“ ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ახალგაზრდა შემოქმედებისა და მეცნიერებისათვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. პრემიის სახელიც მაშინვე შეარჩიეს.
პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში ჩატარდა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდებოდა ეს პროექტი მომდევნო წლების განმავლობაში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას. თუმცა ბოლო წლებში ის აღარ გაიცემოდა.
2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით „წინანდლის პრემია“ აღდგა და უკვე მეორე წელია პროექტი პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.
კონკურსს პრემიის მისანიჭებლად ზურაბ ჟვანიას ფონდი ატარებს. პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს 8 ნომინაციაში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერება.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაკომპლექტებული დარგობრივი კომისია წარდგენილი კანდიდატურებიდან ავლენს სამ ნომინანტს და განსახილველად გადასცემს ჟიურის, ხოლო შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ჟიური ნომინანტებიდან თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს არჩევს.
წელს მხატვრულ ლიტერატურაში „წინანდლის პრემიის“ ნომინანტები იყვნენ:
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): სალომე ბენიძე, ივა ფეზუაშვილი, ცოტნე ცხვედიანი.
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): გიორგი ბალახაშვილი, თორნიკე გოგნიაშვილი, ლია ლიქოკელი.
20016 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი პროზაში გახდა სალომე ბენიძე, ხოლო პოეზიაში პრემია გადაეცა ლია ლიქოკელს.
„ზურაბ ჟვანიას მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რომ გამოეყო საქართველოში უმნიშვნელოვანესი - ხელოვნება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რომელიც ამაში არის ჩართული. მაშინ შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ დღეს უკვე ამ პროცესის მემკვიდრეები ვართ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა. მან ლაურეატებს გამარჯვება მიულოცა, მონაწილეებს შემოქმედებითი წარმატება უსურვა და თანადგომა აღუთქვა.
„წინანდლის პრემიის“ თითოეულ ნომინანტს სპეციალური სიგელი გადაეცემა. გამარჯვებულები კი დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.